ბრძოლა მძიმე სენთან - რა გზა გაიარა ხათუნა სამნიძემ და როგორ დაამარცხა კიბო

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2023 წლის 14 დეკემბერს, როცა საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, დეპუტატ ხათუნა სამნიძეს თითქმის ორთვიანი სამედიცინო კვლევების შემდეგ სიმსივნე აღმოაჩნდა, სიმსივნე, რომელიც უკვე შორს იყო წასული და სასწრაფოდ საჭიროებდა ჯერ ქირურგიულ ჩარევას, შემდეგ კი მკურნალობას.

ხათუნა სამნიძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გულახდილად ჰყვება საკუთარი დაავადების შესახებ, რამდენიმე თვიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ იგი ამბობს, რომ ის უკვე გამოჯანმრთელდა და სურს სხვა ონკოპაციენტებისთვის იმუშაოს უკეთესი სამედიცინო სისტემის შექმნაზე და იყოს მათთვის მოტივაციის წყარო. 

ხათუნა სამნიძე რადიო თავისუფლებასთან აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის პრობლემებზე აუცილებელია ხანდახან საჯაროდაც ვისაუბროთ, რადგან ჯანდაცვა არის პოლიტიკა. 

"მე თვითონ შევეჯახე ამ პროცესს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანდაცვის პოლიტიკას, იმისთვის, რომ პაციენტზე იყოს ორიენტირებული".

პირველი ეჭვი მძიმე სენის შესახებ 

"მე ძალიან ჯანმრთელ ცხოვრების წესს მივსდევდი, განსაკუთრებით ბოლო წლებში: კვება, ვარჯიში. ძალიან ჯანმრთელად ვგრძნობდი თავს. დღეში 20 კილომეტრს დავდიოდი, არანაირი პრობლემა არ მქონდა, პოლიტიკურადაც აქტიური ვიყავი. ამ დროს სრულიად შემთხვევით დამისვეს ასეთი დიაგნოზი. ეს იმდენად მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო, რომ თავიდან ეჭვი რომ გაჩნდა მე არ დავიჯერე და გავაგრძელე ჩვეულებრივად ცხოვრება. მინდა ქალებს ვუთხრა, რომ არ დაიზარონ არასდროს და ყოველ 6 თვეში შეემოწმონ, რაც არ უნდა კარგად გრძნობდნენ თავს, იმიტომ, რომ ჩემს დაავადებას "ჩუმ მკვლელს" - ეძახიან. ჩუმი მკვლელია, რომელსაც ბოლო სტადიამდე ვერ გრძნობს ქალი. 

ეს დაავადება დამიდასტურეს მაშინ, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო. მანამდე იყო ეჭვი, ამ ეჭვს ერთი წამითაც არ გავუჩერებივარ. ოქტომბერში, ბათუმში ვიყავი და ვიბანავე, მეგონა, რომ გავცივდი. წელიწადში ორჯერ დავდივარ ყოველთვის ექიმთან, ჩემი დაბადებისდღის წინ, ტრადიციად მაქვს, ამ შემთხვევაში დროზე ადრე მივედი. მე ასევე დედა გარდამეცვალა, ისიც ონკოპაციენტი იყო, მისი ბრძოლა მაქვს ნანახი, მაგრამ მაინც საშინლად დასრულდა, სულ ვიძახდი ხოლმე ამის შემდეგ, რომ მე თუ დამემართა აზრი არ ჰქონდა არაფერს. 

ექიმმა მითხრა, რომ არ ვიყავი გაციებული და მირჩია, რომ სხვანაირადაც შევმოწმებულიყავი, ონკომარკერზე გამიშვა, ამას სხვადასხვა ეჭვის გარეშე არ იტარებენ. მარკერი იყო მაღალი, მაგრამ სერიოზულად არ მიმიღია, ჩავთვალე, რომ ანთებითი პროცესები იყო. გამიშვა ექოზე და მანაც არაფერი არ აჩვენა, ამიტომ ეძახიან მას ჩუმ მკვლელს, რადგან არაფერი ჩანდა გავიკეთე კომპიუტერიული ტომოგრაფია. 

ეს არის საკმაოდ ძვირი ჩვენს ქვეყანაში, მე დაზღვევა მქონდა, პარლამენტის წევრი ვარ და ამან ხელი შემიწყო, მაგრამ სხვა ადამიანებს, როცა აქვთ ეჭვი შეიძლება ეს პროცედურა არ ჩაიტაროს. თუმცა არც კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა ბოლომდე, ეჭვის დონეზე ეწერა. ეს იყო მეოთხე სტადიაში გადასული, რომელიც არ ჩანდა ასე კარგად".

დადასტურებული დიაგნოზი და სიკვდილთან თვალის გასწორება

"ამის შემდგომ წავედი პროფესიონალ ქირურგთან, რომელმაც ამ ყველაფერს გადახედა და მთხოვა, რომ გაგვეკეთებინა ლაპარასკოპია, რაც არის პატარა ოპერაციული ჩარევა, მიკროსკოპით შემოწმება, თუ რა ხდება. მე ძალიან ვიუარე, რადგან ბოლომდე არაფერი იყო დადასტურებული. პირველი ეჭვი იყო ჩემს დაბადების დღეზე, ტორტი ჩავაქრე სამსახურში და მოვიდა მესიჯი.

მოკლედ, დავუჯერე ქირურგს და გავიკეთე ლაპარასკოპია, როდესაც გავიღვიძე, დღესაც მახსოვს ეს კოშმარი, ექიმმა მითხრა, რომ ეს ის იყო რაზეც ეჭვი გვქონდა. ძალიან განვიცადე. მაგ დღეს მარტო დამტოვეს პალატაში ამ ინფორმაციასთან, მეორე დღეს უნდა გავეწერე. ეს იყო უმძიმესი ღამე ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი წინ დამიდგა, რაც დედამ გადაიტანა. ქირურგი იცნობდა დედაჩემს და მითხრა, რომ შემეწყვიტა დედაზე ფიქრი, რაგდან ეს სულ სხვა ვითარება იყო. არ მახსოვდა ვინ რას მეუბნებოდა. იმ დღეს ყველა მატყუებდა, ვიცოდი, რომ მქონდა პირველი სტადია, რადგან ძალიან ემოციურად ვიყავი. 

დავრჩი მარტო და ხმამაღლა ვტიროდი მთელი ღამე. სიკვდილზე ფიქრობ ამ დროს, რომ შენი ცხოვრება შემოისაზღვრა. 

რეალურად მთელი თვე იყო ეჭვი, რომელსაც თვალებში არ ვუყურებდი. საბოლოო დიაგნოზი სწორედ დაემთხვა იმ დღეს, როდესაც სტატუსი მივიღეთ. ჩემი თავი, რომ გამოვიტირე შემდეგ მოვიდა უდიდესი სიხარული ჩვენი ქვეყნის ევროპული სტატუსის შესახებ. შამპანურით ხელში მივედი პარლამენტში და ბრიფინგი ჩავატარეთ გოგოებმა. ჩემს შესახებ არავინ არ იცოდა.

ექიმმა შემაპარა საბოლოოდ, რომ ეს იყო მესამე სტადია და სასწრაფოდ უნდა ჩაგვეტარებინა ოპერაცია. ახალ წელს გავიკეთე ოპერაცია. 

პირველად ვუთხარი უახლოეს მეგობრებს და ჩემს და-ძმას, რომლებიც ჩემსავით სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი, რომ არაფერი არ იქნებაო, რომ მოვიდა მესიჯი ყველაფერი სერიოზულად ყოფილაო- ეს იყო ჩემი ძმის რეაქცია. გამოიქცა ბათუმიდან და იმის შემდეგ არ მომშორებია გვერდიდან. ბოლოს ვუთხარი ჩემს შვილს".

პოსტოპერაციული მომზადება და ოპერაციის შედეგები

ოპერაციის წინ, როდესაც ქირურგმა ამიხსნა სირთულე ოპერაციის, რომელიც ძალიან რადიკალური იყო. მან გამაფრთხილად, რომ შენ ფიზიკურად მზად ხარ, მაგრამ აქ არის მთავარი პრობლემა, მთავარი შოკი ტვინისთვის, რომ ამხელა რაღაც უნდა გადაიტანო. გამაფრთხილა, მელაპარაკა ამაზე. 

ოპერაციამ კარგად ჩაიარა, დიდხანს ვიყავი კლინიკაში. ახალ წელს და შობას იქ შევხვდი. ჩემი მეგობრები მორიგეობით ჩემთან იყვენენ. როდესაც უკვე ფეხზე წამოვდექი, დაიწყო გაუარესება ჩემი მდგომარეობის.

მკურნალობის დაწყების რთული ეტაპი 

მე ვგეგმავდი აქ მკურნალობას, არ მინდოდა ჩემი დის შეწუხება, რომელიც ამერიკაშია, დედა იქ გარდაიცვალა და მე იგივე ტრავმას ვერ მივაყენებდი. არ წავიდოდი იქ, სადაც ვსწავლობდი და იყვნენ ჩემი მეგობრები, რადგან ეს არის ძალიან სერიოზული ამბავი, ასეთი დაავადებით არავის ცხოვრებაში არ უნდა შეიჭრა. თურქეთზე იყო საუბარი და არ დავთანხმდი, ენა უნდა მესმოდეს სადაც ვიქნები-მეთქი - პრინციპული საკითხი იყო. ამიტომ გადავწყვიტე დავრჩენილიყავი აქ. 

გაუარესდა ვითარება, როდესაც რამოდენიმე ექიმმა შეკითხვებით დაიწყო საუბარი, ამ ყველაფერმა ჩემს ფსიქიკაზე ძალიან იმოქმედა. სიცხეები მქონდა და ვერსიების ჩამოთვლა დაიწყო. ინფექცია, რომელიც ოპერაციის შემდეგ შეიძლებოდა ყოფილიყო, ანთება, ბევრ ვერსიას განიხილავდნენ. კიდევ ერთხელ დამაწვინეს კლინიკაში, ემოციურად ისე იმოქმედა, რომ მე უკვე წინააღმდეგობა გავუწიე, რომ არ დავწვებოდი. მაშინ უნდა მცოდნოდა რას აკეთებდნენ, მიხსნიდნენ, მაგრამ მაინც მეშინოდა. უნდა წავსულიყავი სხვა კლინიკაში ანალიზებზე, პაციენტი, რომელიც ვერ დადის რატომ უნდა წავიდეს სხვა კლინიკაში არ მესმის, იქ რატო არ უნდა იყოს ყველაფერი. არცერთ ექიმს არ ვაბრალებ ამას, მესმის, რომ ეს ასეთი პოლიტიკაა. ყველგან იყო ეჭვი. 

მკურნალობის გაგრძელება სხვა ქვეყანაში და ფინანსური პრობლემები 

ჩემმა მეგობრება გადაწყვიტეს და უკვე ნათესავებიც ჩაერივნენ, რომ უნდა წავსულიყავი სხვა ქვეყანაში. დავთნხმდი მეც, იმიტომ, რომ ღამის 12 საათზე მივდიოდი ერთ კლინიკაში გადასხმაზე, შემდეგ დილით და ამას არ მოჰქონდა შედეგი. უფრო უარესად ვხვდებოდი. მე ძალიან განვიცდიდი, სხვისი შეწუხება არ მინდოდა. საბოლოოდ, როგორც კი დამრთეს ნება რომ მგზავრობა შეიძლებოდა, ძმამ წამიყვანა, მან გვერდზე გადადო ყველაფერი და თავიდან ბოლომდე იყო ჩემთან. 

საზღვარგარეთ მკურნალობა ძალიან ძვირია. რამდენიმე ადამიანია ჩემს ცხოვრებაში, ურთულეს პერიოდში, რომელებიც გამორჩეულად მედგნენ გვერდში. მთავარი პერსონები არიან ვინც გადამარჩინა. ფინანსურად ძალიან დამიდგნენ მხარში, იყო ერთ-ერთი მთავარი ვინც მითხრა, რომ აგერ ვარ. არ იყო ჯერ შეგროვებული თანხა, მაგრამ გამგზავრებისთვის სასწრაფოდ შეგროვდა. ყოველ დღეს ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან ქიმიას აქ ვერ მიწყებდნენ. 

ძალიან განვიცდიდი, რომ მივდიოდი, რადგან პარლამენტის წევრი ვარ და სხვა ქვეყანაში მიწევდა ამ ყველაფრის გაკეთება. გულწრფელად დიდხანს არც ვჩანდი და ვამბობდი, რომ წასული ვიყავი, დამნაშავის შეგრძნება მქონდა. 

როდესაც იქ ჩავედი და გავიცანი პაციენტები, რაღაცნაირი გარემო იყო, გადასხმაზე, რომ ვიჯექი, თითქოს ცოცხალი იყო ყველა. პირველი, რაც მკითხა ერთ-ერთმა ექიმმა, შენ სიკვდილზე ფიქრობო - კი-მეთქი და შეწყვიტეო მითხრა, რადგან გამოგაჯანმრთელებთო. 

ყველამ ვიცით, რომ სიკვდილი გარდაუვალია, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობთ, ამ დაავადების დროს ისეთი განცდა გაქვს, რომ შენი ცხოვრება შემოსაზღვრულია. 

იქ მკურნალობის დროს, მიდგომა ასეთი იყო, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ქრონიკული დაავადება და უბრალოდ იბრძვი, იქ არ ხარ იმიტომ, რომ იმკურნალო და წახვიდე, სანამ მკურნალობ მაშინაც ცხოვრობ. ეს განცდა არ მქონდა საქართველოში. 

მკურნალობის პრობლემები საქართველოში 

როდესაც ფეხზე დავდექი მყარად, ვთხოვე, რომ მინდოდა საქართველოში დაბრუნება და მითხრეს, რომ უსაფრთხო იყო ჩემი წამოსვლა. ბევრი ლაპარაკობს ამაზე და მე არ ვარ პირველი, რომ ჩვენთან წამლების ხარისხი არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. გვიან შემოდის, ხარისხზეც ეჭვებია, კორუფციაზეც... ამაზე უნდა ვიმუშავო და დავეხმარო ონკოპაციენტებს. 

წამოვედი და წამლები გამომატანეს. ბოლო სამი ქიმია აქ უნდა გამეკეთებინა. ავარჩიე ექიმი, ჩვენთან მიდგომა ასეთია, რომ ყველაზე ცნობილი ონკოლოგი უნდა აარჩიო, ყველაზე მაგარი და სახელგანთქმული ვინც არი, რომლების სფეციპიკაც ის არის, რომ ერთხელ გნახავენ, სქემას შეგიდგენენ და არასდროს აღარ გნახულობენ. მერე გხვდება მათი თანაშემწე და დგახარ საათობით რიგში, ეს მოვისმინე უამრავი ონკოპაციენტისგან და ძალიან გაბრაზებული ვარ. საზღვარგარეთ არცერთ შემოწმება არ ყოფილა ჩემი მკურნალი ექიმის გარეშე. აქ ეს ასე არ ხდება. 

ამიტომ, რომ ჩამოვედი ვინც ჩემმა ქირურგმა მირჩია, იმ ექიმის პაციენტი ვარ დღემდე. ძალიან ყურადღებიანი ადამიანია. როდესაც სხვა კლინიკაში მივედი დარჩენილი სამი გადასხმის გასაკეთებლად, დამოკიდებულება ვიგრძენი ძალიან უხეში. აქ ვიგრძენი, რომ ონკოპაციენტი გადადებულები არიან. მთლიან კლინიკაში იყო ეს გარემო. ეს მათი ბრალი არ არის, ასეთი აღქმაა ქვეყანაში, დაბალი ხელფასები, რამდენიმე ადგილას მუშაობენ ეს ექიმები, ეს არ არის მათი ბრალი, ეს არის სისტების, რადგან მათ არ აქვთ იმდენი დრო, რომ პაციენტებზე იყვნენ ორიენტირებულები. ეს არის შესაცვლელი. 

რწმენა და განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, მე აქ ჩამოვედი, სამსახურში გავედი, ბედნიერი ვარ, რომ მუშაობა ისევ შემიძლია. პარლამენტში, რომ შევედი ეს იყო სასწაული განცდა. 

მომავლის გეგმები 

ყველა ვერსიას განვიხილავდი, დამენებებინა ყველაფრისთვის თავი და სხვაგან გადავსულიყავი. ბოლოს მივედი დასკვნამდე, რომ არა, ჯანდაცვა არის პოლიტიკა და აქ უნდა ვცადო ამ თემატიკის წამოწევა წინასაარჩევნო პერიოდში, თუ მოვხვდები პარლამენტში შემდეგ მოწვევაში, იქ უკვე ამ თემების საკუთარი გამოცდილებით შევეჭიდები. ექიმებმა კარგად იციან, რომ პრობლემებია ამ მხრივ, რადგან თავად არიან ნაწილი ამ ყველაფრის, ამიტომ მგონია, რომ იმ ექიმებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს საკითხი პოლიტიკაში გააქტიურდეს. ჩემი მთავარი თემა იქნება ჯანდაცვა, არამგონია გადავუხვიო, მითუმეტეს მაშინ როდესაც ვხედავ რამხელა იმედი გაუჩნდათ ჩემნაირ პაციენტებს. ყველასთვის მინდა ვიყო ხმა პარლამენტში, მინდა, რომ ამ თემების გაჟღერების და შედეგამდე მიყვანის იმედი გავაჩინო და შევძლო მიზნის შესრულებაც. 

მომზადებულია რადიო თავისუფლების ინტერვიუს მიხედვით