რჩეული სტატიები
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი მუმლაძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გიორგი მუმლაძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურია.
ამასთან, გიორგი მუმლაძის ადვოკატები აღნიშნავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს სამართალდარღვევის დასადასტურებლად სასამართლოში საკმარისი მტკიცებულებები არ ჰქონდათ წარმოდგენილი.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი მუმლაძეს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავებოდა. პოლიციამ გიორგი მუმლაძე 7-8 მარტს გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავა.
საქალაქო სასამართლომ მალხაზ პაქსაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სხდომა დახურულია. პროკურორ მაია სილაგაძის განცხადებით, სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ არსებობდა აღმკვეთი ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების საფუძველი.
„ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და ასევე გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე“, - განაცხადა სილაგაძემ.
პაქსაშვილი პანკისში დააკავეს. მას ბრალად ედება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება.
სუს-მა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური მალხაზ პაქსაშვილი დააკავა
ამავე თემაზე http://versia.ge/index.php/criminal/6590-2023-04-22-09-42-09
21 თებერვალს, ირანის სასამართლო სისტემის ახალი ამბების სააგენტო „მიზანმა“ გამოაქვეყნა ცნობა, რომ ირანის სასამართლომ ირანული წარმოშობის გერმანიის მოქალაქე ჯამშიდ შარმაჰდს, „დედამიწაზე გახრწნილების“ გავრცელების ბრალდებით სიკვდილი მიუსაჯა.
შარმაჰდს, რომელსაც აშშ-ში მუდმივი ცხოვრების უფლებაც აქვს, ირანმა ბრალი პრო-მონარქისტული ჯგუფის ხელმძღვანელობაში დასდო.
თეირანს მიაჩნია, რომ ეს ჯგუფი 2008 წლის სისხლიანი აფეთქების უკან იდგა და ქვეყანაში სხვა ტერაქტებსაც გეგმავდა. განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია.
შარმაჰდის დაპატიმრების შესახებ 2020 წელს, დაზვერვის სამინისტროს განცხადებით გახდა ცნობილი. ის აღწერეს, როგორც „ტერორისტული ჯგუფის“ მეთაური, რომელიც ირანში “შეიარაღებულ და ტერორისტულ აქტებს ამერიკიდან მართავდა”.
წყარო: ამერიკის ხმა
ისტორიას თუ დავუჯერებთ, პირველი გარიგებული საფეხბურთო მატჩი 1932 წელს გაიმართა. მას შემდეგ, ლამის საუკუნე გავიდა და მოგვარების ნაცვლად, პრობლემა სულ უფრო ღრმავდება, თანაც რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, კონკრეტულად სპორტის სამყაროში, ტექნოლოგიურმა განვითარებამ, ლამის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და ყველაფერი ეს, გარიგებული მატჩების შესაძლებლობას ბევრად ზრდის, მისი გამოაშკარავების შანსს კი ამცირებს. მარტივ მაგალითს გეტყვით - აბსოლუტურად ყველა საბუკმეიკერო კანტორას აქვს მატჩებზე ფსონი - პირველი აუტი, პირველი ჯარიმა... ჰოდა, საკმარისია, ერთ ფეხბურთელს გაურიგდე, მაგალითად, პირველ აუტზე, რომ მატჩის დაწყებისთანავე გააკეთებს შორეულ პასს, თითქოს, ძალა ვერ გათვალა და ბურთი აუტზე გადააგდო, ან ბურთიან მეტოქეს ხელი უბიძგოს და დამთავრდა - ფსონი მოგებულია. გრძელი პასებიც ბევრჯერ გაუცუდებიათ ფეხბურთის გურუებს და არც ჯარიმაა უცხო ვარსკვლავებისა, თუ რიგითი მოთამაშეებისთვის. უფრო მარტივი, დაინიშნება თუ არა შეხვედრაში პენალტი, ამ კოეფიციენტზე კუში 3.00-დან იწყება. საკმარისია, ერთ მცველს გაურიგდე, რომ ის საკუთარ საჯარიმოში, მეტოქეს საპენალტედ მოჩეხავს...
ბევრად საინტერესოა თამაში ე.წ. ცოცხალზე ანუ მიმდინარეობს მატჩი, დაინიშნა პენალტი და ონლაინ-ტოტალიზატორი პენალტის შესრულებამდე იღებს ფსონებს - გაიტანს თუ არა დამრტყმელი?! მარტივად დადებ ვერგატანაზე და თუ გუნდის შტატიანი პენალტისტი გყავს მოსყიდული, რა თქმა უნდა, ააცილებს... ბოლოს და ბოლოს, რობერტო ბაჯომ ააცილა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში და დიდი რამე, რიგით მატჩში, ვიღაცამ ვერ გაიტანოს. სამწუხაროდ, გარიგებული მატჩები არც ქართული სპორტისთვისაა უცხო. შეიძლება ამის ბრალიც არის, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრები პროგრამაში ერთ, ან ორ საბუკმეიკერო კანტორას აქვს შეტანილი და ფსონებიც ძალიან ფრთხილია. უფრო ზუსტად, მხოლოდ მოგება-წაგებაზე შეიძლება თამაში და არა, მაგალთად, აუტებსა თუ ჯარიმაზე. აი, ძალით წაგებას ცოდნა უნდა, ეჭვი არავის უნდა აღეძრას და ყველაფერ ამისთვის, მხოლოდ ერთი ფეხბურთელის მონდომება არ კმარა, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, აზრზე 4-5 მოთამაშე მაინც უნდა იყოს და ამათგან აზრზე უნდა იყოს, პირველ რიგში, მეკარე, თორემ შეიძლება, კიპერს თამაში ისე წაუვიდეს, ქართულმა კლუბმა კი არა, მსოფლიო ნაკრებმა გოლი ვერ გაუტანოს. გეტყვით, ცუდი რა არის ქართულ რეალობაში - გარიგებულ მატჩებზე ჩავარდნილ მოთამაშეებს, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში სამუდამო დისკვალიფიკაციასა და სპორტის კონკრეტულ სახეობასთან გაკარებას უკრძალავენ, ასე ხდება საქართველოშიც, მაგრამ ჩვენთან არცთუ იშვიათად ყოფილა, რომ ერთი-ორი წლის გასვლის შემდეგ, დამნაშავეებისთვის ამნისტია გამოუცხადებიათ სპორტის მაღალჩინოსნებს და მათ კარიერა განუახლებიათ.
რატომ არის ეს ცუდი? - დანარჩენებს მუდმივად ექნებათ შეგრძნება, რომ ჩავარდნის შემთხვევაში, ყველაფერი არ სრულდება. შორს წასვლა რად გვინდა, ჩვენს ჩემპიონატში დღესაც თამაშობენ გარიგებული შეხვედრებისთვის სამუდამო დისკვალიფიკაციამისჯილი და შემდეგ შეწყალებული ფეხბურთელები.
ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, არცთუ დიდი ხნის წინ მოხდა. რა თქმა უნდა, სახელებისა და გვარების დასახელებას არ ვაპირებთ, მაგრამ ამ სფეროში ჩახედული ხალხი კარგად მიხვდება, ვისზეა საუბარი. ყველაფერი, თითქოს მარტივად დაიწყო - ერთ-ერთმა მწვრთნელმა ტრიბუნაზე შენიშნა პირი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, შესთავაზა მატჩის წაგება 8 ათასი დოლარის სანაცვლოდ. მაშინ მწვრთნელმა ცდუნებას გაუძლო, მაგრამ ახლა, როცა ის კაცი ტრიბუნაზე დაინახა, არ მოეეწონა და ორივე გუნდის ფეხბურთელებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია. შეხვედრა ფრედ დასრულდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გარიგების სუნი არ იდგა, ფრედ დასრულება ყოველთვის რთულია, მაგრამ ეჭვმა თავისი ქნა და მწვრთნელმა ქართული საბუკმეიკერო კანტორები შემოიარა, ვინმეს ფრეზე დიდი თანხა ხომ არ ედოო. ასეთი ვერაფერი იპოვა, დამშვიდდა და საკუთარი თავი გაკიცხა კიდეც, თუმცა ორ კვირაში, პოლიციაში დაიბარეს. როგორც გაირკვა, საჩივარი ერთ-ერთმა უცხოურმა ტოტალიზატორმა შეიტანა, რომელიც ჩიოდა, რომ კონკრეტულ მატჩზე, ვიღაცამ 20 ათასი დოლარი დადო და 66 ათასი გაიტანა. თითქოს თანხა დიდი არ იყო, მაგრამ ტოტალიზატორის მესვეურები ამტკიცებდნენ, ჩანაწერს გადავხედეთ და ფეხბურთელები მკვდრებივით დადიოდნენ, ერთ-ერთ ეპიზოდში კი თავდამსხმელმა ბურთი განგებ ააცილაო.
რა შუაში იყო მწვრთნელი? ქართველმა სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ სწორედ ის დადიოდა აქაურ კანტორებში და ფრეს ამბავს კითხულობდა ანუ რაღაცაზე, თუ ვიღაცაზე ეჭვი ჰქონდა. რა თქმა უნდა, მწვრთნელმა საკუთარი ეჭვები გაამხილა და ისიც თქვა, რამდენიმე თვის წინ, ეგ კაცი ჩემთან იყო, კონკრეტული თამაშის წაგებას მთხოვდა, მაგრამ კინწისკვრით გავაგდეო. სამართალდამცავებმა მწვრთნელი გააფრთხილეს, რომ არავისთვის არაფერი ეთქვა.
ეჭვმიტანილზე თვალთვალი დაიწყეს და სამართალდამცავებმა მალე გაარკვიეს, რომ ის სხვადასხვა კლუბის მოთამაშეებს ხვდებოდა, ესაუბრებოდა, გაყიდული თამაშების სანაცვლოდ, 8-დან 10 ათას დოლარამდე სთავაზობდა ანუ მზად იყო, თითო მატჩში 4-5 ფეხბურთელი მოესყიდა და 40-დან 50 ათას დოლარამდე გადაეხადა. ერთ-ერთი კლუბის მოთამაშეებთან გარიგება შედგა და ძალოვნები აღნიშნულ შეხვედრას ტრიბუნებიდან ყურადღებით უყურებდნენ. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ფეხბურთელები იმდენად უკომპრომისოდ იბრძდნენ, რომ ჩაწყობაზე ეჭვის მიტანა სისულელე გახლდათ. სამაგიეროდ, ორგანიზატორი სარბენ ბილიკზე იდგა და მის ყოველ ქმედებას ოპერმუშაკები ვიდეოკამერაზე იღებდნენ. აღნიშნული ფირის გაშიფრვის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეჭვმიტანილი ფეხბურთელებს ნიშანს კეპის მოხდა-დაფარებით აძლევდა, მაგრამ რა ხდებოდა მაშინ, როცა ის კეპს იხდიდა და მაშინ, როცა იფარებდა?
პარალელურად, მოხდა-დაფარებას შორის არსებულ მონაკვეთში, ის ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა და დაძაბული აჭერდა ღილაკებს.
იმავე გუნდის მიერ ჩატარებულ მეორე შეხვედრას ძალოვნებმა უკვე ექსპერტებიც დაასწრეს. ამჯერად, ეჭვმიტანილს ჰუდი ეცვა, თუმცა ქუდს იხდიდა-იფარებდა, შუალედებში კი ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა. ერთ-ერთმა ექსპერტმა პოლიციელებს ტრიბუნებზევე უთხრა, მოსყიდული მხოლოდ ორი ფეხბურთელი ჰყავს, როცა ქუდს იხდის, ერთ-ერთი მათგანი მაშინვე თასმებს ისწორებს, ხოლო როცა იფარებს - მეორე ფეხბურთელი ისწორებს თასმებს ანუ ანიშნებს, გავიგეო. რაც შეეხება „ჩაწყობას“, როგორც მოხდის, ისე ქუდის დაფარების შემდეგ, ფეხბურთელები, რომლებიც თასმებს ისწორებდნენ, აუცილებლად ჯარიმდებოდნენ მეტოქეზე. იმავე დღეს, პოლიციელებმა გაარკვიეს, რომ ერთ-ერთ ჰოლანდიურ საბუკმეიკერო კანტორას, ჯარიმების გამოცნობაზე „ცოცხალზე“, ფსონები ჰქონდა და თითო თამაშში ეჭვმიტანილი 20 ათას დოლარამდე ხსნიდა.
ქართული მხარე ჰოლანდიურს დაუკავშირდა, თუმცა მათ ძალიან მშვიდად თქვეს, ყველაფერი ეს, საეჭვოდ ჩვენც გვეჩვენა და სწორედ ამიტომ, ქართულ ლიგას მომდევნო კვირიდან მთლიანად ვიღებთ ფსონების სიიდანო. აქაურმა პოილიციამ პროცესის ერთი კვირით გადადება მოითხოვა და პირობაც დადო, რასაც მოიგებენ, არ გასცეთ, ანგარიში გაუყინეთო და ჰოლანდიელებიც დათანხმდნენ. შემდეგი შეხვედრის დასრულებისთანავე, სამართალდამცავებმა როგორც ეჭმიტანილი, ისე ორი ფეხბურთელი პირდაპირ სტადიონზე დააკავეს.
დაკავებულმა ფეხბურთელებმა თითქოს მოილაპარაკეს, ორივემ ერთდროულად თქვა, ის კაცი გვაშინებდა, იმიტომ დავთანხმდით, თორემ მატჩების ჩაწყობა არც გვიფიქრიაო, მაგრამ მათი ბინის ჩხრეკისას, თითოეულს სახლში 12 ათასი დოლარი უპოვეს, თანხა, რომელიც ეჭვმიტანილმა დაასახელა, ფეხბურთელებს მივეციო.
ცხადი იყო, ისინი ჰარმონიულად მუშობდნენ, დარწმუნებულები გახლდნენ, რომ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა და მოგება ხახვივით შერჩებოდათ.
გარდა იმისა, რომ დაკავებულებს სასამართლომ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოთამაშეებს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა, მაგრამ რად გინდა, ორი წლის შემდეგ, ბიჭები ციხიდან გამოვიდნენ, ფედერაციამ სასჯელი შეარბილა და მოედანზე დაბრუნების შესაძლებლობა ორივეს მისცა. ერთ-ერთმა გამოიყენა და ბურთს დღემდე აგორებს, მეორემ - არა, ყველაფერს თავი დაანება და საზღვარგარეთ, კონკრეტულად, აშშ-ში გაემგზავრა, ფეხბურთი კი საერთოდ დაივიწყა.
ჰოდა, სწორედ ამას ვამბობთ, როცა სასჯელის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია, შემდეგ მისი გადახედვა და გადასინჯვა აღარ უნდა მოხდეს, ყველაფერი ეს, კონკრეტულ ადამიანებს დამატებით სტიმულს აძლევთ დანაშაულის ჩასადენად.
რაც შეეხება მსოფლიო პრაქტიკას, შიდა ჩემპიონატები კი არა, ჩემპიონთა ლიგა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონტების თამაშებიც „იმაზებაო“, ამბობენ, მაგრამ მტკიცებულებების ნაკლებობის გამო, ყველაფერი საუბრის დონეზე რჩება.
ისე, არ გეგონოთ, თითქოს მატჩების გაყიდვა თუ მოთამაშეების მოსყიდვა მხოლოდ ფეხბურთში ხდება. ბევრად უარესი სიტუაციაა კალათბურთში, ჩოგბურთში, ფრენბურთში...
ავტორი: ბათო ჯაფარიძე
არცთუ იშვიათად, კრიმინალები ცდილობენ, შურისძიება ერთგვარ რიტუალად აქციონ, აქაოდა, შური ჩვენ ვიძიეთ და ვინც იურჩებს, იგივე ელოდებაო. რეალურად კი, სწორედ ამ რიტუალური მკვლელობების დროს ტოვებენ ყველაზე მეტ სამხილს და სამართალდამცავები სწორედ ამ სამხილებით გადიან მათ კვალზე.
ასეთი რიტუალური მკვლელობა 70-იანი წლების დასაწყისში, თბილისშიც მოხდა და თან როგორი მკვლელობა - დანით ყელი ერთ-ერთ ადვოკატს გამოჭრეს. მოკლულის სტატუსის გათვალისწინებით, საქმე პირად კონტროლზე ერთბაშად ორმა უწყებამ აიყვანა, მით უმეტეს, როგორც წესი, ადვოკატებზე შურისძიება კრიმინალების ხელწერა იყო ანუ ვიღაცას ვერ უშველა, ვიღაც ვერ დაიხსნა, სამაგიეროდ, ფული აიღო და მერე აღარ დააბრუნა. მკვლელობის დროს, სახლში იყო ადვოკატის მეუღლეც, გვარიანად ნაცემი და ბოლო ხმაზე კიოდა, არაფერი მახსოვსო. მას სიარულიც კი უჭირდა და სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარეს. ექიმების დასკვნა ერთგვაროვანი იყო - გაუპატიურებული გახლდათ და გაუპატიურებული საკმაოდ სასტიკად, უხეშად, სქესობრივი აქტის დროს, სცემდნენ და დანით ჩხვლეტდნენ. ქალი გამომძიებლების წინ მუხლებზე დაეცა, ოღონდ ეს ამბავი არ გაახმაუროთ, საშვილიშვილოდ თავი მომეჭრება, ქმრის მკვლელობა მაკმარეთ თავში საცემადო. არადა, როგორც მამაკაცი, ისე ქალი, 50 წელს გადაცილებულები იყვნენ და აშკარა გახლდათ, ეს შურისძიება იყო, თორემ 60 წელს მიტანებული ქალის გაუპატიურებას, თუნდაც დროის უქონლობის გამო, არავინ დაიწყებდა.
როცა დაზარალებული დაწყნარდა და ცოტა დალაგებულად საუბარი შეძლო, განაცხადა, რომ საღამოს კარზე დააკაკუნეს, კარი გააღო და ზღურბლზე ახალგაზრდა გოგონა დაინახა, რომელმაც შესვლის ნებართვა ითხოვა. ქალმა კარი ფართოდ გამოაღო და მოულოდნელად, კარში მამაკაცის სხეული აღიმართა. კაცმა ყბაში იმდენად ძლიერად დაარტყა, რომ ქალმა მაშინვე გრძნობა დაკარგა. აზრზე მაშინ მოვიდა, როცა სხეულზე ჩხვლეტა იგრძნო. ის მამაკაცი აუპატიურებდა და თან ფერდში დანის წვეტს არჭობდა. ქალმა სიმწრით დაიკივლა, თუმცა თავში მუშტის მაგივრად, ამჯერად დანის ტარი მოხვდა და ისევ გაითიშა. აზრზე მოსულმა კი დანით აჩეხილი ქმარი დაინახა და მილიციაში დარეკა. ჰო, ექსპერტის დასკვნით, ჯერ ქალი გააუპატიურეს და ქმარს აყურებინეს, შემდეგ კი ადვოკატი მოკლეს, რადგან ქალის სხეულზე მამაკაცის სისხლი არ იყო, გარდაცვლილის ჭრილობაში კი ქალის სისხლის ნაწილაკები იპოვეს. შემთხვევის ადგილზე ძალოვნებმა სამი ცალი ბანქო ნახეს და სამივე „მეფე“!
ახლა გამომძიებლებს იმაზე უნდა ემტვრიათ თავი, ვინ იყო „მეფე“, რას ნიშნავდა ყველაფერი ეს, კრიმინალურ სამყაროში და ზოგადად, რატომ მაინცდამაინც „მეფე“ და არა „ტუზები“, ან „ვალეტები“? სტაჟიანი კრიმინალები გამოიკითხნენ და მათ მხრები აიჩეჩეს, სვირინგად „მეფე“ გაგვიგია, მაგრამ მკვლელობის დროს დაყრილი „მეფეების“ შესახებ, ვერაფერს გეტყვითო. საგულისხმო იყო ისიც, რომ სახლიდან უბრალო ბიჟუტერია წაიღეს და ეს მაშინ, როცა ქალს ოქროს საყურეები არ შეხსნეს.
„წლებია, ეს ბიჟუტერია გვაქვს. ქმარი სათუთად უფრთხილდებოდა, ამბობდა, ამათი არც გადაყრა შეიძლება, არც გაყიდვაო და სულ მეცინებოდა ხოლმე, როგორ უნდა გაგვეყიდა იმის მიუხედავად, რომ ბიჟუტერია ნამდვილ ოქროულს ჰგავდა, რადგან ნებისმიერი იუველირი ზუსტად 30 წამში იტყოდა, რომ ყველაფერი ეს, 50 მანეთიც არ ღირდა. აი, ის კი მიკვირდა, რომ არცერთი ნივთის გაკეთების შესაძლებლობას არ მაძლევდა“, - გაიხსენა ქალმა.
50 მანეთის ბიჟუტერიის გამო, ასეთი სასტიკი მკვლელობა წარმოუდგენელი გახლდათ. გადაქექეს ადვოკატის ბოლოდროინდელი საქმეები, მოიძიეს არქივი, ხომ არ გამოვიდა უახლოეს წარსულში ვინმე ციხიდან, ვისაც შეეძლო ადვოკატზე შური ეძია, მაგრამ ვერავინ იპოვეს. სასტიკი მკვლელობა გაუხსნელი დარჩებოდა, მაგრამ მოულოდნელად, მილიციის განყოფილებაში ვეტერანი თანამშრომელი, პენსიონერი, 80 წელს მიტანებული მაიორი მივიდა და გამომძიებელთან შეხვედრა ითხოვა.
„ჩემთან რჩევისთვის ბევრი ძალოვანი მოდის, ზოგს რა აინტერესებს, ზოგს - რა. რითაც შემიძლია, ვეხმარები და ახლა, ერთ-ერთმა მიამბო, რომ მკვლელობა მოხდა და ადგილზე ბანქოს სამი ქაღალდი, სამი „მეფე“ იპოვეს. ამიტომ მოვედი, თავის დროზე, დაახლოებით, 25 წლის წინ, დავაკავე ბანდა, რომლის წევრებიც ამ დაჯგუფებას „სამ მეფეს“ ეძახდა. მართალია, საქმეზე ბანქოს არ ტოვებდა, მაგრამ „სამი მეფის“ შესახებ ყველამ იცოდა. ისეთი მოუხელთებლები იყვნენ, ორწლიანი დევნის შემდეგ, მათ რიგებში აგენტის ჩასმა გადავწყვიტე, მაგრამ ეს აგენტიც მათ კვალზე, ლამის ორწლიანი წვალების შემდეგ გავიდა. „სამი მეფე“, ძირითადად, ბინების ძარცვით იყო დაკავებული და ჩემმა აგენტმა ორი ბინა გაასუფთავებინა. ხელი არ მოვკიდეთ, რადგან რეალურად არ ვიცოდით, რას და როგორ აპირებდნენ, ჩემს აგენტს არ ენდობოდნენ და სულ თან დაჰყვებოდნენ, ის კი ინფორმაციას ვერ გვაძლევდა. მერე კი, ნდობა გამოუცხადეს და მესამე ბინიდან რომ გამოვიდნენ, ავიყვანეთ. რეალურად, ეს მესამე ბინა ცარიელი იყო და ეჭვი რომ არ შეეტანათ, ბლომად ბიჟუტერია დავმალეთ, იმ სიბნელესა და სისწრაფეში, ბიჟუტერიასა და ნამდვილ ნაკეთობას ვინ დაუწყებდა ყურებას. ჰოდა, ავიყვანეთ, მაგრამ ერთი სასაცილო რამ კი მოხდა - ალბათ, რომელიმე ოპერს სულმა წასძლია და ის ბიჟუტერია გაქრა, ვიღაცამ მოიპარა და მოიპარა იმ იმედით, რომ ნამდვილი ოქრო ეგონა“, - დაასრულა მოყოლა მოხუცმა.
გამომძიებელმა ყურადღებით მოუსმინა, შემდეგ კი გარდაცვლილის სახელი და გვარი უთხრა და ჰკითხა, შემთხვევით, ხომ არ გეცნობაო. მოხუცმა თავი დაიქნია, ის სწორედ ჩანერგილი ოპერმუშაკი იყო, მერე მილიციიდან წავიდა, მგონი, ბოლოს ადვოკატად მუშაობდაო და როცა უთხრეს, რომ მოკლული სწორედ ის იყო, შუბლზე ხელი იტკიცა - ბიჟუტერიას ეგ მოიპარავდა და იმ ბანდის რომელიმე წევრმა იმსხვერპლა, ალბათო.
გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ბანდა „სამი მეფე“ იმ მარტივი მიზეზით აღარ არსებობდა, რომ მისი სამივე წევრი კარგა ხნის გარდაცვლილი იყო. მათ არც შვილები დარჩენიათ, მაგრამ ფაქტია - ვიღაცამ საკმარისზე მეტი იცოდა, ბანდაც „ისისხლა“ და ბიჟუტერიაც წაიღო.
გამოძიებამ ყველაფერი გადააბრუნა და დაადგინა, რომ ბანდის გარდაცვლილი წევრებიდან ყველაზე გვიან, ტუბერკულოზით, ბანდის მეთაური მოკვდა. მას ბოლოს ერთ-ერთი პატიმარი უვლიდა, რომელმაც 12-წლიანი სასჯელი მოიხადა და ციხიდან მკვლელობამდე სამი თვით ადრე გათავისუფლდა. მისი გარემოცვის შესწავლის დროს გაირკვა, რომ მას და ჰყავდა და სხვა წასასვლელი რეალურად არსად ჰქონდა. გამოძიებამ დის სურათი მოიპოვა და დაზარალებულს აჩვენა. მან სურათში ის გოგო ამოიცნო, რომელმაც კარი გააღებინა, მამაკაცის სახე კი არც დაუნახავს, ამიტომ ვერაფერი თქვა. აყვანის ოპერაცია მარტივად დაიგეგმა და მარტივადაც ჩატარდა - ეჭვმიტანილი რომ დააკავეს, გაოცებისგან პირს ვერ კეტავდა, არ ეგონა, თუ ასე მალე მიაგნებდნენ. შემდეგ კი დაიწყო...
„როცა ჩემი მეგობარი კვდებოდა, მომიყვა, როგორ გაიტანეს „ბაითი“ და როგორ დაიჭირეს. ისიც მითხრა, ვინ ჩაუშვა, ვინ გაიმეტა და ისიც, რომ მან მოპარული ოქროული მიითვისა, შემდეგ კი ადვოკატობა დაიწყო. სახელი და გვარი მხოლოდ მას შემდეგ დამისახელა, რაც ქურდული სიტყვა მივეცი, რომ მას მოვკლავდი, მანამდე ცოლს გავაუპატიურებდი და ვაყურებინებდი. ამის ჯილდო კი ის ოქროული იქნებოდა, რომელიც მისი თქმით, 30 ათას მანეთზე ნაკლები არ ღირდა. მე ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ოქროულის ნაცვლად, ხელში ბიჟუტერია შემრჩა. ერთადერთ რამეს გთხოვთ, ჩემი და არ გაიმეტოთ, მე ვაიძულე საქმეზე გამყოლოდა და არც იცოდა, რას ვაპირებდი. პრინციპში, მან არც ახლა იცის არაფერი, როგორც კი ქალი გავთიშე, ის ბინიდან გაიქცა“, - განაცხადა დაკავებულმა.
სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა, მაგრამ განაჩენის სისრულეში მოყვანა ვერ მოხერხდა - სიკვდილმისჯილი საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს და ვინაიდან მარტო იჯდა, თვითმკვლელობად გააფორმეს.
რაც შეეხება დას, ისიც მთელი სიმკაცრით დაისაჯა და მკვლელობაში თანამონაწილეობა დაუმტკიცდა. მას სასამართლომ 12-წლიანი სასჯელი მიუსაჯა.
ბიჟუტერია, რის გამოც დანაშაული მოხდა, დაკავებულის სახლში იპოვეს და საქმეს ნივთმტკიცებად დაურთეს. დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ ნივთები 150 მანეთად შეაფასა.
ავტორი: ბათო ჯაფარიძე
რა ჩვენება მისცა გარდაცვლილის საცოლემ გამოძიებას
ვინ მიიყვანა თვითმკვლელობამდე და რატომ ჩამოიხრჩო თავი გოგონას მამინაცვალმა - გრიფით „საიდუმლო“ საქმის დეტალები
იგი სასჯელს სტივენ სიგალის დარეკეტების გამო იხდიდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩრდილოეთ კაროლინის შტატში, ბატნერის ფედერალურ ციხეში, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა გამბინოს კლანის ბოსი პიტერ არტურ გოტი. იგი იყო მაფიის მეთაურის ჯონ გოტის უფროსი ძმა, რომელმაც მისი ადგილი 2002 წელს, ჯონის გარდაცვალების შემდეგ, დაიკავა.
პიტერი ერთ-ერთი იყო 13 შვილიდან, მათგან ჯონ ჯოზეფ გოტსა და ფილომენტა დე კარლოს ხუთი ვაჟიშვილი ჰყავდა, უფროსი კი სწორედ პიტერი იყო. გამბინოს კლანში შედიოდნენ პიტერ გოტი, ჯონ გოტი, გამბინი კაპო ჯინ გოტი, კაპო რიჩარდ გოტი და ვინსენტ გოტი, რომელიც კლანის ხელმძღვანელი ვერ გახდა და ბოლომდე იტალიური მაფიის ჩვეულებრივ „ჯარისკაცად“ დარჩა.
პიტერ გოტის ჰყავდა ერთადერთი ვაჟი - პიტერ გოტი უმცროსი, რომელიც მაფიის სამყაროში ცნობილია მეტსახელით „ცალთვალა“, რადგან გლაუკომის გამო ერთი თვალით დაბრმავდა. მაფიის მეთაური - ჯონი არ ფიქრობდაა, რომ მისი უფროსი ძმა პიტერი საკმარისად ჭკვიანი იყო საიმისოდ, რომ მაფიის წევრი ყოფილიყო და, ალბათ, სწორედ ამიტომ იგი გახდა ცნობილი, მეტსახელით - „უჭკუო დონი“. პიტერი მამის კვალს გაჰყვა და ნაგვის მანქანაზე მუშაობდა მანამდე, სანამ მან თავი არ დაარტყა გიგანტური ამერიკული ნაგვის მანქანის ბორტს და არ მიიღო ინვალიდობის პენსია. პენსიაზე გასვლის შემდეგ იგი დაკავებული იყო რეკეტით, რაც შეერთებულ შტატებში ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობაა.
დიდი ხნის განმავლობაში ჯონ გოტი წყლიდან მშრალი გამოდიოდა (ძირითადად მისი ადვოკატის - ბრიუს კატლერის ძალისხმევით), მაგრამ 1992 წელს მას საბოლოოდ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. პროკურატურას დიდად დაეხმარა წარმატებით დამონტაჟებული მიკროფონი და განგსტერი სემი გრავანო, მეტსახელად „ხარი“, რომელიც ჯონის მარჯვენა ხელი იყო და 19 ადამიანი მოკლა, მაგრამ დაკავების შემდეგ ჩვენება მისცა მის წინააღმდეგ.
პიტერი, ბუტნერის ციხეში სწორედ „ხარის“ მკვლელობის შეკვეთის გამო მოხდა, მან მოღალატის მკვლელობა 70 000 დოლარად შეუკვეთა. გრავანოს მკვლელობა ჩაიშალა, „ხარს“ მოსწყინდა მოწმეთა დაცვის პროგრამით ცხოვრება. მიატოვა იგი და დაუბრუნდა ჩვეულ საქმიანობას. ცოტა ხანში იგი დააკავეს ნარკოტიკების რეალიზაციის გამო, წარსული დამსახურებების მიუხედავად, ეს ფაქტი მას არ აპატიეს და ციხეში გაუშვეს.
ჯონ გოტის გასამართლების შემდეგ, მისი ვაჟი ჯონ უმცროსი და პიტერ გოტი ნათლიის ბრძანებებს გადასცემდნენ გამბინოს კლანის წევრებს. 1999 წელს თავად ჯონ უმცროსიც ციხეში მოხვდა, ხოლო პიტერი, ანუ „უჭკუო დონი“, ოფიციალურად გახდა კლანის ლიდერი.
2002 წელს, ჯონ გოტის საპყრობილეში გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, „ფებეერ“-მა პიტერსაც რეკეტირების ბრალი წაუყენა, იგი ამჯერად გამოძალვას, ფულის გათეთრებას, დოკერებისგან და სატრანსპორტო კომპანიებისგან ხარკის შეგროვებასა და ბოლოს, კინომსახიობ სტივენ სიგალის დარეკეტებას ეხებოდა. ეკრანზე სიგალი ვაჟკაცურად ანადგურებს მკვლელებსა და განგსტრებს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მაგრად შეშინდა.
ბრუკლინში პიტერ გოტის სასამართლო პროცესამდე 12 წლით ადრე, მსახიობი მონაწილეობდა გადაღებებზე ფილმისა „სამართლიანობის სახელით“, სადაც იგი მუშტებით, ფეხებითა და ბილიარდის ჯოხით გაუმკლავდა ყაჩაღებს. მაგრამ როდესაც მაფიოზები 2000 წელს მას ტორონტოში ეწვივნენ, სადაც ის „გამჭოლ ჭრილობებს“ იღებდა და მას ბრუკლინის რესტორანში შეხვედრა დაუნიშნეს, სიგალმა, მისი თქმით, შიში იგრძნო, თუმცა ის, როგორც ყოველთვის, იარაღით იყო და მისი დაცვაც იქვე ტრიალებდა.
2003 წლის თებერვალში, როდესაც ბრუკლინის ფედერალურ სასამართლოში დაზარალებული სიგალი ჩვენების მისაცემად მივიდა, 7 განგსტერის, მათ შორის სამი გოტის, მოსამართლეს ფრედერიკ ბლოკს მანამდე ნახევრადცარიელი დარბაზი, გადაჭედილი დახვდა.
სასამართლო დარბაზში წლების განმავლობაში პერიოდულად ვხვდებოდი „ცხვირის ცხვირს", ან "ცხვირს", როგორც რუსმა კრიმინალებმა თავიანთ კოლეგა ამერიკული მაფიის წარმომადგენლები უწოდეს, მაგრამ მისი ნომენკლატურა ასე ახლოდან პირველად ვხედავდი.
დარბაზში შესულმა პიტერ გოტიმ მეგობრულად უთხრა პრესას „დილა მშვიდობისა“ და სასამართლოს მხატვარს ჰკითხა: „როგორ მოგწონთ ჩემი ჰალსტუხი?“ ჯონ გოტი ცნობილი ფრანტი იყო, ათასდოლარიანი იმპორტირებული კოსტუმები ეცვა (მაშინ ეს ფული იყო) და ხელით შეღებილი აბრეშუმის ჰალსტუხები ეკეთა. პიტერს ამჯერად ოქროსფერი ჰალსტუხი ეკეთა.
სანამ სიგალს დაკითხავდა, მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა. ზოგი ბრალდებული ადგა, პიტერ გოტი და მისი ნათესავები მიუახლოვდნენ დაბალ ბარიერს, რომელიც საზოგადოებას მათგან აშორებდა და მცირე საუბარი დაიწყეს სასამართლოს მხატვრებთან, დედა-შვილ შეპარდებთან, რომლებიც ბარიერს მიუახლოვდნენ. მეორე მხრიდან და მაფიოზებს ესკიზები აჩვენეს, რომელიც მოეწონათ. განგსტრები იყვნენ დახვეწილები, გალანტურები და გამოირჩეოდნენ მომხიბვლელობით. მათ სისხლის სამართლის საქმეში არ იყო არც ერთი მკვლელობა, რაც ძალზე იშვიათია ამ წრეში.
სიგალი შემოიყვანეს არა დარბაზის ფართო კარიდან, რომლითაც პრესა და საზოგადოება შემოდიოდა, არამედ მოსამართლის უკანა კარიდან, რომელსაც ჩვეულებრივ ნაფიცი მსაჯულები იყენებენ. მსახიობს აბრეშუმის პერანგი და ყავისფერი პიჯაკი ეცვა.
მოკლედ, მისმა ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ბრუკლინის ფარმაცევტმა, ჯულიუს ნასომ, სიგალს მოსთხოვა ვალი გადაეხადა. სიგალს სჯეროდა, რომ მას არაფერი ევალებოდა. ნასომ დახმარებისთვის მიმართა თავის ძველ მეგობარს ენტონი სიკონს, რომელიც ბრალდებული იყო არა მხოლოდ სიგალის, არამედ დოკის მუშების რეკეტშიც. მათგან მიღებული ხარკი კონვერტებში მოათავსეს და კლანის ნომენკლატურის ზედა ნაწილს, ანუ გოტებს გადასცეს. თავდაპირველად, სიგალმა ძალიან ჩუმად უპასუხა პროკურორის კითხვებს და მოსამართლემ სთხოვა, უფრო ხმამაღლა ესაუბრა.
მსახიობს ჰკითხეს, რატომ არ დაურეკა მაშინვე FBI-ს. სიგალმა განმარტა, რომ თუ იგი მოწმეების დაცვის პროგრამით ისარგებლებდა, მას გაუჭირდებოდა ფილმებში თამაში. „ისინი ვერ დამეხმარებიან,“ - თქვა მან FBI– ს შესახებ, „მათ არ შეუძლიათ ჩემი დაცვა“.
როდესაც ფედერალური ბიურო მასთან მივიდა, მან უარი თქვა კითხვებზე პასუხის გაცემაზე, კონსტიტუციის მეხუთე შესწორების მოტივით, რომელიც იცავს ადამიანს თვითდანაშაულისგან. პროკურატურას მოუწია მისი სასამართლოში გამოძახება და იმუნიტეტის დაპირება.
მან ახსნა, თუ როგორ ისწავლა საბრძოლო ხელოვნება და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება. ასევე შენიშნა, რომ ზოგჯერ გაკვეთილებს აძლევდა სამართალდამცავებს. მას ჰკითხეს, თან იარაღი ხომ არ გაქვსო და „სულ ვატარებო“, - უპასუხა სიგალმა.
- ახლაც თან ხომ არ გაქვს, შემთხვევით? - მხიარულად იკითხა მოსამართლემ (აშშ-ს სასამართლოში შესვლისას FBI–ს ოფიცრებიც კი ვალდებულნი არიან, იარაღი დაცვას გადასცენ).
ბრუკლინში, რესტორან Gage & Toller-ში შეხვედრის აღწერის დროს, მსახიობმა აღნიშნა, რომ როდესაც სიკკონმა დამიღრიალა, „მიყურე, როცა ლაპარაკობ!“, განგსტერული ფილმი გაახსენდა. ბრალდებულების ადვოკატმა ჯორჯ სანტ-ანჯელომ სარკასტულად იკითხა თუ რატომ იმალებოდა სიგალი მეხუთე შესწორების უკან, თუ იგი უდანაშაულო მსხვერპლი იყო, და რატომ ცდილობდა ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ყოფილი თანამშრომლის დაქირავებას ვინმეს მოსაკლავად.
თუ სანტ-ანჯელოს სურდა სიგალი წონასწორობიდან ამ გზით გამოეყვანვა, მიზანი მიღწეული იქნა. მსახიობმა ხელები აიქნია და აყვირდა: „ეს გიჟია! მე აქ ბრალდებული არ ვარ!“ მოსამართლემ ადვოკატს დაავალა თემა შეეცვალა. დაცვის მხარის თქმით, სიკკონი სიგალს კი არ დაემუქრა, მას უბრალოდ სურდა დახმარებოდა მხარეებს საკითხის მშვიდობიანად მოგვარებაში. სიკკონი ნასამართლევი იყო ისევე, როგორც მისი თანამზრახველები.
ამის შემდეგ, პიტერ გოტი მანჰეტენში სხვა დანაშაულისთვის გაასამართლეს, დამნაშავედ სცნეს და 25 წელი მიუსაჯეს. შარშან, მისმა ადვოკატმა ორჯერ მიმართა სასამართლოს გამოეშვათ მოხუცი, რომელიც უკვე 17 წელია იჯდა. მან ასევე სასამართლოს გადასცა გოთის 22 დაავადების სია, პოდაგრიდან დაწყებული დემენციით დამთავრებული, თუმცა მოსამართლემ უარი განაცხადა პიტერის გათავისუფლებაზე.
რუსეთში ცნობილი ქართველი „კანონიერი ქურდის“, გიორგი უგლავას (მეტსახელად ტახი) სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. რუსი სამართალდამცავები მას კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბებას და არაერთი დანაშაულის ჩადენას ედავებიან. უფრო ზუსტად, რუსული მართლმსაჯულება ამტკიცებს, რომ „ტახი“ ამ დაჯგუფებას მართავდა და თავად არც ქურდობაში იღებდა მონაწილეობას, არც _ ძარცვასა და ყაჩაღობაში.
საერთო ჯამში, რუსები ამტკიცებენ, რომ უგლავას მიერ შექმნილმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ 163 (!) დანაშაული ჩაიდინა, დაზარალებულთა რიცხვი 280 ადამიანს აჭარბებს, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ არცერთი დაზარალებული და არცერთი დაკავებული ხელს „ტახისკენ“ არ იშვერს და არ ამბობს, რომ მას მომხდარ დანაშაულებთან საერთო აქვს.
როგორც რუსული მედია ამტკიცებს, ყველაზე „ცუდ“ შემთხვევაში, „კანონიერი ქურდის“ სტატუსის გამო, უგლავას რამდენიმე წლით აღუკვეთენ თავისუფლებას.
პარალელურად, მოსკოვში, კიდევ ერთი „კანონიერი ქურდი“, დავით ფანჩვიძე (იგივე, გიორგი ყიფიანი) დააკავეს. მას ნარკოტიკების შენახვა ედება ბრალად, თუმცა დიდია შანსი, რომ ფანჩვიძეც სწორედ სტატუსის გამო გაასამართლონ. ბოლოს ის ციხიდან სამი წლის წინ გათავისუფლდა, თუმცა „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ მიღებული კანონის მიუხედავად, რუსეთი არ დაუტოვებია და მოსკოვის პრესტიჟულ უბანში მშვიდად ცხოვრობდა.
ბათო ჯაფარიძე