"ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია - ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას" - პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩვენ უპრეცედენტო ნდობა გამოგვიცხადა ქართველმა ხალხმა და ეს უპრეცედენტო ნდობა გვაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასაც ქართველი ხალხის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაახლოებით ერთ თვეში საქართველოს მთავრობა პარლამენტის წინაშე წარადგენს განახლებულ 4-წლიან სამთავრობო პროგრამას და ეს პროგრამა დაეფუძნება საარჩევნო პროგრამას.

 

„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ამოცანები, ჩვენ წარვადგინეთ ძალიან დეტალური პროგრამა, რაც გადაითარგმნება სამთავრობო პროგრამაში. დაახლოებით ერთ თვეში ჩვენ მოგვიწევს, წარვდგეთ საქართველოს პარლამენტის წინაშე განახლებული 4-წლიანი სამთავრობო პროგრამით და ეს პროგრამა ეფუძნება საარჩევნო პროგრამას, რომელიც წარადგინა მმართველმა გუნდმა. ამ პროგრამას აქვს ერთი საერთო მიზანი. ჩვენ 4 წლის თავზე განვითარების სრულიად სხვა დონეზე უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, რისთვისაც ყველანაირი საფუძველი არის შექმნილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პრემიერის თქმით, მთავრობის ამბიციური ამოცანაა, რომ 2028 წლისთვის ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი შესრულდეს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდება.

 

"გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და მთავარი პრიორიტეტი, ბუნებრივია არის ევროინტეგრაცია. ჩვენ ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას, რაც ვფიქრობთ, ინტენსიურ რეჟიმში მომავალი წლის დასაწყისიდან წარიმართება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ვალდებულებები, რაც გვეკისრება ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ 2028 წლისთვის ორივე მიმართულებით ამ ვალდებულებების 90%-ზე მეტი შევასრულოთ, რაც საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო მიაღწევს 2030 წლისთვის იმ საბოლოო მიზანს, რომელიც გვაქვს დასახული და ეს არის ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია. ამისთვის, მათ შორის არის საჭირო ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით, მათ შორის, განსაკუთრებით ეკონომიკის ზრდა. ყველას ესმის, რომ თუ ეკონომიკური მაჩვენებლები არ იქნება სათანადო, ქვეყანას ევროკავშირში არავინ მიიღებს. ამიტომ, ყველა მიმართულებით განვითარებას აქვს მნიშვნელობა, იმისათვის, რომ ჩვენ 2030 წლისთვის მივაღწიოთ ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას და ამისათვის ყველაფერი გაკეთდება“, - განაცხადა პრემიერმა.