ევროპარლამენტის არჩევნების სკანდალური შედეგები

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროპარლამენტის ისტორიული არჩევნები გუშინ დასრულდა. წინასწარი შედეგებით, ყველაზე მეტი მანდატი ისევ მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების ალიანსს, „ევროპის სახალხო პარტიას“(EPP) ექნება.

გერმანული მაუწყებელი DW შუაღამის შემდეგ, 10 ივნისს გამოქვეყნებულ წინასწარ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 720-ადგილიან ევროპარლამენტში მემარჯვენე-ცენტრისტების ალიანსს 189 დეპუტატი ეყოლება. წინა, 2019 წლის არჩევნების შედეგად EPP-ს 176 მანდატი ჰქონდა.

მეორე ადგილზე ისევ სოციალ-დემოკრატები არიან, რომლებსაც 135 დეპუტატი ეყოლებათ, რაც წინა არჩევნებში მიღწეულ შედეგზე ოთხით ნაკლებია. ხმები დაკარგა ლიბერალების გაერთიანებამაც Renew Europe. ის მესამე ადგილზეა და სავარაუდოდ, 83 მანდატი ექნება, რაც წინა არჩევნების შედეგზე 19-ით ნაკლებია.

ევროპარლამენტში უმრავლესობის შესაქმნელად სულ მცირე 361 დეპუტატის გაერთიანებაა საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენე-პოპულისტურმა პარტიებმა წინა არჩევნებთან შედარებით შედეგები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს, ევროპარლამენტში კვლავ ყველაზე მრავალრიცხოვანი იქნება ევროკავშირის ცენტრის - ძლიერი ბრიუსელის პოლიტიკის მხარდამჭერთა ბანაკი.

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები დიდი დარტყმა იყო მმართველი პარტიებისთვის გერმანიასა და საფრანგეთში, რომლებიც ევროპარლამენტში დეპუტატების რაოდენობით პირველ და მეორე ადგილებზე არიან.

გერმანიაში, რომელსაც 96 დეპუტატი ჰყავს, კანცლერ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია მესამე ადგილზე აღმოჩნდა ოპოზიციაში მყოფი ქრისტიან-დემოკრატების და მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის" შემდეგ. საფრანგეთში, რომელსაც ევროპარლამენტში 81 წევრი ჰყავს, პრეზიდენტ მაკრონის პარტიას დამაჯერებლად მოუგო მემარჯვენე პოპულისტების „ნაციონალურმა გაერთიანებამ".

ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, სერიოზული მარცხი განიცადა „მწვანეების“ ალიანსმა, რომელმაც 72-დან 53 მანდატი შეინარჩუნა.

ამ შედეგების გამო, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პარლამენტი, ეროვნული ასამბლეა დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური საფრანგეთში 30 ივნისს, მეორე კი 7 ივლისს გაიმართება.

მარინ ლე პენის მხარდამჭერთა პარტიამ, რომელსაც ახლა 29 წლის ჟორდან ბარდელა ხელმძღვანელობს, ეგზიტპოლების თანახმად, ევროპარლამენტის არჩევნებში მაკრონის მომხრეებზე ორჯერ მეტი ხმები მიიღო. ევროპარლამენტის არჩევნებში მესამე ადგილზეა სოციალისტური კოალიცია. ულტრამემარჯვენე პარტია „რეკონკისტამ“ ასევე მიაღწია წარმატებას.

ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის ქვეყნებში კვირას დასრულდება. პირველი ოფიციალური წინასწარი შედეგები ევროპის დროით შუაღამის შემდეგ გამოცხადდება. თუმცა რიგ ქვეყნებში უკვე გამოქვეყნდა ეგზიტპოლების შედეგები, რომლებიც რამდენიმე ქვეყანაში მემარჯვენეების წარმატებას ადასტურებენ.

წინასწარი მონაცემებით, ევროპელი კონსერვატორების და რეფორმატორების ფრაქციას 72 დეპუტატი ეყოლება. მემარჯვენე ნაციონალისტების „იდენტობას და დემოკრატიას“ - 58 და მემარცხენეებს - 35. უფრაქციო დეპუტატებს 95 მანდატი ექნებათ.

ევროპარლამენტის არჩევნებში, რომელიც 6-9 ივნისს ჩატარდა, ამომრჩეველთა აქტივობა 51% იყო. წინა, 2019 წლის არჩევნებში აქტივობამ 50,66% შეადგინა.

ევროკავშირის 27 სახელმწიფოს მოქალაქეები ევროპარლამენტარებს ხუთი წლის ვადით ირჩევენ. თითოეულ ქვეყნას ევროპარლამეტში წარმომადგენლები ჰყავს მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად. ყველაზე მეტ, 96 დეპუტატს, გერმანიიდან ირჩევენ, ყველაზე ნაკლებს, 6-6-ს - კვიპროსიდან, მალტიდან და ლუქსემბურგიდან.