როგორ შეიქმნა ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკა, როგორ გახდა ქვეყნის მმართველი და რაზე შეუთანხმდა კიმი პუტინს

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ამ დღეებში მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთვარი მოვლენა ოკუპანტი რუსეთის დიქტატორი ლიდერის, ვლადიმერ პუტინის მსოფლიოს მეორე დიქტატორთან, კიმ ჩენ ინთან სტუმრობა გახლდათ. ისე, კრემლის მბრძანებელი ფხენიანში ბოლოს ოცი წლის წინ იმყოფებოდა. რაზე ისაუბრეს და რაზე შეთნხმდნენ დიქტატორები? - ეს სხვა საუბრის თემაა. „ვერსია“, ამჯერად, ჩრდილოეთ კორეისა და მისი სისხლიანი დიქტატორის, კიმ ჩენ ინის შესახებ გიამბობთ.

მაშ ასე, როგორ შეიქმნა სახელმწიფო ჩრდილოეთ კორეა და როგორ გახდა კიმ ჩენ ინი დიქტატორი?

 

***

ჩრდილოეთი კორეა, რომელსაც ოფიციალურად კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ჰქვია, აღმოსავლეთ აზიაში, კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. დედაქალაქი და ასევე, უდიდესი ქალაქია ფხენიანია.

დღეს კორეის ნახევარკუნძულზე ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოა -  ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა... მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კორეის ჩრდილოეთ ნაწილი საბჭოთა კავშირმა დაიკავა, სამხრეთი კი - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. შესაბამისად, კორეის ნახევარკუნძული ორ სახელმწიფოდ გაიყო. 1945 წელს, საბჭოთა შეიარაღებული ძალების დახმარებით, ჩრდილოეთ კორეამ მოახერხა ქვეყნიდან იაპონელების საბოლოოდ განდევნა. 1948 წლის მაისში კი, ერთიანი კორეა გაითიშა.

ჩრდილოეთ კორეას, იგივე კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას, ჩრდილოეთიდან - ჩინეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან - რუსეთი,  სამხრეთით კი სამხრეთ კორეის რესპუბლიკა ესაზღვრება, ხოლო დასავლეთით არტყამს ყვითელი ზღვა. ჩრდილოეთ კორეა, რომლის მოსახლეობაც 23 მილიონს აღემატება, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ქვეყანად ითვლება.

1950 წელს, კორეის გაერთიანებისა და ერთი სახელმწიფოს შექმნის მიზნით, კიმ ირ სენის მეთაურობის დროს, ჩრდილო კორეამ დაიწყო ომი, რომელიც 1953 წლის 25 ივლისამდე გაგრძელდა. მიუხედავად დიდი მსხვეპრლისა, „კორეის ომს“ გამარჯვებული არ გამოუვლენია. ამის შემდეგ, ორმა კორეულმა ქვეყანამ რამდენჯერმე გააფორმა სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულება უსაფრთხოებასა და ერთმანეთთან მშვიდობიან ურთიერთობაზე. ამის მიუხედავად, ისინი დღემდე „პასიური ომის“ მდგომარეობაში არიან. არადა, მათ შორის ცხოვრების დონისა და პოლიტიკური ორიენტაციის მკვეთრი განსხვავების გამო, გაერთიანება ძალიან რთული იქნება.

1990-იან წლებში, ჩრდილოეთ კორეას დიდი შიმშილობა დაატყდა თავს. ქვეყანა იზოლირებული იყო და დახმარება არ მიუღია სხვა ქვეყნებისგან. ამ პერიოდში, ჯამში, მილიონ ადამიანზე მეტი გარდაიცვალა. ბევრი კი მხოლოდ ბალახის, ხოჭოსა და ხის ქერქის ჭამით გადარჩა. დღეს შიმშილობის ასეთი მაჩვენებელი აღარაა, მაგრამ სიტუაცია მაინც მსგავსია. ქვეყანაში სრულ ძალაუფლებას შრომითი პარტია ფლობს, რომელიც აკონტროლებს შიდა და გარე ვაჭრობას, მრეწველობასა და ეკონომიკას. ფინანსების მთელი მარაგი სამხედრო ძალაუფლების გაძლიერებისა და ატომური პროგრამის განვითარებისკენაა მიმართული. ქვეყნის არმიაში მოსახლეობის თითქმის 10% მსახურობს.

ჩრდილოეთ კორეის მმართველები, როგორც თავად კორეელები აცხადებენ, მისი ლეგენდარული ლიდერის კიმ ირ სენის მემკვიდრეები არიან. 1964-დან 2011 წლამდე, ჩრდილოეთ კორეას მართავდა კიმ ჩენ ირი, რომელსაც მოსახლეობა ზეადამიანური სიბრძნის ფლობას მიაწერდა. 2011 წლის 17 დეკემბერს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გარდაცვალება მოსახლეობას შავებში ჩაცმულმა წამყვანმა აუწყა. კიმ ჩენ ირის დაკრძალვას ათი ათასობით ადამიანი დაესწრო. ქვეყნის ახალი მმართველი კი მისი 30 წლის ვაჟი, კიმ ჩენ ინი გახდა. მისი მმართველობის ქვეშ, ჩრდილოეთ კორეამ ახალი ბალისტიკური რაკეტები შექმნა. კიმ ჩენ ინმა საგარეო პოლიტიკური ურთიერთობები უფრო დაძაბა აშშ-სთან და სამხრეთ კორეასთან, მუდმივად, ბირთვული დარტყმის მუქარის გამო. კიმ ჩენი, უკვე რამდენიმე წელია, აცხადებს, რომ „სამართლიანობის წმინდა ომის“ დაწყებას არ მოერიდება არცერთ ქვეყანასთან.

ამ ქვეყნის უცნაურობა არაერთხელ დამტკიცებულა. იქ მიღებულია სიკვდილით დასჯა, ადამიანთა წამება. მაგალითად, 2016 წლის თებერვალში, კიმ ჩენ ინმა ქვეყნის სამხედრო მეთაური, კორუფციის ბრალდებით, სიკვდილით დასაჯა. ასევე, მისი მმართველობის დროს გაშუქდა სხვა რამდენიმე სიკვდილით დასჯა. მანამდე, მაღალი თანამდებობის პირების ამგვარ დასჯას არ ახმაურებდნენ. ამ ფაქტს ანალიტიკოსები იმით ხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა კიმ ჩენს მოსვლისთანავე სურდა ძალაუფლების განმტკიცება და ხალხის დაშინება.

ჩრდილოთ კორეის ქუჩებში, ყველაფერი 1950-იანი წლების საბჭოთა კავშირს ჰგავს. კოლმეურნეთა და ბელადთა ძეგლებით, ჩუმი ქუჩებით. აქ შემხვედრ ნებისმიერ კორეელს მკერდზე გულსაბნევი აქვს, კიმ ირ სენის გამოსახულებით. ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კორეაში ახშობენ ზოგიერთ რადიო სიგნალს, რათა „დაიცვან“ მოსახლეობა საზღვარგარეთული, არასასიამოვნო გადაცემების მოსმენისგან. ინტერნეტის სარგებლობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ რამდენიმე დაწესებულების თანამშრომლებს შეუძლიათ. დანარაჩენებს წვდომა აქვთ ნაციონალურ ქსელთან - „კვანმიონი“. შესაბამისად, ამ ქსელში მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გადახარისხებული ინფორმაცია აღწევს. ყველაფერი იმისთვისაა, რომ იდეოლოგიური თვალსაზრისები არ შეეცვალოს ჩრდ. კორეის მოსახლეობას. მათ უმრავლესობას ღრმად სწამს, რომ მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანაში ცხოვრობს... ჩრდილოეთ კორეაში მობილური ტელეფონების გამოყენებაზე აკრძალვა, დაახლოებით, ათი წელია, რაც მოხსნეს. მოქალაქეები თავისუფლად ვერ გადაადგილდებიან ქალაქიდან ქალაქში. გზად მათ უწევთ სპეციალური უწყების თანამშრომლებთან გასაუბრება და ნებართვის მიღება.

2016 წლის მაისში, კინ ჩენ ინმა დროებით აკრძალა ქორწილები.

 

განათლება

განათლების სისტემა ჩრდილოეთ კორეაში მოიცავს სამი სახის სკოლას. ერთ ძირითად სკოლას, ხოლო ორ - დამატებითს, რომელთა არჩევაც ხდება სკოლის დამთავრების შემდეგ. მოსწავლეები ან აგრძელებენ სწავლას უმაღლესი განათლებისთვის, ან ირჩევენ პროფ-სასწავლებელს. ძირითადი სკოლა მოიცავს ბაღს და სწავლას მე-10 კლასამდე. ბაღი შედგება 1 კლასისგან, შესაბამისად, ძირითადი სკოლის დასამთავრებლად, ბავშვი სწავლობს 11 წელი. სწავლების პერიოდები იყოფა სამ ნაწილად. პირველი ერთი წელი არის ბაღი,  ოთხი წელი - დაწყებითი, შემდეგი ექვსი წელი კი საშუალო სკოლა. უმაღლესი სასწავლებელი შედგება ოთხი ან ექვსწლიანი სასწავლო კურსებისგან, რაც დამოკიდებულია იმაზე, რომელ განხრას აირჩევს მოსწავლე. 30-იდან 34 წლამდე მოსახლეობის 77-79 %-ს დამთავრებული აქვს საშუალო სკოლა. ქვეყანაში არის 300 უნივერსიტეტი და კოლეჯი. ყველაზე პრესტიჟული - კიმ იონგ სანგის უნივერსიტეტია. უმეტესობა სკოლადამთავრებულებისა, არ აბარებს უნივერსიტეტში და პირდაპირ ერთვება სავალდებული სამხედრო სამსახურში, ან იწყებს მუშაობას ფერმასა და ქარხნებში.

 

რელიგია

ჩრდილოეთ კორეის კონსტიტუციის მიხედვით, რელიგიის თავისუფლება დაცულია და არავის აქვს მისი ხელყოფის უფლება, თუმცა პრაქტიკაში სულ სხვა სურათია. ჩრდილოეთ კორეა, უმეტესწილად, ათეისტური ქვეყანაა. მთავრობა მუდმივად ხელს უშლის ადამიანებს, აირჩიონ და იცხოვრონ თავიანთი რელიგიური შეხედულებების  მიხედვით. რეჟიმი გამუდმებით ახშობს რელიგიის გამოვლინებებს.

 

ცხოვრება

ჩრდილოეთ კორეელთა დოკუმენტებისა და ლტოლვილთა მონაყოლის თანახმად, ყველა ჩრდილო კორეელი დაყოფილია ჯგუფებად. თითოეულ ადამიანზე არის შედგენილი ინფორმაცია - „სონგბანი“, სადაც წერია თითოეული პერსონის ისტორია, როგორია მისი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური წარსული, სამი თაობის განმავლობაში, როგორი მოქალაქეები იყვნენ მისი წინაპრები, იყვნენ თუ არა რევოლუციონერები და წინააღმდეგნი კომუნისტური წყობილებისა. შემდეგ „სონგბანით“ განისაზღვრება, რამდენად სანდოა ადამიანი, რა სამსახურში უნდა იყოს და ისიც კი, რას ჭამს.

„სონგბანს“ უარყოფითი ეფექტი აქვს განათლების და დასაქმების შესაძლებლობებზე. „სონგბანს“ გააჩნია სამი კლასიფიკაცია და დაახლოებით, 50 ქვეკლასიფიკაცია. ძირითადი, ერთგული კლასი შეადგენს მოსახლეობის 25%-ს, კლასი, რომელიც ორჭოფობს, არის 55 %, ხოლო მტრების კლასი მოსახლეობის 20%-ს შეადგენს. ყველაზე დაფასებულ კლასს შეადგენენ ის ადამიანები, რომლებიც კიმ სანგის მხარდამხარ იბრძოდნენ იაპონიის ოკუპაციის წინააღმდეგ და რომლებიც იმ დროს შეადგენდნენ მუშათა კლასს. თუმცა, ჩრდილოეთ კორეის მთავრობა ყოველგვარ კლასობრივ დაყოფასა და დისკრიმინაციას უარყოფს.

ქვეყანაში ინფორმაცია გამუდმებით იფილტრება. არ არსებობს თავისუფალი პრესა და ტელევიზია. ჩრდილოეთ კორეის ინფორმაციის საშუალებები, ძირითადად, დატვირთულია პროპაგანდისტული შინაარსით. იქ აკრძალულია უცხოური ტელეარხებისა და რადიოს მოსმენა, რაც ციხით ისჯება...

 

კიმ ჩენ ინი

13 წელია, ჩრდილოეთ კორეაში ძალაუფლება კიმ ჩენ ინმა აიღო -  კიმ ჩენ ინის მამა, ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის მეთაური, დიქტატორი კიმ ჩენ ირი, 2011 წლის 19 დეკემბერს გარდაიცვალა.

საინტერესოა, რომ კიმ ჩენ ინის დაბადების წელი ოფიციალურად არ არის ცნობილი ანუ სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, ის 1982, 1983 ან 1984 წლის 8 იანვარს დაიბადა.

ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ გამოუცდელი კიმ ჩენ ინის სათავეში მოსვლა შეასუსტებდა ტოტალიტარულ რეჟიმს, მაგრამ როგორც ჩანს, ახალგაზრდა დიქტატორმა არა მხოლოდ გაიმყარა თავისი პოზიციები, არამედ, ქვეყანაში წამოიწყო პიროვნების განდიდებაზე დაფუძნებული ახალი ერა - „კიმ ჩენ ინიზმი“.

მმართველობის პირველ წლებში, კიმ ჩენ ინმა ოპონენტების ჩამოშორება დაიწყო, რისთვისაც მან ასობით ადამიანის სიკვდილის დასჯის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. მოგვიანებით, მან ყურადღება საგარეო საკითხებს მიაპყრო, რომლის ცენტრალურ თემას ბირთვული იარაღის დამზადება და გამალებული მილიტარიზაცია წარმოადგენდა.

ფხენიანის ბირთვული არსენალის გაფართოების დაუოკებელი წყურვილი ქვეყანას ძვირად დაუჯდა. ის ამჟამად მასშტაბური სანქციების ქვეშ იყოფება. ჩრდილოეთ კორეა ახლა უფრო ღრმა კრიზისში, ღატაკი და იზოლირებულია, ვიდრე კიმ ჩენ ინის მმართველობის დასაწყისში იყო.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კიმ ჩენ ინმა შეინარჩუნა აბსოლუტური მმართველობა იზოლირებულ ქვეყანაზე, მნიშვნელოვნად გააფართოვა მისი ბირთვული არსენალი და გახდა პირველი მმართველი, რომელმაც სამიტი გამართა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტთან.

მმართველობის დასაწყისში, კიმ ჩენ ინმა სასტიკი რეპრესპიები მოუწყო თავის პოლიტიკურ ოპონენტებს. ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა ძალაუფლების ჟინით შეპყრობილი დიქტატორის მრისხანებას, მათ შორის, ერთ დროს დიდი გავლენის მქონე მისივე ბიძა.

ხელისუფლებაზე აბსოლუტური კონტროლის დამყარების შემდეგ, კიმ ჩენ ინმა გააფართოვა წინა მმართველთა ბირთვული ამბიციები და ქვეყნის ისედაც მწირი რესურსები მთლიანად ბირთვული არსენალის გაფართოებისკენ მიმართა. დიქტატორი მიზნად ისახავდა ისეთი ბირთვული რაკეტის დამზადებას, რომელიც აშშ-ის მატერიკამდე შეძლებდა მიღწევას.

2016-2017 წლებში, ჩრდილოეთ კორეამ მიაღწია დასახულ მიზანს, შეექმნა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები, თუმცა ამან ქვეყანა გაერო-ს უმკაცრესი სანქციების ქვეშ მოაქცია, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია.

2018 წლის 12 ივნისს, სინგაპურში გაიმართა ისტორიული შეხვედა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დოლანდ ტრამპს შორის.

2018-2019 წლებში, კიმი სამჯერ შეხვდა დონალდ ტრამპს და გამართა სამიტები მსოფლიოს სხვა ლიდერთან, მათ შორის, სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებთან. ამ შეხვედრებმა კიმს მისცა დიპლომატიური ლეგიტიმაცია, რომელიც მის მთავრობას დიდი ხანია სურდა.

2018 წელს, კიმ ჩენ ინმა მიიღო ყველასთვის მოულოდნელი შემრიგებლური გადაწყვეტილება, როდესაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც სამხრეთ კორეაში იმართებოდა, დელეგაცია გააგზავნა.

2018 წლის 27 აპრილს, კორეის გაყოფიდან 65 წლის გასვლის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სამხრეთ კორეაში პირველად ჩავიდა. კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერია, რომელმაც დემილიტარიზებული საზღვარი გადაკვეთა და სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე, პრეზიდენტ მუნ ჯეი ინს შეხვდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დარეგულირების მცდელობის ფონზე, ჩრდილოეთ კორეამ დახურა ბირთვული საცდელი პოლიგონები, გაათავისუფლა დაკავებული ამერიკელები, სანაცვლოდ, ვაშინგტონმა და სეულმა შეაჩერეს ან გააუქმეს დაგეგმილი ერთობლივი წვრთნები.

2018 წლის 27 მარტს, პეკინში გაიმართა შეხვედრა კიმ ჩენ ინსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის.

2019 წლის 25 აპრილს, კიმ ჩენი ინი და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ვლადივოსტოკში შეხვდნენ.

საბოლოოდ, 2019 წელს, ტრამპისა და კიმ ჩენ ინის დიპლომატიამ კრახი განიცადა, სანქციებზე უთანხმოების გამო.

2020 წლის დასაწყისიდან, კიმმა კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად, მთლიანად ჩაკეტა საზღვრები, რომელმაც ისედაც ძირგამოთხრილი ეკონომიკა, მიწასთან გაასწორა. მწვავე ეკონომიკური პრობლემა თავად დიქტატორმაც აღიარა და განაცხადა, რომ ქვეყნა თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გამოწვევის წინაშე დგას. არსებული მდგომარეობა მან 1990-იანი წლების შიმშილობას შეადარა, როდესაც ათობით ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

ამ დროისთვის არ არსებობს არავითარი ნიშან-წყალი იმისა, რომ კიმ ჩენ ინი დაუბრუნდება მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან. ის არაერთხელ გამოვიდა გაფრთხილებით, რომ გააძლიერებს თავის ბირთვულ და სარაკეტო არსენალს, თუ ვაშინგტონი არ შეწყვეტს მტრობას ფხენიანის წინააღმდეგ.

 

5 ყველაზე დიდი იდუმალებით მოცული ამბავი კიმ ჩენ ინზე

როდის დაიბადა კიმ ჩენ ინი „ზუსტად არავინ იცის, 1982, 1983, ან შესაძლოა, 1984 წელს“, - განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა და ჩრდ. კორეის სპეციალისტმა, ედვარდ ჰაუელმა.

8 იანვარი - კიმ ჩენ ინის დაბადების დღეა, დიდი ალბათობით, თუმცა ამ დღეს ქვეყანაში არაფერი ხდება, ჩვეულებრივი სამუშაო დღეა. სამაგიეროდ, კიმის მამის დაბადების დღე - 16 თებერვალი ჩრდილოეთ კორეაში ნამდვილი დღესასწაულია ისევე, როგორც 15 აპრილს - კიმის ბაბუის.

რაც შეეხებათ მის ნათესავებს, კიმს ჰყავს ნახევარძმები, რომელთაგან ერთ-ერთი, 2017 წელს, მალაიზიაში მოკლეს.

ვინ არის კიმ ჩენ ინის ცოლი - დიდი ალბათობით, რი სოლ ჩჟუმ და კიმმა 2009 წელს იქორწინეს, მაგრამ ეს საკითხი ასევე ბურუსით არის მოცული.

როგორც ცნობილია, ის ყოფილი მომღერალია და მომავალი მეუღლის ყურადღება, სწორედ ერთ-ერთი გამოსვლის დროს მიიპყრო.

არსებობს ვარაუდი, რომ რი სოლ ჩჟუ, ჩრდ კორეას 2005 წელს, აზიის ჩემპიონატის ფარგლებში ესტუმრა, სადაც მსუბუქი ათლეტიკის გამოსვლაში მონაწილეობდა, თუმცა ეს ინფორმაციაც დაუზუსტებელია და ვარაუდებზეა დაყრდნობილი.

რამდენი შვილი ჰყავს კიმ ჩენ ინს -  კიმი საზოგადოებაში კიმ ჩჟუ ესთან ერთად ჩნდება ხოლმე, თუმცა მას კიდევ ჰყავს შვილები, რომელთა შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი.

სავარუდო ინფორმაციით, ორი შვილი კიმს 2010 და 2013 წლებში შეეძინა, თუმცა არც მათი სქესი და არც სხვა დეტალი ცნობილი არ არის.

არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ კიმ ჩჟუ ეს ამზადებს ის ჩრდ. კორეის მომავალ მმართველად.

როგორ ცხოვრობს კიმ ჩენ ინი ფუფუნებაში, როდესაც ქვეყანაში უკიდურესი სიღატაკეა - ჩრდ. კორეის ლიდერი ხშირად იყენებს ძვირადღირებულ ტრანსპორტს გადაადგილებისთვის.

ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობს გაერო-სა და დასავლეთის მკაცრი სანქციების ქვეშ, ფხენიანის მიერ, ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების შემუშავების გამო.

ჰოუელის თქმით, კიმ ჩენ ინი ყველაფერს სანქციების გვერდის ავლით აკეთებს: „ქვეყანაში არის ფონდი, რომელიც სპეციალურად არის განკუთვნილი რეჟიმის გამოსაყენებლად. კიმს სურს შეინარჩუნოს ეს ფონდი, რადგან უნდა, რომ მან და მისმა ოჯახმა მდიდრული ცხოვრების წესით სარგებლობა განაგრძოს“, - განაცხადა ჰოუელმა.

„ხალხი ხშირად ფიქრობს, რომ ჩრდილოეთ კორეა იზოლირებული ქვეყანაა ინტერნეტის გარეშე, მაგრამ ჩრდილოეთ კორეას აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ინტერნეტი და კიბერ-ომი გახდა მნიშვნელოვანი სტრატეგია: კიმის რეჟიმი სხვა ქვეყნების კომპიუტერულ სისტემებს არღვევს, რათა მოიპაროს ფული მისი ეკონომიკისა და ბირთვული პროგრამის მხარდასაჭერად“, - ამტკიცებს დოქტორი.

ზრუნავს თუ არა კიმ ჩენ ინი თავის ხალხზე - 2020 წლის სამხედრო აღლუმის გამოსვლამ გვაჩვენა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განსხვავებული მხარე.

მან მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს პანდემიასთან და სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლაში გაწეული ძალისხმევისთვის. ქვეყნის სიძნელეებზე საუბრისას კი ცრემლები მოიწმინდა. ეს კიმ ჩენ ინის ემოციების იშვიათი ჩვენებაა.

ზოგიერთი დამკვირვებელი ვარაუდობს, რომ ის შესაძლოა, თავმდაბლობის გამოვლენას ცდილობს, რადგან ქვეყანა მზარდი ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას.

 

პუტინი და კიმი

როგორც აღვნიშნეთ, 24-წლიანი ტაიმ-აუტის შემდეგ, პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. რაზე შეთანხმდა ორი დიქტატორი?

გავრცელებული ცნობით,  ფხენიანში რუსეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი უკრაინასთან ომში ვლადიმერ პუტინს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა. ამ შეხვედრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ აფასებს ჩრდილოეთ კორეის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინაში ე.წ. რუსული სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას.

ასევე, ორი ქვეყნის ლიდერმა გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს სამხედრო მხარდაჭერას თავდასხმის შემთხვევაში. კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ამ ხელშეკრულებით, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ურთიერთობები ფაქტობრივად ალიანსში გადაიზარდა.

შეგახსენებთ: ბირთვული იარაღისა და სარაკეტო პროგრამების გამო ჩრდილოეთ კორეისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს მძიმე ეკონომიკური სანქციები აქვს დაკისრებული. უკრაინაში ომის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გამო კი რუსეთზე მეორე წელია, ვრცელდება დასავლეთის სანქციები.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს თანმიმდევრულ და უცვლელ მხარდაჭერას რუსეთის პოლიტიკის მიმართ, მათ შორის, უკრაინის მიმართ. გმადლობთ, რომ გვიერთდებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი სატელიტების იმპერიალისტური ჰეგემონური პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - უთხრა პუტინმა კიმ ჩენ ინს.

ფხენიანში ვიზიტისას, პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა შეიმუშავებენ სავაჭრო გადახდის ახალ სისტემას, რომელსაც დასავლეთი ვერ გააკონტროლებს. რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, ამ ნაბიჯით, ისინი ორი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს დაუპირისპირდებიან. პუტინმა თქვა, რომ ქვეყნები ასევე გააფართოებენ თანამშრომლობას ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში.

„კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა აფასებს იმ როლსა და მისიას, რომელსაც ძლიერი რუსეთის ფედერაცია ემსახურება მსოფლიოს სტრატეგიული სტაბილურობისა და ბალანსის შესანარჩუნებლად. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ რუსეთის მთავრობის მიერ, უკრაინაში განხორციელებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, - თქვა კიმ ჩენ ინმა.

პუტინმა და კიმ ჩენ ინმა საჩუქრებიც გაცვალეს. რუსეთის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს უკვე მეორედ აჩუქა „აურუსის“ მანქანა. რუსეთის ლიდერი ჩრდილოეთ კორეის შემდეგ, 20 ივნისს, ვიეტნამში გაემგზავრება.

 

ავტორი-ნინო დოლიძე