საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მართვის მოწმობების გადაცვლის შესახებ. შსს-ს ცნობით, ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაშია 2024 წლის 25 ივნისიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და ირლანდიის მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელებს, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეუძლიათ გადაცვალონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობაში მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად.

მემორანდუმით განსაზღვრულია იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორიები/ქვეკატეგორიების, რომელთა სამართავად გაცემული მართვის მოწმობები ექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ AM, A1, A2, A, B, BE, C1, C, D1, D1E, D, DE, CE და C1E კატეგორიების/ქვეკატეგორიების სამართავად გაცემული მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი.

ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო უკვე დაემატა იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებიც აღიარებულია ირლანდიის მიერ მართვის მოწმობის გადაცვლის
მიზნებისთვის (https://www.rsa.ie/services/licensed-drivers/driving-licence/exchange-foreign-licence).

აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ირლანდიის მიერ აღიარებული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ირლანდიაში (წელიწადში არანაკლებ 185
დღე) შეუძლიათ გადაცვალონ მართვის მოწმობები ონლაინ განაცხადის საფუძველზე ან ეროვნული მართვის მოწმობის სამსახურში (NDLS)", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ორგანიზებით საგანგებო და კრიზისული სიტუაციების გაშუქების საკითხებზე მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის სემინარი ტარდება.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან კოვზიაშვილმა, ასევე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერმა, ქეთევან ხუციშვილმა და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) პროექტის მენეჯერმა, ელენე ალადაშვილმა.
მედიასემინარს სხვადასხვა ტელეკომპანიის, საინფორმაციო სააგენტოებისა და რეგიონული მედიის ჟურნალისტები ესწრებიან. სწავლებას საერთაშორისო ექსპერტები უძღვებიან და განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კრიზისული კომუნიკაციის საფუძვლები და მედიის როლი, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთაშორისო პრაქტიკის სტანდარტები და პროტოკოლები, ეთიკა და კრიზისული კომუნიკაცია, პროფესიული ქცევის წესები და სხვა.
აღნიშნული სემინარი გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ - ფარგლებში ხორციელდება.
აღნიშნული პროექტი „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ - ინიციატივის ნაწილია და 2020 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სექტორში ჩართული სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა.

 

ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროსთან პარაშუტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ბათუმში პარაშუტი ჩამოვარდა, რომელზეც ორი ტურისტი იმყოფებოდა.

მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

UEFA-ს 2024 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ სამინისტროსა და ფედერალური პოლიციის ინიციატივით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ასპარეზობის პერიოდში - 14 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული მატჩების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ორი თანამშრომელი, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ცენტრში (IPCC EURO2024).
ასევე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ორ-ორი თანამშრომელი სტადიონებზე, მობილური ჯგუფის სახით, საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშების დროს, მონაწილეობდა ადგილობრივი პოლიციის შესაბამისი დანაყოფების ხელშეწყობის ოპერაციებში - საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა თავშეყრის ადგილებსა და მათ მიერ ორგანიზებულ მსვლელობებში.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ათი თანამშრომელი, ყოველდღიურად სხვადასხვა ქალაქის აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებზე გერმანელ პოლიციის ოფიცრებს უწევდნენ დახმარებას ქართველ გულშემატკივართან ეფექტურ კომუნიკაციასა და მართლწესრიგის დაცვაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 26 მოქალაქე ქვეყნიდან გაძევეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული ქვეყნიდან.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა ირანის ისლამური რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს, ერაყის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, ინდოეთის რესპუბლიკის და სხვა უცხო ქვეყნების, ჯამში 26 მოქალაქე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 24 ივნისს გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომლის თანახმად საქართველო ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შეფასების უმაღლეს საფეხურზეა და უკვე მე-9 წელია ინარჩუნებს ადგილს ე. წ. პირველ კალათაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობის მიერ გაძლიერდა სამართალდაცვითი ღონისძიებები ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და პოზიტიურადაა შეფასებული სისხლის სამართლის კოდექსში ტრეფიკინგის ჩადენისთვის დაწესებული სასჯელები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სპეციალიზებული დანაყოფები, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაში არსებული ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო და მისი 6 მობილური ჯგუფი, ასევე აჭარის რეგიონში მოქმედი სპეციალისტთა ჯგუფი - ე.წ. TASK FORCE, რომელიც დაკომპლექტებულია სპეციალიზებული გამომძიებლებითა და პროკურორებით.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული დანაყოფები ახორციელებენ ტრეფიკინგის რისკ-ჯგუფში მყოფი ადგილების შემოწმებას (მათ შორის, ღამის კლუბების, ბარების, კაზინოების და ა.შ.) ტრეფიკინგისა ფაქტების პროაქტიული გამოვლენის მიზნით. ანგარიშში ასევე მიმოხილულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შრომის ინსპექციის მიერ ჩატარებული ერთობლივი ინსპექტირებები. დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში ტარდებოდა სხვადასხვა კურსები პოლიციელთათვის ტრეფიკინგის საკითხებზე, აგრეთვე, მითითებულია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდებოდა გამომძიებლების, პროკურორებისა და შრომის ინსპექტორების გადამზადება ტრეფიკინგის დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე. ანგარიშს ტრადიციულად ახლავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხანძრების პრევენციისა და სწრაფი რეაგირების მიზნით, კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში საველე ოპერაციების შტაბი გახსნა. კახეთის რეგიონში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟების დამატებითი მობილიზება მარცვლეულის აღების პროცესს უკავშირდება, რაც ხშირ შემთხვევაში მინდვრის ხანძრების რისკს ზრდის.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, გაძლიერებული მონიტორინგის მიზნით, დამატებითი ძალების მობილიზება, როგორც სპეც-ტექნიკის ასევე, ცოცხალი ძალის საშუალებით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოშიც მოახდინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ტყის და მინდვრის ხანძრების პრევენცია და დროული რეაგირება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ზაფხულის სეზონზე ტყის და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება, რაც ხშირად გამოწვეულია მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ცეცხლის დანთებით და დაუდევრობით.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ასევე, იმყოფებოდნენ, 13 ივნისს დაღუპული მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის მშობლიურ სოფელში, აღაიანში, სადაც გარდაცვლილი გმირის ოჯახის წევრებთან ერთად, მისი სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ზურაბ მუზაშვილი 2015 წლის 13 ივნისს სხვა მეხანძრე-მაშველებთან ერთად, სტიქიის ეპიცენტრში, ვერეს ხეობაში მუშაობდა. მან წყალდიდობის დროს 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

ბათუმში საზღვაო სეზონის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე, ქალაქ ბათუმის მერი - არჩილ ჩიქოვანი და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ხელმძღვანელმა პირებმა მეხანძრე-მაშველებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.
ღონისძიების ფარგლებში, სანაპირო ზოლზე გამოფენილი იყო წყალზე სამაშველო აღჭურვილობა, ავტოტექნიკა, მცურავი საშუალებები, ასევე საჰაერო და წყალქვეშა დრონები.
ოფიციალური ცერემონიის დასასრულს, სტუმრებისთვის, განახლებული მცურავი საშუალებების, კერძოდ, სამაშველო სკუტერებისა და სწრაფმავალი კატარღების პრეზენტაცია გაიმართა.
მეხანძრე-მაშველები, რომლებიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არიან აღჭურვილები, აჭარის რეგიონში, სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და გაუწევენ შესაბამის მონიტორინგს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური სამსახურის ინსტრუქტორმა, დევიკო გობეჯიშვილმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში გამართულ ვეტერან ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ბოსნია-ჰერცეგოვინის ქალაქ სარაევოში მიმდინარე ჩემპიონატზე დევიკო გობეჯიშვილმა 100 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში იასპარეზა. მან ფინალური
ორთაბრძოლა ქართველ ვეტერან ძიუდოისტთან, გიორგი მოდებაძესთან გამარჯვებით დაასრულა და 100 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორი, დევიკო გობეჯიშვილი ქალაქ სარაევოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე შინაგან საქმეთა  სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.