ვინ და რატომ მოკლა ქალაქში ცნობილი ექიმი ქალი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

თუ საქმეში მოწმეს რამე ინტერესი არ აქვს, ის ოქროდ ფასობს ანუ მთავარია, მოწმე რომელიმე მხარის ინტერესს არ იცავდეს და ნეიტრალური იყოს, მერე ყველაფერი მარტივად ლაგდება - მოწმე ჩვენებას აძლევს სასამართლოზე, მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას. საქმე, რომელიც ერთი შეხედვით რეზონანსული არ უნდა გამხდარიყო, სწორედ მოწმეების ჩვენების შედეგად აიხლართა და საბოლოოდ, ის შედეგი დადგა, რომელიც არ უნდა დამდგარიყო.

 

დედაქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი, რომელსაც ქალი მართავდა, ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. ქალს გაქცევა არ უცდია, პირიქით, დაზარალებულის დახმარებას ცდილობდა, ბოლო ხმაზე ყვიროდა, სასწრაფოს გამოუძახეთო და, რა თქმა უნდა, სასწრაფო დახმარების მანქანასთან ერთად, სამართალდამცავებიც მივიდნენ. ექიმებმა იქვე თქვეს, დაზარალებული გარდაცვლილიაო, ძალოვნებმა მისი ვინაობა გაარკვიეს - 32 წლის ქალი, რომელიც სავარაუდოდ, შინ მიდიოდა და იმის გამო, რომ უკვე დაღამებული იყო, ვარაუდობდნენ, გარდაცვლილი იქვე, ახლოს ცხოვრობდა, თუმცა ადგილობრივებმა ვერ იცნეს და თქვეს, აქაური არ უნდა იყოსო.

„შეგიძლიათ, არ დამიჯეროთ, მაგრამ იმედია, ვინმე კიდევ დაინახავდა. მე ამ ქალს არ დავჯახებივარ, თან ნელა მოვდიოდი. მას ვიღაც კაცი ეკამათებოდა, სწორედ იმ კაცმა ჰკრა ხელი და პირდაპირ ბორბლებში შემომიგდო, დამუხრუჭებაც ვერ მოვასწარი ნორმალურად, რადგან მანძილი ძალიან მცირე იყო და სწორედ ამიტომ, თითქმის გადავუარე. არ მჯერა, რომ სხვამ ვერავინ დაინახა“, - ამბობდა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მანქანის მძღოლი და რა თქმა უნდა, სამართალდამცავებს მისი არ სჯეროდათ, რადგან მოწმე, რომელიც მის სიტყვებს დაადასტურებდა, უბრალოდ, არ ჩანდა, თუმცა...

მძღოლი დააკავეს, ქალის ვინაობა გაარკვიეს, საცხოვრებელიც და... ერთბაშად ორი მოწმე გამოჩნდა, რომლებიც სიტყვა-სიტყვით იმეორებდნენ იმას, რასაც მძღოლი ამტკიცებდა - გარდაცვლილი ვიღაც მამაკაცს ეკამათებოდა, შემდეგ კი, ამ კაცმა შეგნებულად, ძალით ქალს ხელი კი არ ჰკრა, არამედ, პირდაპირ ისროლა მომავალი მანქანის საბურავებისკენ და დამუხრუჭება წარმოუდგენლად რთული იყო. გაჩნდა ეჭვი, რომ დაკავებულის მეუღლემ (რომელსაც ფული ნამდვილად არ უჭირდა), ეს მოწმეები იპოვა, მოისყიდა, ფული გადაუხადა, ყალბი ჩვენება მიაცემინა, მაგრამ... ყველაფერი ეს, დროში არ ემთხვეოდა ერთმანეთს. ჯერ ერთი, ქალი ადვოკატთან არ იყო შეხვედრილი და ქმარს მისი ვერსია არ ეცოდინებოდა და მეორეც, ორივე მოწმე ასაკში იყო, რაც ქრთამის მიღების ფაქტს თითქმის გამორიცხავდა - ამ ასაკში ადამიანები ძალიან ფრთხილობენ და რაც მთავარია, ჯვარედინი დაკითხვის მიუხედავად, ისინი ჯიუტად ერთსა და იმავეს იმეორებდნენ ანუ ყველაფერს ზუსტად ისე ჰყვებოდნენ, როგორც ნამდვილი მოწმეები, რომლებმაც ყველაფერი მართლაც, საკუთარი თვალებით დაინახეს.

„გუშინ იმიტომ არ ჩამოვედით ეზოში, რომ ჯერ ერთი, გვიანი იყო და მეორეც, დარწმუნებულები ვიყავით, რომ ჩვენს გარდა, ვინმე დაინახავდა და იტყოდა, რომ ის ქალი მანქანის ქვეშ მამაკაცმა შეაგდო. დღეს კი, უბანში გავიგეთ, ერთი მოწმეც ვერ უპოვიათ და ამიტომ, საკუთარ მოვალეობად ჩავთვალეთ, აქ მოვსულიყავით და სიმარლე გვეთქვა. რა თქმა უნდა, იმ კაცის აღწერას ვერ შევძლებთ, რადგან ღამე იყო, მაგრამ ის რომ მამაკაცი გახლდათ, უეჭველია“, - ამბობდნენ მოხუცები.

ეს კი, უბედურ თუ ავტოსაგზაო შემთხვევას კი არა, მკვლელობას ჰგავდა და ძალოვნებსაც იმაზე მეტი უნდა ეშრომათ, ვიდრე გეგმავდნენ. გარდაცვლილი გათხოვილი იყო, როგორც თვითონ, ისე მეუღლე, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გახლდნენ, ყველას ეხმარებოდნენ, ყველა მადლიერი ჰყავდათ. იმდენად კარგი სპეციალისტები იყვნენ, რომ ისინი კლიენტებს სახლშიც აკითხავდნენ, იქაც უწევდნენ მომსახურებას და ყველა ბედნიერი იყო. ერთადერთი, რაც ოჯახის სატკივარი გახლდათ, უშვილობა იყო, თუმცა ეს პრობლემაც მოგვარდა და... გარდაცვლილი ერთი თვის ფეხმძიმე გახლდათ. ქმარი ადგილს ვერ პოულობდა, მაგრამ ის კი თქვა, სადაც ავარია მოხდა, იქვე, ახლოს მდებარე კორპუსში, კლიენტთან იყო, რომელსაც სპეციალურ მასაჟს უკეეთებდაო. კლიენტი ახალგაზრდა გოგონა გახლდათ, რომელიც აშკარად ხელგაშლილ ცხოვრებას ეწეოდა, რადგან სახლი საკმარისზე მეტად მდიდრულად ჰქონდა მორთულ-მოკაზმული, ტანისამოსიც არ ეცვა იაფფასიანი და სამკაულებიც მრავლად ეკეთა. მერე გაარკვიეს ძალოვნებმა, მას მდიდარი საყვარელი ჰყავდა, 50 წელს გადაცილებული კაცი, რომელიც ყველაფრით ანებივრებდა. გოგონამ სამართალდამცავები რომ დაინახა, ტაში შემოჰკრა, რა კარგია, გავერთობიო, მაგრამ მერე, როცა გაიგო, რომ მისი ექიმი გარდაიცვალა, შეწუხდა, ოღონდ მისი სიკვდილის გამო კი არა, საკუთარი თავის გამო, ასეთი კარგი პროფესიონალი ახლა სად ვნახოო?

„მე არაფერი ვიცი. მოვიდა, მასაჟი გამიკეთა და წავიდა. მასაჟის შემდეგ, ერთი საათი არ ვდგები, ასე უფრო სასარგებლოა, თურმე და ამიტომ, არც ფანჯრიდან გამიხედავს, არც ხმაური გამიგია, კარიც იმ ქალმა თავად გაიხურა“, - თქვა გოგონამ და აშკარა იყო, მისგან მეტს ვერაფერს გაიგებდნენ.

მორგთან უამრავი ადამიანი ტრიალებდა, მიცვალებული სახლში უნდა გადაესვენებინათ და ყველაზე მეტად ერთი წყვილი აქტიურობდა, ცოლ-ქმარი და როცა სამართალდამცავები მათი ვინაობით დაინტერესდნენ, ქმარმა ამოიოხრა და თქვა, ჩვენი ოჯახის საუკეთესო მეგობრები არიან, ეს ქალი ჩემი ცოლის თანაკლასელია, იქიდან დაქალობენ, ეს კაცი მისი ქმარია, ყოველ უქმეებს ერთად ვატარებდით, შვილი მათაც არ ჰყავთ, თუმცა მათ ბევრად სერიოზული პრობლემა ჰქონდათ და ბავშვის აყვანას აპირებდნენო. ისინი აშკარად შეწუხებულნი იყვნენ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო - მწარე რეალობა უნდა მიეღოთ.

„დაახლოებით, ექვსი თვის წინ, მთელი კლასი შევიკრიბეთ, ძველი დრო გავიხსენეთ. ქმრებსა და ცოლებთან ერთად ვიყავით, ისე გვიხაროდა ერთად ყოფნა... ამ უბედურმა პირობა დადო, ჩემი შვილი რომ დაიბადება, ნათლობაზე ისევ ყველას შეგკრებთო და აგერ, შეგვკრიბა კიდეც. არ ვიცი, რა ვიფიქრო, ვინ შეიძლებოდა გადაჰყროდა, ვისთან შეიძლებოდა კამათი მოსვლოდა... ვერ ვხვდები, მიახლოებითაც კი ვერ ვხვდები“, - მოთქვამდა დაქალი.

გამოძიება ჩიხში შევიდა, არც ვერსია ჰქონდა, არც ეჭვმიტანილი ჰყავდა, მაგრამ, მოულოდნელად, განყოფილებაში იმ გოგომ დარეკა, გამომძებელს სულელად რომ მოეჩვენა.

„იცით, ახლა გამახსენდა, როცა კარი გაიხურა და წავიდა, მგონი, კიბეზე ვიღაც ნაცნობს შეხვდა, ახლა აღვიდგინე, ვიღაცას ჰკითხა, ვაა, შენ აქ რა გინდაო“, - ღიმილით თქვა გოგონამ და აშკარად ეტყობოდა, რომ საკუთარი თავით კმაყოფილი იყო, რადგან მისი აზრით, რაღაც მნიშვნელოვანი გაიხსენა. რეალურად კი, ეს მართლაც მნიშვნელოვანი იყო. გამოძიებამ რადგანაც დაადგინა, ვისთან იმყოფებოდა ქალი, დანარჩენი მეზობლები, უბრალოდ, აღარ გადაამოწმა და ახლა გაირკვა, რომ გარდაცვლილი იქ სხვასაც იცნობდა. დაიწყო სამეზობლოს შემოწმება და მალე გაირკვა, რომ ერთი სართულით ქვემოთ, გარდაცვლილის თანაკლასელი ცხოვრობდა.

„ეგ ერთი თავქარიანი ქალია, ხან ერთი მამაკაცი დადის მასთან, ხან - მეორე. ბოლო დროს, შემოეჩვია ერთი და მგონი, ვეღარ იშორებს, სულ აქ არის“, - თქვეს მეზობლებმა და იმ კაცის ფოტორობოტიც დეტალურად შეადგინეს, რომელიც იმ ქალთან ბოლო დროს ხშირად დადიოდა. ფოტორობოტი გარდაცვლილის მეუღლეს აჩვენეს და მან გაოცებულმა თქვა, ამ კაცს როგორ არ ვიცნობ, ჩემი უახლოესი მეგობარია, მაგის ცოლი ჩემი ცოლის თანაკლასელია და თქვენც უნდა გახსოვდეთ, გასვენების ამბები მთლიანად მაგათ კისერზე გადავიდაო. გამოდიოდა, რომ გარდაცვლილმა უახლოესი დაქალის ქმარი სხვა ქალის სახლში ნახა და... სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი ბევრი ფიქრის გარეშე დააკავეს და პირდაპირ ბრალი წაუყენეს გაუფრთხილებლობით მკვლელობაში.

„ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, დღესაც არ მჯერა, რომ ეს მე გადამხდა და შემემთხვა. ჰო, ჩემი ცოლის თანაკლასელი მათ შეკრებაზე გავიცანი და რაღაცნაირად ურთიერთობა აგვეწყო. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემი ცოლის დაქალი, ჩვენი ოჯახის უახლოესი ადამიანი, ამავე კორპუსში მასაჟს აკეთებდა. იმ საღამოს ჩემი საყვარელი მაღაზიაში გავიდა, მე შინ შორტებით ვიყავი და როცა კარი გავაღე... ხელში აწ უკვე გარდაცვლილი შემრჩა. ის მაშინვე ყველაფერს მიხვდა და რა თქმა უნდა, დამემუქრა, ამ ამბაავს არ დავმალავო და კიბეზე დაეშვა. მაშინვე შარვალი ამოვიცვი, უკან დავედევნე და ვემუდარებოდი, ჩემთვის ოჯახი არ დაენგრია. ის კი შეუვალი იყო, ჯიუტად იმეორებდა, ნახავ, რაც მოგივაო. ხელი სიბრაზით ვკარი, სულ ვერ ვხედავდი, მანქანა რომ გვიახლოვდებოდა, მერე კი, შემეშინდა და გავიქეცი“, - განაცხადა დაკავებულმა.

სასამართლომ მას არ დაუჯერა, რომ ყველაფერი სპონტანურად მოხდა და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

 

 

 

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე