ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების მიმართ მუქარაში ბრალდებულს 1 წლით პატიმრობა მიესაჯა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის საქმეზე ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის სიძე, ნოდარ ნიშნიანიძე დამნაშავედ ცნო და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებს საკომუნიკაციო აპლიკაციის მეშვეობით ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ნაკრების ძირითად შემადგენლობაში კონკრეტული პირის არყოფნის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდა და როგორც ნაკრების ფეხბურთელებს, ისე ფედერაციის წარმომადგენლებს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა." ნათქვამია განცხადებაში.

საუბარია 2022 წლის მოვლენებზე, როდესაც შაბათის ფორმულამ მუქარის შემცველი აუდიოჩანაწერები მოიპოვა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

შაბათის ფორმულამ მოპოვებულ აუდიოჩანაწერში საერთაშორისოდ ძებნილი ნოდარ ნიშნიანიძე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს სიცოცხლის მოსპობით და ცემით ემუქრებოდა. წყაროს ცნობით, მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინებები ნაკრების წევრებმა და ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიიღო.

შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებული ჩანაწერის მიხედვით, სადაც ნიშნიანიძე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ლადო დვალიშვილს ესაუბრებოდა, ნიშნიანიძე გაბრაზებული იყო იმის გამო, რომ ბოლო მატჩზე, როდესაც საქართველომ მაკედონიას 2:0 მოუგო ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი.

ნიშნიანიძე ყაზაიშვილის ცოლის ძმაა და უკვე წლებია ქართული ოცნების ხელისუფლებასთანა დაპირისპირებული, რადგან მისივე მტკიცებით, მას გამოძიებამ ჯერ კიდევ 2015 წელს იარაღი ჩაუდო.

მუქარის შემცველ შეტყობინებაში ისმის, რომ ნოდარ ნიშნიანიძე ეჭვობდა, რომ ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში, სავარაუდოდ, სწორედ ნიშნიაძესთან ნათესაური კავშირის გამო ვერ მოხვდა. ის საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ლადო დვალიშვილს ეუბნებოდა, რომ ნათესავი ფეხბურთელის არასამართლიანად დასჯის გამო პასუხს ყველას მოსთხოვდა.

აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ ვაკო ყაზაიშვილმა ფეხბურტის ქომაგებსა და მოქალაქეებს ბოდიში მოუხადა.