ბოშების ბარონის 15 წლის საყვარლის ტრაგიკული ამბავი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბოშა - ერთი შეხედვით, კოლორიტი, რომელიც თბილისს ალამაზებდა, მაგრამ მერე და მერე, ეს სილამაზე სადღაც გაქრა. მარტო საქართველოში კი არა, მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ბოშები ტყუილთან, მკითხაობასა და კრიმინალთან ასოცირდებოდნენ. არაერთ რესპუბლიკაში, რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მათ მიმართ აგრესია გაჩნდა და სავარაუდოდ, ამ აგრესიის შესაკავებლად, ბოშათა ცხოვრების ერთგვარი რომანტიზმის კამპანია დაიწყო. გადაიღეს ფილმი „ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება“, მერე იყო ფილმი „ბოშა“, რომლის მთავარი გმირი, ბუდულაი ერთგვარი რაინდი გახლდათ... დღეს კი... დღეს, ბოშების აბსოლუტური უმრავლესობა მათხოვრობს, თუმცა ამას უფრო ყაჩაღობა და ძარცვა ჰქვია - მოდის არასრულწლოვანი ბოშა და გეუბნება, ან ხურდა მომეცი, ან შეგაფურთხებო. მეტიც, რამდენიმე ბავშვი თუ მოგიახლოვდა, უხეშად ძვრება ჯიბეში, ფულს ეძებს, გპარავს, გართმევს... და სამართალდამცავები ვერაფერს აკეთებენ, რადგან ჯერ ერთი, ისინი არასრულწლოვნები არიან და მეორეც, მათ უმრავლესობას არ აქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, არ აქვს საბუთი. ისე, ნამდვილი ბოშა თითებზე დასათვლელია, ისინი ამბობენ, რომ არ მათხოვრობენ, კრიმინალს არ სჩადიან და ყველაფერ ამას არა ბოშები, არამედ, მოლდოვანები აკეთებენ ანუ მოლდოვური წარმოშობის ხალხი, რომლებიც ბოშობას იბრალებენ...

 

ჩემს ბავშვობაში მშობლები გვაფრთხილებდნენ ხოლმე, ეზოდან არ გახვიდეთ, თორემ ბოშები მოგიტაცებენ და ვეღარ გიპოვითო. ბავშვებსაც გვჯეროდა და ბოშების მიმართ შიშიც გვქონდა... ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბობთ, გმირი არ ჰყავს, ეს არის თავიდან ბოლომდე ერთი დიდი ტრაგედია, რომელიც შეიძლებოდა, არც მომხდარიყო, მაგრამ...

როგორც საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში, საქართველოშიც რუსი ოფიცრები იშვიათობა არ იყო. ისინი ჩამოდიოდნენ ოჯახებით, აქ ცხოვრობდნენ რამდენიმე წელი, შემდეგ კი, სამსახური სხვა რესპუბლიკაში გაისროდა. სამხედრო ოფიცრის ცოლობა ძნელი გახლდათ, მთელი კარიერის განმავლობაში, ქმრისთვის უნდა გედევნა და ერთ ადგილზე ვერ მკვიდრდებოდი. ცალკე იტანჯებოდნენ ბავშვებიც, რადგან ერთი წელი ერთ რესპუბლიკაში სწავლობდნენ, მერე - მეორე რესპუბლიკაში, მერე - სხვაგან და მერე - კიდევ სხვაგან. ჰოდა, ერთ-ერთმა ასეთმა ოფიცერმა, დასავლეთ საქართველოში სამსახურის შემდეგ, ცოლი, უბრალოდ, დატოვა, აქაოდა, ადგილობრივებთან მღალატობდა და ასეთი ქალი არ მჭირდებაო. ცოლთან ერთად, დარჩა 8 წლის შვილი, პატარა გოგონა, რომელიც ვერ ხვდებოდა, რატომ არ წაიყვანა მამამ ისინი მორიგი თავგადასავლისთვის. ქალი მალევე გალოთდა და სასმლის გულისთვის ყიდდა და აკეთებდა ყველაფერს, რისი გაკეთებაც და გაყიდვაც კი შეიძლებოდა. სამიოდე თვეში, თავმომწონე ქალი ჭუჭყიან, გასიებულსახიან, სუნიან „ბომჟად“ იქცა და მასთან მიახლოებაც შეუძლებელი იყო, ისე ყარდა სასმელის, ჭუჭყისა და შარდის სუნით.

მეზობლებს ბავშვი ეცოდებოდათ, რომელსაც სამადლოდ აჭმევდნენ და წესით, საქმეში სამართალდამცავები უნდა ჩარეულიყვნენ, მაგრამ ვერ თუ არ ეცალათ. ბოლოს, ისე მოხდა, რომ ორი ბოთლი არყის სანაცვლოდ, დედამ შვილი ბოშებს მიჰყიდა და მოხეტიალე ტომმაც გოგონა მარტივად წაიყვანა. ქერა, ცისფერთვალება ბავშვი მათ დამატებით შემოსავალს მათხოვრობით მაინც მოუტანდა, აი, მერე, როცა გაიზრდებოდა...

ბოშათა ბანაკი იქიდან მალე აიყარა და სხვა ნავსაყუდელი იპოვა. იქაურებმა იცოდნენ, რომ მათი მეთაური სასჯელს იხდიდა, მაგრამ როცა ციხიდან გამოვიდოდა, ყველას აიძულებდა, კვლავ კრიმინალით დაკავებულიყვნენ და ნაძარცვი მისთვის მიეტანათ. მაშინ ბევრმა არ იცოდა, რომ სწორედ ეს, ბოშათა მეთაური, იმ პატარა გოგონას ცხოვრებას მთლიანად შეცვლიდა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანდა სიკვდილამდე.

ბოშათა ბანაკი ადგილს ხშირად იცვლიდა და სამართალდამცავები მშვიდად იყვნენ, რადგან არც მოსვლის და არც მათი წასვლის შემდეგ, სერიოზული დანაშაული არ ფიქსირდებოდა, თუმცა... მალე, აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში დაბანაკებულ ბოშათა სამყოფელის ახლოს, უმძიმესი დანაშაული მოხდა - მოხუც პენსიონერ ქალს ყელი გამოჭრეს. ძალოვნებს ხელჩასაჭიდი არაფერი ჰქონდათ, რადგან მკვლელობა თითქოს სპონტანური იყო, ქალი პირდაპირ სახლის ზღურბლზე ეგდო. ისე ჩანდა, რომ ვიღაცამ დააკაკუნა, ქალმა კარი გააღო და მაშინვე დანა დაარტყა. მეზობლების თქმით, გარდაცვლილი პენსიით ცხოვრობდა, იშვიათად თუ გაყიდდა კვერცხს ან ხილს, რაც დამატებითი შემოსავალი კი იყო, მაგრამ არა იმდენი, რომ ვინმეს ჰგონებოდა, ბევრი ფული აქვსო. მაშ, რა უნდა ყოფილიყო მიზეზი? ქალს ქმარი გარდაცვლილი ჰყავდა, შვილები და შვილიშვილები ქალაქში ცხოვრობდნენ და ჩვეულებრივი მშრომელები იყვნენ, საშუალო ფენის წარმომადგენლები, რომელთა მიმართ ამგვარი შურისძიება წარმოუდგენელი იყო. ექსპერტის დასკვნაში კი ეწერა, რომ ქალი ორლესული იარაღით იყო მოკლული ანუ დანა, რომლითაც მოკლეს, ორივე მხარეს გალესილი იყო.

„ასეთი დანები ბოშებს აქვთ, მაგრამ რაში სჭირდებოდათ მოხუცის მოკვლა, როცა ისინი მკვლელობაზე მხოლოდ მაშინ მიდიან, როცა დიდი განძი ეგულებათ. არ ჯდება ლოგიკაში, ასე მცირედზე ისინი ხელს არ გაისვრიდნენ“, - ამბობდა გამომძიებელი და სტატისტიკას იშველიებდა. სტატისტიკის მიხედვით, ის მართალი იყო, ისე კი...

ბოშათა ბანაკში ჩხრეკის ჩატარებას აზრი არ ჰქონდა. ჯერ ერთი, ვერაფერს იპოვიდნენ და მეორეც - გამორიცხული იყო, ბოშას ბოშა ჩაეშვა, ალიბის მოფიქრება და შეთხზვა არ გაუჭირდებოდათ. ამიტომ, საქმე სხვა მიმართულებით წავიდა, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ მკვლელობას შემთხვევა თუ გაახსნევინებდა, სხვაგვარად გამორიცხული იყო, ეს საქმე გახსნილიყო.

მომხდარიდან ორი თვე გავიდა და მეზობელ რაიონში, სადაც უკვე გადასული იყო ბოშათა ბანაკი, მორიგი მკვლელობა მოხდა. ამჯერად, მამაკაცი მოკლეს, ისიც საკუთარ სახლში და ბინა პირწმინდად გაასუფთავეს. როგორც მეზობლები ამბობდნენ, კაცი მეფუტკრე იყო, ორასამდე სკა ჰყავდა და საკმაოდ შეძლებულადაც ითვლებოდა. სამართალდამცავები კი იმან დააინტერესა, რომ ისიც ორლესული დანით იყო მოკლული და მალე ექსპერტმა დასკვნა დადო - მეზობელ რაიონში მოკლული პენსიონერი ქალი და ახლა მოკლული მამაკაცი ერთი და იმავე ცივი იარაღით იყვნენ გარდაცვლილნი. ძალოვნებს უკვე ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ მკვლელი სწორედ ბოშათა ბანაკში უნდა ეძებნათ, მაგრამ ვისთვის დაედოთ ხელი? ბოშები ერთმანეთს არ ჩაუშვებდნენ, თუმცა...

„მათ ბანაკში არის გოგონა, რომელიც არ არის ბოშა, სავარაუდოდ, რუსია. როგორმე ის უნდა გამოვიტყუოთ ბანაკიდან და დავკითხოთ. თუ „სისხლი არ გადაუსხეს“, აუცილებლად ალაპარაკდება“, - ასეთი იყო გამოძიების ვერსია, მაგრამ გოგონას გამოტყუება მარტივი ნამდვილად არ იქნებოდა. თვალთვალის შემდეგ გაირკვა, რომ გოგონა ჩრდილივით დაჰყვებოდა მათ ბარონს, მეთაურს, რომლისაც ყველას ეშინოდა და რომელსაც ციხე ახალი დატოვებული ჰქონდა. გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობის ჩამდენი თუ არა, დამკვეთი მაინც, შესაძლოა, სწორედ ის ბარონი ყოფილიყო, რომელსაც მთელი ბანაკი ხელში ეჭირა და გოგონას აშკარად ბევრი რამ ეცოდინებოდა.

„მერე რა, რომ გოგო 15 წელს მიუღწეველია, ის ღამით ბარონის კარავში რჩება და სავარაუდოდ, მისი საყვარელია. ჩვენ შეგვიძლია, ბანაკში შევიდეთ და იქაურობა შტურმით ავიღოთ, ბარონიც დავაპატიმროთ, მაგრამ დიდი შანსია, ყველაფერ ამას მსხვერპლი მოჰყვეს“, - მსჯელობდნენ სამართალდამცავები, მაგრამ რაღაც აუცილებლად უნდა ეღონათ. თანაც, ის უცხო გოგონა, თანატოლებისგან განსხვავებით, სამათხოვროდაც არ დადიოდა, იქ მაინც რომ დაეჭირათ ძალოვნებს. გადაწყდა, ბანაკში დღისით შესულიყვნენ, მაშინ, როცა თითქმის ყველა საშოვარზე იქნებოდა გასული და ბანაკში მხოლოდ ბარონი და ყველაზე ბევრი, 15 ადამიანი იქნებოდა. ყოველი შემთხვევისთვის, შსს-ს თანამშრომლებმა, დახმარება თავდაცვის სამინისტროს სთხოვეს და ბანაკთან ახლოს, საჯარისო შენაერთიც განთავსდა, თუმცა ბარონის დაკავება ბევრად მარტივი აღმოჩნდა - სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია და მათაც, ის, გოგონასთან ერთად, იოლად დააკავეს. ბარონი ძალოვნების ნაცვლად, თანამემამულეებს უყურებდა ჩასისხლიანებული თვალებით და თან ბურდღუნებდა, რომ დავბრუნდები, სჯობს, აქ არ დამხვდეთო. ძალოვნებს იმედი ჰქონდათ, რომ ბოშები მის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდნენ, მაგრამ ამაოდ - ხმის ამოღებას არავინ აპირებდა. სამაგიეროდ, ბარონს ქამარზე ორლესული დანა ეკიდა და... სამართალდამცავებს გოგონას იმედიც ჰქონდათ.

„მე დედამ გამყიდა, მას შემდეგ, ამათთან ვარ. სანამ ეს კაცი მოვიდოდა ბანაკში, ვმათხოვრობდი, მერე ამის საყვარელი გავხდი და ყველგან თან დამატარებდა. კარზე მე ვაკაკუნებდი ხოლმე, რუსული გარეგნობის გამო, ადვილად მიღებდნენ კარს. ის ქალი ამან მოკლა იმიტომ, რომ დაგვინახა, ტყეში როგორ ძალადობდა ჩემზე და დაემუქრა, შენს თავს დავაჭერინებო. ეს უკან ჩუმად გამოჰყვა, კარზე მე დამაკაკუნებინა, მიშველე, გამოვეპარე-მეთქი, ასე მათქმევინა და როცა კარი გააღო, დანა გაუყარა. იმ კაცთანაც მე დავაკაკუნე და ისიც მოკლა. თავის მოკვლა ვცადე რამდენჯერმე, მაგრამ არ გამომივიდა“, - მოთქვამდა გოგონა, რომელსაც ძალიან ავადმყოფური შეხედულება ჰქონდა და კვლევებმა აჩვენეს, რომ მას იშვიათი დაავადება, სისხლის სიმსივნე სჭირდა და გადარჩენის შანსი, პრაქტიკულად, არ იყო.

სასამართლომ ბარონს დახვრეტა მიუსაჯა, თუმცა შემდეგ განაჩენი 15 წლით თავისუფლების აღკვეთით შეიცვალა.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე