დღეიდან უვადო ლამინირებული პირადობის მოწმობები უქმდება

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეიდან, 1 ივლისიდან უქმდება უვადო ლამინირებული, ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობები. მათი შეცვალა 15 მარტის შემდეგ უფასოდ შეიძლება იუსტიციის სახლებში.

2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, უვადო ლამინირებული პირადობის მოწმობაჰქონდა დაახლოებით 230 ათას მოქალაქეს. რამდენმა ადამიანმა შეცვალა ლამინირებული პირადობის მოწმობა ID ბარათით, უცნობია - სერვისების განვითარების სააგენტოში აღნიშნეს, რომ ამ მონაცემის მისაღებად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაა საჭირო.

მოქმედი პირადობის მოწმობა აუცილებელია არჩევნებში ხმის მისაცემად, საბანკო და სახელმწიფო სერვისების მისაღებად.

სერვისების განვითარების სააგენტოში რადიო თავისუფლებას დამატებით უთხრეს, რომ პირადობის მოწმობების შესაცვლელად მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ მიმართონ სერვისცენტრებსა და იუსტიციის სახლებს.

2024 წლის საპარლამენტო არჩვენბისთვის მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნებზე ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით ან პასპორტით. პარლამენტმა კანონმდებლობა სწორედ ამ მიზეზით შეცვალა - 2023 წლის დეკემბერში მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის 1 ივლისიდან უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული ყველა ლამინირებული პირადობის მოწმობა.