104 ახალი სტატია

რუსთავში პატარძალმა თავი მოიკლა

კრიმინალური ქრონიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვინ მიიყვანა თვითმკვლელობამდე და რატომ ჩამოიხრჩო თავი გოგონას მამინაცვალმა - გრიფით „საიდუმლო“ საქმის დეტალები 

პატიმრის დღიური  

ქორწილი ყოველთვის ქორწილია. სიძე-პატარძალს ყველა ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიმრავლეს უსურვებს და დარწმუნებულნი არიან, რომ ნეფე-დედოფალი, მსოფლიოში, ყველაზე ბედნიერი წყვილია. ეს ერთი შეხედვით, თორემ... ქართული ზღაპრები ხშირად ასე მთავრდება - „და ცხოვრობდნენ ისინი ტკბილად და ბედნიერად...“ არადა, სწორედ მაშინ უნდა დასრულებულიყო ზღაპარი და დაწყებულიყო რეალური ცხოვრება - რამდენად ტკბილი და ბედნიერი, ეგ იყო საინტერესო.

 

1984 წლის ზამთარში, ზედ ახალი წლის წინ, რუსთავის ერთ-ერთი კორპუსის მაცხოვრებლები უცნაური სურათის მოწმენი გახდნენ: იმ დღეს გოგონა თხოვდებოდა, სასიძო მოსული იყო მცირე მაყრიონით, სწორედ ამ დროს, ფანჯარა გაიღო და... საპატარძლო კაბაში გამოწყობილი გოგო, მეექვსე სართულიდან გადახტა. ჰო, გადახტა - ის არავის გადაუგდია, თავისი ნებით ავიდა ფანჯრის რაფაზე და უხმოდ გადახტა. კორპუსთან სასწრაფო დახმარებისა და მილიციის მანქანები ერთდროულად მივიდნენ. ექიმებმა თქვეს, რომ გოგონას ბევრი მოტეხილობა ჰქონდა, მაგრამ ცოცხალი იყო. სამართალდამცავებმა კი სახლში მყოფი პირების დაკითხვა დაიწყეს. ყველა ერთხმად აღიარებდა - პატარძალმა კაბის ჩაცმისა და მაკიაჟის გაკეთების შემდეგ, ოთახში ცოტა ხნით მარტო დარჩენა ითხოვა, შემდეგ რაც მოხდა, ყველასთვის ნამდვილი შოკი იყო.

მთავარი ეჭვმიტანილი სასიძო გახდა, აქაოდა, რამდენიმე წუთით ადრე, საცოლეს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, რაც გოგოს არ მოეწონაო. სასიძო განყოფილებაში წაიყვანეს და... ძვალ-რბილი გაუერთიანეს, მაგრამ ის ჯიუტად იმეორებდა, ყურში მხოლოდ უხამსად გავეხუმრე პირველ ღამესთან დაკავშირებითო. მაშინ ტერმინს - „თვითმკვლელობამდე მიყვანა“, იშვიათად გაიგონებდით, მაგრამ ახლა სწორედ ასეთი შემთხვევა იყო და მილიციას უნდა დაედგინა, ვინ მიიყვანა თვითმკვლელობამდე პატარძალი.

ყოველი შემთხვევისთვის, ბინაში ჩხრეკაც ჩატარდა და გამომძიებლებმა გოგონას დღიურს მიაგნეს.

„ვერ ვიტან მამინაცვალს, ის ნამდვილი ჯალათია, როცა დედა შინ არ არის, სასტიკად მექცევა, მცემს კიდეც. იმ დღეს ისე მომექცა, დაწერაც მერიდება, სხვამ რომ ნახოს, შეიძლება, თავი მოვიკლა“, - ეს არის ამონარიდი პატარძლის დღიურიდან. მთავარი ეჭვმიტანილი უკვე მამინაცვალი გახდა. სამართალდამცავები მაშინვე მის დასაკავებლად წავიდნენ, გზაში ივარაუდეს, რომ მამინაცვალმა გოგონა გააუპატიურა და თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზიც ეს გახდა. გზაზე, მილიციას რაციით შეატყობინეს - პატარძალი გარდაიცვალა.

მამინაცვალი შინ იყო და კონიაკის ბოთლი სანახევროდ ჰქონდა დაცლილი. როცა სამართალდამცავები მივიდნენ და ის გერის გაუპატიურებაში უბოდიშოდ დაადანაშაულეს, გაოცდა, იფიცებოდა, ხელი არ დამიკარებია, მკაცრად კი ვზრდიდი, არ მინდოდა, ასე ადრე გათხოვილიყოო, თუმცა მილიცია შეუვალი იყო - ეჭვმიტანილი განყოფილებაში უნდა წაეყვანათ. კაცმა თავი დაიქნია, ჩავიცვამ და წამოვალო და მეორე ოთახში გავიდა. სამართალდამცავთაგან მას არავინ გაჰყვა, ცოტა ხანში კი რაღაც ხმაური გაიგეს და ოთახში შეცვივდნენ. კაცს მტვერსასრუტის სადენით ჭაღზე მარყუჟი ჰქონდა გაკეთებული და ზედ ეკიდა. გამომძიებლები დაიბნენ და ათიოდე წამს პირდაღებულნი იყურებოდნენ, შემდეგ დანა მოიტანეს და სადენი გადაჭრეს, თუმცა მარყუჟს თავის საქმე გაკეთებული ჰქონდა - საკმაოდ მძიმეწონიანი მამინაცვალი უკვე გარდაცვლილი იყო.

ექსპერტიზა მოგვიანებით იტყვის, რომ ხორხი გატყდა და კაცი მალე გაიგუდა. ახლა მხოლოდ ერთი რამ იყო საჭირო - ექსპერტიზის დასკვნა, რომ გოგონას ინტიმური კავშირი ჰქონდა და საქმეც დაიხურებოდა. ექსპერტიზამ დასკვნა დადო - პატარძალი ქალიშვილია და ურთიერთობა არავისთან ჰქონია. ეს ნამდვილი შოკი იყო - მაშ, რისთვის მოიკლა თავი მამინაცვალმა, თუ უდანაშაულო იყო?

ექსპერტებმა პირველ დასკვნას მეორეც მიაყოლეს - როგორც გარდაცვლილი გოგოს, ისე მამაკაცის სხეულში აღმოჩენილია გაურკვეველი პრეპარატი, რომელიც დიდი დოზით იქნა მიღებული და პრეპარატში შემავალი ელემენტების კვლევას, მინიმუმ, 3-4 დღე დასჭირდება.

ექიმთა ვარაუდი არ გამართლდა. აღმოჩენილი პრეპარატების შემცველობის დადგენას ათი დღე მაინც დასჭირდა. შესაბამისად, გამომძიებლები უქმად რომ არ ყოფილიყვნენ, ქმრისა და შვილის დაკრძალვის შემდეგ, დიასახლისს ეწვივნენ. დარდით მოკლული ქალი მილიციის თანამშრომლებს სამზარეულოში შეუძღვა, ბოდიში მოუხადა, ორი ჭიქა კონიაკი მაქვს დალეული, ნერვიულობით, ლამის გავგიჟდეო. სამზარეულოს მაგიდაზე, მართლაც, კონიაკის გახსნილი ბოთლი და კიტრის მჟავე იდო. მოულოდნელად, ქალი წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა, გამოაღო და ფეხი შედგა. რომ არა სამართალდამცავთა სიმარჯვე, რომლებმაც ქალის დაჭერა ბოლო წამს მოახერხეს, ის ფანჯრიდან გადახტებოდა. მილიციამ სასწრაფო გამოიძახა, რადგან აღელვებული ქალი გაუგებარ ფრაზებს ისროდა, დანასაც კი მისწვდა და გამომძიებლებს მოუქნია. ექიმებმა მას დამამშვიდებელი გაუკეთეს და საავადმყოფოში ისე წაიყვანეს, საღამოს კი სამართალდამცავებს დაუდასტურეს - მის სისხლშიც იგივე შემადგენლობის პრეპარატია, რაც ქმარსა და ქალიშვილს აღმოაჩნდათო.

როგორც იქნა, ექიმებმა დაადგინეს, რომ 12 ძლიერმოქმედი საშუალება ერთმანეთში იყო არეული და სპირტიან სასმელთან მიღების შემთხვევაში, ის ადამიანს არა მარტო ლოგიკურად ქმედებისა და აზროვნების უნარს უკარგავდა, არამედ, გარემოს ადეკვატური აღქმის შესაძლებლობასაც უსპობდა. ალკოჰოლის დოზას რაც შეეხება, პრეპარატი იმდენად ძლიერი იყო, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად, ათი გრამი ალკოჰოლიც საკმარისი იქნებოდა. ქორწილის სტუმრების დაკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ პატარძალს არაფერი დაულევია, თუმცა ლიქიორიანი შოკოლადი ჭამა, მანამდე კი დედის მიერ გაკეთებული, დაკონსერვებული აჯაფსანდალი მიირთვა. მერე რა, რომ ქორწილის დღე იყო, თურმე, გოგონა აჯაფსანდალზე გიჟდებოდა.

ოჯახის სარდაფში ორასამდე დაკონსერვებული ქილა ნახეს და ყველა ექსპერტიზაზე წაიღეს. მათგან, დაახლოებით, ორმოც ქილაში, აღნიშნული ჯოჯოხეთური „კოქტეილი“ აღმოჩნდა - ქილების თავები გახსნილი და ხელახლა დახუფული გახლდათ. კითხვა, ვის შეიძლებოდა ჰქონოდა სარდაფის გასაღები, არ დაუსვამთ, რადგან იმდენად მარტივი ბოქლომი ეკიდა კარზე, რომ მას ბავშვიც გააღებდა.

მილიციამ ეჭვი ქალის ყოფილ ქმარზე მიიტანა, მაგრამ მას ალიბი ჰქონდა, ყოფილ ოჯახთან აღარაფერი აკავშირებდა, შვილსაც არ ნახულობდა და დასავლეთ საქართველოში, ახალ ოჯახთან ერთად, ბედნიერად ცხოვრობდა. ამასთან, არც კი იცოდა, რომ შვილი თხოვდებოდა, არც ის იცოდა, რომ დაეღუპა და არც უნერვიულია, როდესაც ეს ამბავი გაიგო. მეტი ეჭვმიტანილი კი, უბრალოდ, არ არსებობდა.

ქალი რუსთავში, ერთ-ერთ საამქროში მუშაობდა ცვლის უფროსად, ქმარიც - იქვე, იმავე საამქროში და როგორც ამბობდნენ, მათ მტრები არ ჰყავდათ, მით უმეტეს, ისეთი, ოჯახი გასაწყვეტად რომ გაემეტებინა. გამომძიებლები უიმედოდ შლიდნენ ხელებს. რეალურად, ის მედიკამენტები აფთიაქში კი იყიდებოდა ანუ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო, მაგრამ მათი ერთმანეთში არევა და შესაბამისი დოზები ცალკე ცოდნას მოითხოვდა. სამართალდამცავები ამ მიმართულებით წავიდნენ ანუ ქიმიკოსების ძებნა დაიწყეს. რუსთავში ასეთები, წესით, ბევრნი უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ კვანძი იქ გაიხსნა, სადაც არავინ ელოდა.

ერთ დღეს, ერთ-ერთი უბნის რწმუნებული სიცილით ყვებოდა, როგორ გადმოხტა ახალგაზრდა ბიჭი პირველი სართულიდან, როგორ იქცეოდა არაადეკვატურად და როგორ წაიყვანეს გამოსაფხიზლებელში. იმის გამო, რომ მას მოწამვლის ნიშნები ეტყობოდა, ექიმებმა ანალიზი აუღეს და დასკვნაც დადეს - მას ორგანიზმში იგივე მედიკამენტები ჰქონდა, რაც წინა გარდაცვლილებს. ბიჭი დაკითხეს და მან დაუფარავად თქვა, რომ სასმელი მისგან მოტყუებული გოგოს მამამ მოუტანა, აქაოდა, შევრიგდეთ, ეგებ, ჩემი გოგო ცოლად მოიყვანოო. ბიჭმა მაინც იუარა, არ სურდა ცოლის მოყვანა, გოგოსთან გაერთო და მიაგდო. მერე, როცა კაცი წავიდა, მის მიერ დატოვებული კონიაკი გახსნა, დალია და დაემართა ის, რაც დაემართა. ეჭვმიტანილი დააკავეს.

მისთვის ნამდვილი შოკი იყო იმის გაგება, რომ ორი ადამიანის მკვლელობაში ედებოდა ბრალი. მან ისიც აღიარა, რომ ზამთრისთვის შენახულ კონსერვებში წამალი თავად ჩაყარა, თუმცა...

„ცოლი მშობიარობას გადაჰყვა და გოგონას მეტი არავინ შემრჩა. ერთ დღეს, ის ცუდად გახდა და სამსახურში მისვლა დამაგვიანდა. ცვლის უფროსმა კი პირდაპირ გამათავისუფლა. ძლივს ვიშოვე ახალი სამსახური, ოღონდ უფრო დაბალხელფასიანი და უფრო ცუდი. მერე გოგო გაიზარდა, იმ ბიჭმა შეაცდინა და თავის მოკვლა მინდოდა. არაყში ავურიე ის წამლები, რაც სახლში ვიპოვე და ერთი ყლუპი მოვსვი, შემდეგ ოთახში შვილი შემოვიდა და თვითმკვლელობა გადავიფიქრე. ამის მიუხედავად, მთელი ღამე კოშმარები მელანდებოდა, მეგონა, ოთახში ეშმაკები დარბოდნენ, ვიღაც თითქოს თმაზე მქაჩავდა. დილით, წამლების ცარიელი შეფუთვები ვნახე, ვიყიდე და გადავწყვიტე, სამაგიერო გადამეხადა ყველასთვის. ასე, წლების შემდეგ მოვძებნე ის ქალი და კონსერვები მოვუწამლე. მინდოდა, ღამით კოშმარები მოლანდებოდა. იგივე გავუკეთე ბიჭსაც, მაგრამ მათი სიკვდილი არ მსურდა“, - ეს არის დაკავებულის მონაყოლი.

ყველაფერს კი გრიფით საიდუმლო ერთადერთი მიზეზით დაედო. აღნიშნული „კოქტეილით“ უშიშროება დაინტერესდა და დაკავებულს პრეპარატის შემადგენლობის დასახელება მოსთხოვა, შემდეგ კი მისი დამზადება სცადა. როგორც ამბობენ, დაკავებულმა ზუსტი დოზები ვერაფრით გაიხსენა - ალალბედზე ურევდა აბებს და იყენებდა იმას, რასაც იღებდა. საბოლოოდ, მას, გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

 

ავტორი - ბათო ჯაფარიძე