ვინ არის ლამინ იამალი და რა შუაშია ლიონელ მესი

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი ორი რამით დაამახსოვრდება გულშემატკივარს - საქართველოს ნაკრების მართაც გამორჩეული, ჟინიანი და ჯიგრიანი თამაშითა თუ ქომაგობით და ესპანეთის ნაკრების 16 წლის მოსწავლით, ლამინ იამალით, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ყველა რეკორდი მოხსნა - ყველაზე ახალგაზრდა საგოლე გადაცემის ავტორი, ყველაზე ახალგაზრდა გოლის გამტანი და ა.შ. და მაინც, ვინ არის ლამინ იამალი და რას ნიშნავს, გოლის შემდეგ, მის მიერ გამოსახული ციფრი - 304? მოდით, მისი ბავშვობით დავიწყოთ.

ფეხბურთელი ესპანეთში დაიბადა, მაგრამ მამა მაროკოელი ჰყავს, დედა კი - ეკვატორული გვინეიდანაა. მაროკოს ფეხბურთის ფედერაციამ ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ იამალს ქვეყნის ნაკრებში ეთამაშა, თუმცა მან საბოლოოდ ესპანეთი აირჩია. ამის მიუხედავად, ახალგაზრდა ვარსკვლავს ბუცებზე მაროკოს და ეკვატორული გვინეის დროშები აქვს გამოსახული ანუ ის თავის ფესვებს არ ივიწყებს.

რაც შეეხება გოლის შემდეგ თითებით გამოსახულ ციფრს - 304-ს, საქმე ის გახლავთ, რომ იამალი როკაფონდაში ანუ კატალონიის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ უბანში გაიზარდა, 304 კი ამ უბნის ე.წ. „ზიპ კოდია“. კიდევ ერთი ფოტო, რომელმაც სოციალური ქსელი წალეკა. ფოტოზე რამდენიმე თვის იამალი ლიონელ მესის უჭირავს ხელში და აბანავებს კიდეც. ფოტო 2008 წელს, სოლიდარობის კალენდრისთვის გადაიღეს. კატალონიური გამოცემა ამ კალენდარს ყოველ წელს უშვებს და მასში „ბარსელონას“ ფეხბურთელები ხშირად მონაწილეობენ. საინტერესოა, რომ მაშინ, მესისთან სურათის გადასაღებად, „ბარსამ“ ერთგვარი გათამაშება ჩაატარა, რომელიც... იამალის ოჯახმა მოიგო და ლეომაც ფოტო სწორედ მასთან გადაიღო.

 

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე