რჩეული სტატიები

Grid List

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის გადაწყვეტილებით, დადგინდა საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს, ჯანმრთელობის დაზღვევის მინიმალური სტანდარტი.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, მინიმალური პირობები სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტში ამოქმედდა 2024 წლის 1 მარტიდან. შედეგად, მოგზაურობის დროს მომხდარი უბედური/გადაუდებელი შემთხვევით გამოწვეული სამედიცინო ხარჯი ყველა მზღვეველის მიერ ანაზღაურდება:

▪ გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების შემთხვევაში, არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ევრო/აშშ დოლარის ოდენობით(მანამდე ძირითადად იყო - 1000 ევრო/დოლარი);

▪ ჰოსპიტალური და ქირურგიული მომსახურებისთვის, 30,000 (ოცდაათი ათასი) ევრო/აშშ დოლარის ოდენობით (მანამდე ძირითადად იყო დღიური ლიმიტი, საშუალოდ 400 ევრო/აშშ დოლარი ერთ დღეზე. თუ დაზღვევა აღებული იყო მაგალითად 10 სამოგზაურო დღეზე, შესაბამისად ლიმიტის ჯამური თანხა არ აღემატებოდა 4,000 ევრო/აშშ დოლარს).

ასევე, შეიცვალა ჰოსპიტალური ხარჯების ანაზღაურების პრინციპი:

თუ დაზღვეული მოთავსდა ჰოსპიტალში სადაზღვევო პერიოდში, მაგრამ ჰოსპიტალური მკურნალობა გრძელდება დაზღვევის პერიოდის დასრულების შემდეგაც, მკურნალობის ხარჯი ანაზღაურდება სრულად 30,000 (ოცდაათი ათასი) ევრო/აშშ დოლარის ფარგლებში, ან სადაზღვევო პერიოდის დასრულებიდან არანაკლებ 15 (თხუთმეტი) დღის ხარჯი (მანამდე ძირითადად, ანაზღაურება სრულდებოდა სადაზღვევო პერიოდთან ერთად და დაზღვეულს უკვე თავისი სახსრებით უნდა დაეფარა ხარჯები, რომელიც ვადის დასრულების შემდგომ დაეკისრებოდა).

 

საქართველოში კვლავ კოვიდ აფეთქებაა, ქვეყანა ახალი გამოწვევის წინაშე დგას, ბოლო ორი კვირაა საავადმყოფოებში მიმართვიანობა გაიზარდა. მედიკოსები პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ, თუმცა მოქალაქეებს ურჩევენ სიმპტომების გამოვლენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ. ვირუსს, რომელიც ახლა მძვინვარებს გართულებებიც ახასიათებს, რომელიც ფილტვების ანთებით გამოიხატება.

რა სიმპტომებია საყურადღებო და რა ვირუსია ამის გასარკვევად „ვერსია“ საზოგადოების ჯანდაცვის ექსპერტ გიორგი ფხაკაძეს ესაუბრა:

„ამ ზაფხულს იქნება აფეთქება,გადაივსება საავადმყოფოები, ძირითადად, საფრთხილოა ბავშვები და 70 წელს გადაცილებული ადამიანები. ასევე, ადამიანები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები ფრთხილად უნდა იყვნენ. სიმპტომები, რომელიც კოვიდის ამ ვარიანტს ახასიათებს, არის გასაჯაროებული:

1.ცხელება

  1. სხეულის ტკივილი, დისკომფორტი
  2. სახსრების ტკივილი
  3. თავის ტკივილი
  4. გულისრევა და ღებინება
  5. ყნოსვისა და გემოს დაკარგვა
  6. ტვინის დაბურვა
  7. უკიდურესი დაღლილობა და დაღლილობა
  8. ტკივილი თვალების უკან და კუნთების კრუნჩხვები
  9. დიარეა, ან მოშვებული მოძრაობა“,

ამ ქვეყანაში სიტყვა „კოვიდს“ აღარ ახსენებენ, ეს არის ომიკრონის ვარიანტი, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს, მოსახლეობამ თავად უნდა იზრუნოს საკუთარ თავზე და გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:

დაიცვან დისტანცია, დაიბანონ ხშირად ხელები, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, დაიცვან პირადი ჰიგიენა. ჩვენ კოვიდს ვერ მოვიშორებთ, თუმცა ამ რეკომენდაციებით შევამცირებთ გავრცელებას. ორგანიზაციებს უნდა შევახსენოთ, რომ საპირფარეშოებს  მიხედონ, ესაა ერთ-ერთი ადგილი სადაც ვირუსები სწრაფად ვრცელდება. ასევე აფთიაქები და საავადმყოფოები უნდა შეეცადონ დაიცვან ყველანაირი წესი, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის სწრაფი გავრცელება.

ესაა ყველაფერი რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ჩვენს ქვეყანაში, ვაქცინაცია არაა და არც ვლაპარაკობთ, რაც შეგვიძლია ესაა რეკომენდაციები.  უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ეს ვირუსი შეიძლება ადამიანის ორგანიზმში 2 კვირიდან 1 თვემდე გაგრძელდეს, თუმცა სასიხარულო ფაქტია ის, რომ ამ ვირუსის შემდეგ რამოდენიმე თვე სხვა ვირუსი აღარ შეხვდება ორგანიზმს.

სამწუხაროდ, ახალი ვარიანტები გზაშია, კოვიდი არ დასრულებულა და ჩვენ მოგვიწევს ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრება. ადამიანს არ უნდა შეეშინდეს, იცოდეს ყველამ სიმპტომები, გამოვლენის შემთხვევაში კი დარჩნენ სახლში. ეს ყველაფერი დასრულდება ზაფხულში და დაველოდოთ ახალ ვირუსს.

 

ავტორი-სალომე ნოზაძე

ჯანდაცვის სამინისტროში, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა მათ სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემის წესის ახალი პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, წამლები პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში იქნება ხელმისაწვდომი.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ბენეფიციარებს აღარ მოუწევთ, სააფთიაქო ქსელებიდან, კლინიკაში მედიკამენტების თავად მიტანა - პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს წამალი დაწესებულებაში დახვდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ცვლილების მიზანია, ქვეყანაში, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. პაციენტების განცხადებით კი, აღნიშნული ინიციატივა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ყოველდღიურობასა და თავად მკურნალობის პროცესს.

შეხვედრაზე, ონკოლოგიის მკურნალობასთან დაკავშირებულ სხვა მიმართულებებზეც იმსჯელეს - მხარეებმა, სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, სამინისტროს სხვა დეპარტამენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლები.

დღეიდან მასწავლებლების ხელფასი გაიზარდა. 37 ათას მასწავლებელს, რაც პედაგოგთა 70%-ს შეადგენს, ხელფასი 500-დან 800 ლარამდე გაეზარდა. 25%-ს ანაზღაურება საშუალოდ 300-დან 400 ლარამდე. დარჩენილ 5%-ს კი, მინიმუმ 200 ლარიანი სახელფასო მატება აქვს.

ახალი სახელფასო სისტემა მასწავლებლების ღირსეულ ანაზღაურებას და სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

განაცხადების მიღება დაიწყება უახლოეს მომავალში და პირველი სექტემბრიდან 3 000-მდე კურსდამთავრებულს მიეცემა როგორც საჯარო სამსახურში, ისე კერძო სექტორში და მუნიციპალიტეტებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდობის მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება.

 

„ახალგაზრდობის მიმართულებითაც გვქონდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, გუშინ დასრულდა „სტუდფესტი“, ბანაკები ანაკლიაში, შაორზე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს პროექტები განხორციელდება ზაფხულის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება. პარლამენტმა მიიღო ამ მიმართულებით კანონი და ამ კანონს სჭირდებოდა სათანადო რეალიზება, ხორცშესხმა და სწორედ, ამისთვის საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. შესაბამისი განაცხადების მიღება დაიწყება უახლოეს მომავალში და პირველი სექტემბრიდან 3 000-მდე კურსდამთავრებულს მიეცემა როგორც საჯარო სამსახურში, ისე კერძო სექტორში და მუნიციპალიტეტებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალება. ეს იქნება 4-თვიანი სტაჟირება. წელს გვექნება ეს პროექტი საპილოტე რეჟიმში, მომავალ წლებში კი ვეცდებით უფრო მეტად დავხვეწოთ ეს პროგრამა,“- აღნიშნა პრემიერმა.

საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

„საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან.

5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს ჩააბარებენ.

დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.

2024 წელს საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი, ხულო, ამბროლაური.

შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, ხოლო მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900 - ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge, აბიტურიენტებისათვის სისტემატურად ქვეყნდება კონკრეტულ საგანთან დაკავშირებული რეკომენდაციები. რუბრიკა „რჩევები აბიტურიენტებს“ გათვალისწინებულია იმ გამოსაცდელებისათვის, რომლებსაც სურთ დეტალურად გაეცნონ ჩასაბარებელ საგანთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას. რაც შეეხება საგამოცდო პროცესსა და მასთან დაკავშირებულ წესებსა და ინსტრუქციებს, აბიტურიენტებს საშუალება აქვთ გაეცნონ ცნობარში. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. დეტალურად: ",- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

მთელი ერთი თვეა, რაც ჩვენს სახლში მხოლოდ ეს სიტყვებიღა ისმის. მაშინ, როდესაც მამაკაცები მთელს დროს ქვევრების რეცხვას, საწნახელის გაწყობას, გოდრების წვნას, სართველოდ ვენახის გამოწმენდას ანდომებენ, დედაკაცები სულ ჩურჩხელების სამზადისში არიან. რვა ენკენისთვეს კაკლის ბერტყვა დაიწყო, დედათქვენმა კრეფის დროსვე საუკეთესო კაკლები გადაარჩია, დაკროლა, წენგოსაგან გასუფთავებული, დიდს ჭილობზედ გაგვაშლევინა, მზის გულზედ და თვითონ აივნიდგან თვალმოუშორებლივ, ორი-სამი დღე უყარაულა.

- იქით, იქით, ონავარო, - ეუბნებოდა პატარა ნიკოს, რომელიც, წუწკ ციცუნიასავით ოთხზედ დამდგარი, ეპარებოდა კაკლებს.

- საჩურჩხელეა, საჩურჩხელე, არ მიეკარო, თორემ ხელებზედ გცემ.

- ხელი, ხელი არ ახლო, - სასტიკად შეუყვირა მზარეულს - გიგუას, რომელსაც ერთი-ორი კაკალი უნდა აეწაპნა ჩასაკნატუნებლად.

- განა, სხვა კაკალი არ მოიპოვება სახლში, რომ მაგას არ წაეტანო?! არ იცი, რომ საჩურჩხელეა?!

მესამე დღეს, საღამოზედ, ჩაის შემდეგ, ჭილობზედ შეგროვილი, გამშრალი კაკალი ქალბატონის ოთახში შევიტანეთ, გარს შემოვუსხედით, წინ ბრტყელი ქვები დავიწყეთ, ხელში - მრგვლები, და შევუდექით მტვრევას და რჩევას: მებაღის ცოლი მართა, იმისი ქალი ნუშკა, ჩვენი პატარა გოგო ანუა, ტარამანაანთ ნინუა და თქვენი მოსიყვარულე გამდელი თინათინა. ქალბატონი მაგიდასთან იჯდა და ჩვენს მიწვდენილს ქაღალდივით თეთრს ნიგოზს დიდ სინებზედ აგროვებდა. მტვრევის დროს ვმღეროდით, ვიცინოდით, რძესავით გემრიელს ნიგოზს ვღეჭავდით და თან ვანგარიშობდით, თუ რამდენი ჩურჩხელა უნდა აგვესხა, რომ ყველას, ჩვენო ძვირფასებო, გყოფნოდათ და ჩვენთვის - სტუმარ-მასპინძლისათვისაც ბლომად დაგვრჩენოდა. ათ საათამდის ვიმუშავეთ, ათზედ კი ყველანი ჩავჩუმდით, თვალზედ რული მოგვეპარა, ხელების აღებ-დაღებას ვუკელით, ქვების რაკარუკი მიყუჩდა.

ქალბატონმა დაღალულობა შეგვატყო და საქმეზედ ხელი აგვაღებინა.

- კმარა, კმარა დღეს, დანარჩენი ხვალ საღამოსთვის იყოს, - თქვა, სავსე ლანგრებს გაზეთის ფურცლები გადააფარა და განჯინაში შეაწყო.

დილით წუხანდელი დარჩეული ნიგოზი მზეზედ გავფინეთ. საღამოზედ კვლავ ვამტვრიეთ კაკალი. ქალბატონი კი თავისის ჯიბის დანით, დილით, გამხმარს ნიგოზს საჩურჩხლედ სჭრიდა. ჩვენ კიდევ ვიცინოდით, ვმღეროდით, ვამტვრევდით, ვარჩევდით და ვღეჭავდით რძით სავსე ნიგოზს. ბევრჯერ მოგიგონეთ თქვენ: ვანო, ლადო, ნატო, კატო! საწყლებო, რამდენი წელიწადი აღარ მოსწრებიხართ რთველს, ჩურჩხელების გავლებას, ბროლივით თეთრის და შაქარივით ტკბილის თათარას წინწკლების ლოკვას ტაბაკებზედ!

რაღა ბევრი გავაგრძელო, მთელი ექვსი დღე ვასხამდით ჩურჩხელებს. ორი დღე მარტო თავდებები ვუკეთეთ მე და ქალბატონმა და მერე, ჯარივით ჩარახტული გრძელ სარზედ, მზეზედ ჩამოვკიდეთ. ახლა ნარკვევის რჩევას შევუდექით. მთელი სამი დღე ჩავკირკიტებდით ჭვავით სავსე ხორბალს და ძლივს ბოლო მოვუღეთ. ასე გარჩეული ხორბალი წისქვილში მე თვითონ ჩავიტანე. ხვიმირა ჩემის ხელით ამოვწმინდე, იქაურობა დავგავ-დავწმინდე, რომ მტვერი არ მიჰკარებოდა საჩურჩხელე ხორბალს და ჩემის ხელითვე დავაყარე წისქვილს. მანამ ხორბალი ჩამოვიდოდა, წინდით ხელში იქვე, წისქვილის კარებში, ჩავჯექ და ყურს ვუგდებდი სარეკელას, ღარში დაქანებულის წყლის ჭრიალს, წისქვილის ქვის ერთგვარს გრიალს, და იქვე ტომარაზედ მიყრდნობილს, ტკბილად მძინარე გოგიას.

ხორბალი ჩამოვიდა, სიფრთხილით ავკრიფე თეთრს პარკში, თეთრი ფქვილი ჩემისვე ხელით შინ ამოვიტანე, დიდი სათათარე ქვაბები დავაკალვინეთ, ციცხვები დავფხიკეთ, ხონჩები დავარაკრაკეთ, ბადაგის გადასასხმელი ქილა-ხელადები ქვიშით დავხეხეთ და ასე გამზადებულნი მივეგებეთ რთველს პირველს ღვინობისთვეს. იჰ, რა სანეტაროა ეს რთველი! რა სიხარულს და კმაყოფილებას გრძნობს ყოველი ადამიანი! მეტადრე მოზარდი თაობაა ხოლმე გადარეული და თქვენ კი, ჩემო ჭრუკებო, აქ წიგნებში ხართ თავჩაღუნულნი.

რთველი გაჩაღებული იყო. ქალები კალათებში კრეფდნენ ყურძენს, კაცები მოსაკიდებში აგროვებდნენ, მებაღეები საწნეხელისკენ ეზიდებოდნენ. ქალბატონი ვენახის ბოლოში, კაკალქვეშ იჯდა და თეთრს, დამკრახულს ყურძენს საჩურჩხელედ არჩევდა. საჩურჩხელე ცალკე ნავში დავწურეთ და მარნიდან პირდაპირ დიდის ქვაბებით ზედადგარზედ შემოვდგით. საღამო ჟამი იყო, თბილი საღამო. მთვარე, ოდნავად ბურუსში გახვეული, მკრთალად ანათებდა სოფელს და ჩვენი სახლის კარ-მიდამოს, რომელიც სათათარავე ტკბილების ქვაბების ქვეშიდან აპრიალებული ცეცხლის შუქით იყო გაჩირაღდნებული. აქვე ქვებზედ, კიბეებზედ ვისხედით ჩვენ, ყველანი და ქვაბების ადუღებას ველოდით. კარგა შუაღამე გადავიდა, საგრძნობლად აცივდა, როდესაც დუღილით დანახევრებული ქვაბები ცეცხლიდგან გადმოვდგით და წითლად დარაკრაკებულს ქილა-ხელადებში გადავასხით. მეორე დღეს, ადრიანად მობადაგებული ტკბილი, ქილებში დაწმენდილი, ნელ-ნელა, დიდის სიფრთხილით ისევ ქვაბებში გადავიღეთ, ისევ ცეცხლზედ შემოვდგით, გავაცხელეთ, ბადაგში გალესილი, მომზადებული ფქვილი ჩავასხით და ნიჩბებივით დიდის ციცხვებით ვიწყეთ რევა, ზელვა, თან ცეცხლს გამხმარი სარის შეშას ვუმატებდით. ერთს საათზედ თათარამ მოიწია. ბედს მადლობა მივუძღვენ, რომ კიდევ შემასწრო ამ ბედნიერ დღეს და პირველად, ეს მთელ-მთელლებნიანი, გრძელი ჩურჩხელები ამოვავლე.

„ეს ჩემს მშვენიერს ვანოს, ეს ჩემ გონიერ ლადის, ეს დახატულს ნატოს, ეს დაბრძენებულს კატოს“, - ვამბობდი და ჩურჩხელებს ქალბატონის გამოწვდილი ხელის თითებზედ ვაცმევდი.

ქალბატონი აწოდებდა სარზე წამოსაცმელად ძალუათქვენს, ელისაბედს, ელისაბედი - მართას, მართა - თავისს ქალს ნუშკას, ნუშკა - გოგია მზარეულს, რომელიც გავსებულს სარებს წყნარად, სიფრთხილით, რომ ჩამოკონწიალებული ჩურჩხელები ერთმანეთს არ მიჰკარებოდა, წინადვე მომზადებულ ჯინჯიბახებზედ ჰკიდებდა.

მშვენიერი ბრწყინვალე მზე იდგა, მკათათვესავით ცხელოდა. სწორედ საჩურჩხელე დარი იდგა. ქალბატონი პირზედ ღიმილით ამბობდა: თუ ასეთი დარი დაიჭირა, ერთ კვირაზე ჩურჩხელები ქალაქს გაიგზავნებაო. ხუთასი ჩურჩხელა გავავლეთ, ოცდაათი სარი გამწკრივებული ეკიდა ჯინჯიბახებზედ, ქალბატონს წელი ასტკივდა ქვაბთან დახრითა და დგომით, მე მარჯვენა მიცახცახებდა ციცხვის ქნევით, მაგრამ გათავებას არ ვჩქარობდით. ლხინში ადამიანს ჭირი ყოველთვის ავიწყდება! ჩურჩხელებქვეშ გაყრილ სუფთა ხონჩებზედ მეზობელ გლეხთა გოგო-ბიჭები ჩურჩხელის წინწკლებს გაფაციცებით ლოკავდნენ; ერთმანეთს ხელს ჰკრავდნენ, სცემდნენ, ტიროდნენ, იცინოდნენ, ნამდვილი დღესასწაული იყო...

მზე მიილულა და ქვაბების ძირებიც გამოჩნდა. ჩურჩხელებს მოვრჩით და ახლა გასქელებული თათარის დარიგებას მოვუნდით. ყველა მეზობელს, მოსამსახურეს, მუშებს თეფშებზედ თითო ციცხვი დავუგლისე. სამხრობა გადასული იყო, როდესაც დიდი ხნით მოკეცილი, ჯდომით დაბუხული ძლივსღა ამაყენეს, ქალბატონი, წელში გაწყვეტილი ფეხზე დგომით, ძლივსღა ავიდა აივანზედ. მხოლოდ ახლა მოაგონდა, რომ მთელი დღე ნაყრი არ ჩასულა ჩვენს პირში და სადილის სამზადისს შეუდგა. ჯერ მუხლებში წყალი არ ჩაგვდგომოდა, ლუკმა ყელს არ ჩაგვცდენოდა, რომ ქარმა წამოისისინა, ჩურჩხელებმა რხევა დაიწყეს.

- არიქათ, არიქათ, მიეშველეთ ჩურჩხელებს, - დაგვიკიჟინა ქალბატონმა.

- ქარი სულ ძირს დასცემს და ამდენი ხნის ამაგს მტვერში ამოგვივლებს. საჩქაროდ გავცვივდით, დიდი და პატარა სარების აკრეფას შევუდექით. ნელ-ნელა ამოგვქონდა კიბეზედ და სასტუმრო ოთახში, ორი მაგიდის შუა ვკიდებდით. მერე შემშრალი ჩურჩხელები სარის შუა წელზედ შევაგროვეთ და, როცა ხუთასი ჩურჩხელა ერთს ალაგს შევაგროვეთ, ქალბატონმა დიდი ჯამით ბადაგი შემოიტანა და იატაკზედ დაჩოქილმა, თითო-თითოს, ცალ-ცალკე, ორივ ხელით ბადაგი ჩამოუსვა.

მერე თეთრი სუფრა შემოახვია ჩურჩხელის გროვას, სუფრას ზემოდგან დიდი, თბილი შალი, და ასე შეფუთნული ჩურჩხელები კარდაკეტილში დავტოვეთ.

- სიფრთხილეს თავი არა სტკივა, სულმა არავის წასძლიოს, - სთქვა ქალბატონმა: - ხილს რომ პირი ჰქონდეს, თავის თავს თვითონვე შესჭამდაო, ნათქვამია. მესამე დღეს, დილით, სუფრა შემოვხსენით და თეთრად შეშაქრული ჩურჩხელები კვალვ გავწი-გამოვწიეთ სარებზედ და ჯინჯიბახებზედ გავიტანეთ. ასე შეგვქონდა და გაგვქონდა მთელი ერთი კვირა. ქარი, ღრუბელი გულს გვიხეთქავდა და ყოველს წამს თავს დავტრიალებდით. მერვე დღეს, სარებს დავაძრეთ ჩურჩხელები, ქალბატონმა თავდებები დააჭრა, ჩურჩხელები გაანაწილა და საოჯახო ნაწილი იმ დიდს წითელს სკივრში ჩააალაგა, რომელსაც თქვენ ყველანი კარგად იცნობთ და, რომელიც ნოეს კიდობანივით ყოველთვის სავსეა თქვენთვის ტკბილეულის სასუსნავით. თქვენთვის გადაწყობილი კი ცალ-ცალკე, თეთრ პარკებში ამოკერა და აი, ჩემი ხელით გაახლათ. მიირთვით და შეექეცით, კეთილად შეგარგოთ, მრავალს რთველს და მოსავლის შეკრებას შეგასწროთ, სწავლა მალე დაგასრულებინოთ და პირადად თქვენ თვითონ შეგაძლებინოთ ამ მძიმე, მაგრამ ქართულის ოჯახის სამხიარულო და სახალისო საქმის გაწყობა, სოფელი არ დაგავიწყოთ და მისი საქმე და ჩვეულება გულში ჩაგინერგოთ!..

... ასე გაგვახარა ჩვენმა გამდელმა, ბებერმა თინამ, თეთრი, დაშაქრული ჩურჩხელებით - ცალკე და ჩურჩხელების მძიმე სამზადისის მოთხრობით - ცალკე.

 

ეკატერინე გაბაშვილი

 

 

 

კულტურის სფეროში განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, „კულტურის სტრატეგია 2025-ის“ შესაბამისად, სამინისტრო ახორციელებდა კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობას ლიტერატურის, თეატრის, მუსიკის, კინოს, სახვითი ხელოვნების, ფოლკლორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარების, ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციის, ინტერნაციონალიზაციის, კულტურის ხელმისაწვდომობისა და სახელოვნებო განათლების განვითარების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საანგარიშო პერიოდში „კულტურის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 500-მდე პროექტი; მათ შორის - 60-მდე ფესტივალი, 50 საიუბილეო ღონისძიება, 50 წიგნის თარგმნა/გამოცემის პროექტი, სხვა პროფესიული კონკურსები თუ ღონისძიებები.

„საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში ჩატარდა 130-მდე პროექტი; აქედან 100-ზე მეტი - საზღვარგარეთ; 17 ახალგაზრდა არტისტს დავეხმარეთ საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში მონაწილეობაში. მუზეუმების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 20 პროექტი. მიმდინარეობდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების გამოვლენა, შესწავლა, ინვენტარიზაცია. დასრულდა 41 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია; ამჟამად მიმდინარეობს 19 ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მომზადდა 10 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი; მიმდინარეობს 8 ძეგლის პროექტირება. მომზადდა ახალი კანონპროექტი „თეატრების შესახებ“, რომელიც უზრუნველყოფს თეატრების მართვის ხარისხის გაუმჯობესებას, საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას და როგორც სახელმწიფო, ისე კერძო თეატრების სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმების გაუმჯობესებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სამინისტრო აგრძელებს კულტურისა და შემოქმედებითი პროექტების ხელშეწყობას ღია კონკურსის წესით ათამდე პრიორიტეტული მიმართულებით.

„შიდა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა 60-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ფესტივალი. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო მუზეუმებმა გამართეს 194 გამოფენა-ღონისძიება და 1291 საგანმანათლებლო აქტივობა; სამინისტროს მუზეუმებს სტუმრობდა 600 ათასზე მეტი დამთვალიერებელი. გაგრძელდა საფრანგეთში ლევილის მამულის რეაბილიტაციის სამუშაოები; კაპიტალურად აღდგა „გუშაგის სახლი“, მამულში მოეწყო 6 საცხოვრებელი სივრცე, სრულად შეიცვალა შატოს სახურავი. წელს 40%-ით გაიზარდა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება სამხატვრო აკადემიასა და კონსერვატორიაში, 25%-ით გაიზარდა ანაზღაურება - თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფიროსმანის გამოფენები გაიმართა ევროპის თანამედროვე ხელოვნების 4 საერთაშორისო მნიშვნელობის საგამოფენო ცენტრში. ქართული კულტურული მემკვიდრეობის უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოფენა − „ოქროს საწმისი - საქართველოს ხელოვნება“ გაიხსნა კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში. წელს პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო ეროვნული სტენდით პირველად წარსდგა. ესეც არასრული ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რომლებიც განხორციელდა კულტურის სფეროში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ილია ბეგიაშვილის თქმით, ალავერდის ტაძარს, რომელიც გუშინ სტიქიის შედეგად დაზიანდა, სიღრმისეული შესწავლა სჭირდება და პროცესში სპეციალისტები ჩაერთვებიან.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, სავარაუდოდ, დღეს დაიწყებენ სპეციალისტები მუშაობას, რის შემდეგაც გაირკვევა, რა დრო და რა ტიპის სამუშაოები დასჭირდება ტაძარს.

"ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, შესაბამისად მარტივი სამუშაო არ არის. საჭიროა ღრმა შესწავლა, რომ სწორედ დაიგეგმოს პროცესები, რაშიც შემდგომში ყველა ჩაერთვება, ვინც ჩასართავი იქნება. დღეიდან შესწავლის პროცესი ალბათ დაიწყება და არ ვიცი, რა დრო დასჭირდება, მაგრამ სპეციალისტები გვეტყვიან, რა ტიპის სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, რა ვადებში ჩატარდება და რა მოცულობებზე იქნება საუბარი"- თქვა ბეგიაშვილმა.

25 ივნისს, კახეთში ტორნადოს შედეგად ალავერდის ტაძარი დაზიანდა. დაზიანებულია ეკლესიის გუმბათი, სტიქიის შედეგად დაზიანებულია კელიები, კელიის ჭერი და მიმდებარე ტერიტორია, ასევე ეკლესიის ეზოში მოგლეჯილია ხეები.