ვინ არის ბებია, რომელიც შვილიშვილს სასტიკად სცემდა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რატომ დასწამა ქმარმა ყოფილ ცოლს ცილი და რა აღიარებითი ჩვენება მისცა ძიძამ გამოძიებას

 

როცა ოჯახი ინგრევა, ყველაზე დიდ ტრავმას ბავშვი იღებს. ჰო, არცთუ იშვიათად, მშობლები ვერ წყვეტენ, ვისთან უნდა დარჩეს შვილი და ისინი სასამართლოს მიმართავენ ხოლმე. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ როგორც წესი, სასამართლო ბავშვებზე მეურვეობას დედას უტოვებს და ამ დროს გენდერული თანასწორობა და მსგავსი ამბები არ მოქმედებს - საყოველთაოდ მიღებული მოსაზრებაა, რომ დედა ბავშვს უკეთესად მოუვლის. თუ მშობლები ცუდ ურთერთობას ინარჩუნებენ, ეს ბავშვებზე ცუდად მოქმედებს, თუმცა ხშირად არც კარგი ურთიერთობაა ბავშვისთვის გამოსავალი - ის ხვდება, რომ რაღაც ისე არ არის, რომ სრულფასოვანი ოჯახი არ აქვს და ეს, გარკვეულწილად, მის ფსიქიკას ტრავმას აყენებს.

 

მილიციის განყოფილებაში მამაკაცი მივიდა და იჩივლა, რომ სასამართლო არასწორად მოიქცა და შვილი მის ცოლს დაუტოვა. ეს მაშინ, როცა ქალი სვამდა, მუდმივად მთვრალი იყო და ბავშვს სცემდა კიდეც. მამაკაცი ჩიოდა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, შვილს მომიკლავს და ეს თქვენი ბრალი იქნებაო. სამართალდამცავებს სხვა გზა არ ჰქონდათ, საქმე უნდა აღეძრათ, რადგან საჩივარი ოფიციალურად იყო შესული და იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს განაჩენი უკვე დამდგარი იყო, იძულებულნი იყვნენ, ყველაფერი მაინც გადაემოწმებინათ. პირველ რიგში, დედა უნდა ენახათ და დაეკითხათ, შემდეგ კი, ბავშვიც დაეთვალიერებინათ, რადგან საეჭვო იყო, 3 წლის ბავშვს რამე საინტერესო ეთქვა გამოძიებისთვის და რომც ეთქვა, მის სიტყვებს არცერთი მოსამართლე გაითვალისწინებდა.

ქალის დანახვისთანავე, გამომძიებელმა იფიქრა, რომ მამაკაცი სწორად ჩიოდა. ბავშვის დედას ჩავარდნილი თვალები ჰქონდა, წაშლილი სახე და ძალოვანმა დაასკვნა, რომ ეს სწორედ ლოთობის შედეგი იყო.

„ორ ადგილზე ვმუშაობ, რადგან ბავშვს ბევრი რამ სჭირდება, ბინა ნაქირავები მაქვს, ძიძაც ავიყვანე, როცა ღამე მიწევს მორიგეობა, ბავშვთან რომ დარჩეს. ცოტა გადაღლილი კი ვარ, მაგრამ მპირდებიან, რომ ექვს თვეში, სახელმწიფო ერთ ოთახს მოგვცემს და მერე მხოლოდ ერთ სამსახურში ვიქნები, ბავშვს ბაღში მივიყვან და ადამიანურად ვიცხოვრებ“, - თქვა ქალმა და როცა გაიგო, რომ ბრალს ლოთობაში სდებდნენ, გაეღიმა, შეგიძლიათ, მეზობლები დაჰკითხოთო.

მეზობლების დაკითხვამ ორი დღე წაიღო და ყველა აღიარებდა, რომ ქალი ნასვამი არასდროს უნახავთ. პირიქით, ის ბავშვს თავზე ევლებოდა და ცდილობდა, მისთვის არაფერი მოეკლო. რაც შეეხება ცემას, მეზობლებს არც ის დაუნახავთ, დედა შვილს ფიზიკურად რომ შეხებოდა და არც ბავშვის განწირული ტირილი გაუგონიათ სახლიდან. მაშ, რაში სჭირდებოდა მამას ყველაფერ ამის მოგონება? გასაგებია, შეიძლება, ბავშვი უყვარდა, მაგრამ დედისთვის ასეთი ბრალდების უმიზეზოდ წაყენება მორალში არ ჯდებოდა.

„ის ყველას ატყუებს, მეზობლებსაც, ძიძასაც. შეამოწმეთ და ნახავთ, რომ სისხლში ალკოჰოლის ჭარბი შემცველობა იქნება“, - არ ცხრებოდა მამა და იმის მიუხედავად, რომ ბავშვს ნაცემის არაფერი ეტყობოდა, მაინც გადაწყდა, დედას ანალიზები ჩაებარებინა. ანალიზის შედეგად, სისხლში ალკოჰოლის შემცველობა არ აღმოჩნდა და საქმე დასახურად უნდა გაემზადებინათ, როცა... ძიძას ბავშვი მაშინ გასტაცეს, როცა სახლთან ახლოს მდებარე სკვერში ასეირნებდა. ძიძა ამბობდა, რომ მას ვიღაც ქალი მიუახლოვდა, ხელი ჰკრა, შემდეგ კი ეტლიდან ბავშვი ამოიყვანა და გაიქცა. ძიძა დაიბნა, გაკიდება ვერ მოახერხა და მხოლოდ იმის შემჩნევა შეძლო, რომ ქალი თეთრ ავტომობილში ჩაჯდა და გაუჩინარდა. ჰო, საჭესთან მამაკაცი იჯდა, რომლის სახეც ძიძამ ვერ დაინახა. სამართალდამცავები ვერ ხვდებოდნენ, ვინ და რატომ დაინტერესდა ასე ბავშვით და პირველ რიგში, მამას მიაკითხეს.

„ვიცი, ბავშვი რომ მოიტაცეს და მეტიც, ეს მე და დედაჩემმა გავაკეთეთ. ეს ბავშვი მომდევნო ექვსი თვე ჩვენთან იცხოვრებს, მერე კი, თუ მოუნდება, დედამისს დავუბრუნებთ“, - განაცხადა მამამ. რა მოუნდებოდა 3 წლის ბავშვს ექვსი თვის მერე, სასაცილო წარმოსადგენი იყო. ის მშვიდად იჯდა ოთახში და წინ დაყრილ უამრავ სათამაშოს ინტერესით ათვალიერებდა. ბავშვის ბებიაც იქვე იყო და შვილიშვილს სიყვარულით აღსავსე თვალებით შესცქეროდა. რა თქმა უნდა, ბავშვის დედა მალე მოვარდა, ისტერიკა დაემართა და ბავშვს ხელი დაავლო. ამ დროს კი, დედამთილმა იყვირა, შვილიშვილს არ გაგატან, ცემაში მოკლავ, საწყალ ბავშვს მთელი სხეული დალურჯებული აქვსო. დედამ იქვე, სამართალდამცავების თანდასწრებით გახადა ბავშვს სამოსი და მართლაც, მას რამდენიმე ადგილზე სერიოზული სისხლჩაქცევები ჰქონდა.

„ეს... ეს მე არ მიქნია. ღმერთო, რა უქენით ჩემს შვილს“, - აკივლდა ქალი, მაგრამ სანამ სიმართლე არ გაირკვეოდა, მისთვის ბავშვის გატანება სარისკო იყო. ამასობაში, ადგილზე, საიდანღაც ძიძაც მივიდა და... „ჰო, ბავშვი დედამ სცემა“, - ჩუმად თქვა მან და თავი ჩაღუნა. ეს უკვე სერიოზული ბრალდება იყო და რაც მთავარია, გამოძიებას ძიძის სახით, მოწმეს ჰყავდა.

ბავშვი მამის ოჯახს დაუტოვეს, დედა კი დააკავეს. იმის მიუხედავად, რომ ქალი კიოდა, ყველაფერი მომიწყვესო, მას აღარავინ უსმენდა.

„წარმოდგენა არ მაქვს, რატომ თქვა ძიძამ ის, რაც თქვა. მე ბავშვი არასოდეს მიცემია და მეც ძალიან მაინტერესებს, საიდან აქვს მას ამდენი სისხლჩაქცევა და სილურჯე? ეგებ, რომ მოიტაცეს, მაშინ გაუჩნდა, მაგრამ... ძიძამ რატომ თქვა ის, რაც თქვა“, -დაკითხვაზე დედა აშკარად დაბნეული ჩანდა, მაგრამ გამოძიებას მეორე ოთახში ძიძა ეჯდა, რომელიც დეტალურად ჰყვებოდა, როგორ სცემდა პერიოდულად დედა შვილს, როგორ სვამდა თვეში ერთხელ მაინც, გონების დაკარგვამდე და ყველაფერ ამას, სამსახურის დაკარგვის შიშით ითმენდა და არ ამბობდა, მაგრამ...

„იმ დღეს, ბავშვი სასეირნოდ იმიტომ გამოვიყვანე, რომ სამსახურში წასვლამდე ძალიან, ძალიან მაგრად სცემა, მიზეზი კი ის გახლდათ, რომ თურმე, ღამე ბევრს ტიროდა და არ დააძინა, მას კი ძილი სჭირდებოდა. ძლივს გამოვაცალე ხელიდან და ეს პირველად არ მომხდარა“, - ამბობდა ძიძა.

სამართალდამცავება დედა ხელწერილის საფუძველზე გაუშვეს, ახალი სასამართლო უნდა ჩანიშნულიყო და სავარაუდოდ, საუკეთესო შემთხვევაში, დედას ბავშვის ჩამორთმევა და პირობითი სასჯელი არ ასცდებოდა, რაზეც ქალი, უბრალოდ, გიჟდებოდა და ამტკიცებდა, ყველაფერი მოწყობილია, მაგრამ ვერ ვხვდები, რისთვის სჭირდებათ ჩემი შვილი, რეალურად, არც მამა გიჟდება მასზე და დედამთილსაც მისთვის ერთი ღამე არ გაუთევიაო, მაგრამ ვერც იმას ასაბუთებდა, რატომ უნდა მიეცა ძიძას მის წინააღმდეგ ისეთი ჩვენება, რომელიც ციხის კართან მიიყვანდა. სასამართლო პროცესი ერთი თვის შემდეგ უნდა გამართულიყო. მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად, დედა ყოფილი ქმრის ბინას უტრიალებდა და ცდილობდა ბავშვი დაენახა მაინც. მის მიერ დაქირავებული ძიძა, ამჯერად, ქმრის ოჯახმა წაიყვანა და ბავშვი მთლიანად მას ებარა.

„დედა, რომელიც შვილს სცემს, ასე არ იქცევა. რაღაც შეგვეშალა, რაღაც გაგვეპარა. ის ერთი სამსახურიდან წამოვიდა, მარტო ღამის სამუშაო დაიტოვა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ დღისით, საათობით იდგეს, შვილს თვალი რომ მოჰკრას“, - ამბობდნენ გამომძიებლები.

წესითა და რიგით, სიმართლე ძიძას უნდა სცოდნოდა, მაგრამ ის თუ ჩვენებას შეცვლიდა, ცრუ ჩვენებისთვის ციხე არ ასცდებოდა. ამიტომ, სამართალდამცავებმა შემდეგი რამ მოიფიქრეს - ძიძას სახლთან დახვდნენ და პირობა მისცეს, სიმართლის შემთხვევაში, მას სასჯელს აარიდებდნენ, ხოლო მის ძმას, რომელიც ციხეში იჯდა, ვადაზე ადრე გათავისუფლების შესაძლებლობას მისცემდნენ. როცა საქმე ბავშვს ეხებოდა, კომუნისტების დროს, მილიცია ბევრ დათმობაზე მიდიოდა.

„ის საუკეთესო დედაა, ყველაზე კარგი, რომელიც მინახავს. რა თქმა უნდა, არც სვამდა და არც ბავშვი უცემია არასდროს. უბრალოდ, მისი ქმარი და დედამთილი, ერთ-ოთახიან ბინაში ცხოვრობენ და ბავშვი თუ მათთან იქნება, ორ-ოთახიანს მისცემენ. ეს არის ყველაფრის თავი და თავი. ბავშვი, რეალურად, დედამთილმა დაალურჯა, მე ფული მომცეს, რომ მეთქვა ის, რაც ვთქვი და ახლა მიხარია, რომ გავთავისუფლდი სინდისის ქენჯნისგან“, - ჩამოარაკრაკა ძიძამ.

ძიძის ჩვენების შემდგ, პირობითი მსჯავრი უკვე მამას მისცეს, ბავშვი დედას დაურბუნეს, დედამთილი კი... ბავშვის შეგნებულად ცემა-დალურჯებისთვის, ერთი წლით ციხეში გაისტუმრეს და ზედ სამწლიანი პირობითი სასჯელიც მიაბეს.

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე