სვანეთში დაკარგული ორი ახალგაზრდის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მეორე დღეა, სვანეთში ორ დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძებნა-შველის ოპერაციას მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო-სამაშველო ძალებისა და დრონების საშუალებით ახორციელებს. 

ანა წერედიანი ამბობს, რომ დაკარგულებთან ბოლო სატელეფონო კონტაქტი 22 ივლისს შედგა, მას მერე კი მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

"დაიძრნენ სოფელ ნაკიფარიდან, ანუ ზემო სვანეთიდან ქვემო სვანეთის მიმართულებით. დაახლოებით, ერთი დღის საფეხმავლო გზაა. 22 ივლისს გამოვიდნენ კონტაქტზე. თქვეს, რომ გზა აებნათ, ამიტომ დააგვიანეს, უკვე გამოაგნეს გზას და მალე იქნებოდნენ, მაგრამ იმის მერე არ მოსულან. კონტაქტზე არ არიან, ერთი და მეორე მხრიდანაც აიარეს ადგილობრივებმა, მაგრამ კვალი არსად არ არის, არც სამაშველოა კვალზე გასული", - განაცხადა ანა წერედიანმა.

ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა მესტიის მერმაც. მისი თქმით, მეხანძრე-მაშველების გარდა, ორი პირის სამძებრო სამუშაოებში, ადგილობრივებიც ჩაერთნენ.

"ჩართულია სამძებრო-სამაშველო სამსახური. ველოდებოდით ამინდის გამოსვლას. სამწუხაროდ, მაღალ მთაზე ვერტმფრენის მიღწევადობა შეუძლებელია, რადგან ბურუსი იყო, რაც ხილვადობას ზღუდავს. მოსახლეობისა და ჩვენი მხრიდან, ვინც მონადირეები არიან, იცნობენ გარემოს და ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლიათ, იქნა გადაწყვეტილება მიღებული, დამატებით სამძებრო სამუშაოებში ჩართულიყვნენ", - განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა. 

სვანეთში დაკარგული ორი ახალგაზრდის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, მოსახლეობის პროტესტის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავიაციის ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო. მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე დღეს დილიდან სამაშველო ვერტმფრენი მუშაობს. 

ოპერაციაში ჩართულია საზღვრის დაცვის პოლიციის ვერტმფრენიც. 

ადგილობრივებმა გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი ბოლოს კვირა დღეს, 21 ივლისს ნახეს. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგანიდან, სადაც ბოლოს შენიშნეს დაკარგულები, ქვემო სვანეთის სოფელ მწდიმდე (სადაც ისინი უნდა ჩასულიყვნენ) გასავლელი ჯამში 28 კილომეტრია. ამ გზის ნახევარი, დაახლოებით 14 კილომეტრი ტყეა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ გაუვალ ტყეში დათვები ბინადრობენ.

სოფელ ზეგანში მცხოვრები თამარ მარგიანი ამბობს, რომ როცა გოგიტა ფარჯიანსა და გიორგი გვიჩიანს გამოელაპარაკნენ, მათ უთხრეს, რომ ქვემო სვანეთში შეხვედრაზე მიდიოდნენ. მარგიანი იხსენებს, რომ ამ გზაზე ახალგაზრდები სხვა დროსაც დაკარგულან, თუმცა ადგილობრივების დახმარებით, გამოუყვანიათ.

სოფელ ლატალის მცხოვრებლები გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი ზემო სვანეთიდან ლენტეხში ტყით, ფეხით მიდიოდნენ. დაკარგულის ახლობლების ცნობით, ახალგაზრდები სახლიდან კვირას, 21 ივლისს გავიდნენ. ორშაბათს ისინი ტელეფონით ოჯახს დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ გზას აცდენენ. ამის შემდეგ მათი კვალი ქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, მეორე დღეა, მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, ორი დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.

"ძებნა-შველის ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები.

სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

საძიებო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ძალებთან ერთად ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი.

მომხდართან დაკავშირებით, ინფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 24 ივლისს შემოვიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა", - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში