აფხაზეთის ე.წ სასამართლომ აქტივისტი ჯანსუღ ადლეიბა 17 აგვისტომდე პატიმრობაში დატოვა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ სასამართლომ აქტივისტ ჯანსუღ ადლეიბას 17 აგვისტომდე პატიმრობა მიუსაჯა. ის ეჭვმიტანილია იარაღის გამოყენებით ხულიგნობაში. ამის შესახებ “კავკაზსკი უზელი" წერს.

როგორც გამოცემა წერს, ე.წ სამართალდამცავების განცხადებით, ადლეიბამ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე უშიშროების ძალების მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. აფხაზი აქტივისტი 17 ივლისს დააკავეს.

"კავაკაზსკი უზელის" ინფორმაციით, აქტივისტმა ჯანსუღ ადლეიბამ 2022 წლის ზაფხულში სოხუმში შიმშილობა გამართა საწვავის ფასების შემცირებისა და აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის აკრძალვის მოთხოვნით. ადლეიბამ არაერთხელ მოითხოვა "მთელი მთავრობის, ხელისუფლების ყველა შტოს – აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლოს გადადგომა".

2024 წლის მარტში მან სოხუმის მოედანზე მორიგი შიმშილობა მოაწყო და მოითხოვა აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომა საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის გამო.

ადრე ადლეიბამ გამოაცხადა საკუთარი სახალხო განმათავისუფლებელი მოძრაობის "ახაკუიტრას" (თავისუფლება) შექმნის შესახებ, რომლის მთავარი ამოცანა ბჟანიას ხელისუფლებიდან ჩამოშორება იყო.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პარლამენტი "აფხაზეთის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გარკვეული ზომების შესახებ" კანონპროექტს განიხილავს, რომელიც ამ ტერიტორიებზე აპარტოტელებისა და აპარტამენტების მშენებლობას გულისხმობს, რომლის შეძენის საშუალებაც უცხოელებს, აფხაზეთის ოკუპაციის პირობებში კი რუსებს, უპრობლემოდ ექნებათ. კანონპროექტს პროტესტი მოყვა, როგორც აფხაზეთის მოსახლეობაში, ასევე ე.წ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორისაც. 17 ივლისს აფხაზეთის ე.წ პარლამენტის შენობასთან ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და უშიშროების ძალებს შორის. პროტესტი პერიოდულად ისევ გრძელდება.