რა დარღვევები გამოვლინდა ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აუდიტის ანგარიში, რომელიც სახელმწიფო მაკონტროლებლებმა გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნეს

 

„ვერსია“ განაგრძობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმ ანგარიშების განმეორებას, რომლებიც უწყებამ გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნა. ამჯერად, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტებს განვიხილავთ. უფრო ზუსტად, ორივე მუნიციპალიტეტში არსებული ფინანსური დარღვევები ცალ-ცალკე, „ვერსიაში“ დეტალურად შარშან უკვე განვიხილეთ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ უწყებამ აუდიტის ეს ანგარიშებიც პროკურატურაში გადააგზავნა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, მცირეოდენი შემოკლებით.

ვიდრე აუდიტის ანგარიშებს შემოგთავაზებთ, შეგახსენებთ, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, სახელმწიფო აუდიტორებმა ორივე მუნიციპალიტეტში - ქობულეთშიც და ხელვაჩაურშიც მთელი რიგი ნაკლოვანებები გამოავლინეს, მათ შორის, ბიუჯეტის შესრულებაში, სახელმწიფო შესყიდვებში, მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობაში, შრომის ანაზღაურებასა და ტრანსპორტის ხარჯებში.

 

ქობულეთი - დარღვევები ბიუჯეტის შესრულებაში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების შესაბამისად, აუდიტის პერიოდში, შემოსულობების გეგმა - 102 722 342 ლარით, ხოლო გადასახდელების - 107 466 404 ლარით განისაზღვრა.2021-2022 წლებში, ბიუჯეტის შემოსულობების გეგმური მაჩვენებელი ჯამურად 89.1%-ით, ხოლო გადასახდელების - 86.4%-ით შესრულდა.

„შეუსრულებლობა, ძირითადად, სახელმწიფო შესყიდვების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან კაპიტალური ტრანსფერის სახით მიუღებელმა 9 452 347 ლარმა განაპირობა. აღნიშნული ტრანსფერის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროპორციულად ხორციელდება. შესაბამისად, შემოსულობებისა და გადასახდელების შეუსრულებლობის მიზეზი არასწორად დაგეგმილი და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებია.

კერძოდ, 2021-2022 წლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვისბიუჯეტით გამოყოფილი 2 697 231 ლარიდან ათვისებულია მხოლოდ 1 488 272 ლარი ანუ 55.2%, რაც იმის შედეგია, რომ შემსრულებელმა კომპანიამ ვალდებულება დროულად არ შეასრულა“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ შემსრულებელი კომპანიების მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შეწყვეტილია რვა ხელშეკრულება, რის შედეგადაც ბიუჯეტით გამოყოფილი 3 131 128 ლარიდან, ათვისებულია მხოლოდ 332 386 ლარი ანუ 10.6%. ადგილობრივი ბიუჯეტის საბალანსო მონაცემების შესაბამისად, 2021 წელს ნაშთის ცვლილების გეგმური მაჩვენებელი 7.5%-ით, ხოლო 2022 წელს 56.8%-ით შესრულდა.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ 2021-2022 წლებში,ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბიუჯეტის შემოსულობების გეგმური მაჩვენებელი ჯამურად 89.1%-ით, ხოლო გადასახდელების - 86.4%-ით შესრულდა. ამასთან, ბიუჯეტის ანგარიშზე არსებული თავისუფალი საბიუჯეტო სახსრები არასრულადაა გამოყენებული. ყველაფერი ეს, მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვასა და სხვადასხვა პროექტის დაგეგმვის ხარვეზებზე მიუთითებს.

 

ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვებში

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველჰყოფს სახელმწიფო შესყიდვების სათანადო დაგეგმვა-განხორციელებას, რაც შესყიდული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გონივრულ ვადაში გამოუყენებლობასა და მათში არსებულ ხარვეზებში გამოიხატება. შედეგად, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ განხორციელდა.

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველჰყო სათანადო ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების მქონე მიმწოდებლების შერჩევა, რამაც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება განაპირობა. ამასთანავე, ვალდებულებების შეუსრულებლობისა და საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად, ავანსად გაცემული თანხის დასაბრუნებლად მუნიციპალიტეტს სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია“.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ვინაიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დანერგილი შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების სათანადო დადასტურებას, ოთხ შემთხვევაში, ვერ მიიღეს რწმუნება შესყიდული სამუშაოსა და მომსახურების სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის შესახებ.

„ამასთან, არასრული სახით ხდება ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვა, რაც ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს“.

 

დარღვევები მუნიციპალური აქტივების მართვაში

2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ქობულეთის მუნიციპალიტეტს ბალანსზე ერიცხებოდა 374 264 476 ლარის ღირებულების აქტივები მათ შორის, 361 155 345 ლარის - ძირითადი აქტივი და 8 641 484 ლარის - სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივი.

„ათი ინფრასტრუქტურული პროექტის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ხარჯთაღრიცხვებში გათვალისწინებული იყო არსებული აქტივების დემონტაჟის შედეგად მიღებული ვარგისი სამშენებლო მასალისა და სხვა დაუზიანებელი აქტივის დასაწყობება. შესაბამისი მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციით, ქონება დასაწყობებულია, თუმცა მათი ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა და არც მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ ასახულა. ამასთან, მუნიციპალიტეტის მერიამ ვერ წარადგინა ინფორმაცია ვარგისი ქონების განთავსების ლოკაციების თაობაზე.

მოპოვებული ინფორმაციით, 2022 წელს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას და მუნიციპალურ ორგანიზაციებს, მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, არ ჩაუტარებიათ ბალანსზე რიცხული 192 203 655 ლარის აქტივების, მოთხოვნების და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია, რის გამოც აქტივები და ვალდებულებები არ შემოწმებულა და არც მათი აღრიცხვის სისწორე დადგენილა“.

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2021 წელს, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისშედეგად დაფიქსირდა 14 დასახელების, 12 143 ლარის ნარჩენი საბალანსო ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების დანაკლისი, თუმცა წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ინვენტარიზაციის შედეგებზე რეაგირება არ მომხდარა.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ 2022 წელს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და მუნიციპალურ ორგანიზაციებს, მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, არ ჩაუტარებიათ ბალანსზე რიცხული 192 203 655 ლარის აქტივების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია, არ არის შესრულებული მოთხოვნები იჯარით გაცემული ქონების აღრიცხვასთან დაკავშირებით და არ არის აღრიცხული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს ქონების დემონტაჟის შედეგად მიღებული ვარგისი მატერიალური აქტივები. ყველაფერი ეს, სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, საჯარო აქტივების მართვაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.

 

ხარვეზები მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობაში

აუდიტის პერიოდში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემულია 242 სამშენებლო ნებართვა, მათ შორის, 214 შემთხვევაში ნაბართვა გაცემულია ახალ მშენებლობაზე, 11 შემთხვევაში - მშენებლობის ცვლილებასა და 17 შემთხვევაში - შენობის დემონტაჟზე. სახელმწიფო აუდიტორებისთვის მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, 2021-2023 წლებში, ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილია უნებართვო მშენებლობის 30 შემთხვევა, რის გამოც მშენებლობის მწარმოებელი ფიზიკური თუ იურიდიული პირები დაჯარიმდნენ 93 000 ლარით, საიდანაც 2023 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, გადახდილია 53 590 ლარი ანუ ჯარიმის 57.6%.

„აუდიტის ჯგუფმა შერჩევითი წესით შეისწავლა ქალაქ ქობულეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების კანონიერება. შესწავლის შედეგად, გამოვლინდა ოთხი უნებართვო მშენებლობა, რომელთან დაკავშირებით, ქობულეთის ზედამხედველობის სამსახურის მიერმიღებულია დადგენილებები, მშენებელი პირების მიმართ საჯარიმო სანქციების დაკისრებისა და უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟის შესახებ, თუმცა აღნიშნული ღონისძიებები, პრაქტიკულად, არ განხორციელებულა.

კერძოდ, ქალაქ ქობულეთში, თამარ მეფის სანაპირო №52-ისა და №54-ის, ასევე, დავით აღმაშენებლის გამზირის №279-ის მიმდებარედ, დაფიქსირდა კაფე-ბარების უნებართვო მშენებლობები. სამივე შემთხვევაში, მშენებლობა განხორციელებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლითაც აღნიშნული პირები სარგებლობდნენ მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული საიჯარო ხელშერკულების საფუძველზე. ამასთან დაკავშირებით, 2023 წლის ივლისში, მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებულია დადგენილებები, მშენებელი პირების დაჯარიმებისა და უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟის შესახებ, თუმცა დათვალიერების თარიღისათვის შენობების დემონტაჟი არ იყო განხორციელებული“.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ქობულეთის მერიის მიერ, უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა ვერ შეაჩერა უნებართვო მშენებლობები და ვერც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონო გამოყენება აღკვეთა, რაც ქალაქ ქობულეთის ტერიტორიაზე მშენებლობების ზედამხედველობასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის სისტემის არსებით სისუსტეზე მიუთითებს.

 

ხარვეზები შრომის ანაზღაურებაში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების ადგილობრივი ბიუჯეტების შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფონდი ჯამში - 5 090 543 ლარით განისაზღვრა. ამავე პერიოდში, შრომის ანაზღაურების სახით გახარჯულია 5 041 755 ლარი, რაც საბიუჯეტო გეგმის 99%-ია. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა მიერ მიღებული თანამდებობრივი სარგოს და ფაქტობრივად ნამუშევარი დროისშესაბამისობის დადგენის მიზნით დანერგილი კონტროლის მექანიზმები არ ფუნქციონირებს.

„კერძოდ, არ წარმოებს თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა. ამასთან, აუდიტის პერიოდში, მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში არ მიმდინარეობს სამუშაო დროის გამოყენებისა და ხელფასის გაანგარიშების აღრიცხვის ტაბელის წარმოება. ხელფასების დარიცხვა ხდება მხოლოდ საშტატო განრიგის საფუძველზე.  წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ სრული განაკვეთით დასაქმების პირობებში, 26 თანამშრომელი, რომელთა ანაზღაურებამ 2021-2022 წლებში, 148 195 ლარი შეადგინა, პარალელურად ირიცხებოდნენ მუნიციპალიტეტის სხვა დაწესებულებების მუშაკებად, სადაც შრომის ანაზღაურების სახით, მიღებული აქვთ 137 202 ლარი. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო რწმუნება მათ მიერ სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენებასთან დაკავშირებით“.

ჩატარებული აუდიტორული პროცედურების შედეგად გამოვლინდა, რომრიგი თანამშრომლების ხელფასები - სულ 2 249 ლარი, არასწორად გადაერიცხათ სხვა თანამშრომლებს. სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, არასწორად გადარიცხული ხელფასები თანამშრომლებს შორის პირადი ანგარიშსწორებით დარეგულირდა და მათი სათანადო აღრიცხვა არ განუხორციელებიათ.

სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა. გამოვლინდა შრომის ანაზღაურების არასწორად გაცემისა და 24 122 ლარის მითვისების ფაქტები. აღნიშნული გარემოებები, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან მიმართებით, არსებული კონტროლის მექანიზმების არსებით სისუსტეზე მიუთითებს და არამართლზომიერი ქმედებების რისკებს შეიცავს.

 

დარღვევები ტრანსპორტის ხარჯებში

2021-2022 წლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციის, ასევე, მათი მოვლა-შენახვის საკასო ხარჯებმა შეადგინა 2 685 338 ლარი. ამავე პერიოდში, მუნიციპალიტეტის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზესაწვავის ხარჯვა ხორციელდებოდა აგაი (ავტომანქანისგამართვა და ავტომატური იდენტიფიცირება) სისტეემის გამოყენებით. ჯამში, გახარჯულია 469 962 ლარის საწვავი, მათ შორის, ბალანსზე რიცხულ 18 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაიხარჯა 307 788 ლარის საწვავი, ხოლო საჯარო მოხელეების პირად საკუთრებაში არსებულ 21 ერთეულ ავტოტრანსპორტზე - 162 174 ლარის საწვავი.

„ტრანსპორტთან დაკავშირებული დანახარჯების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ არასათანადო კონტროლია დაწესებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოყოფილი საწვავის ხარჯვის საკითხზე. ამასთან დაკავშირებით, ვერ იქნა წარმოდგენილი გაცემული საწვავის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისთვის ხარჯვის დოკუმენტური დადასტურება. ჩატარებული აუდიტით გამოვლინდა რიგი შემთხვევები, როდესაც უფლებამოსილი პირები არ იმყოფებოდნენ მივლინებაში, თუმცა ავტომანქანა დაფიქსირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ. აღნიშნულ შემთხვევებზე ვერ იქნა წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი ავტომობილის ყოფნის აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება“.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველჰყოფს საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დოკუმენტურ დადასტურებას, რის გამოც ვერ მიიღეს რწმუნება აუდიტის პერიოდში 52 070 ლიტრი საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით.

 

ხელვაჩაური - დარღვევები სახელმწიფო შესყიდვებში

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სათანადო დაგეგმვა-განხორციელებას. ამასთან, სამშენებლო მასალებისა და სამუშაოების საბაზრო ღირებულებების, ასევე სხვა გარემოებების ცვლილებების გათვალისწინებით, საპროექტო დოკუმენტაციის გამოყენების დროისთვის, შესაძლოა, საჭირო გახდეს მათი კორექტირება, რაც საბიუჯეტო სახსრების დამატებით ხარჯვასთან იქნება დაკავშირებული.

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, გაუარესდა შემსყიდველის პირობები, ხოლო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამოუყენებლობით, ბიუჯეტში, დამატებით 13 407 ლარის მობილიზება ვერ მოხერხდა. მუნიციპალიტეტში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველჰყოფს მოქმედი რეგულაციების და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობების დაცვას“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო მაკონტროლებლლების მტკიცებით, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გადახდილია თანხები, როდესაც არ არსებობს შესაბამისი ხელშეკრულებები, ხოლო ხელშეკრულებების შემთხვევაში, არ დასტურდება შესაბამისი საქონლის/მომსახურების მიღება.

 

ხარვეზები იურიდიული პირების მართვაში

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის (ააიპ)„ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურში“, 2019-2022 წლებში, ზედმეტად გაიცა თანხები.

აუდიტორების მტკიცებით, ეს თანხა ზედმეტად გაიცა, როგორც ხელფასის სახით, ასევე სხვადასხვა საფუძვლით:„ყველაფერი ეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის საქმიანობის ზედამხედველობასთან დაკავშირებით კონტროლის მექანიზმის სისუსტეზე მიუთითებს და არამართლზომიერი ქმედებების რისკებს შეიცავს“.

გარდა ამისა,აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ იურიდიულ პირებში, შრომითი ხელშეკრულებებით არ არის განსაზღვრული დასაქმებულთა კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობები, არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა.

 

ხარვეზები ტრანსპორტის ხარჯებში

სახელმწიფოა აუდიტორების დასკვნის მიხედვით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველჰყოფს ავტოსატრანსპორტო და სპეციალური ტექნიკისათვის შეძენილი სათადარიგო ნაწილებისა და საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დოკუმენტურად დადასტურებას, რის გამოც სახელმწიფო მაკონტროლებლები ვერ დარწმუნდნენ 2021-2022 წლებში შესყიდული სათადარიგო ნაწილებისა და საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების აუცილებლობაში.

ამასთან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აუდიტით ისიც გაირკვა, რომ შიდა კონტროლის სისტემა სრულყოფილად ვერ უზრუნველჰყოფს მუნიციპალიტეტის ფინანსების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგის, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობისა და ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას.

 

რეკომენდაციები

მას შემდეგ, რაც ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხარვეზები და დარღვევები გამოავლინეს, სახელმწიფო აუდიტორებმა მათ გამოსასწორებლად გარკვეული რეკომენდაციებიც შეიმუშავეს. კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტმა არსებული ფაქტობრივი გარემოებების სიღრმისეული შესწავლისა და ანალიზის შედეგების შესაბამისად, უნდა უზრუნველჰყოს პროგრამების საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა და მათი შესრულება. ამასთან, მნიშვნელოვანია საბიუჯეტო რესურსის დროული და ეფექტიანი გამოყენება, რაც შესაძლებელს გახდის მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას.

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჯარო ქონების ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად, უნდა ჩაატაროს აქტივებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია, მუნიციპალური ქონების დემონტაჟის შედეგად მიღებული ვარგისი მატერიალური აქტივების შეფასება და ბალანსზე ასახვა. ამასთან, შეიმუშაოს კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველჰყოფს იჯარით გაცემული ქონების სრულად აღრიცხვას და საიჯარო ხელშეკრულებების პირობების შესრულების სათანადო მონიტორინგს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა დანერგოს შიდა კონტროლის ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველჰყოფს უნებართვო მშენებლობის პრევენციას, ასევე, მიმდინარე უნებართვო მშენებლობების დროულად გამოვლენას და სათანადო რეაგირებას. ამასთან, შეისწავლოს ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობების ფაქტები, განსაზღვროს შესაბამისი პასუხისმგებელი პირები და გაატაროს სამართლებრივი ღონისძიებები“.

გარდა ამისა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა შეიმუშაოს და პრაქტიკაში დანერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველჰყოფს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კომერციული იურიდიული სტრუქტურების საქმიანობის სათანადო ზედამხედველობით, მათი საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად წარმართვას. ამასთან, უნდა შეისწავლოს შრომის ანაზღაურების თვითნებურად გაზრდის ფაქტები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებულ ხარვეზებს, მათ გამოსასწორებლად, სახელმწიფო აუდიტორებმა ექვსი რეკომენდაცია შეიმუშავეს. პირველი რეკომენდაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა არსებული ფაქტობრივი გარემოებების სიღრმისეული შესწავლისა და ანალიზის შედეგების შესაბამისად, უნდა უზრუნველჰყოს პროგრამების საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა და მათი შესრულება. ამასთან, მნიშვნელოვანია საბიუჯეტო რესურსის დროული და ეფექტიანი გამოყენება, რაც შესაძლებელს გახდის ახალი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

მეორე რეკომენდაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა შიდა კონტროლის ისეთი სისტემა უნდა შეიმუშაოს, რომელიც უზრუნველჰყოფს სარწმუნო და შესაფერისი ინფორმაციის შეგროვებასა და მის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება- განხორციელებას.

მესამე რეკომენდაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა შიდა კონტროლის სისტემა ისე უნდა განავითაროს, რომ უზრუნველჰყოს საჯარო ფინანსების ხარჯვის რაციონალურობა და გამჭვირვალობა:„კერძოდ, უნდა გააძლიეროს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულებისა და მიმწოდებლებთან ანგარიშსწორების მონიტორინგი;უნდა დანერგოს საქონლის მიღება-ჩამოწერის წესი. ამასთან, უკვე გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით,უნდა გაატაროს სათანადო ღონისძიებები“.

მეოთხე რეკომენდაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა უნდა შეიმუშაოს და პრაქტიკაში დანერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველჰყოფს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის სათანადოდ წარმართვას. ამასთან, შრომითი ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით, უზრუნველჰყოს დასაქმებულ პირთა ფუნქციების დეტალური გაწერა და დანერგოს ნამუშევარი საათების აღრიცხვის სისტემა, ხოლო თანხების მითვისებისა და არასწორად გაცემის ფაქტებზე, შესაბამისი ღონისძიებები უნდა გაატაროს.

მეხუთე რეკომენდაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა შიდა კონტროლის ისეთი სისტემა უნდა დანერგოს, რომელიც უზრუნველჰყოფს სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვის ხარჯების დასაბუთებულ და რაციონალურ ხარჯვას.

„სულ ბოლო, მეექვსე რეკომენდაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა უნდა შეიმუშაოს და დანერგოს შიდა კონტროლის ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველჰყოფს პროცესებში არსებული რისკებისა და სისტემური ხარვეზების გამოვლენას, ანალიზსა და შეფასებას. ამასთან, შიდა აუდიტის სამსახურმა, აუდიტის თემების შერჩევის დროს, ყურადღება უნდა გაამახვილოს მაღალი რისკის შემცველი საკითხების შესწავლაზე, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემასა და მათი შესრულების ეფექტიან მონიტორინგზე“.

ავტორი: მაკა რუხაძე