”B” და ”BE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ასრულებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის 26 აპრილიდან, "B" და "BE" კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა.
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 9 სტრუქტურულ ერთეულში შეძლებენ. თუმცა ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურში, ქალაქში გზებზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კანდიდატები ვერ შეძლებენ მართვის უფლების მისაღები გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარებას შესაბამისი სამუშაოების დასრულებამდე.
პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება. თითოეული საგამოცდო სამსახურისთვის შემუშავებულია რამდენიმე საგამოცდო მარშრუტი.
ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ჩატარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.
მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს, გავიდეს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთანავე, დაინტერესებული პირი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა. ასევე, მძღოლობის კანდიდატს საშუალება ექნება, ისარგებლოს დაჩქარებული მომსახურებით, რომლის ღირებულება განისაზღვრება 160 ლარით და პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპზე 15 დღეზე ადრე გავიდეს.
პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე გასასვლელად საჭიროა, დაინტერესებულმა პირმა დაჯავშნოს რიგი. რიგის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში, ასევე, სააგენტოს ვებგვერდის, მობილური აპლიკაციის ან სწრაფი გადახდის ტერმინალის საშუალებით. მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამოცხადდეს რიგის ჯავშნით გათვალისწინებულ დრომდე, 15 წუთით ადრე.
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო - დაკავებულია 7 პირი
ᲨᲘᲜᲐᲒᲐᲜ ᲡᲐᲥᲛᲔᲗᲐ ᲡᲐᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲝᲛ ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲔᲑᲨᲘ ᲣᲙᲐᲜᲝᲜᲝ ᲪᲔᲪᲮᲚᲡᲐᲡᲠᲝᲚᲘ ᲘᲐᲠᲐᲦᲔᲑᲘ ᲐᲛᲝᲘᲦᲝ - ᲓᲐᲙᲐᲕᲔᲑᲣᲚᲘᲐ 3 ᲞᲘᲠᲘ
ალექსანდრე დარახველიძე ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისართან - კაირატ აბდრახმანოვთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში - ქეთევან ციხელაშვილი.
ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა სათანადო და ეფექტიანი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის უზრუნველსაყოფად სამინისტროში განხორციელებულ ღონისძიებებს.
ეუთოს უმაღლესმა კომისარმა დადებითად შეაფასა სამინისტროში გატარებული რეფორმები და იმედი გამოთქვა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულ სახელმწიფოებს საუკეთესო პრაქტიკასა და გამოცდილებას გაუზიარებს.
შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ კაირატ აბდრახმანოვს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ეუთოს ინსტიტუტებთან თანამშრომლობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანია დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაიწყო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კამპანია, სლოგანით - „იცოდე, რომ კანონი გიცავს!“
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ევროკავშირის მხარდაჭერით დაგეგმა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანია.
კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე და პოლიციისადმი ნდობის ხარისხის გაზრდა.
ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა - კატალინ გერმანმა გახსნეს.
კამპანიის ფარგლებში, ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის და საზოგადოების ინფორმირების მიზნით მომზადდა 4 ვიდეორგოლი, რომელთა მთავარი მესიჯია - „იცოდე, რომ კანონი გიცავს“!
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - მამუკა ჭელიძემ მოწვეულ სტუმრებს დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მან ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობასა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
კამპანიის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა სამინისტროს, ევროკავშირის, აშშ-ის საელჩოს და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საინფორმაციო კამპანია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა" - ფარგლებში ხორციელდება.
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 8 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, სამეგრელოში, შიდა ქართლში და კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 8 პირი.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.რ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღო პისტოლეტი, მჭიდი და 15 საბრძოლო ვაზნა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1976 წელს დაბადებული ზ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მესტიაში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 54 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა დროს დააკავეს 1973 წელს დაბადებული თ.ნ. და 1963 წელს დაბადებული ჯ.თ. პოლიციამ, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და სხვადასხვა სისტემის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 78 ვაზნა.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი, 1972 წელს დაბადებული ი. კ. დააკავეს. პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კალაშნიკოვის მოდელის AKC -ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 56 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ი.კ.-ს ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული ბ.მ. ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ქალაქ გორში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 146 ვაზნა.
დანაშაული 3-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
ვახტანგ გომელაურმა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს უმასპინძლა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი - სულეიმან სოილუ, მაღალი დონის დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ეწვია. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური თურქ კოლეგას აეროპორტში დახვდა და შინაგან საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ოფიციალური შეხვედრა გამართეს, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე ესწრებოდა.
ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები. სულეიმან სოილუმ ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, რისთვისაც ვახტანგ გომელაურმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა.
"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს, თურქეთს, ჩვენი გვერდით დგომისთვის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
მოგეხსენებათ, გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები, საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას. მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: საზღვრის დაცვა, ორგანიზებული დანაშაულისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.
კარგად გვახსოვს თურქი ხალხის გვერდში დგომა ყოველთვის და ამისთვის, მინდა, დიდი პატივისცემით, კიდევ ერთხელ გულწრფელად გითხრათ მადლობა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
თავის მხრივ, სულეიმან სოილუმ მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მასპინძლობისთვის.
"მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ მინისტრს გულთბილი მასპინძლობისთვის. ძალიან ნაყოფიერი პირისპირ შეხვედრა გვქონდა.
ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა პლატფორმაზე ვიცავდით, ვიცავთ და მომავალშიც დავიცავთ.
ეს ეხება ასევე უკრაინასაც. ასეთ რთულ ვითარებაში, ჩვენი პრეზიდენტის, ბატონ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის ლიდერობით, ვცდილობთ, შევასრულოთ შუამავლის როლი, რათა რეგიონში და ზოგადად, ამ კონფლიქტში შევასრულოთ დადებითი როლი, რომ რაღაცნაირად დავასრულოთ იგი.
ჩვენ მოხარული ვართ, რომ მსგავს პოზიციას იკავებს საქართველოს ხელისუფლება და თქვენი ქვეყანა ამ კონფლიქტთან დაკავშირებით", - აღნიშნა სულეიმან სოილუმ.
მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის ეფექტიან თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს პოლიციის ატაშეების წვლილს ორი სახელმწიფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებასა და განმტკიცებაში. თურქულმა მხარემ სამომავლო სამუშაო ვიზიტების და ერთობლივი წვრთნების ჩატარების მზაობა გამოთქვა, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: საზღვრის დაცვა, ორგანიზებულ დანაშაულთან და კიბერდანაშაულთან ბრძოლა.
ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი კომისიის საქმიანობის მნიშვნელობაზე, რომელიც ყოველწლიურად იკრიბება და ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობასთან, ტერორიზმსა და სხვა მნიშვნელოვან დანაშაულებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ კომისიის მორიგი სხდომის ჩატარება უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება.
შეხვედრის დასასრულს, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართული მხარე საპასუხო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში მიიპატიჟა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ესპანეთის სამეფოში დასრულდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ოფიციალური ვიზიტი ესპანეთის სამეფოში დასრულდა. ვახტანგ გომელაურმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრთან - ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესთან და ესპანეთის სამეფოს სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორთან - მარია გამეს გამესთან.
მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები დასახეს.
ვახტანგ გომელაურმა ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის წარმომადგენლებს არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელები გადასცა.
შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე, რომელმაც ამავე ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ესპანეთის ეროვნული პოლიციის გენერალური დირექტორის მოადგილესთან - ხოსე ანხელ გონსალეს ხიმენესთან.