"პაციენტების სამედიცინო სერვისებზე წვდომა უმჯობესდება, მათ ექნებათ არჩევანის შესაძლებლობა..." - პრემიერი

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიზანი იქნება პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება, კერძოდ, პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა, განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული, სტანდარტულად მაღალი ხარისხის მომსახურებით სარგებლობა ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, პაციენტი სრული ოდენობის ფარგლებში მიიღებს პროგრამულ დაფინანსებას, ხოლო დამატებით ის საკუთარი არჩევანით იკისრებს მხოლოდ ე.წ VIP მომსახურების საფასურის გადახდას.

 

„გვაქვს მნიშვნელოვანი ინიციატივები ჯანდაცვის მიმართულებით. აქ ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიზანი იქნება პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება. ასევე, სამედიცინო პერსონალისთვის და კლინიკებისთვის ანაზღაურების უფრო მეტად სამართლიანი პირობების დადგენა. დიდი მადლობა ჯანდაცვის მინისტრს ამ წინადადების მომზადებისთვის. კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა, განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული, სტანდარტულად მაღალი ხარისხის მომსახურებით სარგებლობა ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე. რა დროსაც, სრული ოდენობის ფარგლებში მიიღებს პროგრამულ დაფინანსებას, ხოლო დამატებით ის საკუთარი არჩევანით იკისრებს მხოლოდ ე.წ VIP მომსახურების საფასურის გადახდას. რაც შეიძლება გულისხმობდეს აყვანილ ექიმს, ექთანს, არჩეულ პალატას, სახარჯ მასალას და ა. შ. ეს მიდგომა ერთის მხრივ, დადებით გავლენას იქონიებს პაციენტის ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან ათასობით მოქალაქეს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლა, მხოლოდ იმის გამო, რომ მას სურვილი აქვს, განსხვავებული სამედიცინო მომსახურება მიიღოს, რაც შეუძლებელი იყო არსებული რეგულაციების პირობებში. მეორე მხრივ, ეს უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ წვდომას საჭირო სამედიცინო მანიპულაციების საკუთარი სურვილის შესაბამისად შერჩეული ექიმის, ექთნის მონაწილეობით, ან სასურველი სახარჯი მასალის გამოყენებით განხორციელებაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მინისტრის ბრძანებით დადგინდება მომსახურებაზე თანაგადახდის პირობები, მათ შორის, თითოეული სახის მომსახურებაზე შეთავაზების ლიმიტები.

 

„დადგენილების მიხედვით, მინისტრის ბრძანებით დადგინდება მომსახურებაზე თანაგადახდის პირობები, მათ შორის, თითოეული სახის მომსახურებაზე შეთავაზების ლიმიტები. ასევე სხვა გარემოებები, რომელიც გამორიცხავს მომსახურების ანაზღაურების მეთოდის არჩევისას მოსარგებლის ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვას. მინისტრი მიმდინარე წლის ბოლომდე განსაზღვრავს ასეთ შემთხვევებს და პირობებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება სამედიცინო სექტორთან აქტიური და ინტენსიური კონსულტაციების გზით. ანუ საქმე ეხება ე.წ. DRG სისტემის გადახედვას და შესაბამისი რეგულაციების შემსუბუქებას, რაც დადებითად აისახება როგორც პაციენტების მდგომარეობაზე, ასევე შესაბამისი კლინიკების ინტერესებზე“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდება.

„ჩვენ გავაგრძელებთ ჯანდაცვის სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ახლო მომავალში იგეგმება მნიშვნელოვანი ცვლილებები, რეფორმები. პირველ რიგში, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდება. ეს იყო ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რასაც მუდმივად აყენებდნენ კლინიკები და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ შესაბამისი ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდეს. ამ ვადების რადიკალურად შემცირება იგეგმება, რის შედეგადაც არსებითად გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამებში მონაწილე კლინიკებისა და სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ეფექტიანობა.

 

ასევე დარეგულირდება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისას კლინიკებისთვის გათვალისწინებული ანაზღაურების წესი, რაც სატარიფო პოლიტიკას გახდის უფრო ცხადს და სამართლიანს“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ჯანდაცვის სფეროში არის ძალიან ამბიციური გეგმები.

„ჯანდაცვის სფეროში არის ძალიან ამბიციური გეგმები, მათ შორის, დღეს გვექნება ჩვენ ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს პრეზენტაცია. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სექტორის განვითარებას და ზოგადად, ჩვენი მოსახლეობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მათ ჯანმრთელობაზე უკეთ ზრუნვის საშუალებს მოგვცემს ეს და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფო გახდება თანამედროვე, მძლავრი მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკა, რომელიც სულ მცირე 700 საწოლზე იქნება გათვლილი.

„მშენებლობისას გამოყენებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა მასალა და თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიები. შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეები მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას თანამედროვე, კომფორტულ და ფუნქციურად გამართულ გარემოში მიიღებენ. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები წარიმართება ისე, რომ არ შეჩერდეს კლინიკის ფუნქციონირება. როგორც მოგეხსენებათ, ეს იყო სამედიცინო პერსონალის ძალიან მნიშვნელოვანი, ლეგიტიმური მოთხოვნა, რაც ჩვენ სრულად გავითვალისწინეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, არსებულ შენობებში, რეაბილიტაციის შემდეგ, იფუნქციონირებს სტაციონარი, რომელიც 400 საწოლზე იქნება გათვლილი, სხვადასხვა თერაპიული თუ ქირურგიული მიმართულები იფუნქციონირებს, ფსიქიატრიული, გადაუდებელი დახმარებისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტები იქნება განთავსებული.

 

„განვითარდება სერვისები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სისხლის ბანკი შეიქმნება. ასევე მოეწყობა სასწავლო და საკონფერენციო სივრცეები. ყველანაირი სივრცით იქნება აღჭურვილი ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.

 

აშენდება ახალი, 250 საწოლზე გათვლილი ნაგებობა, რომელიც ორიენტირებული იქნება ისეთ სპეციალიზებულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო სერვისებზე, როგორიცაა ორგანოთა ტრანსპლანტაცია, კარდიოქირურგია და სხვა. განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ონკოლოგიურ მიმართულებას, შეიქმნება უახლესი აპარატურით აღჭურვილი ბირთვული და სხივური მედიცინის დეპარტამენტი. აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბავშვთა ინფექციური ბლოკი, აქვე განთავსდება GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტების მარაგების საწყობი.

 

დასრულების შემდეგ, რესპუბლიკური საავადმყოფო გახდება თანამედროვე, მძლავრი მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკა, რომელიც სულ მცირე 700 საწოლზე იქნება გათვლილი, სადაც ათასობით ექიმი, თანამშრომელი იზრუნებს ჩვენი მოქალაქეების და არა მარტო ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. მინდა, მოგილოცოთ მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ პროექტის განხორციელება სრულიად ახალ სიცოცხლეს შესძენს რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საუნივერსიტეტო კლინიკას და ხელს შეუწყობს საქართველოში მედიცინის სფეროს კიდევ უფრო მეტად განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კლინიკას ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს და საავადმყოფო, ათწლეულების განმავლობაში, იყო ნამდვილი ფლაგმანი მედიცინის ყველა დარგში.

„დღეს, ჩვენ ვიწყებთ საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თვისებრივ განახლებას. რეალურად, ვიწყებთ ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას. აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის კლინიკას ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ის 1973 წელს გაიხსნა, როგორც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, მრავალპროფილური საავადმყოფო. აქ, ათწლეულების განმავლობაში, ფუნქციონირებდა სხვადასხვა პროფილის განყოფილებები, მოღვაწეობდნენ სხვადასხვა სამედიცინო სფეროს გამორჩეული წარმომადგენლები; კლინიკაში ათწლეულების განმავლობაში მრავალი პროფესიონალი ექიმი აღიზარდა. კლინიკა ასევე იყო მძლავრი საგანმანათლებლო დაწესებულება - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სასწავლო ბაზა; ფუნქციონირებდა 14 კლინიკური კათედრა. რესპუბლიკური საავადმყოფო, წლების განმავლობაში, იყო ნამდვილი ფლაგმანი მედიცინის ყველა დარგში. როგორც წესი, საქართველოში პირველად სწორედ აქ ხდებოდა სიახლეების, ნოვატორული მიდგომებისა თუ მეთოდების დანერგვა. დამოუკიდებლობის მოპოვების ურთულეს პერიოდებში, სწორედ ის წარმოადგენდა მთავარ სამედიცინო დაწესებულებას ქვეყანაში.

დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით მშენებლობას, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ამ ხანგრძლივ დიდ ტრადიციებს. რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების ახალი კონცეფცია შემუშავებულია საერთაშორისო, პროფესიონალი ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით და მიზნად ისახავს არსებული ტერიტორიის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას, ახალი საავადმყოფოებისა და სამედიცინო ბლოკების მშენებლობასა და სარეკრეაციო ზონების მოწყობას, რაც ასევე მნიშვნელოვანია მთლიანი ინფრასტრუქტურის სწორად განვითარებისთვის,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, მთლიანი ტერიტორია სამედიცინო დანიშნულებით იქნება გამოყენებული და მოემსახურება თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის საჭიროებებს.

 

„თავის დროზე, ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ შეიძლებოდა, ამ ტერიტორიის ნაწილი გამოყენებულიყო არასამედიცინო მიზნებისთვის, თუმცა, საბოლოო ჯამში, გადავხედეთ ამ გადაწყვეტილებას და ვფიქრობთ, რომ მთლიანი ტერიტორია, სწორედ, სამედიცინო დანიშნულებით იქნას გამოყენებული. ეს ყველაფერი უნდა მოემსახუროს, რა თქმა უნდა, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის საჭიროებებს,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.