ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვებში და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები - ეს ანგარიში საქართველოს გენერალურ პროკურატურაშია!

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა

„ვერსია“ აგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმ ანგარიშების შეხსნებას, რომლებიც უწყებამ გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნა. ამჯერად, გთავაზობთ ანგარიშს, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა უწყებების შესყიდვებს ეხება. დასკვნა, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა, რადგან აუდიტის პროცესშივე გაირკვა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ, მთელი რიგი შესყიდვების შესახებ დოკუმენტაცია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში იყო გადაგზავნილი. შესაბამისად, ეს კონკრეტული შესყიდვები აუდიტორებმა ვეღარ შეამოწმეს. აუდიტის დასკვნა ეხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ, 2020-2021 წლებში განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებს.

 

ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვებში

დავიწყოთ სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვაში აღმოჩენილი დარღვევებით. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს უნდა ახორციელებდეს წინასწარ განსაზღვრული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად. შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს უნდა იყოს გათვალისწინებული კანონის მოთხოვნები (შესაფერისი ინფორმაციის შეგროვება, სათანადო შესწავლა და ანალიზი), რათა სახელმწიფო შესყიდვები უზრუნველჰყოს რაციონალურად და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით.

„რვა შემსყიდველ ორგანიზაციაში შესყიდვის საჭიროებები არ განსაზღვრულა რაციონალური გათვლებისა და ანალიზის საფუძველზე. საჭირო შესყიდვების სწორად და რაციონალურად დასაგეგმად არ იყო ჩამოყალიბებული მართლზომიერი პრაქტიკა. აღნიშნულ პირობებში, აუდიტის ობიექტებზე სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმებს სხვადასხვა დროს, 2020-2021 წლებში, შესაბამისად, 309 და 354 ახალი პოზიცია დაემატა შესყიდვის ახალი ობიექტის სახით, რაც თანხობრივად 874 040 ლარს და 1 118 100 ლარს შეადგენდა, თუმცა შესყიდვის გეგმის თავდაპირველ ვერსიაში არ იყო გათვალისწინებული“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტორების დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ აუდიტის ობიექტებზე შესყიდვების სამსახურების მიერ სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენის საკითხისადმი არაჯეროვანი დამოკიდებულების გამო, იქმნებოდა სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების არაეფექტიანად ხარჯვის რისკები. გარდა ამისა, აუდიტის ობიექტებში შესყიდვების გეგმებთან მიმართებით, ჯამში 90 030 ლარით გადაჭარბებული საკასო შესრულება დაფიქსირდა, რაც გამოწვეული იყო შესყიდვების გეგმის მართვის პროცესში არსებული არასრულყოფილი კონტროლის მექანიზმებით და სახაზინო გადარიცხვების დროს დაშვებული შეცდომებით.

 

დარღვევები ბაზრის კვლევაში

კანონის მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაცია მოქმედი კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით, ვალდებული იყო ჩაეტარებინა ბაზრის კვლევა, რომლის შედეგებსაც გაითვალისწინებდა შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შედგენისას.

„ორ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის დროს, ბაზრის კვლევა არ ჩატარებულა, ან ჩატარებული კვლევა ფორმალურ ხასიათს ატარებდა. აღნიშნული გარემოება არ ემსახურებოდა პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნებს. ბაზრის არასათანადო კვლევის შედეგად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება არასწორად იყო განსაზღვრული. პროცესი არ იყო ფორმალიზებული და ვერ დგინდებოდა, რომელი მეთოდით ხდებოდა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა. 2021 წლის 6 დეკემბერს, იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის სხვადასხვა სახის 11 642 ლარის სამშენებლო მასალების შესასყიდად. დადგინდა, რომ სავარაუდო ღირებულება დასაბუთების გარეშე განისაზღვრა ბაზრის კვლევის ეტაპზე მოწოდებულ მინიმალურ ფასებზე 1 400 ლარით მეტი ღირებულებით. აღნიშნულით არ იქნა დაცული ეკონომიურობის პრინციპი“.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, 2021 წლის 12 თებერვალს, გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ბალანსზე რიცხული 9 ერთეული ავტომანქანის შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 983 388 ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ხუთმა პრეტენდენტმა, მათ შორის, მინიმალური შეთავაზების ღირებულება 269 094 ლარი იყო, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე 714 294 ლარით ანუ 72%-ით ნაკლები გახლდათ.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ობიექტებზე შესყიდვების სამსახურის მიერ საქმისადმი არაჯეროვანი დამოკიდებულებისა და კანონმდებლობის მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის პირობებში, სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების არაეფექტიანად ხარჯვის რისკები იქმნებოდა.

 

ხარვეზები და ინტერესთა კონფლიქტი ტენდერებში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ 2020 წლის 7 თებერვალს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ავტომანქანის შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე. სატენდერო პირობებში წარმოდგენილი მოთხოვნის მიხედვით, პრეტენდენტს, მინიმუმ, ერთი სერვის-ცენტრი მაინც უნდა ჰქონოდა 5 კმ-ის რადიუსში.

„ამ შეზღუდვის გამო, ტენდერში მონაწილეობა არავის არ მიუღია, შესაბამისად, ტენდერი არ შედგა. მოგვიანებით, როდესაც ტენდერის ხელმეორედ გამოცხადებისას, რადიუსად 7 კილომეტრი განისაზღვრა, ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა. 2021 წელს გამოცხადდა ტენდერი იმავე მომსახურებაზე, სადაც მდებარეობის დაშორების შეზღუდვა არ იყო მითითებული. შედეგად, ტენდერში ხუთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და შესყიდვა განხორციელდა კონკურენტულ პირობებში. შესაბამისად, სატენდერო პირობების არარაციონალურად ჩამოყალიბებამ გამოიწვია ის, რომ ერთ შემთხვევაში, ტენდერი არ შედგა, ხოლო მეორე შემთხვევაში, ტენდერი ჩატარდა არაკონკურენტულ გარემოში“.

გარდა ამისა, უმაღლესმა საბჭომ 2020 წლის 20 აგვისტოს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ავტომანქანის ძრავის შეკეთებაზე. ამ ტენდერშიც მითითებული იყო მოთხოვნა, შემსყიდველის 7 კმ-ის რადიუსში განლაგებაზე. მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრედენდენტმა, შესაბამისად, ტენდერი ჩატარდა უკონკურენტო გარემოში.

2021 წლის 12 აგვისტოს, განათლების სამინისტრომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი მობილური აპლიკაციის - „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის“ შესყიდვაზე. ტენდერი შეწყდა სატენდერო დოკუმენტაციის არასწორად შედგენის გამო. კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციის შედგენისას დაშვებულ იქნა ტექნიკური ხარვეზი და ვერ განხორციელდა სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისი პუნქტის სწორი ფორმულირება.

„2020 წლის 26 ნოემბერს, სსიპ „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტომ“ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ბეჭდვით მომსახურებაზე, რომელიც სატენდერო პირობების არასწორად წარმოდგენის შედეგად, კომისიის გადაწყვეტილებით შეწყდა. კონკრეტულად, სატენდერო კომისიის წევრმა სატენდერო კომისიას მიაწოდა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო მოთხოვნა გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში დაშვებული ტექნიკური შეცდომის შესახებ. კერძოდ, წინადადების მიღება 2021 წლის 4 იანვარს არ შეესაბამებოდა რეალობას, შესაბამისად, „ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების“ სახელმწიფო შესყიდვა ვერ განხორციელდებოდა აღნიშნული თარიღის პირობებში“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ განათლების სამინისტროს მიერ 2020-2021 წლებში განხორციელებულ გამარტივებულ შესყიდვებში შერჩეული 30 შემთხვევიდან, 26 შემთხვევაში, ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ ხელწერილებზე წარდგენილი იყო მხოლოდ განათლების სამინისტროს შტამპი (ხელმოწერა), ხოლო უშუალოდ შესყიდვის პროცესში მონაწილე პირების ხელმოწერები არ ფიქსირდებოდა. 

„კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ მიერ 2020-2021 წლებში განხორციელებულ გამარტივებულ შესყიდვებში შერჩეულ 32 შემთხვევაში, ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ ხელწერილებზე წარდგენილი იყო სააგენტოს დირექტორის ხელმოწერა, ხოლო შესყიდვების კოორდინატორის ხელმოწერა არ ფიქსირდებოდა.

დევნილთა სამინისტროს მიერ, 2020-2021 წლებში განხორციელებულ გამარტივებულ შესყიდვებში შერჩეული 60 შემთხვევიდან, 36 შემთხვევაში, ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ ხელწერილებზე წარდგენილი იყო მხოლოდ სამინისტროს შტამპი (ხელმოწერა), ხოლო შესყიდვების მიმართულებით დასაქმებული პასუხისმგებელი პირების ხელმოწერა არ ფიქსირდებოდა.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ სატენდერო პირობების განსაზღვრაში დაშვებული შეუსაბამობების გამო, ვერ იქნა უზრუნველყოფილი სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა. მოქმედი კანონის მოთხოვნების გაუთვალისწინებლობითა და არასათანადო კონტროლის მექანიზმების არსებობის გამო, შეიქმნა ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნის რისკები.

 

ხარვეზები შესრულებული სამუშაოს ხარისხში

სახელმწიფო აუდიტის მიხედვით ირკვევა, რომ შესაბამისი ხელშეკრულებებით შესრულებულ სამუშაოებზე მოქმედებს საგარანტიო ვადები, თუმცა შემსყიდველ ორგანიზაციებს გონივრულ ვადებში არ აღმოუჩენიათ ხარვეზები და არ გაუტარებიათ სათანადო ღონისძიებები მათი აღმოფხვრის მიზნით. 11 შემთხვევაში გამოვლინდა სხავადასხვა სახის დარღვევა, რაც უკავშირდებოდა სამუშაოების უხარისხოდ და არასრულად შესრულებას. ამ ობიექტებზე, 4 100 ლარამდე სამუშაოების შესრულება არ დადასტურდა.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, სსიპ „დევნილთა მომსახურების სააგენტომ“ მხოლოდ სამუშაოების დასრულების შემდგომ მიმართა სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ ფაქტობრივად განხორციელებული გამარტივებული შესყიდვის შესათანხმებლად. აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციაში დაფიქსირდა არსებითი სახის ხარვეზები და დამატებითი შეთანხმებით სახელშეკრულებო ღირებულება, შესაბამისი დანართის გარეშე, გაიზარდა 19 000 ლარით, 217 000 ლარამდე.

„სადეზინფექციო მომსახურების ჩატარების მიმდინარეობისას, ობიექტების სადეზინფექციო სამუშაოების პარალელურად ახორციელებდნენ ფართების აზომვებს, თუმცა აზომვების დამადასტურებელი აქტები წარდგენილი არ ყოფილა. სამუშაოების ჩატარება არ დადასტურებულა აქტით - შესრულებულ სამუშაოებზე ფორმის მიხედვით, რაც მიანიშნებს, რომ არ შესრულდა სატენდერო დოკუმენტაციის პირობები. სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, არასრულყოფილად შედგენილი აქტების, მითითებული ვადების გათვალისწინებით და ჩატარებული სამუშაოების საეჭვო მოცულობებიდან გამომდინარე, ფიქსირდება 107 750 ლარის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკები“.

 

პროკურატურაში გადაგზავნილი მასალები

ახლა, ვნახოთ, კონკრეტულად რა მასალებია გადაგზავნილი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და კონკრეტულად რას იძიებს პროკურატურა.

2021 წელს, სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოში“ განხორციელდა სულ 139 სახელმწიფო შესყიდვა და გაიხარჯა 469 702 ლარი. კერძოდ, ათი კონსოლიდირებული შესყიდვა - 20 137 ლარის საკასო ხარჯით; სამი ელექტრონული ტენდერი - 178 281 ლარის საკასო ხარჯით; 126 გამარტივებული შესყიდვა (ერთ პირთან მოლაპარაკება) - 271 283 ლარის საკასო ხარჯით.

„აღნიშნული სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულყოფილად შეუსრულებლობის პირობებში (2 ელექტრონული ტენდერი და 39 გამარტივებული შესყიდვა) მიმწოდებლებზე გადარიცხულმა თანხამ, ჯამში, 314 971 ლარი შეადგინა, რაც სულ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებით გახარჯული თანხის 67.1%-ია. ამ თანხიდან ფიქსირდება: მატერიალური ფასეულობების დანაკლისი - 156 257 ლარი; შეუსრულებელი მომსახურება და სამუშაოები - 25 798 ლარი; დასაზუსტებელი სამშენებლო სამუშაოების მოცულობა (მიმდინარეობს საქართველოს პროკურატურის მიერ დანიშნული ექსპერტიზა) - 132 916 ლარი“.

ზემოთ ჩამოთვლილ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ფინანსთა სამინისტროს მიერ (7 წერილით), უკვე გადაგზავნილია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო ორ შემთხვევაში - გამოტანილია საქართველოს გენერალური პროკურატურის დადგენილება, სააგენტოს დაზარალებულად ცნობის შესახებ. აუდიტის პროცესში არ იყო შესაძლებელი საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება 2021 წელს პროგრამების სააგენტოში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების გამოსატანად.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის ჯგუფი ვერ გამოთქვამს მოსაზრებას 2021 წელს პროგრამების სააგენტოში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე.

 

მაკა რუხაძე