შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე, საბჭოთა ოკუპაციის 102 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
 
სახელმწიფო დროშები ასევე დაშვებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე.
 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში, ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში იმყოფება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური და დელეგაციის სხვა წევრები ქართველ მაშველებს შეხვდნენ, რომლებიც თურქეთში, ქალაქ ანთაქიაში მიწისძვრის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს ახორციელებენ.
დელეგაცია მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით თურქეთის რესპუბლიკის კრიზისული სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის კოორდინაციის ადგილობრივ ცენტრს ეწვია, სადაც მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. ადგილზე იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ფათიჰ დონმეზი, გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილებების მინისტრი მურათ ქურუმი და თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჩაღათაი ქილიჩი.
მთავრობის მეთაურმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართველ მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადეს.
"მინდა, პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვხატო და სამძიმარი ვუთხრა გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, თურქეთის მთავრობას. ნამდვილად ძალიან მძიმეა, რასაც ეკრანიდან უყურებ, თუმცა, შენი თვალით რომ ხედავ, ბევრად მძიმე სანახავია. ჩვენი მაშველები არიან გამოცდილები და მომზადებულები მაღალ დონეზე. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს, მე ამაყი ვარ ნამდვილად, როდესაც გვეუბნებიან: მადლობა, რომ თქვენმა ბიჭებმა ძალიან მაგრად იმუშავეს. ყველა კითხულობდა, ქართველები სად არიან, გვიშველეთო და ეს ჩემთვის ნამდვილად საამაყოა. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მათ", - იცით, რომ იმ დღიდანვე, იმ დილითვე, ბატონი პრემიერის დავალებით მოხდა მობილიზება ჩვენი მაშველების, აღჭურვილობის და დილიდანვე დაიძრნენ ეპიცენტრის მიმართულებით", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - გრიგოლ ლილუაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - რევაზ ჯაველიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ა.თ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის 2 წლის შვილზე ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა ბავშვმა სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა მიიღო. გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას.
ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს

რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 132-163-ე კილომეტრზე მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები ხორციელდებოდა.
შეფერხებული მოძრაობის დროულად განტვირთვისა და მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები, მძიმე ტექნიკის დახმარებით, თოვლისგან გზის ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.
სამუშაო პროცესს ადგილზე ამ დრომდე ხელმძღვანელობენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვაჟა სირაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში - ზვიად შალამბერიძე.
ამჟამად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთი გაწმენდილია, რიკოთის უღელტეხილის ტერიტორია მსუბუქმა ავტომობილებმა, მგზავრებთან ერთად, უსაფრთხოდ დატოვეს.
ამ დროისთვის მოძრაობა ეტაპობრივად აღდგა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „პრომეთეუსის“ (II ფაზა) გახსნით ღონისძიებას დაესწრო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: საფრანგეთის ელჩი საქართველოში - შერაზ გასრი, საქართველოში იტალიის ელჩი - ენრიკო ვალვო, საქართველოში ლატვიის ელჩი - ედით მედნე, საქართველოში ესპანეთის სახელმწიფო რწმუნებული - მარკოს გრანადოს გომესი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი - ევია კოტანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი - ეკატერინე მაჭავარიანი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვაჟა სირაძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - თეიმურაზ კუპატაძე და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ალექსანდრე დარახველიძემ ღონისძიების მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის დელეგაციასა და პროექტ „Prometheus“-ის კონსორციუმის მონაწილე ქვეყნებს პროექტის მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის გაწეული დახმარების მასშტაბი და მნიშვნელობა. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე საზღვრისა და მიგრაციის მართვის, ასევე, არალეგალური მიგრაციისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
ალექსანდრე დარახველიძემ აგრეთვე ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები და ახალი ინიციატივები. სიტყვით გამოსვლის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით კი ევროკავშირის მიმართ და სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
პროექტ Prometheus-ის მეორე ფაზა 2022 წლის დეკემბერში დაიწყო და მისი მთავარი მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრისა და მიგრაციის მართვის, ასევე, ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებების და სამოქმედო გეგმების, განსაკუთრებით კი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სწავლებები, სამუშაო შეხვედრები და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისთვის. პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ამბარიანი და საგზაო პოლიციის უფროსის მოადგილე, არარატ ტევოსიანი ეწვივნენ.
 
მომსახურების სააგენტოში სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა, მომსახურების სააგენტოს დირექტორმა - ბესიკ ტეფნაძემ და სააგენტოს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
 
მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
 
სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და საგზაო პოლიციის უფროსის მოადგილე ადგილზე გაეცნენ მომსახურების სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას, ქართული მართვის მოწმობების კატეგორიებსა და გაცემის წესს, აგრეთვე იმ სერვისებს, რომლებსაც სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს სააგენტოს ინფრასტრუქტურა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში ნასამართლევი 4 პირი დააკავეს.

დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებული არიან: 1980 წელს დაბადებული ლ.ღ. და 1977 წელს დაბადებული ა.ჩ. (მეტსახელად „ბუფალო“), ხოლო მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის - 1979 წელს დაბადებული ლ.ბ. (მეტსახელად „კუდალა“).

1971 წელს დაბადებული გ.მ. კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა - ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ 2023 წლის 20 იანვარს ნაცნობი - პ.ჩ. მოტყუებით მიიყვანეს ზაჰესში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც გადასცეს 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება, მისი რეალიზებისთვის 2 კვირის ვადა მისცეს და ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გადაცემა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პ.ჩ.-ს ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ.

ვინაიდან პ.ჩ.-მ არ შეასრულა ბრალდებულების მოთხოვნები, ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ იგი ძალის გამოყენებით, ავტომანქანით წაიყვანეს დიღომში, რომელსაც ლ.ბ. მართავდა. გზაში ბრალდებულები ემუქრებოდნენ პ.ჩ.-ს მისი და მის ოჯახის წევრების წამებით, დაწვით და ლიკვიდაციით, ასევე, ფიზიკურად ძალადობდნენ მასზე. მოძალადეებმა პ. ჩ. იმ პირობით გაუშვეს, რომ რამდენიმე დღეში ა.ჩ.-ის საბანკო ანგარიშზე 20 000 ლარი უნდა ჩაერიცხა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას, მის მცირეწლოვან შვილს, მეუღლეს და დედას ფიზიკურად გაანადგურებდნენ.

ლ.ბ.-მ, რომელიც შეესწრო ა.ჩ.-ს და ლ.ღ.-ს მიერ ჩადენილ დანაშაულს, სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ არ შეატყობინა.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა განახორციელეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რის შედეგადაც დადასტურდა დაკავებულთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირის გ.მ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი ოდენობით "მარიხუანა".

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლით, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვას, ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, სამინისტროს მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის, მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

ვახტანგ გომელაურმა გასული წლის საქმიანობის მიმოხილვისას განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2022 წელს აქტიურად განაგრძო დანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა - როგორც პრევენციული ღონისძიებები, ასევე, მომხდარ დანაშაულებზე სწრაფი რეაგირება, რაც სტატისტიკურ მონაცემებში აისახა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პოლიციის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, 2022 წლის დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია - 62%-ს აღემატება, ამასთანავე, შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ყაჩაღობა და ქურდობა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, 2022 წელს დასრულდა კრიმინალური პოლიციის რეფორმის პირველი ეტაპი - სრულად გაიმიჯნა ოპერატიული, საგამოძიებო და პრევენციული მიმართულებები. რეფორმის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტმა თბილისის ყველა რაიონი მოიცვა. თბილისის შემდეგ, რუსთავი გახდა პირველი ქალაქი, სადაც მართლწესრიგის ოფიცრები უკვე შეუდგნენ საქმიანობას.

ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა, რომ გასულ წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების მიზნით, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, განახლდა ავტოპარკი, სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა. 2022 წელს, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციის შედეგად, 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ფრანგულ კომპანია "Airbus Helicopters"-თან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო შეიძენს, მრავალფუნქციურია და შეუძლიათ შეასრულონ საპოლიციო, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ოპერაციები.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროს ყველა თანამშრომელს საზოგადოებრივი წესრიგისა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გაწეული დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

ვახტანგ გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტროს თანამშრომელთა სოციალური პირობების გაუმჯობესება, მათთვის ღირსეული და სათანადო სამუშაო გარემო შექმნა უწყების უმთავრესი პრიორიტეტია.

2022 წლის პირველი იანვრიდან, პოლიციელების, პატრულ-ინსპექტორების, მესაზღვრეების, მეხანძრე-მაშველების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომლის ხელფასები 10%-ით გაიზარდა. 2023 წლიდან კი, შტატიანი თანამშრომლების ხელფასი გაიზარდა 20%-ით, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების - 10%-ით, როგორც ყველა სხვა საჯარო უწყების თანამშრომლების.

ვახტანგ გომელაურმა „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობის პროექტზეც ისაუბრა. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 2023 წელსაც აქტიურად გაგრძელდება რეფორმები, ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება.

 

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავიდა, სადაც ქართული სამაშველო ჯგუფის წევრები სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად აწარმოებენ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს პირადად შეხვდა და სამაშველო ღონისძიების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ სამაშველო ჯგუფებს მადლობა პირადად გადაუხადა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში, თურქულ მხარესთან კოორდინაციით, ამ დრომდე ახორციელებენ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს.

ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით იმყოფება.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ციხისჯვრის ბაზაზე სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსის დახურვის ღონისძიება გაიმართა.
 
სტრატეგიული მილსადენების დაცვის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების ხელმძღვანელმა პირებმა სწავლების მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცეს.
 
სასწავლო კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. სწავლებას პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.
 
საბაზისო სამკვირიანი სასწავლო კურსი დაბა ბაკურიანში მიმდინარეობდა. ტრენინგის მონაწილეებმა შეისწავლეს თოვლში თავშესაფრის მოწყობა და განსაკუთრებულად ცივ პირობებში მოქმედება, გადაადგილება თხილამურებითა და თოვლზე სასიარულო სპეციალური საშუალებებით, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძიების მეთოდები, დაშავებულის ამოყვანა და ევაკუაცია.
 
სასწავლო კურსის მიზანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომელთა სამთო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება.