ორსულმა ქალმა ქმრის საყვარელზე შური იძია

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საცხოვრებელი ფართის გამო სასამართლო პროცესები თუ ხელჩართული ჩხუბი არც ახლა არის იშვიათობა. ზოგადად, დიდი ბინისთვის ადამიანები ათას რამეს იგონებდნენ, ძალიან ხშირად, ფიქტიურ განქორწინებასაც კი, რადგან კომუნისტების დროს, ასეთ შემთხვევაში, განქორწინებულ ადამიანს კიდევ ეკუთვნოდა საცხოვრებელი ფართი. დღეს კი ძალიან რთულია მხოლოდ ხელფასით ბინა შეიძინო და საცხოვრებელ ფართს ახალგაზრდები ძირითადად მშობლებისგან მემკვიდრეობით იღებენ. არადა, თითქოს სხვა რეალობა გვაქვს, უამრავი კორპუსი შენდება და თითქმის ყველგან ბინები იყიდება, თუმცა როგორც დეველოპერები ამბობენ, ბინებს ან უცხოელები ყიდულობენ, ან ემიგრანტები, რომლებიც თვიდან თვემდე რიცხავენ კონკრეტულ თანხას კომპანიის ანგარიშზე და ბინის შეძენას წლებს ანდომებენ.

 

სამართალდამცავებმა ახალგაზრდა ქალი დააკავეს, რომელსაც ბრალი დაზე თავდასხმაში ედებოდა. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც განყოფილებაში მოქალაქემ დარეკა, რომელიც ძაღლს ასეირნებდა.

„მე გვერდით კორპუსში ვცხოვრობ და დებს კარგად ვიცნობ. ძაღლს ვასეირნებდი და იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბნელოდა, დავინახე, როგორ დაჰყურებდა ერთ-ერთი და რაღაც გროვას, შემდეგ კი იქაურობას აჩქარებული ნაბიჯით გაეცალა. როცა ადგილამდე მივედი, დავინახე, მიწაზე ვიღაც ქალი იწვა. არ დამიწყია ბევრი ფიქრი, სასწრაფოში დავრეკე, მათ კი თქვენ გამოგიძახეს. მერე გავიგე, რომ ქალი, რომელიც მიწაზე უგონოდ ეგდო, მეორე და ყოფილა. მართალია, არ დამინახავს, რა მოხდა, მაგრამ ეჭვი მაქვს, მთავარი დამნაშავე სწორედ და არის, თორემ რატომ არ გამოიძახებდა თავად სასწრაფოს და რატომ არ დაეხმარებოდა დას, რომელიც სიკვდილს ებრძოდა“, - განაცხადა მოქალაქემ, რომლის მონათხრობი და სავარაუდო ეჭვმიტანილზე აქცენტი ძალიან მართებული იყო. შესაბამისად, ძალოვნებს ბევრი არ უფიქრიათ და დაზარალებულის და დააკავეს. ექსპერტიზის დასკვნით, გოგონას თავში მძიმე საგნით მიყენებული დაზიანება ჰქონდა და კომაში იყო. „ბლაგვი საგანი“ ანუ არმატურის ნატეხი იქვე ეგდო და რაც მთავარია, მასზე ზუსტად ხელის ის მალამო იყო შერჩენილი, რომელიც დაკავების მომენტში ეჭვმიტანილს ესვა, თანაც მალამო ისე იყო შერჩენილი, რომ ქალს რკინის ნაჭერი აშკარად მყარად და დასარტყმელად ეკავა.

„ვაღიარებ, რომ დასთან გადასარევი ურთიერთობა არ მქონდა. მე ადრე გავთხოვდი, ქმარი მალევე დამეღუპა და შემრჩა თოთო ბავშვი ხელში. ქმართან ერთად, ნაქირავებში ვცხოვრობდი და ბინის ქირას, უბრალოდ, ვერ გადავიხდიდი, ამიტომ მშობლებთან დავბრუნდი. მათ სამოთახიანი ბინა აქვთ, ერთში თავად იყვნენ, მეორეში - ჩემი და და მესამეში მე შევედი. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, შემდეგ ჩემმა დამ დიდ ოთახში მოინდომა გადასვლა და შვილთან ერთად, მე პატარა ოთახში შევედი. რამდენიმე თვის წინ, მან გამოაცხადა, ცალკე გადავდივარ საცხოვრებლადო და მე ისევ დიდ ოთახში დავბრუნდი, ცოტა ფული მქონდა მოგროვებული, შესაბამისი ავეჯი დავამზადებინე, კედელთან ისე ავაწყვე ყველაფერი, რომ ოთახში ფართიც დიდი ჩანდა, მაგრამ რად გინდა, ჩემი და დაბრუნდა და ის ოთახი მოითხოვა. უარი ვუთხარი და ისე გავმწარდი, სახლიდანაც კი წავედი. ჰოდა, იმ დღეს დამირეკა, შევხვდეთ, ბოდიში მინდა მოგიხადო, შენი ოთახი წაიღე, ოღონდ ერთი თხოვნა მექნებაო. სახლთან დამითქვა შეხვედრა, მივედი და სრულიად შემთხვევით წავაწყდი. ის არმატურის ნაჭერი გვერდით ეგდო, ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, ორი თითით ავწიე და ზედ სისხლი რომ დავინახე, მაშინვე დავაგდე და გავიქეცი. მკვდარი მეგონა, ამიტომ შემეშინდა და ვერსად დავრეკე, ვიფიქრე, მე დამაბრალებენ-მეთქი“, - განაცხადა დაკავებულმა და კატეგორიულად უარყო, რომ რკინას ხელი მყარად მოჰკიდა, მხოლოდ ორი თითით ავწიეო.

განყოფილებაში გოგოების მამაც მივიდა და ბოლო ხმაზე ყვიროდა, ჩემი შვილი გამოუშვითო.

„დიახ, ვაღიარებ, რომ ჩემს შვილებს გადასარევი ურთიერთობა არ ჰქონდათ, მაგრამ ისინი ჩემი გაზრდილები არიან და ზუსტად ვიცი, ერთი მეორეს მოსაკლავად ვერ გაიმეტებდა. მესმის, რომ მტკიცებულებები მის წინააღმდეგაა, მაგრამ მე დამიჯერეთ, გამზრდელ მამას, დამნაშავე სხვა არის, მაგრამ... წარმოდგენა არ მაქვს, ვინ“, - ეს უკვე დაზარალებულის და ბრალდებულის მამის განცხადება იყო.

სამართალდამცავებს იმის იმედი ჰქონდათ, რომ გოგო აზრზე მოვიდოდა და თავად იტყოდა, ვინ დაესხა თავს, მაგრამ ექიმები ამბობდნენ, ეს არცთუ მარტივი იქნება და ვერც იმის იმედს მოგცემთ, რომ კომიდან გამოსვლის შემდეგ, ნორმალურად აზროვნებას მოახერხებსო. ამიტომ, გაჩერება არ შეიძლებოდა და... განყოფილებაში პატარა ბიჭი მივიდა, დეიდაჩემს მე ჩავარტყი თავში ის არმატურის ნაჭერი, დედას ნერვებს უშლიდა და ამიტომ. მე დამიჭირეთ, დედიკო კიდევ გამოუშვითო. ძალოვნებმა ბავშვს ყურადღებით მოუსმინეს, მერე ექსპერტებთან წაიყვანეს და მათ ერთხმად თქვეს, რომ მოზარდს არც ძალა ეყოფოდა ასეთი დარტყმისთვის და არც - სიმაღლე, უბრალოდ, იტყუებოდა და დედის გათავისუფლებას ცდილობდა.

„როგორც ვიცი, ის გათხოვებას გეგმავდა. საქმროც გამაცნო, ახალგაზრდა კაცია, სახელი ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ სამაგიეროდ, მახსოვს მანქანის ნომერი, რომლითაც მოვიდა“, - ძალოვნებს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაზარალებულის მეგობარმა მიაწოდა. რა თქმა უნდა, მანქანის ნომრით მისი მფლობელის ვინაობა მალე გაიგეს, მაგრამ მამაკაცს დასაკითხად მაშინვე არ ეცნენ, ჯერ იმის გარკვევა დაიწყეს, ვინ იყო, რას წარმოადგენდა და დაადგინეს, რომ მას მეუღლე ჰყავდა. უფრო ზუსტად, ჰყავდა ქალი, რომელთანაც ექვსი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მართალია, ხელი არ ჰქონდათ მოწერილი, მაგრამ წყვილს ყველა, როგორც ცოლ-ქმარს, ისე იცნობდა. ეს უკვე საინტერესო იყო - თუ მამაკაცი ექვსი წელი ერთ ქალთან ერთად ცხოვრობდა და სხვა ქალის ცოლად მოყვანა ჰქონდა გადაწყვეტილი, სად უნდა წაეყვანა ცოლი? ორცოლიანობა, როგორც ახლა, მაშინაც აკრძალული იყო. მამაკაცი დასაკითხად დაიბარეს.

„ვიცი, რაც მოხდა და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ შეხვედრის ადგილამდე მე მივიყვანე. მითხრა, დას უნდა შევხვდე, მერე შინ ერთად ავალთ, ოჯახს ვეტყვი, რომ ვთხოვდებიო და ძალიან ბედნიერი იყო. მანქანით დავტოვე და წამოვედი, აღარ დავლოდებივარ, მეორე დღეს კი, როცა აღარ გამოჩნდა, ეზოში მივედი და ეს ამბავი დამხვდა. ვერ ვხვდები, ვის რა დაუშავა, არც სამსახური აქვს ისეთი, რამე საიდუმლო გაეგო, არც ძვირფასეულობა ჰქონია თან და არც - ფული. თავს ვიმტვრევ, რა მოხდა და სიმართლე გითხრათ, მხოლოდ იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ დამ გაიმეტა, მაგრამ... დამ ხომ იცოდა, რომ შესარიგებლად და ოთახის დასათმობად ხვდებოდა“, -  მამაკაცი თითქოს თავისთვის მსჯელობდა და როცა კითხვა იმ ქალზე დაუსვეს, რომელთან ერთადაც წლები ცხოვრობდა, არ დაბნეულა.

„დასამალი არაფერია, მასთან დაშორებას ვაპირებ. ჩვენ შვილი არ გვიჩნდებოდა, მიზეზი მე ვიყავი, ამიტომ ექიმთან სიარული დავიწყე. მკურნალმა ექიმმა მითხრა, ისეთი წამლები უნდა დაგინიშნო, დაახლოებით, ექვსი თვე შენი სპერმატოზოიდები უვარგისი იქნება, ჩათვალე, მკვდარი იქნება ყველაფერი, მაგრამ მერე აღდგებაო, დავთანხმდი და მკურნალობის მეორე თვეს, ამ ქალმა გამომიცხადა, ორსულად ვარო. სკანდალი არ მომიწყვია, ექიმთან გადავამოწმე, სპერმის ანალიზიც კი ჩავაბარე და დასკვნა ერთმნიშვნელოვანი იყო - ქალი ორსულად ჩემგან ვერ იქნებოდა. ამან უფრო დამარწმუნა, რომ მას უნდა დავშორებოდი და ის ერთოთახიანი ბინაც არაფერში მჭირდებოდა, ვუტოვებდი. აგერ, სამოთახიანი მაქვს, ვარემონტებ და ქალთან, რომელსაც ცოლად მოვიყვანდი, სწორედ იქ უნდა მეცხოვრა“, - განაცხადა მამაკაცმა.

გამომძიებლები საერთოდ დაიბნენ და აღარ იცოდნენ, რა ექნათ. ყოველი შემთხვევისთვის, იმ ქალის ნახვა გადაწყვიტეს, რომელთან დაშორებასაც მამაკაცი აპირებდა, ეგებ, ცხელ გულზე, რამე ისეთი ეთქვა, რაც გამოძიებას ახალ მიმართულებას მისცემდა, თუმცა მან მხრები აიჩეჩა, აბა, მე რა ვიცი, ვის რა ჩაარტყეს, ბავშვს ველოდები და ბედნიერი ვარო. ის იყო, ძალოვნები წამოსვლას აპირებდნენ, რომ ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გაშეშდა. მეორემ კოლეგის მზერას თვალი გააყოლა და ისიც შედგა - შესასვლელში, სარკესთან, სწორედ ის მალამო იდო, რომელსაც დაკავებული ხმარობდა და რომელიც არმატურას ეცხო. საჭირო იყო მოულოდნელობის ეფექტი და მიწოლა, რომ ქალს დანაშაული ეღიარებინა. ამიტომ, ერთ-ერთმა გამომძიებელმა პირდაპირ, მოურიდებლად მიახალა ქალს, შენ ამ კაცს ღალატობ, ბავშვს სხვისგან ელოდები და სწორედ შენ ჩაარტყი იმ გოგონას თავში რკინა, მისი მოშორება გინდოდა, მაგრამ წარმოდგენაც არ გაქვს, რომ კაცმა, რომელთანაც ცხოვრობ, ყველაფერი იცის, იცის, რომ ღალატობ და შენთან არ დარჩებაო. ქალისთვის ყველაფერი ეს ძალიან მოულოდნელი იყო, იქვე, იატაკზე ჩაჯდა, თავი ხელებში ჩარგო და ატირდა.

„მე შვილი მინდოდა, შვილი... ექვსი წელი ვიცხოვრე მასთან და ცოლობაზე სიტყვაც არ დასცდენია, ბავშვზე საუბრობდა სულ. ექიმთან ვიყავი, მე ყველაფერი მწყობრში მქონდა და მივხვდი, მისი ბრალი იყო. ამიტომ, მართლა პირველივე შემხვედრთან, სრულიად უცნობ მამაკაცთან დავწექი, მერე რომ არ მეძებნა და არ ვეძებნე, მაგრამ... მეზობელმა მითხრა, შენი კაცი სხვასთან ერთად დადის ხოლმეო და თვალთვალი დავუწყე. ახლა... ახლა, ეს ექვსი წელიც წყალში ჩაიყარა და ისიც კი არ ვიცი, ბავშვი ვისგან მეყოლება“, - ტიროდა გოგონა.

საბედნიეროდ, დაზარალებული გადარჩა, სასამართლომ თავდამსხმელის ორსულობა გაითვალისწინა და იმის გამო, რომ მას მომჩივანი არ ჰყავდა (დაზარალებულმა არ იჩივლა), მხოლოდ ხუთწლიანი პირობითი მსჯავრი აკმარა.

 

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე