ძმამ მაღალჩინოსანი და დანით მოკლა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

სისხლიანი ოჯახური დრამა

როგორც წესი, უახლოესი დაქალები ერთმანეთს ხშირად ათხოვებენ ხოლმე სამკაულებს, პარფიუმერიას, ტანსაცმელს და ეს ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავია. აი, მამაკაცებს შორის ასეთი რამ იშვიათად ხდება. პრაქტიკულად, გამორიცხულია, კაცმა ძმაკაცს სთხოვოს, პაემანზე მივდივარ და შარვალი მათხოვე, ან ფეხსაცმელი მომეციო. ქალები კი ცვლიან კაბებს, ზედატანს, თავსაფარს, საყურეს, ყელსაბამს, ჩანთებს...

 

კომუნისტების დროს, თანამდებობის პირებს ბევრ რამეს პატიობდნენ და ამ „ბევრში“ კრიმინალიც შედიოდა. მამაკაცებმა იცოდნენ, რომ ვინმე არ უნდა მოეკლათ, არ უნდა გაეუპატიურებინათ (ყოველ შემთხვევაში, ამის გამო, არავის უნდა ეჩივლა, თორემ ძალადობა, განსაკუთრებით სამსახურეობრივი, არცთუ იშვიათი იყო), ნარკოტიკები არ უნდა გაესაღებინათ და ნაარკოდამოკიდებულები არ უნდა ყოფილიყვნენ. დანარჩენი კი... ყვლიფე და ღლიტე ქვეყანა, როგორც შეგიძლია, რანაირადაც შეგიძლია და რაც მთავარია, ამ ნაყვლეფის გაყოფაც უნდა გცოდნოდა. მაღალჩინოსან ქალებზეც, პრაქტიკულად, იგივე წესები ვრცელდებოდა.

მილიციის განყოფილებაში სწორედ ასეთმა გავლენიანმა ქალმა დარეკა და განაცხადა, რომ მისი კარის მეზობელი, არანაკლებ ცნობილი და გავლენიანი მაღალჩინოსანი გარდაცვლილი იპოვა. რა თქმა უნდა, შემთხვევის ადგილზე, ლამის მთელი სამმართველო გავიდა.

„დილით, ჩვეულებისამებრ, სახლიდან გამოვედი, ლიფტთან შევყოვნდი, როცა მეზობლის სახლის კარი გაიღო და იქიდან ეს უბედური გამოვიდა. ორივე ხელი მუცელზე ჰქონდა მიჭერილი, საიდანაც დანის ტარი მოუჩანდა. მე რომ დამინახა, წაიჩურჩულა, მიშველეო და ისევ შინ შევიდა ბარბაცით. მაშინვე შევყევი, ჯერ სასწრაფოში დავრეკე, მერე დახმარება ვცადე, მაგრამ ხელში ჩამაკვდა და თქვენ დაგირეკეთ. ბინაში, მის გარდა, არავინ ყოფილა, არც სადარბაზოში დამინახავს ვინმე“, - განაცხადა ერთადერთმა და მთავარმა მოწმემ თუ თვითმხილველმა.

რაღა თქმა უნდა, მთელი კორპუსი ეზოში შეიკრიბა და ოპერმუშაკებმაც ფარული გამოკითხვა დაიწყეს. მათ აინტერესებდათ, იყო თუ არა ვინმე უცხო, ხომ არ გაუგიათ ბოლო დროს, რამე კონფლიქტის შესახებ, რა ურთიერთობა ჰქონდა მთავარ მოწმეს გარდაცვლილთან? ყველა ერთსა და იმავეს იმეორებდა - გარდაცვლილი და მთავარი მოწმე უახლოესი მეგობრები იყვნენ, ყოველ საღამოს ერთად ან ჩაის მიირთმევდნენ, ან - ყავას, საყიდლებზეც ერთად დადიოდნენ და დასასვენებლადაც. რაც მთავარია, ორივეს მეუღლე გარდაცვლილი ჰყავდა და თუ მოკლული უშვილო იყო, მთავარი მოწმე ორი შვილის დედა გახლდათ და ორივე დიდი იყო, ცალკე ცხოვრობდა. გარდაცვლილის ბინაში ექსპერტები მუშაობდნენ და მთავარი მოწმე ამბობდა, რომ დანის ტარზე აუცილებლად იქნებოდა მისი ანაბეჭდები, რადგან ის ტარს შეეხო, მერე კი ხელები დაიბანა.

„ბინაში ახალი ანაბეჭდები ბევრია და ყველა მათგანი მოწმეს ეკუთვნის. საინტერესოა, რომ მისი ანაბეჭდებია უჯრებში, კარადის სახელურებზე, პრაქტიკულად, ყველგან. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ის გარდაცვლილის ბინაში რაღაცას ეძებდა და შეეხო ყველაფერს, გამოაღო ყველაფერი, რისი გაღებაც კი შეიძლებოდა“, - ეწერა ექსპერტიზის დასკვნაში.

პატივისცემის მიუხედავად, ქალი დაკითხვაზე დაიბარეს და ექსპერტიზის დასკვნა წინ უხმოდ დაუდეს. ქალმა სწრაფად ჩაიკითხა, რაც, სავარაუდოდ, ისედაც იცოდა, ამოიხვნეშა და დაიწყო:

„სხვა გზა არ მაქვს, უნდა ვაღიარო. მოგეხსენებათ, ქალები ხშრად ვაძლევთ ხოლმე ერთმანეთს სხვადასხვა ნივთს, ვათხოვებთ, ვთხოულობთ და ეს ჩვეულებრივი ამბავია. მე და იმ უბედურსაც, პრაქტიკულად, სულ გაცვლა-გამოცვლა გვქონდა, არც კი ვიცოდით, რომელი ჩასაცმელი რომლის იყო, დილით ერთმანეთს გამოვპრანჭავდით ხოლმე და საღამოს იმაზე ვმსჯელობდით, მეორე დღეს რა ჩაგვეცვა. დაახლოებით, ორი თვის წინ, ჩემგან ოქროს ყელსაბამი ინათხოვრა, მითხრა, მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივდივარო. ეს ყელსაბამი ძალიან ძვირფასი იყო, ბრილიანტის თვლები ჰქონდა საკიდზე და მეც იშვიათად ვიკეთებდი. გამორიცხული იყო, სხვისთვის მეთხოვებინა, მაგრამ საუკეთესო მეგობარმა მთხოვა და მივეცი. მერე, სასწრაფო წესით, მივლინებაში წავედი, ერთი კვირის შემდეგ დავბრუნდი და პირველი, რაც მოვიკითხე, ყელსაბამი იყო. საუბარი სხვა რამეზე გადაიტანა, მივლინების ამბები მომაყოლა და მეც მიმავიწყდა, მაგრამ მეორე დღეს ხომ გამახსენდა? როგორც მივხვდი, ყელსაბამი არ ჰქონდა და მითხრა, მეგობარს ვათხოვე, რომელიც საზღვარგარეთაა და რომ დაბრუნდება, მოგცემო. კინაღამ გავგიჟდი, საზღვრებს გარეთ ასეთი ნივთის გატანა, მერე უკან შემოტანა... თანაც მითხრა, ვისაც ათხოვა და მოთმინებით ველოდი. როცა ის ქალი დაბრუნდა, აეროპორტში დავხვდი და ყელსაბამი მოვთხოვე. პირი დააღო, არ ვიცი, რაზე მესაუბრებიო. მაშინვე დაქალს ვეცი და იმან მითხრა, ცოტა მაცადე და დაგიბრუნებ, რაღაცაში დამჭირდაო. ჰოდა, როცა გარდაცვლილი ვნახე, ვიფიქრე, რომ მერე აქ არავინ შემომიშვებდა და ყელსაბამი ყველგან დავძებნე, მაგრამ ვერ ვიპოვე“...

ქალი მართალს რომ ამბობდა, იქიდანაც გამოჩნდა, რომ სამართალდამცავებმა ბინაში ხელწერილიც იპოვეს, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ქალს ოქროს ყელსაბამი თანხის სანაცვლოდ, ერთ ებრაელზე ჰქონდა მიბარებული და როცა დაბრუნებას დააპირებდა, შესაბამისი პროცენტიც უნდა გადაეხადა. რიგითი მოკვდავებისთვის ეს თანხა დიდი იყო, მაგრამ არა იმ გაქანების ქალისთვის, როგორიც გარდაცვლილი იყო. მეტიც, როგორც კი ეს ამბავი მოწმემ გაიგო, თქვა, ჩემით გამოვიტანო, მაგრამ ეს ძიებისთვის შეღავათი არ იყო. ძალოვნებს ახლა ის უნდა გაერკვიათ, რისთვის სჭირდებოდა თანხა ქალს და რაც მთავარია, მის სახლში ვერ ნახეს დანაზოგი, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონოდა. გამოდიოდა, რომ ქალს რაღაცისთვის, ან ვიღაცისთვის დიდი თანხა დასჭირდა, იმდენად დიდი, რომ მეგობრის დაუკითხავად, მისივე ყელსაბამი დააგირავა.

„გადაჭრით, მტკიცებით ფორმაში შემიძლია გითხრათ, რომ მას საყვარელი არ ჰყავდა. გამორიცხულია, არ ეთქვა, გამორიცხულია, არ შემემჩნია. არ არსებობდა საღამო, რომ ერთად არ ვყოფილიყავით და არ არსებობდა დილა, ერთმანეთს არ შევხმიანებოდით. გამოდის, რომ თუ მას საყვარელი ჰყავდა, ღამის 2-3 საათზე უნდა მოსულიყო და დილის 5-6 საათზე წასულიყო, თანაც ისე, ერთ მეზობელსაც ვერ დაენახა“, - განაცხადა დაქალმა და დანარჩენმა მეზობლებმაც დაადასტურეს, რომ ქალთან უცხო მამაკაცი არასდროს უნახავთ და ერთადერთი საპირისპირო სქესის წარმომადგენელი, რომელიც მასთან დადიოდა, ძმა გახლდათ. ჰო, ძმასაც საკმარისზე კარგი თანამდებობა ჰქონდა, თუმცა ცოლ-შვილი არ ჰყავდა და ამიტომ, დას ხშირად აკითხავდა. იმასაც ამბობდნენ, სამსახური დას, სწორედ ძმამ უშოვაო. რა თქმა უნდა, გამოძიებამ გარდაცვლილის ძმაც დაჰკითხა.

„არც კი ვიცი, რა შეიძლება გითხრათ. თითქოს მისი ყოველი ნაბიჯი ვიცოდი, არასდროს დაუწუწუნია, რომ ან ფული სჭირდებოდა, ან სხვა პრობლემა ჰქონდა. ფინანსურად არ მიჭირს და თუნდაც იმ ოქროს ყელსაბამის გამოსატან თანხას მარტივად მივცემდი. ეს ჩემთვის ნამდვილი შოკია“, - ამბობდა ძმა.

გამოძიებამ აღარ იცოდა, რა ექნა. მოტივი იმისა, რომ ქალი მოეკლა, პრაქტიკულად, არავის ჰქონდა, ან ჰქონდა ისეთ ადამიანს, რომელსაც არავინ იცნობდა. ისევ აგენტურულ ქსელსა და მეზობლებს უნდა ევაჟკაცათ, ან ვიღაცას სადღაც, რამესთვის ყური მოეკრა, ან რომელიმე მეზობელს უნდა გაეხსენებინა ვინმე უცხო, ვინც იმ დღეს სადარბაზოში შევიდა. მხოლოდ ერთმა მეზობელმა თქვა, უცხოსი რა გითხრათ, ერთი კაცი კი შევიდა ზუსტად იმ დროს სადარბაზოში, მაგრამ ყურადრება არ მიმიქცევია, რადგან იმ ქალის ძმას მივამსგავსეო. ძმაზე ეჭვის მიტანა რთული იყო, მაგრამ...

თუ ვინმეს ჰქონდა ფულის პრობლემა, ეს გარდაცვლილის ძმა იყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ის აქტიურად თამაშობდა ბანქოს და დიდ თანხებს აგებდა. ბოლოს, ძალიან სერიოზულ ხალხთან წააგო და თანხა გაუსტუმრა, მაგრამ ყველა ამბობდა, რომ წესით, მას ფული არ უნდა ჰქონოდა და მოგებული მხარე ფიქრობდა, რომ თანხას იმ ბინით ამოიღებდა, სადაც და ცხოვრობდა.

სამართალდამცავები ამ ამბავს ბოლომდე გაჰყვნენ და ისიც გაარკვიეს, რომ ძმას იმ კონკრეტული დროისთვის ალიბი არ ჰქონდა. კი ამბობდა, სამსახურში ვიყავიო და მოწმედ მდივანი ქალი მოჰყავდა, მაგრამ როცა ძალოვნებმა მდივანს გვარიანად შეუტიეს, მან თქვა, რომ ალიბის განაღდება მამაკაცმა სთხოვა.

„ჰო, მე შემომაკვდა. მართლა არ მომიკლავს, შემომაკვდა. რამდენჯერმე ვთხოვე დიდი თანხა, ის ყელსაბამიც ჩემს გამო დააგირავა, მშობლების საფლავი დავიფიცე, რომ აღარ ვითამაშებდი და... მაინც ვითამაშე, ისევ ფულზე რომ მივედი, მითხრა, ჩემი ძმა არ ხარო. თვალთ დამიბნელდა, ის ხომ მე შევქმენი, მე მივეცი ყველაფერი და დანა ინსტიქტურად დავარტყი“, - განაცხადა ბრალდებულმა.

სასამართლომ, დის მკვლელობაში ბრალდებულ ძმას მხოლოდ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე