ლიბიის მახლობლად გემი ჩაიძირა, დაიღუპა 60-ზე მეტი მიგრანტი - გაერო

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლიბიის სანაპიროებთან ეძებენ 61 მიგრანტს, რომლებიც სავარაუდოდ დაიღუპნენ მათი ნავის ჩაძირვის შედეგად, აცხადებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).

ვარაუდობენ, რომ „ბევრი მიგრანტი“ დაიღუპა მაღალი ტალღების გამო. IOM-ის ცნობით, ბორტზე საერთო ჯამში, დაახლოებით 86 მიგრანტი იყო. აქედან მხოლოდ მცირე ნაწილი, 25 ადამიანი გადაარჩინეს.

ლიბია და ტუნისი არის ძირითადი პუნქტები, საიდანაც მიგრანტები, გადიან სახიფათო გზას იტალიის გავლით ევროპაში ჩაღწევის იმედით.

ბოლო ინციდენტში მსხვერპლთა უმეტესობა - მათ შორის ქალები და ბავშვები - იყვნენ ნიგერიიდან, გამბიიდან და აფრიკის სხვა ქვეყნებიდან.

IOM-ის სპიკერმა, ფლავიო დი ჯაკომომ X-ზე დაწერა, რომ 2 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ამ წელს ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ მარშრუტზე, რომელსაც მიგრანტები გადიან.

ადრიანა, 750 ადამიანით დატვირთული სათევზაო ნავი, რომელიც ლიბიიდან იტალიისკენ მიდიოდა, 14 ივნისს საბერძნეთთან ჩაიძირა.

გადარჩენილთა თქმით, გემზე ძირითადად სირიელები, პაკისტანელები და ეგვიპტელები იმყოფებოდნენ. გადარჩა მხოლოდ 104 ადამიანი და იპოვეს 82 ცხედარი.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, წელს იტალიაში 153 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა ტუნისიდან და ლიბიიდან.

იტალიის მემარჯვენე პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ გასული წლის არჩევნებში გაიმარჯვა მას შემდეგ, რაც პირობა დადო, რომ შეაჩერებს უკანონო მიგრაციას.

ლიბიაში ნატო-ს მიერ მხარდაჭერილი აჯანყების შედეგად დიქტატორ მუამარ კადაფის დამხობისა და მკვლელობის შემდეგ ქვეყანა ძალადობაში ჩაეფლო. ამან ნაყოფიერი ნიადაგად შექმნა ადამიანების ტრეფიკინგისთვის.