ორი შეხვედრა, ორი მარცხი და თითქმის განულებული შანსი

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოთხ დღეში ორი მატჩი გამართა. ერთა ლიგის წლევანდელი შესარჩევი ხმაურიანად დავიწყეთ, ორი მატცი მოვიგეთ და ვაღიაროთ, რომ მომდევნო ორ შეხვედრაშიც მოგებას ველოდით. ჯერ ერთი, უკრაინელები არ არიან ისეთ იშტაზე, მათი დამარცხება წარმოუდგენელი ყოფილიყო და... მოდით, უკრაინით დავიწყოთ.

სტატისტიკის მხრივ, უკრაინასთან ნამდვილად ვერ დავიკვეხნით. პოზნაში გასამართ მატჩამდე, უკრაინასთან 9-ჯერ გვქონდა ნათამაშები, საიდანაც მხოლოდ სამჯერ მივაღწიეთ ფრეს, 6 შემთხვევაში კი დავმარცხდით. ჰოდა, ნავსი თითქოს პოლონეთში, ნეიტრალურ მოედანზე უნდა გაგვეტეხა, მაგრამ, ნუყრას უკაცრავად - დავმარცხდით. თანაც, წავაგეთ გუნდთა, რომლის კაპიტანს ანდრეი იარმოლენკოს მთავარ მწვრთნელ, სერგეი რებროვთან, კონფლიქტი მოუხდა და რებროვმა ის განაცხადს მიღმა დატოვა. ამას გარდა, უკრაინელებს სხვადასხვა მიზეზით, ნაკრების 9 წევრი გამოაკლდათ და სწორად წუწუნებდა მატჩამდე მათი თავკაცი, პრაქტიკულად მეორე შემადგენლობა მყავსო. ასე იყო თუ ისე, შეხვედრა წავაგეთ, მაგრამ საინტერესო ნამატჩევს, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების მიერ გაკეთებული განცხადებები იყო. ყველა მათაგნი მოედნის ცუდ მდგომარეობაზე საუბრობდა და მართლაც, პოზნანის მინდვრის საფარი ძალიან, ძალიან ცუდ მდგომარეობაში გახლდათ.

„ჩემს წინ არ იყო მინდორი, იყო მიწა და იმ გოლის დროსაც, როცა გადავხტი, ფეხი ტალახში ამიცურდა და ბურთს ამიტომ ვერ მივწვდი, თორემ აუღებელი დარტყმა არ გახლდათ“,-იტყვის ნამარტჩევს გიორგი მამარდაშვილი და მართალიც იქნება - გამეორებაზე კარგად ჩანს, რომ ნახტომის დროს, მამარდას საყრდენი ფეხი უცურდება.

არადა, შეხვედრამდე პოზნანში წვიმა არ მოსულა, მატჩამდე არავის უთქვამს, რომ მინდორი უვარგისი იყო და ყოველგვარი მინიშნების გარეშე, ითქვა, რომ მატჩამდე მინდორი საჭიროზე მეტად მორწყეს. კლიმატის გამო, უკრაინელ ფეხბურთელებს, ტალახში თამაში არ უჭირთ, ქართველებს კი - პირიქით, ძალიან უჭირთ და ნაკრების ის ფეხბურთელები, რომლებიც ფონს ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გადიან, ვერაფერს აკეთებდნენ. შეთქმულების თეორიების არ გვჯერა, მაგრამ მინდვრისსაფარი, 15 წუთით გამორთული შუქი და კიდევ არაერთი წვრილმანი ხელისშემშლელი ფაქტები, ფიქრისა და მსჯელობის საფუძველს გვაძლევს.

რაც შეეხება ალბანეთთან შეხვედრას. ვილი სანიოლმა ერთბაშად 5 შემტევი ფეხბურთელი დააყენა და პირველი, რა კითხვაც გაგვიჩნდა, ის გახლდათ, რომ თავდასხმის გაძლიერების საჭიროების შემთხვევაშ, ვის გაიყვანდა, ან ვის შემოიყვანდა ფრანგი სპეციალისტი. სამწუხაროდ, ჩვენი მოლოდინი გამართლდა, ალბანეთი დაწინაურდა და... სანიოლს სათადარიგოთა სკამზე ისეთი ფეხბუთელი აღარ ჰყავდა, რომელიც შეტევის გაძლიერებას შეძლებდა. ამიტომ, მან მცველი მცველით შეცვალა, ბოლო წუთზე კი, კუნთგაჭიმული დავითაშვილის ნაცვლად, ისევ მცველი შემოუშვა. ვერ გეტყვით, რატომ მოინდომა მწვრთნელმა ასეთი თამამი ექსპერიმენტის ჩატარება ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის დროს, მაგრამ ფაქტია - ჩვენმა ნაკრებმა ორი შეხვედრა გამართა და ერთი გოლის გატანაც ვერ მოახერხა. ალბანეთმა კი, თბილისში გამართული მეექვსე მატჩიდან, პირველი მოიგო, წინა ხუთ შემთხვევაში, მათ ხუთი მარცხი ჰქონდათ.