ევროკავშირმა ნავალნის საქმესთან დაკავშირებული მოსამართლეები დაასანქცირა

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროკავშირმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო რუსეთის 19 მოქალაქის და სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა.

ე.წ. შავ სიაში მოხვდა რამდენიმე მოსამართლე და პროკურორი - მათი უმეტესობა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საქმესთან არის კავშირში. სანქციებში მოჰყვნენ გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც დაკავშირებული არიან ადამიანის უფლებების ცენტრ "მემორიალის" თანათავმჯდომარის, ოლეგ ორლოვის წინააღმდეგ საქმესთან და პროკურორს, რომელიც სანქტ-პეტერბურგელი მხატვრის, ალექსანდრა სკოჩილენკოს საქმეში ფიგურირებდა.

ევროკავშირი სანქციები ასევე მოიცავს ისეთი აღჭურვილობის მიწოდებაზე აკრძალვას, რომელსაც, ბრიუსელის მონაცემებით, რუსეთის ხელისუფლება რეპრესიებისთვის იყენებს. სიაში შეტანილია მავთულები, ასაფეთქებელი ნივთიერებები და ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე მოსასმენი აპარატურა.

***

16 თებერვალს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.

ნავალნი 47 წლის იყო.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ოჯახს ცხედარი მხოლოდ 9 დღის შემდეგ გადასცეს.

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.