ფინანსური დარღვევები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფინანსური ანგარიშგების აუდიტი არ შეესაბამება საქართველოს კანონს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების შესახებ! ესაა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომელიც მთავრობის ეკონომიკური ბლოკის უმთავრეს უწყებას, ასევე მის კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს - სსიპდა არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირებს - ააიპ ეხება.აუდიტის დასკვნა, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა,2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ეკონომიკის სამინისტროს შემოწმების დროს, სახელმწიფო მაკონტროლებლებმა ხარვეზები გამოავლინეს მოკლევადიან დავალიანებებში, შემოსავლებში, გრანტებში, ტრანსფერებსა და სუბსიდიებში.

 

ზოგადი ინფორმაცია

სახელმწიფო აუდიტის დასკვნა იწყება ზოგადი ინფორმაციით - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთავარი ამოცანაა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ვაჭრობისა და ინვესტიციების, წარმოების, მომსახურებისა და ტურიზმის ხელშეწყობა; სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; მშენებლობის პოლიტიკის, ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება და ხელშეწყობა; ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის, აკრედიტაციის, კაპიტალის ბაზრისა და ქვეყნის ბრენდის განვითარება; წიაღის მდგრადი მართვა; ენერგეტიკის დარგის განვითარება და უსაფრთხოება; სამინისტროს მართვაში არსებულ საწარმოებში აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება და სხვ.

„გარდა ამისა, COVID 19-ის პანდემიიდან გამომდინარე, 2021 წელს, ეკონომიკის სამინისტრომ განახორციელა შემდეგი ღონისძიებები: ტურიზმის ადმინისტრაციამ -საქართველოს მოქალაქეებისათვის სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში შესაბამისი პირობების შექმნასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ღონისძიება. 2021 წელს, სავალდებულო კარანტინის ფარგლებში, მომსახურება გაეწია 43 310 მოქალაქეს. კარანტინის ფარგლებში მომსახურება მიღებულია 91 კოვიდ-სასტუმროსგან; სამინისტროს აპარატის მიერ მოსახლეობის სოციალური დახმარების - კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მიზნით, გაწეულია 151 538 402 ლარის ოდენობით ხარჯი; სსიპ „აწარმოე საქართველოში“, 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდაგარდამავალი პირობები ბიზნესის მხარდაჭერის არსებულ პროგრამაში - საკრედიტო-საგარანტიო სქემა; გაგრძელდა სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის პროგრამა და შემუშავდა ბიზნესის ხელშეწყობი დამატებითი მექანიზმები სარესტორნო ინდუსტრიის მიმართულებით“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სამინისტროს მმართველობაშიშედის 16 სსიპ და ორი ააიპ.

 

ხარვეზები მოკლევადიან დავალიანებებში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, ირიცხება მოკლევადიანი - მიმდინარე დებიტორული დავალიანებები 43 021 351 ლარის ოდენობით. კერძოდ, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“, ფინანსურ ანგარიშგებაში „მოკლევადიანი - მიმდინარე დებიტორული დავალიანებების“ ანგარიშზე, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დარიცხული 13 574 630 ლარიდან, 9 993 574 ლარი წარმოადგენს საფინანსო ინსტიტუტების მიმართ არსებულ მოთხოვნებს. აღნიშნული თანხა მოიცავს სსიპ-ის„აწარმოე საქართველოში“ მიერ, 2021 წლის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ საავანსო გადახდებს.

აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დებიტორული დავალიანების დადასტურებისათვის აუდიტის ჯგუფმა წერილობით მიმართა საფინანსო ინსტიტუტებს. მიღებული პასუხების მიხედვით, დებიტორები აღიარებენ 6 603 909 ლარით ნაკლებ დავალიანებას.

„შესაბამისად, ჩვენ ვერ მივიღეთ რწმუნება სსიპ-ის„აწარმოე საქართველოში“ ფინანსურ ანგარიშგებაში, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით „მოკლევადიანი -მიმდინარე დებიტორული დავალიანებების“ ანგარიშზეაღრიცხული 6 603 909 ლარის არსებობასა და სისწორეზე“, -დაასკვნეს სახელმწიფო აუდიტორებმა.

სსიპ-ის„აწარმოე საქართველოში“ განმარტებით, 2021 წლის ბოლოს, პანდემიის პერიოდში გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, საფინანსო ინსტიტუტებმა დროულად ვერ წარადგინეს ინფორმაცია ჩამოჭრილი თანხების შესახებ, რის გამოც 2021 წლის მეორე ნახევარში ჩამოჭრილი თანხები, სააგენტოს მიერ აისახა 2022 წლის დასაწყისში.

სახელმწიფო აუდიტორებამ გაარკვიეს, რომ სსიპ „ქონების ეროვნულ სააგენტოს“ 2021 წლის 26 იანვარს, შპს „საქართველოს ფოსტის“ კაპიტალში შეტანილი აქვს შპს „საქართველოს ფოსტის“ ვალდებულება „ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ“- 8 645 690 ლარის ოდენობით.„ქონების ეროვნულ სააგენტოს“ აღნიშნული მოთხოვნა შპს „საქართველოს ფოსტის“ მიმართ ფინანსურ ანგარიშგებაში 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით აღრიცხული არ ჰქონდა. შესაბამისად, „ქონების ეროვნული სააგენტოს“ ფინანსური ანგარიშგების „მოკლევადიანი - მიმდინარე დებიტორული დავალიანებების“ მუხლი, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, შემცირებულია 8 645 690 ლარის ოდენობით.

სსიპ „მინერალური რესურსების სააგენტოს“ ფინანსურ ანგარიშგებაში „მოკლევადიანი - მიმდინარე დებიტორული დავალიანებების“ ანგარიშზე, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული 3 467 001 ლარიდან, 200 970 ლარის დაფარვის ალბათობა დაბალია. აღნიშნული თანხა წარმოადგენს 2017-2020 წლებში, რეგულირების საფასურის დარიცხვიდან წარმოშობილ დებიტორულ დავალიანებას, რომლის ამოსაღებად სააგენტოს მიერ ქმედებები არ განხორციელებულა.

„აქედან გამომდინარე, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების „მოკლევადიანი - მიმდინარე დებიტორული დავალიანებების“ მუხლი, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, შემცირებულია 8 645 690 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, ვერ მოვიპოვეთ რწმუნება 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში „მოკლევადიანი - მიმდინარე დებიტორული დავალიანებების“ ანგარიშზე აღრიცხული 6 804 879 ლარის არსებობასა და სისწორეზე“.

 

დარღვევები შემოსავლებსა და გრანტებში

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები აღიარებულია უარყოფითი ნაშთით - 290 329 ლარის ოდენობით. სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ები სხვადასხვა დონორი ორგანიზაციიდან იღებენ მიზნობრივ გრანტებს. გაფორმებული მიზნობრივი გრანტის ხელშეკრულებების პირობები ითვალისწინებს თანხის ხარჯვას კონკრეტული დანიშნულებით, წლის ბოლოსთვის დარჩენილი აუთვისებელი თანხა ისევ სახაზინო ანგარიშზე რჩება ნაშთის სახით, ხოლო პირობების შეუსრულებლობისა და გრანტის გამცემი ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში, ჩარიცხული თანხები ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

„2021 წელს, სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ-ებმა: ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ, ტურიზმის ადმინისტრაციამ და საზღვაო აკადემიამ სხვადასხვა დონორი ორგანიზაციიდან ჩარიცხული მიზნობრივი გრანტის თანხების აღრიცხვისთვის გამოიყენა საკასო აღრიცხვის მეთოდი. საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების - სსბასს 23-ის მოთხოვნების შესაბამისად, ტრანსფერით მიღებული/გადაცემული აქტივების პირობები ერთეულისგან აქტივის მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის დანიშნულებისამებრ მოხმარებას, ხოლო პირობების დარღვევის შემთხვევაში, ტრანსფერის განმახორციელებელი ერთეულისთვის უკან დაბრუნებას მოითხოვს“.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ მიზნობრივი გრანტების აღრიცხვისთვის საკასო მეთოდის გამოყენება არ შეესაბამება სსბასს 23-ის მოთხოვნებს და სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ნაცვლად უარყოფითი ნაშთით აღიარებული შემოსავლისა - 290 329 ლარის ოდენობით, აღიარებული უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები - 682 621 ლარის ოდენობით. მეტიც, სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული უნდა იყოს მიზნობრივი გრანტის გაუხარჯავი ფულის ნაშთის შესაბამისი ვალდებულება, რაც 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შეადგენს 174 202 ლარს.

„შესაბამისად, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილი კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მუხლი - „შემოსავლები გრანტებით“ შემცირებულია 972 950 ლარით, ხოლო „სხვა მოკლევადიანი - მიმდინარე ვალდებულებების“ მუხლი - 174 202 ლარის ოდენობით“.

 

დარღვევები ტრანსფერებსა და სუბსიდიებში

აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ ეკონომიკისა და მდგრაფი განვითარების სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, 2021 წელს, აღრიცხულია 337 812 362 ლარის გრანტების, ტრანსფერებისა და სუბსიდიების ხარჯი, საიდანაც სამინისტროს აპარატის მიერ, 2021 წელს, ანაზღაურებულია ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისათვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულება, სულ - 10 091 661 ლარი. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით, მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულება უნაზღაურდებათ ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას (აბონენტებს) 2020 წლის 1 დეკემბრიდან, 2021 წლის 15 მაისის ჩათვლით და 2021 წლის 15 ოქტომბრიდან, 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდებში.

„2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით, სამინისტრო თანხებს ანაზღაურებს ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი და მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ სათანადოდ დამოწმებული შესაბამისი ანგარიშების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტების მიერ დამოწმებული ანგარიშების გადამოწმების ვალდებულება სამინისტროს არ აქვს. მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირების რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხზე მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება სააგენტოს 5 დღის ვადაში“.

აუდიტის მიმდინარეობისას, ანაზღაურებული თანხების სისწორის, სისრულისა და წარმოშობის დასადასტურებლად, სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან“აუდიტორებმა გამოითხოვეს ინფორმაცია 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით, ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირების შესახებ. მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად,სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 10 091 661 ლარის ხარჯიდან - 2 422 567 ლარი ანაზღაურებულია ისეთ აბონენტებზე, რომლებსაც „სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ ბაზაში არ აქვთ მუდმივად მცხოვრების სტატუსი.

„აღსანიშნავია, რომ მუდმივად მცხოვრების სტატუსის არმქონე პირებზე თანხები გადაირიცხა 2020 წელსაც, რაც განხილულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიშში. ამასთან, აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაცია, შემდგომი რეაგირების მიზნით, 2021  წლის 15 ნოემბერს გაგზავნილია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.შესაბამისად, ვერ მივიღეთ რწმუნება 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების „გრანტების, ტრანსფერებისა და სუბსიდიების“ მუხლში აღრიცხული 2 422 567 ლარის წარმოშობისა და სიზუსტის შესახებ. გარდა ამისა, ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში შესაბამისი კონტროლის მექანიზმების არარსებობა წარმოშობს თანხების არაეფექტიანი და არაეკონომიური განკარგვის რისკებს“.

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ინოვაციების სააგენტოს ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული 13 318 567 ლარის გრანტებისა და სუბსიდიის ხარჯი მოიცავს 7 851 631 ლარის ისეთ დანახარჯებს, რომელთა აღრიცხვა აღნიშნულ ანგარიშზე შეუსაბამოა ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის N17 ბრძანების მოთხოვნებთან. შედეგად, ინოვაციების სააგენტოს 2021 წლის „გრანტების, ტრანსფერებისა და სუბსიდიის“ ხარჯი 7 851 631 ლარით გაზრდილად არის წარმოდგენილი. ამასთან, 2021 წლის ხარჯებში აღრიცხული 7 851 631 ლარი საჭიროებს მუხლში - „საქონელი და მომსახურება“ რეკლასიფიკაციას.

სსიპ-ის„აწარმოე საქართველოში“ ფინანსურ ანგარიშგებაში „გრანტების, ტრანსფერებისა და სუბსიდიების“ ხარჯის მუხლში აღრიცხული 134 767 029 ლარის ხარჯი შემცირებულია 169 710 ლარით, რაც წარმოადგენს მონიტორინგის შედეგად, წინა საანგარიშგებო პერიოდებში, სხვადასხვა კომპანიაზე აღიარებული გრანტის ხარჯების უკუგატარებას - შეცდომის გასწორებას.

„ეს ქმედებაარ შეესაბამება სსბასს 3-ის მოთხოვნებთან, რომელთა მიხედვით შეცდომები უნდა გასწორდეს რეტროსპექტულად; გარდა ამისა, სსიპ-ის„აწარმოე საქართველოში“ დებიტორული დავალიანებების აღრიცხვასთან დაკავშირებული ხარვეზის გამო, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ რწმუნება აღნიშნული სსიპ-ის ფინანსურ ანგარიშგებაში 2021 წელს „გრანტების, ტრანსფერებისა და სუბსიდიების“ ხარჯის მუხლში აღრიცხული 134 767 029 ლარის სისრულისა და სისწორის შესახებ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ რწმუნება 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში „გრანტების, ტრანსფერებისა და სუბსიდიების“ ხარჯის მუხლის სისრულისა და სისწორის შესახებ“, - დაასკვნეს სახელმწიფო აუდიტორებმა.

 

 

ავტორი-მაკა რუხაძე