„უწყინარი“ მოხუცის კრიმინალური ვნებანი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შესაძლოა, ბევრმა არ იცის, მაგრამ კრიმინალები არ მიესალმებიან ისეთ დანაშაულს, რომელიც, ასე ვთქვათ, დაუფიქრებლად არის ჩადენილი. ახლავე აგიხსნით, რას ვგულისხმობ. მაგალითად, როცა ვიღაც, ქუჩაში ქალს (კაცს, ბავშვს, მოხუცს) ჩანთას გამოსტაცებს და გაიქცევა, ან საყურეს ჩამოგლეჯს, ან ყელსაბამს შეაწყვეტს... კრიმინალები ამას იმით ხსნიან, რომ დაზარალებული, შესაძლოა, „კაი ბიჭის“, ან „კანონიერი ქურდის“ და, ძმა, დედა, მამა, ბებია-ბაბუა იყოს. ჰო, მათ ურჩევნიათ, ზუსტად იცოდნენ, ვის წინააღმდეგ სჩადიან დანაშაულს, მერე ავტორიტეტების წინაშე პასუხისმგებლობა რომ არ მოუხდეთ.

 

ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტოა. უპრეცედენტო არა იმიტომ, რომ ასეთი რამ არ მომხდარა, არამედ, მისი გაგრძელებისა და მოვლენების საოცრად განვითარების გამო. მოკლედ, ახალგაზრდა ქალს პირდაპირ კორპუსის წინ დახვდა სამი ბიჭი და ჩანთის წართმევა დაუპირა. ქალმა წინააღმდეგობა გაუწია და ყვირილი მორთო. თავდამსხმელებმა მას თავში აგურის ნატეხი ჩაარტყეს და გონება დააკარგვინეს. ადგილზე მილიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა პენსიონერმა გამოიძახა, რომელიც ინციდენტს ასე, 30 მეტრიდან უყურებდა, მაგრამ ჯოხით გაჭირვებით დადიოდა და ამიტომ, დახმარება ვერ შეძლო. დახმარებას ვინ ჩივის, როცა სამართალდამცავები მოვიდნენ, ქალის ნახვაზეც უარი თქვა, სუსტი გული მაქვს, შეიძლება, მოვკვდეო და აღარც დააძალეს.

„ყოველდღე ეზოში ვარ, ყოველდღე აქ ვისვენებ, გადაადგილება მიჭირს და ამის გამო, ჩემი ოროთახიანი ბინა, რომელიც მეხუთე სართულზე იყო, პირველ სართულზე, ერთოთახიანში გადავცვალე. ჰოდა, როცა დავინახე, რომ ამ ქალს თავს დაესხნენ, კი ავყვირდი, მაგრამ აზრი? მერე სახლში შევედი, დავრეკე და დანარჩენი თქვენც იცით“, - განაცხადა მოხუცმა და იქვე დააყოლა, თავდამსხმელების დანახვა გამიჭირდა, რადგან ჯერ ერთი, სათვალეს ვხმარობ და 30 მეტრზე დანახვა მაინც გამიჭირდებოდა, ახლა კი, სათვალის გარეშე ვიყავი და მხოლოდ სილუეტებს ვხედავდიო.

სამართალდამცავთა მთავარი იმედი ის გახლდათ, რომ ექიმთა ვარაუდით, ქალი აუცილებლად გადარჩებოდა და მეტიც, მეორე დღეს, ჩვენების მიცემასაც მოახერხებდა. ასეც მოხდა, მეორე დილით ქალი დაკითხვისთვის მზად იყო, მაგრამ მასთან შესულ გამომძიებელს, პირველი კითხვა თავად დაუსვა.

„მე კარგად ვარ, მაგრამ როგორ არის ის კაცი, რომელიც გამომექომაგა და რომელიც დაჭრეს“, - იკითხა ქალმა და გამომძიებელმა გაოცებისგან პირი დააღო. არც იმ პენსიონერს, რომელმაც სამართალდამცავები გამოიძახა, არც სხვას არ უთქვამს, რომ ქალს ვიღაც გამოექომაგა და თან დაჭრეს. მით უმეტეს, რომ ქალი გათიშული იყო და წესით, ვერ უნდა დაენახა, თუ ვინმე გამოექომაგა და რაც მთავარია, წესით, ეს ვერ უნდა აღექვა. ამიტომ, გამომძიებელმა ქალს კითხვით სავსე თვალები მიაპყრო.

„რა არის გაუგებარი? ჩემთვის ჩანთის წართმევა სურდათ, მე წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ სავარაუდოდ, ერთ-ერთი მათგანი, ზურგიდან მომეპარა და რაღაც მძიმე ჩამარტყა. დავეცი, მაგრამ მაშინვე არ გავთიშულვარ და დავინახე, როგორ ეცა ვიღაც კაცი იმ ლაწირაკებს, ჯერ ერთს დაარტყა და დაბლა დააგდო, მერე მეორეს დაარტყა, მაგრამ მესამემ დანა დაარტყა და დავინახე, კაცი როგორ ჩაიკეცა. მერე გავითიშე და აღარაფერი დამინახავს. ჰოდა, ახლა მარტივ კითხვას ვსვამ, როგორ არის ის კაცი, ვინც ჩემთვის სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო“, - ჯიუტად ამბობდა ქალი.

გამომძიებელი უფრო დაიბნა, ქალის გამოკითხვა გადადო და პენსიონერის დასაკითხად წავიდა.

„ვინმე ჩაერია იმ ქალის დასაცავად? მე არავინ დამინახავს, როცა მივხვდი,ვერაფრით დავეხმარებოდი, მაშინვე სახლში წავჩაქჩაქდი დასარეკად. აი, როცა სადარბაზოში შევედი, მაშინ თუ გამოჩნდა ვინმე, ვერ გეტყვით“, - განაცხადა მან.

უკან დაბრუნებულ გამომძიებელს სიურპრიზი ელოდა - ექსპერტმა, ბალახზე მუქი ფერის ლაქა ნახა და გადაჭრით ამტკიცებდა, სისხლია, ოღონდ მხოლოდ ექსპერტიზის შემდეგ ვიტყვი, ადამიანის სისხლია, თუ რომელიმე ცხოველის, ან ფრინველისო. ექსპერტიზის პასუხი რამდენიმე საათში გახდა ცნობილი.

„შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი სისხლი მამაკაცს ეკუთვნის და ის ახალია ანუ 24 საათზე მეტი არ არის გასული, რაც სისხლი ბალახზე მოხვდა“, - წერდა ექსპერტი და გამომძიებელი დაზარალებულს ისევ საავადმყოფოში მიადგა.

„მხოლოდ ერთი ბიჭის სახე მახსოვს და ისიც სხვებთან შედარებით უკეეთესად, თორემ ძალიან კარგად არც ის მახსოვს. ასე, 20-22 წლის ბავშვები იქნებოდნენ, ჰო, ჩემთვის ბავშვები. რაც შეეხება მამაკაცს, მისი სახე საერთოდ არ მახსოვს, ბუნდოვნად ჩანდა, სილუეტებით, გრძნობას ვკარგავდი და მაგიტომ“, - განაცხადა ქალმა.

გამომძიებელი ისევ შემთხვევის ადგილზე მივიდა და ახლა სისხლს კი არა, ნივთმტკიცებას ეძებდა და აშკარად გაუმართლა - მან პიჯაკიდან აგლეჯილი ღილი იპოვა და ექსპერტებს წაუღო. ექსპერტებმა საინტერესო რამ თქვეს - „ეს ძვირადღირებული პიჯაკის ღილია, ასეთები დედაქალაქში მხოლოდ ორ მაღაზიაში იყიდება და მასაც ერთეულები თუ ყიდულობენ“.

მაშინ ასე იყო, ყველაფერი ძვირფასი ძნელად მოსაპოვებელი გახლდათ და არავის უკვირდა, თუ პიჯაკში, ვთქვათ, 150 მანეთს ბევრი ვერ გადაიხდიდა. სამართალდამცავები ორივე მაღაზიაში მივიდნენ და გაირკვა, რომ ასეთი ფირმის პიკაჯი სულ ორი ცალი იყო გაყიდული, ერთი - იმავე მაღაზიის დირექტორმა იყიდა, რომელიც კაბინეტში საღ-სალამათი იჯდა, ხოლო მეორე - ხორცის კომბინატის დირექტორის მოადგილემ, რომელიც... სამსახურში სწორედ იმ დღის შემდეგ აღარ გამოჩენილა. გამომძიებელი მისი ბინის მისამართზე მივიდა.

„მეუღლე რაღაცაზე გამიბრაზდა და სახლიდან წავიდა. მითხრა, სასტუმროში დავრჩებიო, ამიტომ არ მიძებნია. იცის ხოლმე ასე გაბუტვა და გაქცევა, ისიც ვიცი, რომელ სასტუმროში ჩერდება და ისიც შემიძლია გითხრათ, ახლა რომ წავიდა, მთელი დანაზოგი თან წაიღო, აქაოდა, აღარ ვაპირებ დაბრუნებასო, მაგრამ ზუსტად ვიცი, დაბრუნდება, აუცილებლად დაბრუნდება, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს“, - განაცხადა მეუღლემ.

რადგან პიროვნება დადგენილი იყო, არც მისი სამედიცინო ბარათის მოძიება გახდა პრობლემა და სამართალდამცავებმა უკვე ზუსტად იცოდნენ, რომ დაჭრილი სწორედ ხორცკომბინატის დირექტორის მოადგილე გახლდათ. მაგრამ, სად გაქრა დაჭრილი? ის არცერთ საავადმყოფოში არ იმყოფებოდა და რაც მთავარია, არ მისულა სასტუმროში, სადაც წესით უნდა დაბინავებულიყო და დაიკარგა ფულიც, რომელიც მას თან ჰქონდა. გამომძიებელი ისევ პენსიონერს მიადგა, მაგრამ ის შინ არ დახვდა და ამიტომ, ეზოში დაელოდა. მანამდე მეზობლებს გამოელაპარაკა და...

„ჰო, ეს მოხუცი... ადრე ძალიან მაგარი კაცი იყო, სამხედრო. ეზოს ბიჭებსაც სამხედრო წესებით წვრთნიდა, ყველა „სმირნაზე“ ჰყავდა, მერე დამბლა დაეცა და დაავადმყოფდა, მაგრამ ბიჭები მას ისევ უსმენენ, თითქოს ეშინიათ მისი“, - უთხრა მეზობელმა გამომძიებელს და ისიც ჩაფიქრდა. მან მოხუცის „ხელქვეითი“ ბიჭები მოიკითხა და ერთ-ერთის სანახავად წავიდა. ბიჭი შინ იყო, სადილობდა, გამომძიებელმა კი, ზერელე კითხვა დაუსვა, რამე საეჭვო ხომ არ დაგინახავსო და ასე იმიტომ მოიქცა, რომ ზუსტად იცოდა, ერთ-ერთი თავდამსხმელი სწორედ ეს ბიჭი გახლდათ, რადგან თვალი ჩალურჯებული ჰქონდა. დანარჩენი ორი შინ არ დახვდა და გამყოფილებაში მოხუცის უნახავად დაბრუნდა. ერთ საათში, მოხუცსა და მის სამ „მეგობარ“ ბიჭს ოპერმუშაკები უთვალთვალებდნენ.

„მათი თავშეყრის ადგილი ავტოფარეხია, რომელიც მოხუცს ეკუთვნის და იქ დღეში რამდენჯერმე მიდიან. მგონია, რომ მათ იქ ან დაჭრილი ჰყავთ, ან გარდაცვლილი“, - ოპერმუშაკები ერთ აზრზე იყვნენ. სამართალდამცავებმა ავტოფარეხს ალყა შემოარტყეს და იქ მაშინ შევიდნენ, როცა მოხუცი და ორი ბიჭი ადგილზე იმყოფებოდა. ძალოვნების გამოჩენას ისინი აშკარად არ ელოდნენ და დაიბნენ, მაგრამ მოხუცი აზრზე მალე მოვიდა და რაც შეიძლებოდა, მშვიდად იკითხა: „რა ხდება?“ თუმცა, ბიჭებს თვალი ავტოფარეხის კუთხისკენ გაექცათ, იქ მიყრილ მუყაოს ყუთებს ძალოვნებმა ფეხი გაჰკრეს და კუთხეში უგონოდ მყოფი მამაკაცი დაინახეს. კაცს პულსი ჯერ კიდევ ესინჯებოდა და იმის მიუხედავად, რომ მოხუცმა ბიჭებს მკაცრად შეუძახა, არაფერი თქვათო, ცხადი იყო, დაკითხვაზე ისინი აუცილებლად გატყდებოდნენ.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქუჩაში ხალხს ვძარცვავთ. ის კაცი მოულოდნელად გამოჩნდა და დანა შიშით დავარტყი, ჰო, მე დავარტყი. პენსიონერი კი უბრალოდ გვაკონტროლებდა, გვითხრა, ჩემს ფარეხში დამალეთ, დანარჩენს მე მივხედავო. თანხა არ ვიცი, მე არ მინახავს, ალბათ, პენსიონერმა წაიღო“, - თქვა ბიჭმა და ისიც დაადასტურა, რომ მოხუცი ჯიუტად ცდილობდა, სამივე ერთად დაეყოლიებინა იმაზე, რომ დაჭრილი მოეკლათ. მერე, მას სამივე სიცოცხლის ბოლომდე ხელში ეჭირებოდა, მაგრამ გეგმა ჩაიშალა. მოხუცმაც ყველაფერი აღიარა და აღიარა ისიც, რომ მცირე ზომის ჩანთით, ფული სახლში შეინახა.

საბედნიეროდ, მამაკაცი გადარჩა, ბიჭებს სასჯელი არ ასცდათ, აი, მოხუცი კი ციხეს გადაურჩა, რადგან სასამართლომდე ვერ მიაღწია - გულის შეტევით გარდაიცვალა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე