ფინანსური დარღვევები თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ვერსია“ აგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმ ანგარიშების გაცმობას, რომლებიც უწყებამ გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნა. ამჯერად, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში, 2020-2021 წლებში გამოვლენილი დარღვევები გავიხსენოთ.

 

დარღვევები თელავში - მშენებლობასა და რეაბილიტაციაში

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ თელავის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველჰყო საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების, მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და განხორციელება. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2020-2021 წლებში, შესაბამისად, 32% და 37% დააკლდა. ამასთან, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.

„გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 1 576 300 ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას, არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.

თელავის მუნიციპალიტეტმა დაგეგმა და შეისყიდა ისეთი პროექტები, რომლებიც დაუსრულებელია და ვერ იყენებს. შესაბამისად, ბიუჯეტიდან გაწეულია 1 632 000 ლარის არაეფექტიანი ხარჯი და დასახული მიზანი არ არის მიღწეული“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.  

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ თელავის მუნიციპალიტეტმა, ბაგა-ბაღების შენობების რეაბილიტაციაში, 40 900 000 ლარი დახარჯა ისე, რომ სრულად არ გაითვალისწინა ექსპერტების დასკვნა გამაგრებით სამუშაოების აუცილებლობის შესახებ. ექსპერტიზის განმეორებითი დასკვნით, ბაღები კვლავ ავარიულია და ექვემდებარება დემონტაჟს.

„თელავის მუნიციპალიტეტმა 10 000 ლარი დახარჯა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობის რემონტზე. ობიექტი მალევე გასხვისდა და მოსახლეობა ვერ იყენებს. მუნიციპალიტეტმა დაუსაბუთებლად გაზარდა სამუშაოების მიწოდების ვადები, რამაც ხელი შეუწყო ინფრასტრუქტურული პროექტების დაგვიანებით დასრულებას. ამასთან, აღნიშნული ქმედებების შედეგად, მუნიციპალიტეტმა, დაახლოებით, 55 200 ლარის საჯარიმო თანხა ვერ მიიღო“.

აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ თელავის მუნიციპალიტეტს არ აქვს დაწესებული სათანადო კონტროლი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე. შედეგად, მუნიციპალიტეტი იბარებდა ხარვეზებით შედგენილ დოკუმენტაციას, რაც გავლენას ახდენდა მიწოდების ვადებსა და სახელშეკრულებო ღირებულებაზე, ამასთანავე, აუარესებდა მერიის პირობებს. მუნიციპალიტეტს რამე სახის ღონისძიება საპროექტო დოკუმენტაციის მიმწოდებლების მიმართ არ გაუტარებია.

 

ხარვეზები მუნიციპალური სერვისების მიწოდებაში

აუდიტორებმა გამოავლინეს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არასაკმარისია. სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი; მოსახლეობის ნაწილს წყალი მიეწოდება შეფერხებით; წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება; არალიცენზირებული პირი ვერ უზრუნველყოფს წყლის გადასახადის ადმინისტრირებას, რის გამოც საბიუჯეტო სახსრები არაპროდუქტიულად იხარჯება.

„თელავის მუნიციპალიტეტმა არასათანადოდ განსაზღვრა ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადები და გარანტორისაგან არ მოითხოვა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საგარანტიო თანხების ანაზღაურება. შედეგად, ორი შესყიდვის ფარგლებში, შეუსრულებელი ხელშეკრულებების სანაცვლოდ მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო 190 200 ლარის კომპენსაცია.

2020-2021 წლებში, მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა სამი-ოთხი ერთეულით აღემატება საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობას“.

აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ თელავის მუნიციპალიტეტმა 2020-2021 წლებში, საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად, 138 700 ლარი გასცა შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ.

 

ხარვეზები ქონების მართვა-განკარგვაში

აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ თელავის მუნიციპალიტეტმა 2020-2021 წლებში არ გადასინჯა წინა წლებში იჯარით გაცემული ქონების საიჯარო ქირა; გარდა ამისა, ქონება იჯარით გასცა პირდაპირი განკარგვის გზით, სათანადო დასაბუთების გარეშე, რითაც დაკარგა მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა; კონტროლის მექანიზმების სისუსტის გამო, სათანადო რეაგირების გარეშეა დარჩენილი სხვადასხვა პირის მიერ მუნიციპალიტეტის ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის შემთხვევები.

„მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვა ხორციელდებოდა ხარვეზებით. კერძოდ, არ არის დაცული ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად გამოყენების ვალდებულება: რიგ შემთხვევაში, თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობები ორგანიზაციის რეალურ საჭიროებებს არ შეესაბამება. სათანადოდ არ არის დასაბუთებული მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებები იურიდიული პირების შექმნისა და საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით.

მუნიციპალიტეტმა 2020-2021 წლებში, 130 000 ლარით დააფინანსა მის მიერ დაფუძნებული ააიპ „კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ - ვიზით კახეთი. მუნიციპალიტეტს არ ჩაუტარებია ორგანიზაციის საქმიანობის მონიტორინგი და არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას განხორციელებული ღონისძიებებისა და ფინანსური რესურსების ხარჯვის ეფექტიანობის შესახებ. ამდენად, მუნიციპალიტეტის ჩართულობა დაფუძნებული იურიდიული პირის საქმიანობაში არასაკმარისი და არაეფექტიანია“.

აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ თელავის მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, თუ რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული მემორანდუმის ფორმით 40 000 ლარის საფინანსო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა. მერია ვალდებული იყო პირველ რიგში გამოეყენებინა საკუთარი შრომითი რესურსი, ხოლო მოხელეების პროფესიული განვითარების საჭიროებისას, მომსახურება შეესყიდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თელავის მერიამ ვერ უზრუნველჰყო საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა სრულყოფილი ბაზის შექმნა და მოსაკრებლის სათანადოდ ადმინისტრირება. შედეგად, მუნიციპალიტეტმა სრულად ვერ მიიღო მოსაკრებელი, რაც უარყოფითად აისახა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე.

 

დარღვევები ახმეტაში - ფინანსური რესურსების მართვა

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველჰყო საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების, მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და განხორციელება. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2020-2021 წლებში, შესაბამისად, 19% და 17% დააკლდა. ამასთან, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.

„ახმეტის მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 1 546 800 ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას, სამუშაოების ნაწილზე არ არის მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია. ახმეტის მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებისა და ფუნქციონირების, ასევე, შეძენილი აქტივების განკარგვის მხრივ მიმდინარეობდა ხარვეზებით. მერიამ ვერ უზრუნველჰყო პროექტების ოპტიმალური დაგეგმვა, არაეფექტიანად დახარჯა 212 400 ლარი და ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით დასახულ მიზანს“.

 

დარღვევები შესყიდვების მართვაში

აუდიტის შედეგადა გაირკვა, რომ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, 168 000 ლარის ღირებულების ობიექტები ჩაბარებულია და ანგარიშსწორება განხორციელებულია ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და იწვევს თანხების ზედმეტად ანაზღაურების რისკს.

„შესყიდვის ხელშეკრულებაში შეტანილი დაუსაბუთებელი ცვლილების შედეგად შესასრულებელი სამუშაოები მნიშვნელოვნად შეიცვალა, რამაც დააზიანა მუნიციპალიტეტის ინტერესები. შედეგად, მერიამ დაკარგა 18 300 ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. ახმეტის მერიამ არ დაიცვა ხელშეკრულებით მის მიერვე დადგენილი მოთხოვნები და არ გააკონტროლა შემსრულებლის მიერ ავანსის გამოყენების პროცესი. კერძოდ, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი რწმუნება, რომ ავანსის სახით მიღებული თანხა - 379 600 ლარი მიმწოდებელმა გამოიყენა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროულად შესასრულებლად, რაც ავანსის გაცემის მიზანი იყო“.

ახმეტის მუნიციპალიტეტმა არ დააწესა სათანადო კონტროლი მიმწოდებლების მიერ ხარისხიანი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდებაზე. მის მიერ დანერგილი კონტროლის პროცედურები, ზოგიერთ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნების მიღებას შეძენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. ხარვეზებით ჩაბარებული პროდუქტი გავლენას ახდენდა მიწოდების ვადებზე/სახელშეკრულებო ღირებულებაზე და აუარესებდა მერიის პირობებს.

სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული საჯარიმო თანხების ადმინისტრირების პროცესში, მერიამ სათანადოდ არ დაიცვა საკუთარი ინტერესები. ამასთან, დავალიანების მქონე მიმწოდებლების მიმართ არ გაატარა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები და შედეგად ვერ უზრუნველჰყო 10 400 ლარის დარიცხული პირგასამტეხლოს მიღება.

 

ხარვეზები ქონების მართვა-განკარგვაში

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ქონებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, მერია სათანადოდ ვერ იცავს საკუთარ ინტერესებს. კონტროლის მექანიზმების სისუსტის გამო, რეაგირების გარეშეა დარჩენილი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის შემთხვევები; ასევე, საიჯარო ქირის განსაზღვრისა და ხელშეკრულებების ადმინისტრირების პროცესში არსებული ხარვეზების შედეგად ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ იღებს დამატებით შემოსავლებს.

„ახმეტის მუნიციპალიტეტში, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის, ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.

მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვა ხორციელდებოდა ხარვეზებით. კერძოდ, არ არის დაცული ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად გამოყენების ვალდებულება: რიგ შემთხვევაში თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობები ორგანიზაციის რეალურ საჭიროებებს არ შეესაბამება; გამოვლინდა კანონშეუსაბამოდ თანამშრომელთა რამდენიმე ორგანიზაციაში დასაქმების შემთხვევები; სათანადოდ არ არის დასაბუთებული მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებები იურიდიული პირების შექმნისა და საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით“.

ახმეტის მუნიციპალიტეტს არ აქვს დაწესებული სათანადო კონტროლის მექანიზმები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის განვითარებასა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას. მერია არ ფლობს ინფორმაციას ორგანიზაციისათვის გადაცემული ფინანსური რესურსების ხარჯვის ეფექტიანობის შესახებ. ამდენად, მუნიციპალიტეტის ჩართულობა მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის საქმიანობაში არასაკმარისი და არაეფექტიანია.

„გარდა ამისა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტმა დახარჯა 66 000 ლარი. მერია პრაქტიკულად არ ატარებდა მემორანდუმით გათვალისწინებულ მონიტორინგს პროგრამით დაგეგმილი ამოცანების შესრულებასა და დახარჯული თანხების მიზნობრიობაზე. შესაბამისად, არ არის შესწავლილი გაწეული ხარჯის ეფექტიანობა და ღონისძიებების შესაბამისობა პროგრამით გათვალისწინებულ მიზნებთან“.

ახმეტის მუნიციპალიტეტმა, 2020-2021 წლებში, საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად, 123 100 ლარი გასცა შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ.

 

ხარვეზები მმართველობით გადაწყვეტილებებში

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველჰყო დელეგირებული უფლებამოსილების განმახორციელებელი სამსახურების საქმიანობის დაგეგმვა და წარმართვა, მისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების ფარგლებში, რამაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯები გამოიწვია.

„ახმეტის მერია ვერ უზრუნველჰყოფს საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის სათანადოდ ადმინისტრირებას, რაც უარყოფითად აისახება ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე. გარდა ამისა, შიდა აუდიტის სამსახურს სათანადოდ არ შეუფასებია, შეესაბამება თუ არა მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს; რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად გამოიყენება დაფინანსება; დანერგილია თუ არა ადეკვატური მართვისა და კონტროლის მექანიზმები და სხვა“.

მეტიც, აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ სამსახურის საქმიანობა საკმარისად ვერ უზრუნველჰყოფს მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული ამოცანების ეფექტიანად შესრულებას, არსებული საყურადღებო რისკების გამოვლენას, მართვას და შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას.

 

ავტორი: მაკა რუხაძე