შეიძლება თუ არა, ვიტამინების მიღება თვითნებურად - ენდოკრინოლოგის რჩევა

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სეზონის ცვლისას ვიტამინების მიღება საზოგადოებაში წლებია გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს და ხშირად პროფილაქტიკის მიზნით, ექიმთან კონსულტაციის გარეშე, ადამიანები სხვადასხვა დანამატებს სვამენ. განსაკუთრებით კი შემოდგმაზე და გაზაფხულზე, რადგან შემოდგომა არის გარდამავალი სეზონი, როდესაც ბევრი თავს უფრო დაუცველად გრძნობს გაციების, გრიპის და დაღლილობის მიმართ, ვინაიდან ტემპერატურა იკლებს და იმუნური სისტემა შეიძლება დაქვეითებული იყოს. ამ პერიოდში ყველაზე ხშირად გამოყენებული დანამატებია C, D და მულტივიტამინების კომპლექტი.

როგორც აღვნიშნეთ, ბევრი ადამიანი არ მიმართავს ექიმს ვიტამინების მიღებამდე, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ურეცეპტოდ და ფართოდ ხელმისაწვდომია, მათი გამოყენება უსაფრთხოა ზოგადი ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით დაბალი დოზებით. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ვიტამინების მიღებას პრევენციული მიზნებისთვის, ჯანდაცვის პროფესიონალებს შორის ზოგადი კონსენსუსი არის ის, რომ გარკვეული ვიტამინები შეიძლება იყოს სასარგებლო, თუმცა, აუცილებელია მათ მიღებას ფრთხილად მივუდგეთ.

ექიმები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამუდმებით მიგვითითებენ, რომ საჭირო ვიტამინების მისაღებად საუკეთესო საშუალება დაბალანსებული და მრავალფეროვანი კვებაა. ადამიანების უმეტესობას შეუძლია მიიღოს ყველა საჭირო ნივთიერება საკვებიდან, დანამატების გარეშე. ასევე, ვიტამინების მიღება საჭიროების გარეშე შეიძლება საზიანო იყოს.  ნებისმიერი დანამატის მიღებამდე გონივრულია ექიმთან კონსულტაცია. ჯანდაცვის პროფესიონალს შეუძლია შეამოწმოს გაქვთ თუ არა დეფიციტი და შეგირჩიოთ სწორი დოზა, თუ საჭიროა დანამატები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე,  ხაზს უსვამს, რომ მიკროელემენტების დამატება მნიშვნელოვანია გარკვეულ პოპულაციაში, განსაკუთრებით იქ, სადაც დეფიციტი ხშირია. მაგალითად ბავშვებში ან ორსულებში, მაგრამ ჯანმო არ გირჩევთ პრევენციისთვის დანამატების ფართო გამოყენებას დეფიციტის გარეშე.

ვერსიასთანსაუბრისას ექიმი ენდოკრინოლოგი სალომე ჟვანია აცხადებს, რომ ნებისმიერი სახის მკურნალობა, თუნდაც ვიტამინების მიღება, მხოლოდ სპეციალისტის გადაწყვეტილებით და ჩარევით უნდა მოხდეს.

„თუ კონკრეტული ვიტამინის დეფიციტის რისკჯგუფს მიეკუთვნებით, გაქვთ თუ არა, საპროფილაქტიკოდ საქმე  ექიმმა უნდა განსაზღვროს. სტატისტიკურად რომ მივუდგეთ, 10  პაციენტისთვის თუნდაც რომელიმე ვიტამინი მაგალითად ომეგა-3, თუ 9-ში ეფექტურია, შეიძლება იმ ერთში საერთოდ არ გამოდგეს, უსარგებლო ფინანსური ხარჯი ან ჯანმრთელობის გაუარესება შეიძლება მოიტანოს. ამ ინფორმაციის დანერგვა და გავრცელებაა საზოგადოებაში საჭირო. არ არსებობს ნივთიერება ბუნებაში, რომლის ზედმეტად მიღებას  შეიძლება კარგი შედეგი ჰქონდეს. ნებისმიერი რაღაც შეიძლება იყოს მავნე თქვენი ჯანმრთელობისთვის, რაც არ უნდა ბევრი ადამიანი სვამდეს. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, ჩვენ ახლა დანამატებზე  ვსაუბრობთ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ისეთ ძლიერ მედიკამენტებს იღებენ თვითნებურად, რომ მის მიერ დარღვეული ჯანმრთელობის აღდგენა საერთოდ შეუძლებელია“ - ამბობს სალომე ჟვანია.