ვინ არის რუსი მანიაკი, რომელიც პუტინმა ციხიდან უკრაინაში საბრძოლველად გაუშვა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ზელენოგრადელი ჩიკოტილოს“ სისხლიანი დოსიე

ახლა უნდა გიამბოთ ისტორია კაცზე, რომლის მსგავსიც, ალბათ, ცოტაა. რატომ გამოვარჩიე კონკრეტულად ის, ბოლოს გეტყვით, მანამდე კი, გაიცანით იური გრიცენკო, რომელსაც „ზელენოგრადელი ჩიკოტილოს“ მეტსახელით იცნობენ. ადვილი მისახვედრია, ადამიანის მეტსახელში ჩიკატილო რომ გაიჟღერებს, მას ადამიანობასთან კავშირი ნაკლებად აქვს, მაგრამ მაინც.

 

გრიცენკო 1962 წლის 6 ნოემბერს, ზელენოგრადში დაიბადა. როგორც მეზობლები ამბობენ, ის ძალიან გულჩათხრობილი ბავშვი იყო და მუდმივად კომპლექსები სტანჯავდა. მას ეგონა, რომ არასდროს არაფერი გამოუვიდოდა, რომ არასდროს არავინ შეიყვარებდა, რომ ცოლის მოყვანის პრობლემა ექნებოდა, რადგან არცერთი ქალი მის გვერდით ცხოვრებას არ მოისურვებდა.

ჩვენი „გმირის“ მამა დურგალი იყო, დედა - დიასახლისი, ოღონდ ძალიან, ძალიან მკაცრი ქალი და ფსიქიატრები (და არა ფსიქოლოგები) ვარაუდობენ, რომ გრიცენკოს ჩამოყალიბებაში იმად, რადაც ჩამოყალიბდა, სწორედ დედის გავლენა იყო.

ალბათ, არავინ ელოდა, რომ სკოლის დასრულების შემდეგ, გრიცენკო ჯარში წავიდოდა, მაგრამ მან სწორედ რომ ჯარში სამსახური მოინდომა და როგორც ამბობენ, ორი წლის განმავლობაში, საკმაოდ კარგადაც იმსახურა, ძლიერ მამაკაცად ჩამოყალიბდა და იქიდან დაბრუნებულს, მილიციაში (მაშინ მილიცია ერქვა) მუშაობის დაწყება არ გასჭირვებია. ცოტა ხანში, მან ცოლიც მოიყვანა (სასურველი სასიძოც კი იყო სამსახურის გამო), ორი შვილიც შეეძინა, თითქოს გულჩათხრობილი ბიჭი სადღაც გაქრა, საზოგადოება ძლიერ მამაკაცს ხედავდა, რომელსაც წელზე იარაღი ჰქონდა და კანონს იცავდა, მაგრამ...

„რეალურად, ის კომპლექსიანი ბიჭი არსად გამქრალა. მას ძალოვან უწყებაში სამსახური სწორედ იმ კომპლექსების დასაძლევად სურდა, რომელიც ჰქონდა. მისთვის პატივი უნდა ეცათ იმის გამო, რომ ფორმა ეცვა და კანონს ემსახურებოდა. მას იმისიც კი არ სჯეროდა ბოლომდე, რომ ცოლი სიყვარულით გაჰყვა და ბავშვებიც სიყვარულით გააჩინა“, - იტყვის მოგვიანებით ფსიქიატრი.

ნელ-ნელა, გრიცენკო სასმელს მიეძალა და ერთ მშვენიერ დღეს, სამართალდამცავი ჩვეულებრივ ლოთად იქცა. ის თვრებოდა ქუჩაში, იძინებდა ხის ძირში, ტროტუარზე, ბავშვთა სათამაშო მოედანზე. მისთვის იარაღი რომ არ მოეპარათ, განყოფილების უფროსმა იარაღის ტარების უფლება აუკრძალა, რამაც გრიცენკო მორალურად სულ მოსპო და დალევას უმატა. ჰოდა, ერთ დღესაც, როცა გამოფხიზლდა, უთხრეს, რომ სამსახურიდან ერთი თვის გათავისუფლებული იყო. რა ძნელი მისახვედრია, რომ ასეთ ადამიანთან ცხოვრება არც ცოლს სურდა. მან ბავშვებს ხელი მოჰკიდა და საცხოვრებლად დედასთან გადავიდა, თუმცა მეზობლები ამტკიცებენ, გრიცენკოს არც კი შეუმჩნევია, ცოლ-შვილი რომ დაკარგა, მუდმივად მთვრალი იყო და ვერ ხვდებოდა, როდის დღე იყო, როდის - ღამე, მთავარი გახლდათ, სასმელისთვის რაღაც თანხა ჰქონოდაო.

1993 წელს, მეზობლები გრიცენკოსთან ხმაურის გამო შევიდნენ. სამზარეულოში, სისხლში ვიღაც ქალი ცურავდა, გრიცენკო კი ტაფით ხელში იდგა და უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა. რა თქმა უნდა, მეზობლებმა სამართალდამცავებს გამოუძახეს და ყოფილმა კოლეგებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. რა ძნელი მისახვედრია, რომ მკვლელობა მარტივად დაუმტკიცდა, თუმცა თავის გასამართლებლად იძახდა, რომ მეძავი მის გაქურდვას და მისი სახლიდან რაღაც ნივთების წაღებას აპირებდა, რაც მარტივი მიზეზის გამო არ დაიჯერეს - რაც გასაყიდი იყო, გრიცენკოს უკვე ყველაფერი გაყიდული ჰქონდა. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და სასჯელის მოსახდელად, ორენბურგის ციხეში გაგზავნეს.

2000 წლის ზაფხულში, გრიცენკო ციხიდან გამოუშვეს, რადგან სანიმუშო ყოფაქცევისთვის, წელიწადნახევარი აპატიეს.

გაგიკვირდებათ და, ციხიდან დაბრუნების შემდეგ, გრიცენკომ ცოლს პატიება სთხოვა, შეურიგდა და თევზის მაღაზიაში მტვირთავად მუშაობაც კი დაიწყო. თითქოს, ყველაფერი დალაგდა, მაგრამ გრიცენკომ კვლავ გაიხსენა არყის გემო და ყველაფერი ახლიდან დაიწყო - ცოლმა მიატოვა, სამსახურიდან გამოუშვეს... თუმცა, იმასაც ამბობდნენ, ცოლი მას შემდეგ გაექცა, რაც ერთხელ, მთვრალმა მოუყვა, როგორ აუპატიურებდნენ მას ორენბურგის ციხეში სხვა პატიმრები. გაითვალისწინეთ ისიც, რომ გრიცენკო, როგორც ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი, სასჯელს კოლეგებთან ერთად იხდიდა და არა - რიგით კრიმინალებთან. ცოლი მას სასამართლოს გზით, 2000 წლის 3 დეკემბერს დაშორდა და ამ შემთხვევაში, ეს თარიღი ძალიან მნიშვნელოვანია. განქორწინებიდან ერთ კვირაში, გრიცენკო ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში დარეგისტრირდა, სადაც შიზოფრენიით მკურნალობის კურსს გადიოდა.

2001 წლის 4 აპრილს, ზელენოგრადში ის ქალს დაესხა თავს და ჩაქუჩით უმძიმესი ტრავმები მიაყენა. მომდევნო ორი დღის განმავლობაში, გრიცენკომ საერთო ჯამში, თავდასხმა ხუთ ქალზე განახორციელა და ექიმებმა ორი მათგანის გადარჩენა ვერ მოახერხეს. ადგილობრივი სამართალდამცავები ფეხზე დადგნენ, მიხვდნენ, რომ ქალაქში მანიაკი გამოჩნდა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ. რაც მთავარია, ყველა თავდასხმა ცენტრალურ პარკში მოხდა და შესაბამისად, შსს-ს თანამშრომლების უდიდესი ნაწილი სწორედ იქ მორიგეობდა - ზოგს მეეზოვის ფორმა ეცვა, ზოგი ნაყინს და ტკბილეულს ყიდდა, ზოგიც - გაზეთებს, თუმცა სამდღიანი ტერორი შეჩერდა და ამის მიზეზი ძალიან მარტივი იყო - გრიცენკო დისპანსერში მივიდა და სამკურნალოდ დატოვეს, აქაოდა, მდგომარეობა გართულებული გაქვსო. პარალელურად, გადარჩენილი ქალების მონათხრობით, შეადგინეს ფოტორობოტი, რომელიც არაფრით ჰგავდა ნამდვილ დამნაშავეს. ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ, მანიაკი დისპანსერიდან გაწერეს.

მისი გაწერიდან მალევე, თავდასხმა კიდევ სამ ქალზე განხორციელდა, საიდანაც ორი ისევ გარდაიცვალა და ქალაქი ისევ პანიკამ მოიცვა. ბედის ირონიით, გრიცენკომ ისევ საავადმყოფოს მიაკითხა და ამჯერად, გართულებული მდგომარეობის გამო, ის ორი თვით გამოკეტეს და ქალაქშიც თითქოს სიმშვიდემ დაისადგურა, მაგრამ დისპანსერიდან გათავისუფლებულმა მანიაკმა, კვლავ ჩაქუჩი მოიმარჯვა და სანადიროდ გავიდა. მის კისერზე უკვე ექვსი მკვლელობა იყო და ძალოვნებმა აღარ იცოდნენ, რა ექნათ. ყველაფერი კი, ერთი ავტობუსის რიგითმა მძღოლმა დაასრულა. ის საღამოს, სამუშაოს შემდეგ, შინ ბრუნდებოდა, როცა დაინახა, როგორ დაესხა ვიღაც კაცი ქალს ჩაქუჩით და უმოწყალოდ ცემა დაუწყო. ასაკის მიუხედავად (65 წლის), მძღოლი მამაკაცს ხელებში ეცა, მიწაზე დააგდო და ხელები ქამრით გაუკოჭა, შემდეგ კი, გამვლელებს მილიციის გამოძახება სთხოვა. ასე დააკავეს 2001 წლის 19 ნოემბერს იური გრიცენკო, მანიაკი, რომელმაც შემდეგ „ზელეენოგრადელი ჩიკოტილოს“ მეტსახელი მიიღო.

სასამართლო რამდენიმე თვე გაგრძელდა, 2002 წლის 22 აპრილს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ გრიცენკო შერაცხადად სცნო და მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასჯელის მოსახდელად კი მორდოვიის რესპუბლიკის, ზუბოვო-პოლიანსკის რაიონის სოფელ უდარნიში მდებარე, ნომერ მეათე გამოსასწორებელ კოლონიაში გადაიყვანეს.

სასჯელის მოხდის პირველივე წელს, გრიცენკოს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. იგი თავს დაესხა ჯერ პატიმრებს, შემდეგ ბადრაგს და საბოლოო ჯამში, სასჯელის მოსახდელად ის სამარტოო საკანში გამოკეტეს, სადაც 13 წელი გაატარა. 2015 წელს, ჩვეულებრივ კოლონიაში დააბრუნეს და გრიცენკო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ციხეში სამუშაო მიეღო, მაგრამ მას მხოლოდ ხე-ტყის საამქროში მუშაობის ნება დართეს და თანაც ისე, რომ ლითონთან არ ჰქონოდა შეხება.

ადმინისტრაცია შიშობდა, რომ მსჯავრდებული ლითონის საგნებს სხვა პატიმრების, ან ბადრაგის დასაშავებლად გამოიყენებდა.

2020 წელს, მისი ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, გრიცენკო სპეციალური ფსიქიკური კომისიის მეეთვალყურეობის ქვეშ მოათავსეს და იმის გათვალისწინებით, რომ მას სასჯელის ვადა გასდიოდა, დაიწყეს დაკვირვება და მსჯელობა, ვადის ამოწურვის შემდეგ, ის თავისუფლებაზე გაეშვათ, თუ ფსიქიატრიულში დაებრუნებინათ. ოფიციალური დოკუმენტაციით, გრიცენკოს სასჯელაღსრულების დაწესებულება, 2024 წლის 14 ივნისს ანუ ორიოდე კვირის წინ უნდა დაეტოვებინა, მაგრამ...

აქ იწყება ყველაზე საინტერესო - 2023 წლის სექტემბერში, გრიცენკომ რუსეთის პრეზიდენტის სახელზე დაწერა წერილი, რომლის მიხედვითაც, გათავისუფლების შემთხვევაში, ის მზად იყო, უკრაინაში გასამგზავრებლად და საბრძოლველად. არავის ეგონა, თუ პრეზიდენტი მას შეიწყალებდა. მეტიც, ექიმების რეკომენდაციის მიხედვით, გრიცენკოს თავისუფლებაზე გაშვება სახიფათო იყო და მას გათავისუფლების შემდეგ, მკურნალობა ფსიქიკურ დისპანსერში უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ... ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, იური გრიცენკო შეწყალებულ იქნა და გათავისუფლების შემდეგ, ის უკრაინაში საბრძოლველად გაუშვეს. როგორც რუსული მედია წერს, მან უკვე მოიხადა კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა და შეუძლია, სახლში დაბრუნდეს, მაგრამ ის კვლავ უკრაინაში რჩება და ამბობს, რომ ომში თავს კარგად გრძნობს და არ იცის, სახლში დაბრუნების შემთხვევაში, მშვიდობიან გარემოში, რა უნდა გააკეთოს. აქ, ალბათ, წერტილის დასმაც შეიძლებოდა, მაგრამ მრავალწერტილი უფრო უპრიანი იქნება...

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე