ვინ არის ვოქტორ ორბანი და რა აკავშირებდა მიხეილ სააკაშვილთან

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უცნობი ფაქტები უნგრეთის პრემიერის პოლიტიკური კარიერიდან

მსოფლიო მედიის ცნობით, პირველი ივლისიდან, მომდევნო ექვსი თვით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა უნგრეთი იქნება. ოფიციალური ბუდაპეშტის განცხადებით, მისი პრიორიტეტები დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება, არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოგვარება და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა.

 

უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანია, რომელსაც მთელი ევროკავშირი პუტინის მეგობრად და, ასე ვთქვათ, ლობისტად მიიჩნევს, თუმცა პოლიტიკურ მეხსიერებას არ დავიწყებია, რომ ორბანი, თავის დროზე, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშილთანაც მეგობრობდა.

და მაინც, ვინ არის უნგრეთის პრემიერი? - „ვერსია“, ონლაინმედიაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, ვიქტორ ორბანის ერთგვარ დოსიეს გთავაზობთ.

 

***

ვიქტორ ორბანი, ოფიციალური წყაროების ცნობით,  1963 წლის 31 მაისს დაიბადა.

საშუალო სკოლის დამთავრებისა და სამხედრო სამსახურის შემდეგ, ბუდაპეშტის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომლის დამთავრების შემდეგაც, ორი წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ინსტიტუტში სოციოლოგად მუშაობდა. 1989 წელს, ორბანი სოროსის ფონდის სტიპენდიას იღებს და ერთი წლის განმავლობაში ოქსფორდში, პემბროკის კოლეჯში სწავლობს.

ვიქტორ ორბანს და მის მეუღლეს, ანიკო ლევაის ხუთი შვილი - რეიჩელი, გასპარი, შარა, როზა და ფლორა ჰყავთ.

ორბანი უნგრეთის პრემიერი პირველად 1998 წელს გახდა და ეს თნამდებობა 2022 წლამდე ეკავა. რვაწლიანი პაუზის შემდეგ ანუ 2010 წელს, ორბანი უნგრეთს პრემიერი მეორედ ხდება და ამ პოსტს დღემდე ინარჩუნებს.

 

***

უნგრეთის მთავრობის მეთაურმა, რამდენიმე წლის წინ, ზურაბ ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. იმხანადვე, გავლენიანმა გერმანულმა გაზეთმა HYPERLINK-მა რამდენიმე საყურადღებო ფაქტზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ,  მედიასაშუალება წერდა, რომ უნგრელებს კარგად ახსოვთ 26 წლის ახალგაზრდა, გრძელთმიანი პოლიტიკოსი, რომელიც ბუდაპეტში, გმირთა მოედანზე, ტრიბუნაზე ავიდა და იქ შეკრებილ 200 ათასზე მეტ ადამიანს სიტყვით მიმართა. ის ითხოვდა ხელისუფლების გადადგომას, თავისუფალ არჩევნებს და ქვეყნიდან საბჭოთა კავშირის ჯარების გაყვანას. იმ პერიოდში მსგავსი განცხადებები ძალიან სარისკო, უფრო მეტიც, მისი სიცოცხლისთვის საშიში იყო.

გავა წლები და უნგრეთის ისტორიის ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა დავიწყებას მიეცემა. გერმანული პრესის ცნობითვე, წლების წინ,  დასავლური, ლიბერალური დემოკრატიისთვის მებრძოლ 26 წლის ვიქტორ ორბანსა და დღევანდელ, 50 წელს გადაცილებულ პრემიერს შორის საერთო აღარაფერია.

ციტატა გერმანული გაზეთიდან: „როგორღაც, ამ უქმე დღეებში, უნგრეთის პრემიერი მეზობელ რუმინეთს ეწვია და იქ სიტყვა წარმოსთქვა, სადაც აპრილში ჩატარებული არჩევნების შემდგომ პერიოდზე ისაუბრა და საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები მაქსიმალურად ღიად დააფიქსირა:

„ლიბერალურმა დემოკრატიამ თავისი თავი ამოწურა, ის უნგრელი ხალხის კეთილდღეობის, მისი ეროვნული ინტერესების დაცვის გარანტი აღარ არის. ამიტომ, უნგრეთი მომავალში ლიბერალური ღირებულების დაცვის კურსს აღარ გაატარებს. მის ნაცვლად, უნგრელებს დღეს საკუთარი შეხედულებებისა და ყურადღების სხვა მიმართულებით გადატანა სჭირდებათ“.

როგორც უცხოური პრესა იუწყებოდა, ვიქტორ ორბანმა სახელმწიფო პოლიტიკური მოწყობის კუთხით, მისთვის მისაბაძი და სამაგალითო ქვეყნებიც ჩამოთვალა, მათ შორის, რუსეთი, თურქეთი, ჩინეთი და სინგაპური.

ყველაფერ ამის მიღმა, პრემიერმა ნათლად და გარკვევით აღნიშნა, რომ არ სურს, უნგრეთში უცხოელების „ატანა“ და საჯაროდ „დაესხა თავს“ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

მართალია, ორბანის პოლიტიკური ოპონენტები მის რადიკალურ განცხადებებს მიჩვეულნი იყვნენ, მაგრამ ზემოხსენებული გამოსვლა მხოლოდ ქვეყნის კი არა, არამედ, მთელი დასავლეთის ლიბერალური და დემოკრატიული ძალებისთვის ნამდვილი შოკი იყო.

უნგრეთის მთავრობის მეთაურის ამ განცხადებების შეფასებისას, ქვეყნის იმდროინდელი ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს: „პრემიერი იმდენად ავტორიტარული გახდა, რომ ის უკვე ვლადიმერ პუტინის ენით საუბრობს, რომელიც ქვეყნის ყველა შიდა „უბედურებაში“ დასავლელი ჯაშუშების კვალს ხედავს“.

სტატიაში მედიასაშუალება აღნიშნავდა, რომ ორბანის დაუფარავი პოლიტიკური ორიენტაცია ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს, რაც, ერთი მხრივ, გამოწვეულია იმით, რომ უნგრეთის პრემიერი ცდილობს, ქვეყანამ საბოლოოდ გადაუხვიოს დემოკრატიული გზიდან, მეორე მხრივ კი, ის საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში სულ უფრო არასაიმედო პარტნიორი ხდება.

აქედან გამომდინარე, უკვე ნათელია, რომ ის მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

„მე არ ვაპირებ მხოლოდ ერთი უკრაინის გამო, ქვეყნის ეროვნული ინტერესები დარტყმის ქვეშ დავაყენო“, - ხაზს უსვამდა პრემიერი.

გარდა ამისა, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ უნგრეთი არ აპირებს უარი თქვას „გაზპრომის“ ინფრასტრუქტურულ პროექტ - „სამხრეთ ნაკადზე“, რომელიც უკრაინის გვერდის ავლით შენდება...

2014 წლის გაზაფხულზე, ბუდაპეშტში, საპროტესტო აქციების ტალღა აგორდა. პროტესტანტები ყირიმის რეფერენდუმის ლეგიტიმურად ცნობას და უკრაინული კარპატების უნგრეთის შემადგენლობაში „დაბრუნებას“ ითხოვდნენ.

საპროტესტო გამოსვლები პარტია „იონიკიდან“, მაშინდელი პარლამენტარის,  თამაშა გაუდი-ნადიას ინიციატივით გაიმართა. დემონსტრანტებმა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელზე პეტიციაც მოამზადეს, სადაც საკუთარი მოთხოვნები ასახეს.  მოთხოვნათა შორის იყო ადგილობრივი ჯარის  საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა, რათა მას უკრაინაში მცხოვრები უნგრეთის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების ინტერესები დაეცვა, თუმცა მაშინ, ოფიციალურმა ბუდაპეშტმა აქციის მონაწილეთა მოთხოვნები არ გაიზიარა.  

მოკლედ, ბოლო წლებში, უნგრეთი ისეთ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამდა, რაც საერთაშორისო საზოგადოების ეჭვს მუდმივად იწვევდა; მაგალითად, 2013 წლის დეკემბერში, მან უკრაინული კარპატებისთვის ნახევარი მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გამოყო. რეგიონში დაიწყო უნგრული პასპორტების გაცემა…

ამ საკითხზე უცხოურმა გამოცემა NewsBalt-მა ვრცელი სტატიაც დაბეჭდა, სადაც ავტორმა, ვადიმ ტრუხაშევმა აღნიშნა, რომ უნგრეთს უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე პრეტენზია აქვს, თუმცა ის ამ საკითხზე ხმამაღლა საუბრისგან თავს იკავებს.

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ  უნგრეთის ხელისუფლება ყოველთვის ღიად აფიქსირებს პოზიციას, რომ ის კარპატებში, საკუთარი ნაცუმცირესობის ინტერესების დაცვისთვის აქტიურ პოლიტიკას ატარებს.

„პირველ რიგში,  ეს მიმართულია რეგიონში ეთნიკური  უნგრელების უფლებების დაცვის, საგანმანათლებლო სფეროს განვითარებისა და მშობლიური ენის  გამოყენების ხელშეწყობის კუთხით“, - ასეთია ოფიციალური ბუდაპეშტის  პოზიცია.

 

***

სხვათა შორის, ორბანი ნაცმოძრაობისთვის ახლაა მიუღებელი, თორემ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უნგრეთმა, თავის დროზე, ყოფილ მთავარ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

უფრო მეტიც, დაახლოებით, ათი წლის წინ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ბუდაპეშტის პარლამენტში შეხვდა და ხანგრძლივი საუბრის შემდეგ, მათ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. მაშინ ორბანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სააკაშვილმა ქვეყანა დადებითისკენ შთამბეჭდავად შეცვალა და გმობს მისთვის ბრალის წაყენების ფაქტს.

„მახსოვს საქართველოს ის პერიოდი, როდესაც თქვენ გაატარეთ რეფორმები, რაც, რა თქმა უნდა, უნიკალური და შთამბეჭდავი იყო, ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ მაშინდელ მთავრობასთან ვთანამშრომლობდი. ძალიან რთულია ქვეყნის გარდაქმნა, მოდერნიზება და ხალხის დარწმუნება იმაში, რომ ის, რასაც ლიდერები ხალხს სთავაზობენ, სწორია… ვუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილსა და მის პოლიტიკურ გაერთიანებას. ვამაყობ, რომ ჩვენ ვართ ერთი პოლიტიკური ოჯახის წევრები. ვგმობთ და ვეწინააღმდეგებით ყოველგვარ დევნასა და ზეწოლას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არ არის გზა მომავლისკენ“, - აღნიშნა ორბანმა.

სხვათა შორის, თავის დროზე, ორბანს ლონდონის Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას, ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით უხერხული კითხვების მოსმენა მოუხდა. შესაბამისი კითხვით, ვიქტორ ორბანს Chatham House-ის ინსტიტუტის წევრმა, სულხან ხაბაძემ მიმართა, რომელიც რამდენიმე წელია, ლონდონში ცხოვრობს.

ხაბაძემ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, კითხვის დასმისას ინფორმაცია მიაწოდა, რომ ყოფილი გენერალური პროკურორისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მეორე დღესვე ქვეყნიდან გაიქცა, სისხლის სამართლის საქმე ოთხი პუნქტით, მათ შორის, მძიმე დანაშაულებზე არის აღძრული.

„ამჟამად, ზურაბ ადეიშვილი იმყოფება უნგრეთში, სადაც თავშესაფარი მიიღო და გამოძიებას ემალება. საყურადღებოა, რომ ის ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურა გახლავთ. მისი გაქცევიდან რამდენიმე კვირაში, საქართველოს პარლამენტმა ციხეებიდან 200-მდე პოლიტპატიმარი გაათავისუფლა“, - განუცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს სულხან ხაბაძემ და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის დასკვნაც წარუდგინა, რა დროსაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მას მოუწოდა, პირდაპირ კითხვის დასმაზე გადასულიყო, თუმცა შეკითხვის ავტორმა მაინც გააგრძელა ორბანისთვის ზურაბ ადეიშვილის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

„მე, ასევე, თან მოვიტანე ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის დასკვნა, რომელშიც მოყვანილია საინტერესო სტატისტიკა: 2010-ში, ადეიშვილის მინისტრობის დროს, სისხლის სამართლის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების წილი მხოლოდ 0.2% იყო, რაც იგივეა, რომ ყოველი 1000 ადამიანიდან, რომლებსაც ადეიშვილმა ბრალდება წაუყენა, მხოლოდ ორი ადამიანი გამართლდა სასამართლო მოსმენების შემდეგ. ეს ციფრები ბევრ რამეზე მეტყველებენ“, - განაცხადა მაშინ ხაბაძემ.

როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრს სულხან ხაბაძემ განუცხადა, ქართულ მედიაში არის სპეკულაციები, თუ რატომ აირჩია ადეიშვილმა უნგრეთი და არა, სხვა დასავლეთ ევროპული ქვეყნები - უფრო მეტად ჩამოყალიბებული დემოკრატიები.

„ზოგი ამის პასუხად მიანიშნებს ადეიშვილის ახლო კონტაქტებზე თქვენი მთავრობის მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში, თქვენ მოგეცემათ საშუალება, ამ საქმეს უფრო ახლოს და დეტალურად გადახედოთ“, - განუცხადა სულხან ხაბაძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს.

თავის მხრივ, ვიქტორ ორბანმა მისი მისამართით დასმულ შეკითხვაზე პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ Chatham House-ში სიტყვიერი კინკლაობისთვის არ იყო მისული.

„აქ საკინკლაოდ არ ვარ მოსული, მაგრამ, იქნებ, გადახედოთ თქვენს მოსაზრებას უფრო მეტად ჩამოყალიბებულ დემოკრატიებთან დაკავშირეებით, რადგან უნგრეთი ძლიერად ჩამოყალიბებული დემოკრატიული ქვეყანაა და არ არსებობს იმის განცხადების მიზეზი, რომ უნგრეთში ნაკლებად ჩამოყალიბებული დემოკრატიაა, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანაში. პოლიტიკა ხელოვნებაა და ზოგჯერ მას ხელოვნების დარგადაც განიხილავენ. რაც შეეხება თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ამის პასუხად, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ საუკეთესო ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ავტორი: ნინო დოლიძე 

გაზეთ ვერსიის ახალი ნომერი იხილეთ აქ: