როგორ მოკლა ქალმა ქმრის საყვარელი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 სოფლელი გოგოს ტრაგიკული ამბავი

 

ჩემს ბავშვობაში მოხდა ასეთი რამ - ძმებმა ცოლად დები მოიყვანეს და ქორწილიც ერთ დღეს გადაიხადეს. საქართველოში ასეთ რამეს დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ადრე, ლამის 5-7 თაობას მიჰყვებოდნენ, წინაპრებში საცოლის ან საქმროს მოგვარე რომ არ გამორეულიყო. ჰო, მოგვარე და არა - ნათესავი და ხშირად ყოფილა, რომ ვიღაცის დიდი ბებიის ბებია საცოლის მოგვარე ყოფილა და გარიგება ჩაშლილა. ახლა, ამას დიდ ყურადღებას აღარ აქცევენ ანუ ასე შორს აღარ მიდიან. ისე კი, თუ გოგოს ბიჭი მოსწონდა, თუ ურთიერთობა სერიოზული იყო, გამორიცხული (ან თითქმის გამორიცხული) გახლდათ, რომ სხვას, სანათესაოდან, მისთვის თვალი დაედგა.

 

მილიციის განყოფილებაში ახალგაზრდა კაცი მივიდა და განაცხადა, რომ მისი საცოლე გარდაიცვალა, გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა, მაგრამ ის დარწმუნებული იყო, რომ საცოლე თავს არ მოიკლავდა.

„ჩვენ სოფელში ვცხოვრობდით, ბავშვობიდან გვიყვარს ერთმანეთი. მშობლები დაეხოცა, სულ მარტო დარჩა და ცოლად მოყვანას ვაპირებდი, დავნიშნე კიდეც. რაიონში წავიდა, იქ მისი ბიძაშვილი ცხოვრობს, თმის გაკრეჭვა უნდა ესწავლა, მერე სოფელში პატარა ოთახი აეღო და თავისი საქმე ჰქონოდა. სამ თვეში ვისწავლიო, ასე თქვა და მეც სამუშაოდ სხვა ქალაქში წავედი. ორი კვირის წინ გარდაცვლილა, არავინ მითხრა, იმ ბიძაშვილმა დასამარხად მოაყენა სოფელს, ასე თქვა, თავი მოიკლაო, იმ დღესვე დაამარხინა და უკან გაბრუნდა. არ მჯერა, რომ თავს მოიკლავდა, არა“, - ამბობდა ახალგაზრდა კაცი.

სამართალდამცავები ყურადღებით უსმენდნენ, მაგრამ რეალურად, არაფრის გაკეთებას აპირებდნენ. ყველა ვერსიით, გოგონამ თავი მოიკლა, ექსპერტმა დასკვნაში დაწერა, რომ მან საძილე საშუალების დიდი დოზა მიიღო, შემდეგ აბაზანაში ჩაწვა, ვენებიც გადაიჭრა და ასე გარდაიცვალა. ოთახში არ იყო არც ძალადობის კვალი, არც უცხო ადამიანის ყოფნის რამე ფაქტი. გარდაცვლილი ბიძაშვილმა ნახა, სასწრაფოში დარეკა, მაგრამ გოგონა ვერ გადაარჩინეს.

„რაა? ვენები გადაიჭრა? ჰკითხეთ ნებისმიერს სოფელში, თითი რომ გაჭროდა, სისხლის დანახვაზე გული მისდიოდა და ახლა, თქვენ მეუბნებით, რომ თავისი ხელით ვენები გადაიჭრა? სისულელეა, სიგიჟეა... თან დანით... ამას არასოდეს იზამდა“, - ახალგაზრდა კაცი ბოლო ხმაზე ყვიროდა, მაგრამ მას წინ ექსპერტიზის დასკვნა დაუდეს და... აი, რაც მერე დაიწყო, სრულიად მოულოდნელი გახლდათ.

„თქვენ ვინ ყოფილხართ, თქვე არაადამიანებო. უწესიერეს გოგოზე რეები გიწერიათ? ორსულად იყოო, რომ ამბობთ, ნორმალურები ხართ? საკოცნელადაც კი არასდროს მიმიშვა ახლოს და თურმე, ბავშვობის, წლების სიყვარული დაივიწყა, ორ თვეში ვიღაც გაიცნო, შეუყვარდა კიდეც, მასთან იყო კიდეც, დაორსულდა კიდეც და თავიც მოიკლა. ხვდებით, რამხელა აბსურდია? ასე არ ხდება, ეს შეუძლებელია“, - ახალგაზრდა კაცის დაწყნარებას მთელი განყოფილება ვერ ახერხებდა.

რეალურად, მისი სიტყვები სიმართლესთან ახლოს იყო, მაგრამ ყველა საგამოძიებო მოქმედება უვე ჩატარებული გახლდათ და ეჭვი არ არსებობდა, რომ ეს თვითმკვლელობა იყო და არა - მკვლელობა. რადგან საქმე დახურული არ გახლდათ, ძალოვნებმა პირობა დადეს, რომ არ მიაფუჩეჩებდნენ და ბოლომდე გაჰყვებოდნენ. ამიტომ, პირველ რიგში, ისევ გარდაცვლილის ბიძაშვილი დაჰკითხეს.

„ახალს ვერაფერს გეტყვით. ჩამოვიდა, სწავლა დაიწყო, გინდა თუ არა, ისეთი პარიკმახერი უნდა გამოვიდე, ჩემთან ქალაქიდანაც იარონო. არ შემიმჩნევია, ვინმე ჰყოლოდა, ან სად უნდა შეხვედროდა, მე საღამოს მუდმივად სახლში ვიყავი, ის დღისით - მუდმივად კურსებზე. მისმა ორსულობამ ზუსტად ისე დამაბნია, როგორც მისი საქმრო დაიბნა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ იმ დღესვე დამემარხა, როცა სოფელში ჩავასვენე, მეზობლებს რომ ბევრი არ ეჭორავათ და კთხვები არ დაესვათ“, - განაცხადა ქალმა.

მისი სიტყვები რეალობასთან ძალიან ახლოს იყო და გამომძიებელმა ამჯერად იმ გოგონების დაკითხვა გადაწყვიტა, რომლებიც მასთან ერთად სწავლობდნენ სტილისტობას. გოგონებმაც მხრები აიჩეჩეს, ვერასდროს დავიჯერებდით, რომ მას თავის მოკვლა შეეძლო, ცხოვრება უხაროდა, ძალიან ბედნიერი იყოო. მეგობარ მამაკაცზე არც მათ იცოდნენ რამე, თუმცა...

„ერთხელ, დილით ავად გავხდი, გაკვეთილი გავაცდინე, მაგრამ მერე სიცხემ გამიარა, გარეთ გამოვედი, გულმა მაინც აქეთკენ გამომიწია და დავინახე, როგორ ჩაუჯდა გარდაცვლილი ვიღაც მამაკაცს მანქანაში, როგორ ჩაეხუტა და როგორ წავიდნენ ერთად. არც მანამდე და არც მას შემდეგ, ისინი ერთად არ მინახავს. მანქანა „ვოლგა“ იყო, მამაკაცი კარგად ვერ გავარჩიე, მაგრამ მომეჩვენა, ასე, 40 წლამდე იქნებოდა“, - სამართალდამცავებს ეს სიტყვები ერთ-ერთმა გოგონამ უთხრა.

გამოდიოდა, რომ გარდაცვლილს მეგობარი მამაკაცი ჰყავდა, მაგრამ მხოლოდ „ვოლგით“ მისი ძებნა სისულელე იყო, ამიტომ მამაკაცთან დაკავშირებით, კითხვა მეზობლებს დაუსვეს და უცნაური პასუხი მიიღეს - გარდაცვლილს არა, მაგრამ მის ბიძაშვილს „ვოლგით“ მამაკაცი კი აკითხავდაო. არადა, ბიძაშვილს მამაკაცზე არაფერი უთქვამს და ის დაკითხვაზე ისევ დაიბარეს.

„ჩემი პირადი ცხოვრება თქვენი საქმე არ არის. მე რა, არ მაქვს უფლება, ვინმეს ვხვდებოდე? გასათხოვარი ვარ, ცხოვრება წინ მაქვს... არ ვაპირებ, ანგარიში ჩაგაბაროთ“, - თავიდან მკვახედ კი დაიწყო ქალმა საუბარი, მაგრამ, მას შემდეგ, რაც აუხსნეს, რომ საქმის მიმდინარეობა შესაძლოა შეცვლილიყო და თვითმკვლელობა მკვლელობად გადაკვალიფიცირებულიყო, ის იძულებული გახდა, სიმართლე ეთქვა.

„ჰო, იყო ჩემს ცხოვრებაში მამაკაცი... ცოლად უნდა გავყოლოდი, ყველაფერი სერიოზულად გვქონდა, მაგრამ მერე ეს სოფლელი გაიცნო, გადაირია, მოვიხიბლე მისი უბრალოებით და პატიოსნებით, ერთი-ორჯერ მანქანით გაასეირნა და მეტი რა უნდა, სოფლელ გოგოს? დაინახა სერიოზული კაცი, მანქანა, ფული და გადაეკეტა გონება. მეც კი გამომიცხადა, არ გეწყინოს, მაგრამ ცოლად შენს საქმროს უნდა გავყვეო. როცა გავიგე, რომ ორსულად დარჩა და იმან მიაგდო, საერთოდ გავცოფდი. ვცდილობდი, მას შევხვედროდი, ყველაფერი ამეხსნა, მეიძულებინა, რომ ბიძაშვილი ცოლად მოეყვანა, მაგრამ არ მხვდებოდა, თავს მარიდებდა. ამიტომ, სამსახურთან დავუდარაჯდი და იქ ჩავუხტი მანქანაში. იცით, რატომ მჯერა, რომ ის მკვლელი არ არის? იმიტომ, რომ როცა ეს უბედური შემთხვევა მოხდა, მე მის „ვოლგაში“ მქონდა ისტერიკები. ამიტომ მჯერა, რომ ამ შტერმა გოგომ თავი მოიკლა“, - განაცხადა ბიძაშვილმა და რაღა თქმა უნდა, სამართალდამცავებს იმ კაცის სახელი და გვარიც უთხრა.

„მე არავის არაფერს შევპირებივარ, ან რას უნდა შევპირებოდი, ცოლი მყავს, შვილები... გართობის უფლება ხომ მაქვს? მე ვუთხარი, ცოლად მოგიყვან-თქო? არ მთქვამს, არც იმის ბიძაშვილისთვის მითქვამს. დავინახე გოგო, მომეწონა, მანქანით გავისეირნეთ, ცოტა შამპანური დავლიეთ და ყველაფერი ნებით მოხდა. როცა მითხრა, ორსულად ვარო, 300 მანეთი მივეცი, აბორტი რომ გაეკეთებინა, უარი მითხრა და შევეშვი, რაც გინდა, ის გააკეთე, ჩემი სახელი არსად ახსენო-მეთქი. მაინც ვერ მოითმინა, სახლში დარეკა, ჩემს ცოლს ყველაფერს მოუყვა. საბედნიეროდ, მეუღლე გაგებით მოეკიდა ამ ამბავს, მერე მთხრა, თუ იმას ბავშვი არ ენდომება, ჩვენ წამოვიყვანოთ, ჩვენ გავზარდოთო“, - თავი იმართლა კაცმა, რომელსაც მართლაც მყარი ალიბი ჰქონდა.

დაკითხვაზე მეუღლემაც აღიარა, რომ გოგონამ დაურეკა, სთხოვა, ეგებ, ქმარი დამითმოო, რაზეც ქალმა უარი განცხადა. დახმარებას დაჰპირდა, თუმცა არ დასცალდა, რადგან მანამდე, გოგომ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ქალი ძალიან მშვიდად საუბრობდა, გამომძიებელი კი, მხოლოდ მის მაჯას დასცქეროდა და სხვას ვეღარაფერს ამჩნევდა. ქალს შავი პერანგი ეცვა, რომელსაც ძალიან უცნაური, სამკუთხედი ღილები ჰქონდა და... სწორედ ასეთი ღილი ეგდო აბაზანაში, თუმცა მაშინ მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, უბრალოდ, საქმეში ჩადეს. სწორედ ამ ღილის საფუძველზე, ქალს ბრალი წაუყენეს და რაც მთავარია, მას მკვლელობის მომენტისთვის, ალიბი არ ჰქონდა.

„არ ვარ იმ ასაკში, ცხოვრება ახლიდან დავიწყო, თორემ ამ იდიოტს მივატოვებდი. ვხვდებოდი, რომ შანსი იმისა, იმ სოფლელთან გაქცეულიყო, დიდი გახლდათ და ამიტომ, გოგოს მშვიდად ვესაუბრე, შეხვედრაზე შევითანხმე და შინ მივადექი. ჩაით გამიმასპინძლდა, დასაძინებელი ჩავუყარე და როცა გათიშვა დაიწყო, ვუთხარი, ორსულობის ბრალია, წამოდი აბაზანაში, ცივი წყალი შეისხი-მეთქი. აბაზანაში სრულად გაითიშა და გავაკეთე ის, რაც გავაკეთე. რა თქმა უნდა, ჩადენილს არ ვნანობ, მე ჩემი ბედნიერებისთვის ვიბრძოდი“, - განაცხადა ქალმა, რომელსაც „ბედნიერებისთვის ბრძოლა“ 10 წლით თავისუფლების აღკვეთად დაუჯდა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე