ფინანსური დარღვევები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეამოწმა. დასკვნა, რომელიც იწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტია და მოიცავს 2022 წელს. როგორც მოსალოდნელი ოყო, სახელმწიფო მაკონტროლებლებმა სხვადასხვა სახის ფინანსური დარღვევები გამოავლინეს და დაასკვნეს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანდართული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებული არ არის საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად. ეს ნიშნავს, რომ უწყების ფინანსური დეპარტამენტის თანამშრომლები მოქმედ კანონმდებლობას არღვევენ!

 

ხარვეზები მატერიალურ მარაგებში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფინანსურ ანგარიშგებაში, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „მატერიალური მარაგების“ მუხლის ნაშთი შეადგენს 5 696 555 ლარს, საიდანაც 4 729 201 ლარის საბალანსო ღირებულების მქონე მარაგებთან დაკავშირებით, გასულ წელს ბრუნვა არ ფიქსირდება. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ობიექტისგან მიღებული განმარტებების ანალიზის შედეგად გამოვლინდა 708 753 ლარის ისეთი მარაგი, რომელსაც ვარგისიანობის დასადგენად დამატებითი შესწავლა სჭირდება.

„ამასთან, 3 277 516 ლარის მარაგი, რომელზეც ბრუნვა არ ფიქსირდება ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით, არის დროებითი ხიდები, რომლებიც გამოიყენება მრავალჯერადად და განკარგულების საფუძველზე კონტრაქტორებს გადაეცემათ სარგებლობაში თხოვების ფორმით, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

 

დარღვევის გამოვლენის შემდეგ, სახელმწიფო აუდიტორებმა რეკომენდაციაც შეიმუშავეს, რაც უწყბამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს:

„ფინანსური ანგარიშგების სამართლიანად წარდგენის მიზნით, მიზანშეწონილია, დეპარტამენტმა მარაგების მუხლში აღრიცხული დროებითი ხიდები შეაფასოს მისი რეალური ღირებულებით, განსაზღვროს შესაბამისი მომსახურების ვადა და აღრიცხოს ძირითად აქტივად. ამასთან, ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენისა და აქტივების ეფექტიანი მართვის მიზნით, მიზანშეწონილია, სამინისტრომ უზრუნველჰყოს მომავალი გამოყენებისთვის იდენტიფიცირება უსარგებლო აქტივებსა და გამოუსადეგარ ქონებასთან დაკავშირებით, შეაფასოს მათი შემდგომი განკარგვის საუკეთესო ალტერნატივები.

 

ხარვეზები გრძელვადიან ფინანსურ აქტივებში

დარღვევები გამოვლინდა სამინისტროს გრძელვადიან ფინანსურ აქტივებში. აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ სამინისტროს აპარატის ფინანსურ ანგარიშგებაში, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ინვესტიციები წილობრივ ინსტრუმენტებში" შეადგენს 18 532 695 ლარს და წარმოადგენს სხვადასხვა პერიოდში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში ფულად და ქონებრივ შენატანებს, კომპანიების დაგროვილი აკუმულირებული ზარალის გათვალისწინებით.

„აღსანიშნავია, რომ 2019 წლამდე, სამინისტროში, სახელმწიფო საწარმოებში არსებული ყველა შენატანი აკუმულირდებოდა მუხლში - „აქციები და სხვა კაპიტალი. 2019 წლიდან, სამინისტრომ შეცვალა მიდგომა და ფულადი შენატანები „აქციებისა და სხვა კაპიტალის ნაცვლად, დააკლასიფიცირა „სხვა ხარჯების მუხლში, როგორც „კაპიტალური ტრანსფერები, რომელიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული. 2021 წლის 31 დეკემბრით მომზადებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, სამინისტრომ 2019-2020 წლებში, „სხვა ხარჯების მუხლში კლასიფიცირებული 53 288 198 ლარის ფულადი შენატანები რეტროსპექტულად ასახა, როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის „აქციები და სხვა კაპიტალი. გარდა ამისა, 2021 წელს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში 11 000 000 ლარის ფულადი შენატანი, ასევე კლასიფიცირდა, როგორც „აქციები და სხვა კაპიტალი. აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს ფინანსთა მინისტრის N99 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციას, რომლის მიხედვით, საჯარო კორპორაციის მიერ, წლების განმავლობაში აკუმულირებული დანაკარგებისა და უარყოფითი საოპერაციო ბალანსის შესავსებად გადაცემული სახსრები და ასევე ინვესტირება, უკუგების და სარგებლის მიღების მოლოდინის გარეშე აღირიცხება როგორც კაპიტალური ტრანსფერები, რომელიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული.

 

რაც შეეხება რეკომენდაციას, სახელმწიფო აუდიტორებს მიაჩნიათ, ორმ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უნდა იმსჯელოს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში - „აქციები და სხვა კაპიტალის“ მუხლში 2019-2021 წლებში ფულად შენატანებთან დაკავშირებით და იმოქმედოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ხარვეზები გრძელვადიან არაფინანსურ აქტივებში

დარღვევები გამოვლინდა გრძელვადიან არაფინანსურ აქტივებშიც. კერძოდ, სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, „მუნიციპალური განვითარების ფონდს“, „სხვა არაფინანსური აქტივების“ მუხლის ბალანსზე ერიცხება 4 141 269 ლარის დაუმთავრებელი აქტივები, რომლებზეც 2021 წელს ბრუნვა არ ფიქსირდება და შესაძლოა არ აკმაყოფილებდნენ აქტივად აღიარების კრიტერიუმს. მათ შორის, 996 359 ლარის აქტივზე 2018 წლიდან ბრუნვა არ ყოფილა, მათი სამომავლო გამოყენების გეგმა ფონდს შემუშავებული არ აქვს და 808 672 ლარის ღირებულების 2012 წლამდე წარმოშობილი აქტივების იდენტიფიცირება და ინვენტარიზაცია ვერ ხერხდება.

„აღსანიშნავია, რომ მოცემული ნაშთები იდენტიფიცირებულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის 31 დეკემბრით მომზადებულ კონსოლიდირებულ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიშში, რასთან დაკავშირებითაც გაიცა შემდეგი რეკომენდაცია: „ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენის მიზნით, აუცილებელია, „მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაატაროს დაუმთავრებელი ძირითადი აქტივების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდება მათი წარმოშობის საფუძვლები, სტატუსი და შემდგომში მათი ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობა, ხოლო ისეთი აქტივების იდენტიფიკაციის შემთხვევაში, რომელთა მომავალში გამოყენება შეუძლებელია, იმსჯელოს გამომწვევ მიზეზებზე და იმოქმედოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული რეკომენდაცია შესრულებულია ნაწილობრივ, ვინაიდან ინვენტარიზაცია მოიცავს მოცემულ აქტივებს, თუმცა ფონდის მიერ აქტივების წარმოშობის საფუძვლებთან, სტატუსთან და მათი შემდგომში ეფექტიანად გამოყენებასთან დაკავშირებით, შეფასება არ გაკეთებულა.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტორების რეკომენდაციით, აუცილებელია, რომ „მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ სრულფასოვნად ჩაატაროს დაუმთავრებელი ძირითადი აქტივების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდება დაუმთავრებელი აქტივების წარმოშობის საფუძვლები, სტატუსი და შემდგომში მათი ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობა, ხოლო ისეთი აქტივების იდენტიფიკაციის შემთხვევაში, რომელთა მომავალში გამოყენება შეუძლებელია, უნდა იმსჯელოს გამომწვევ მიზეზებზე და იმოქმედოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ხარვეზები ინვენტარიზაციაში

ახლა ვნახოთ, რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა ინვენტარიზაციაში. საბიუჯეტო ორგანიზაციებში აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია კონტროლის მექანიზმია, რომლის ერთ-ერთი მიზანია დანაკლისის, ზედმეტობისა და დაზიანებული ან/და გამოუსადეგარი ძირითადი აქტივების იდენტიფიცირება. შესაბამისად, ინვენტარიზაციის ჩატარება მნიშვნელოვანია რწმუნების მოსაპოვებლად, რომ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ყველა აქტივი და ვალდებულება რეალურად არსებობს და ამასთან, ორგანიზაციის მფლობელობაში არსებული ყველა აქტივი და ვალდებულება სრულად არის ასახული ფინანსურ ანგარიშგებაში. ინვენტარიზაციის სრულყოფილად ჩატარება მნიშვნელოვანია, როგორც ფინანსურ ანგარიშგებაში ინფორმაციის სამართლიანი და უტყუარი წარდგენისათვის, ასევე, აქტივების ეფექტიანად მართვის შესაძლებლობის ზრდის თვალსაზრისითაც.

„სამინისტროს ზოგიერთ სტრუქტურულ ერთეულში 2021 წელს, ინვენტარიზაციის პროცესს ახლდა გარკვეული ნაკლოვანებები. კერძოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტში, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია სრულყოფილად არ ჩატარებულა. სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდში ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების, უძრავი ქონების, მატერიალური და არამატერიალური აქტივებისა და დაუმთავრებელი ძირითადი აქტივების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ არის ჩატარებული და ინვენტარიზაციის შედეგები 2021 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის ასახული.

აქტივების მართვაში არსებული ნაკლოვანებების გამოსავლენად და ფინანსური აქტივების დაკარგვის რისკის შესამცირებლად, სამინისტროს სტრუქტურაში შემავალმა ორგანიზაციებმა ინვენტარიზაცია უნდა ჩაატარონ ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე.

გარდა ამისა, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის დროს გამოვლინდა, რომ ფონდის ფინანსურ ანგარიშგებაში, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობთ წარდგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაშთი გაზრდილია 180 163 ლარით.

რაც შეეხება რეკომენდაციას, სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენის მიზნით, აუცილებელია, „მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ ჩაატაროს დაუმთავრებელი ძირითადი აქტივების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდება დაუმთავრებელი აქტივების წარმოშობის საფუძვლები, სტატუსი და შემდგომში მათი ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობა, ხოლო ისეთი აქტივების იდენტიფიკაციის შემთხვევაში, რომელთა მომავალში გამოყენება შეუძლებელია, უნდა იმსჯელოს გამომწვევ მიზეზებზე და იმოქმედოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ხარვეზები შრომის ანაზღაურებაში

ვნახოთ, რა დარღვევები გამოიკვეთა შრომის ანაზღაურებაში. სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდში“, მთავრობის განკარგულებით განისაზღვრა საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი, სადაც მოცემულია შტატით გათვალისწინებული თანამდებობების დასახელება, რაოდენობა და შესაბამისი თანამდებობრივი სარგო. ფონდში მთავრობის განკარგულების საფუძველზე დამატებით არ მტკიცდება დეტალური საშტატო ნუსხა, სადაც მითითებული იქნებოდა შესაბამისი დეპარტამენტები და თანამშრომელთა თანამდებობები. ზოგიერთ შემთხვევაში, ფონდის შრომის ანაზღაურების უწყისებში ასახული თანამდებობები არ შეესაბამება მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ თანამდებობებს.

„საჯარო დაწესებულებაში სახელფასო დანამატის ერთდროული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი თანამდებობისათვის, ან პოზიციისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ოდენობას, ხოლო წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი სახელფასო დანამატის ოდენობა - თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 20%-ს. 2022 წელს, ფონდში დარღვეულია კანონის მოთხოვნა და „სპეციალისტის თანამდებობაზე მომუშავე თანამშრომელზე ზედმეტად დარიცხულია 2 400 ლარის დანამატი, რაც ექვემდებარება დაბრუნებას. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ, წლის განმავლობაში მიღებული ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პირის მიერ დაკავებული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს.

გარდა ამისა, 2022 წელს, ფონდში დარღვეულია კანონის მოთხოვნა და ხუთ თანამშრომელზე ზედმეტადაა დარიცხული 6 875 ლარის ფულადი ჯილდო, რაც ექვემდებარება დაბრუნებას.

 

ხარვეზები სხვადასხვა შემოსავლებში

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა „აქტივებისა და ვალდებულებების ფლობის შედეგად მიღებული სხვა მოგების“ მუხლში ასახა საავტომობილო გზის ასფალტბეტონის ანაფრეზის მიღება, რომელიც ფინანსურ ჩანაწერებში აღიარებულია, როგორც შემოსავალი და მარაგი, მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცემა ის შესაბამის მუნიციპალიტეტებს. აღნიშნული შინაარსით მიღებულმა შემოსავლებმა, 2022 წელს, შეადგინა 3 970 979 ლარი. გამოვლინდა 633 640 ლარის ღირებულების ისეთი მარაგები, რომლებზეც დეპარტამენტმა შეტყობინება მიიღო 2021 წელს, თუმცა დასაწყობების აქტები თარიღდებოდა 2019-2020 წლებით და შესაბამისად, არ წარმოადგენდა მიმდინარე პერიოდისთვის მისაკუთვნებელ შემოსავალს. მათ შორის, იდენტიფიცირებულია 58 872 ლარის მარაგი, რომელიც დუბლირებულად გატარდა. ასევე, დეპარტამენტის უცხოური ვალუტის გაცვლის კურსის ცვლილებით ფლობიდან მიღებული მოგება გაზრდილია 375 539 ლარით.

„სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდის 2022 წლის ფინანსური შედეგების შესახებ ანგარიშგების „გრანტის ხარჯის მუხლში არ არის ასახული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პოლიციის ადმინისტრაციული შენობის 3 118 782 ლარის სამუშაოების გადაცემა; დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისთვის სოფელ ხორნაბუჯში მდებარე საბავშვო ბაღის 843 712 ლარის სამშენებლო სამუშაოების გადაცემა; ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისთვის სპორტული დარბაზისა და საცურაო აუზის 14 809 344 ლარის სამუშაოების გადაცემა; ამასთან, ფონდის 2021 წლის ფინანსური შედეგების შესახებ ანგარიშგების „გრანტის ხარჯის მუხლში ასახულია თიანეთის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული 239 617 ლარის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული კაპიტალიზირებადი ზედამხედველობის ხარჯები, რომელიც მიეკუთვნება 2021 წელს და არ წარმოადგენს 2022 წლის ხარჯს. შესაბამისად, ფონდის „გრანტის ხარჯის" მუხლი ჯამურად შემცირებულია 18 532 221 ლარით.

 

 

 

ავტორი-მაკა რუხაძე