რჩეული სტატიები

Grid List

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, კვლევების შედეგად დაადგინა, რომ დღისით ძილი ადამიანის ტვინის მოცულობას ზრდის. მკვლევარებმა 40-დან 69 წლამდე ასაკის 380 ათასი ადამიანის მონაცემები გააანალიზეს. მათი მიზანი იყო დაედგინათ, რა მიზეზობრივი კავშირია დღის ძილსა და ტვინის ჯანმრთელობას შორის. კვლევებისას, სპეციალისტებმა შეისწავლეს დნმ-ის 97 ფრაგმენტი, რათა ადამიანების ძილისკენ მიდრეკილება დაედგინათ. შემდეგ იმ ადამიანების ტვინის ჯანმრთელობა და კოგნიტური ფუნქციები, რომლებიც გენეტიკურად მეტად იყვნენ ძილისკენ მიდრეკილები, შეადარეს იმ მოხალისეებისას, რომელთაც დღისით ძილი არ სურდათ. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ძილისკენ მიდრეკილი ადამიანების ტვინის საერთო მოცულობა ასოცირებული იყო ტვინის ჯანმრთელობასთან, ასევე, დემენციისა და სხვა დაავადებების განვითარების დაბალი რისკი ჰქონდათ.

 

„მწვანე კონტინენტის“ ხელისუფლება მომავალ არჩევნებამდე ახალი კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, რომლითაც სოციალური ქსელების გამოყენება უნდა დარეგულირდეს. ქვეყნის პრემიერის თქმით, მასზე ასაკობრივი შეზღუდვა დაწესდება. კანონოპროექტის დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა ყოფილი მთავარი მოსამართლის ანგარიშზე დაყრდნობით, The Guardian ვარაუდობს, რომ ონლაინ-პლატფორმები 14 წლამდე ბავშვების შესვლას აკრძალავენ, ხოლო 14-15 წლის მოზარდებისთვის სერვისით სარგებლობის უფლების მისანიჭებლად, მშობლების თანხმობა იქნება საჭირო. ინიციატივას ხელისუფებლების თითქმის ყველა წევრი ემხრობა. მათი თქმით, სოციალურ მედიაზე ადრეული წვდომა დამოკიდებულებას იწვევს და საზიანოა ჩვენი შვილებისთვის. ეს კი არაფრით განსხვავდება სიგარეტით ან ალკოჰოლით მიყენებული ზიანისგან.

ამომავალი მზის ქვეყანაში პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც საკუთარ ცოლს დღეში ასჯერ მაინც ურეკავდა და ხმას არ იღებდა. ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით, ქალთან ზარი უცხო ნომრიდან შედიოდა და მას ყურმილში ვიღაცის სუნთქვა ესმოდა. როცა ზარების რაოდენობა დღეში თითქმის ასამდე ავიდა, ქალმა დასახმარებლად სამართალდამცავებს მიმართა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მას საკუთარი ქმარი ურეკავდა. მამაკაცი ადევნების ბრალდებით დააკავეს. მისი მტკიცებით, ამ ფორმით მხოლოდ საკუთარი გრძნობების გამოხატვა სურდა, სიჩუმე კი ცოლისადმი მისი სიყვარულის სიმბოლო იყო. პოლიციაში აცხადებენ, რომ ასეთი შემთხვევა ჯერ არ ჰქონიათ. რა ბედი ეწია „შეყვარებულ“ ქმარს, ჯერჯერობით, უცნობია.

მისია SpaceX-Polaris-ის ეკიპაჟის წევრები პირველი არაპროფესიონალი ასტრონავტები არიან, რომლებიც ღია კოსმოსში გავიდნენ. BBC-ის ცნობით, მილიარდერი ჯარედ აიზეკმანი ღია კოსმოსში რამდენიმე წუთით გავიდა, მას ხომალდ Crew Dragon-თან მიერთებული ტროსი იჭერდა. მის შემდეგ, კოსმოსური სივრცე SpaceX-ის ინჟინერმა სარა ჯილისმა „დალაშქრა“ ყველა მანევრი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. „აქედან დედამიწა მართლაც ისე გამოიყურება, როგორც იდეალური სამყარო“, - განაცხადა 41 წლის აიზეკმანმა. ეკიპაჟის დანარჩენი ორი წევრი კოსმოსური ხომალდის ბორტზე რჩებოდა. ცნობილი არ არის, რა დაუჯდა მილიარდერს ეს უნიკალური ფრენა. მანამდე, Crew Dragon-ის მისიაში მონაწილეობა კოსმოსში გასვლის გარეშე, დაახლოებით, 55 მილიონი დოლარი ღირდა.

აშშ-ის ფლორიდის შტატში ქარიშხალ „მილტონის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.

მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან მაშველები მუშაობას განაგრძობენ.

ქარიშხლის გამო, რომელმაც შტატში ტორნადო, წყალდიდობა და შტორმი გამოიწვია, დაახლოებით სამი მილიონი კერძო სახლი და სხვა დანიშნულების შენობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

შტატის გუბერნატორი, რონ დესანტისი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში მეტი წყალდიდობაა მოსალოდნელი. ფლორიდის მაცხოვრებლებს აფრთხილებენ, არ ეწვიონ ქარიშხალ „მილტონის“ მიერ დაზარალებულ ტერიტორიებს.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ პინელას ოლქში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსიდან მაშველებმა 400-ზე მეტი ადამიანი წარმატებით გადაარჩინეს.

ფლორიდის შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული - მიზეზი მესამე კატეგორიის ქარიშხალი "მილტონია". ამერიკული მედიის ცნობით, სენტ-ლუსიის ოლქში უკვე დაფიქსირდა გარდაცვალების პირველი შემთხვევები, თუმცა ზუსტი მონაცემები ამ დროისთვის უცნობია.

ქარიშხალმა მთელ შტატში ტორნადოები გამოიწვია. ძლიერი ქარისა და წვიმის გამო კი მილიონ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. უახლესი ინფორმაციით, ქარიშხლის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 165 კილომეტრს შეადგენს.

ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რეგიონში წყალდიდობებიც არის მოსალოდნელი, რის გამოც ხალხს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებენ.