ჯერ კიდევ ბევრი გვაკლია ევროპულ სტანდარტებამდე, მაგრამ ასე თუ გავყვებით პროცესებს, 2030 წლისთვის სიღარიბე, თუ არა სრულად, თითქმის განულდება - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჯერ კიდევ ბევრი გვაკლია ევროპულ სტანდარტებამდე, სიღარიბის განულებამდე, მაგრამ თუ ასე გავყვებით პროცესებს, 2030 წლისთვის არსებითად გვექნება გარდატეხა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის თვალსაზრისით და სიღარიბე, თუ არა სრულად, თითქმის განულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს სჭირდება მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა, რათა თანდათანობით დაეწიოს ევროპულ სტანდარტებს.

„ჩვენ გვჭირდება, რომ ქვეყანა დაეწიოს ევროპულ სტანდარტებს, ჩვენ გვაკლია ბევრი დასავლეთევროპულ სტანდარტებამდე, გვაკლია ბევრად ნაკლები, მაგრამ ჯერ კიდევ გვაკლია იმავე აღმოსავლეთ ევროპის სტანდარტებამდე. არის უამრავი სპეკულაცია, არის ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყანა, არ დავასახელებ შეგნებულად, რომ არ ვაწყენინო ვინმეს, სადაც დღეს სიღარიბე არის 22 პროცენტი, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა, იმისათვის, რომ თანდათანობით დავეწიოთ ევროპულ სტანდარტებს. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა არის სიღარიბის განულება. სწრაფი პროგრესი გვაქვს აქაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, შარშან 15,4 პროცენტი იყო სიღარიბე და წელს ჩამოვიდა 11,8 პროცენტამდე.

„რაც შეეხება შედარებას 2012 წელთან, 2012 წელს სიღარიბე იყო 30 პროცენტი, ეს ნიშნავდა, რომ მილიონ ასი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წელს და შარშანდელი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ჩამოვიდა 435 ათას ადამიანამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ თითქმის 700 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ თავი დააღწია სიღარიბეს. ეს ყველაფერი არის ფაქტები. ბიუჯეტში საიდან შემოდის რამდენჯერმე მეტი თანხა, ვიდრე შემოდიოდა 2012 წელს, შემოდის ეკონომიკური ზრდის წყალობით. აქაც წელს ველოდებით მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რაც გამოიწვევს ბიუჯეტის ზრდას, მოსახლეობის შემოსავლების ზრდას და ა.შ. ეს არის ყოველწლიური პროცესი. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი გვაკლია ევროპულ სტანდარტებამდე, სიღარიბის განულებამდე, მაგრამ თუ ასე გავყვებით პროცესებს, ჩვენ 2030 წლისთვის არსებითად გვექნება შედეგად გარდატეხა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის თვალსაზრისით და სიღარიბე თითქმის განულდება, თუ არა სრულად, თითქმის განულდება, თუ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელებთ ზრდას და კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს ეკონომიკურ განვითარებას. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა და ამ პირობებში ეს ყველაფერი კარგი ტემპით ვითარდება, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მთელი აქცენტი შიდა თუ გარე კეთილმოსურნეებისა იყოს გადატანილი ამ საკითხებზე, ხედავთ, რამხელა წნეხის და ზეწოლის ქვეშ არის საქართველო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.