რჩეული სტატიები

Grid List

ნორვეგიამ რუსეთის მოქალაქეებს დამატებითი შეზღუდვები დაუწესა. ნორვეგიის მთავრობის საიტზე დღეს, 23 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ტურისტული და სხვა „არაპირველხარისხოვანი მნიშვნელობის მიზნებით“. გადაწყვეტილება ოფიციალურად ამოქმედდება 29 მაისიდან.

უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წლის გაზაფხულზე, ნორვეგიის მთავრობამ გაამკაცრა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. ახალი შეზღუდვა ვრცელდება მათზეც, ვისაც ნორვეგიამ ვიზა 2022 წლის გაზაფხულამდე მისცა, ან ვიზა მიიღო შენგენის შეთანხმების მონაწილე სხვა სახელმწიფოსგან.

29 მაისიდან, ზოგიერთ შემთხვევაში გამონაკლისი დაიშვება რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ახლო ნათესავების მოსანახულებლად, სამუშაოდ, ან სასწავლებლად.

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ „ბიბისი“ ირანის საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით წერს.

მათივე ცნობით, საპრეზიდენტო კანდიდატებს 30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ დარეგისტრირება, ხოლო საარჩევნო კამპანია 12 ივნისიდან 27 ივნისის დილამდე გაგრძელდება.

ირანის კონსტიტუციის თანახმად, ახალი არჩევნები უახლოეს 50 დღეში უნდა ჩატარებულიყო.

შეგახსენებთ, ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იმყოფებოდნენ, ჩამოვარდა. რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ირანულმა მედიამ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვა დაადასტურა.

 

Reuters ირანის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. მათთან ერთად დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა პირი. 

"პრეზიდენტი რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი და შვეულმფრენის ყველა მგზავრი კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ", - განაცხადა Reuters-სთან ირანელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად. 

მოგვიანებით კი რაისის დაღუპვა დაადასტურა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა მოჰსენ მანსურმა.

შეგახსენებთ, რომ ვერტმფრენი, რომელსაც ირანის პრეზიდენტი და საჰარეო საქმეთა მინისტრი გადაჰყვდა, გუშინ, 19 მაისს, ჩამოვარდა. მისი ნამსხვრევები დღეს დილით იპოვეს.

რაისი აზერბაიჯანიდან ირანში ბრუნდებოდა, როცა მის ვერტმფრენს ქალაქ ჯოლფაში პრობლემა შეექმნა. ინციდენტი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ქალაქ ჯოლფას მახლობლად, თეირანის ჩრდილო-დასავლეთით 600 კილომეტრში მოხდა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი აზერბაიჯანში, ილჰამ ალიევთან ერთად, კაშხლის გახსნას დაესწრო.

გერმანიაში, 18 მაისს, დილით ადრე, ორგანიზაცია "უკანასკნელი თაობის" ეკოაქტივისტებმა მიუნხენის აეროპორტის შიდა არეალში შეაღწიეს და თავი მიიწებეს ასაფრენ ბილიკზე.

გარკვეული დროით, თვითმფრინავების მოძრაობა მთლიანად შეწყდა. გაუქმდა 60-ზე მეტი აფრენა და დაშვება, მაგრამ აეროპორტის ხელმძღვანელობამ მალევე შეძლო ვითარების ნორმალიზება და დილის შვიდ საათზე ჩრდილოეთის ასაფრენი ბილიკიდან პირველი თვითმფრინავი აფრინდა.

პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში, "უკანასკნელი თაობა" იტყობინება, რომ ექვსმა ადამიანმა დილის 04:45-ზე ორ ჯგუფად შეაღწია აეროდრომის სხვადასხვა ადგილებში. მას შემდეგ, რაც მათ ბეტონის ხსნარის გამოყენებით თავი მიიწებეს ასაფრენ ბილიკზე, ორი ტერმინალიდან ყველა ფრენა შეჩერდა.

ასაფრენ ბილიკზე რომ მოხვედრილიყვნენ, აქტივისტებმა აეროპორტის ზღუდე გაარღვიეს.

"კვლავ აქტიურად გაგრძელდება იმ ადგილებზე მისვლა, სადაც კლიმატი ნადგურდება წიაღისეული საწვავის გამოყენებით," - განაცხადეს აქტივისტებმა აეროპორტზე ბლოკადის გამო.

პოლიციამ დააკავა აქციის შვიდი მონაწილე და იმ ჯგუფის ორი წევრი, რომლებიც მათ ზღუდის დარღვევაში დაეხმარნენ. ყველა დაკავებულის წინააღმდეგ აღიძვრება საქმე საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობაში სახიფათო ჩარევის ბრალდებით.

თავიანთი მოქმედებებით, ჯგუფ "უკანასკნელი თაობის" წევრებმა განიზრახეს, სამების დღესასწაულის წინ გაგრძელებულ უქმე დღეებში მგზავრებისთვის შეეხსენებინათ ბუნებისთვის ფრენებისგან მიყენებული ზიანის შესახებ. აქტივისტების თქმით, დათბობასა და კლიმატურ ცვლილებებისთვის გერმანელების დაახლოებით 10%-ი პასუხისმგებელი.

აქტივისტები გადაჭრით ნაბიჯებს მოითხოვენ პოლიტიკოსებისგან კლიმატური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.

სამების დღესასწაულის (2024 წელს 26 მაისს) წინ, ყოველწლიურად მოსალოდნელია მგზავრების დიდი ტალღა. ფრენების რაოდენობით მას მეორე ადგილი უჭირავს აღდგომის შემდეგ.

წელს მიუნხენის აეროპორტში 7%-ით მეტი ფრენა იყო დაგეგმილი, ვიდრე გასულ წელს. მთლიანობაში 350 ათასი მგზავრი იყო მოსალოდნელი. "მსგავსი დანაშაულებრივი აქციები საფრთხეს უქმნის თვითმფრინავების მოძრაობას და ზიანს აყენებს კლიმატის დაცვას, რადგან ისინი მხოლოდ გაუგებრობას იწვევენ", - ასეთი კომენტარი გააკეთა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა აქტივისტების მოქმედებებზე. მან მოწოდება გამოთქვა, რომ დამნაშავეების სათანადოდ უნდა დაისაჯონ და აეროპორტის უსაფრთხოების ზომები გადაიხედოს.

აქტივისტებმა საპასუხოდ სოციალურ ქსელ X-ში დაწერეს, რომ ფეზერის დაპირება "უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების თაობაზე პოლიტიკური სიცრუისა და ავიაკომპანიის მოგების დასაცავადაა".

ქალაქ ლაიფციგის მცხოვრებმა სებასტიან რიკერმა, არყის ხის წვენის გამოყენებით, ლუდი დაამზადა. როგორც გამოცემა Bild-ი წერს, გერმანიის 32 წლის მცხოვრები მამაკაცი, წლების გან,ავლობაში სწავლობდა ლუდის დაყენების სხვადასხვა რეცეპტს. ამ გაზაფხულზე კი მან მოახერხა და საქსონიის ტყეში 130 ლიტრი არყის ხის წვენი შეაგროვა. სწორედ ეს წვენი გახდა ძირითადი ინგრედიენტი ლუდის ახალი სახეობისთვის - Birkenzauber ანუ „არყის ხის მაგია“. ახალი ქარვისფერი სითხის ავტორი ამტკიცებს, რომ შედეგად მიიღო მსუბუქი, ტკბილი სასმელი ყურძნის, ციტრუსებისა და ხურტკმელის ნოტებით. რიკერის მიერ ჩამოსხმული არყის ხის ლუდი სულ 600 ლიტრია და აპრილიდან უკვე იყიდება.

 

ამომავალი მზის ქვეყნის დედაქალაქში ყოველწლიური, ტრადიციული ფესტივალი „ნაკი სუმო“ - მტირალების სუმო შედგა, რომელმაც ყველაზე ხმაურიანი პატარა გამოავლინა. მტირალა ბავშვების ჩემპიონატი ტოკიოს ბუდისტურ ტაძარში - სენსო ძიში გაიმართა. ღონისძიებაში, რომელიც საკმაოდ პოპულარულია და უამრავ მაყურებელს იზიდავს, 100-მდე ჩვილი მონაწილეობდა. იაპონიაში სჯერათ, რომ ბავშვის ტირილი ბოროტ სულებს აშინებს და რაც უფრო ხმამაღლა ტირის პატარა, მით უფრი დიდი ძალით დააჯილდოვა ის ღმერთმა და მით ბედნიერი იქნება ცხოვრებაში.

ჩემპიონატის დროს, პატარები ხელში სუმოისტებს უჭირავთ. რინგზე ორი სპორტსმენი გამოდის ბავშვებით ხელში. მსაჯის სიგნალის შემდეგ, ისინი ჩვილებს ჰაერში სწევენ და შეძახილებით, რაც შეიძლება, მათ ხმამაღლა ატირებას ცდილობენ. თუ არაფერი გამოუვათ, საქმეში უკვე მსაჯები ერთვებიან, რომელთაც დემონების ნიღბები უკეთიათ. ვინც პირველი ატირდება, გამარჯვებულიც ის არის. აღსანიშნავია, რომ იაპონელებს პატარები კონკურსზე საკუთარი ნებით მიჰყავთ. მათ სწამთ, რომ ტირილი ბავშვის ჯანმრთელობას აუმჯობესებს და ბოროტ ძალებს განდევნის.