შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით მყოფ მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურ რწმუნებულს - იოახიმ შტამპს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე.

ვახტანგ გომელაურმა ასევე ისაუბრა გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების საკითხზე და აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობის მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, რომლის სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებების სათანადო დაცვას.

თავის მხრივ მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა და არსებული პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების მზაობა გამოხატა.

შეხვედრის დასასრულს, იოახიმ შტამპმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მხარეები არაერთი წარმატების მიღწევას შეძლებენ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში ჭადრაკის შიდა ტურნირი ჩატარდა.
ჩემპიონატი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის - „FIDE“-ს წესებით, შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად წარიმართა.
ტურნირში I ადგილი დაიკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა - ზურაბ თურქაძემ.
II ადგილზე გავიდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი - ნონა დათუაშვილი, ხოლო III ადგილი დაიკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა - თორნიკე გაბუნიამ.
ტურნირში საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს, სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქართან ერთად, ფულადი ჯილდოც გადაეცათ.
შიდა ტურნირი მიზნად ისახავს სამინისტროს სისტემაში ჭადრაკის, როგორც სპორტის სახეობის პოპულარიზაციას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის 8 ნარკორეალიზატორია.
დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული ა.ო., 1990 წელს დაბადებული ნ.ჩ., 2001 წელს დაბადებული ლ.ს., 2002 წელს დაბადებული გ. მ., 2001 წელს დაბადებული ქ.ყ., 1989 წელს დაბადებული მ.ა., 1982 წელს დაბადებული მ.ე., და 1996 წელს დაბადებული რ.ო.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1992 წელს დაბადებული მ.მ., 1967 წელს დაბადებული ა.მ., 1992 წელს დაბადებული გ.გ., 1991 წელს დაბადებული მ.ჭ., 2002 წელს დაბადებული დ.ა., 1996 წელს დაბადებული ბ.ხ., 1999 წელს დაბადებული ნ.დ., 1993 წელს დაბადებული ა.ო., 1971 წელს დაბადებული ა.ა. და 1999 წელს დაბადებული თ.ხ.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო, ასევე, ამოღებულია სავარაუდოდ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტროსასწორები.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, „მდმა“, „მეტადონი“, „სუბოქსინი“, "მარიხუანა" და ნარკოტიკულ საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.
ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 262-ე, 265 და 273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
ნიკოლოზ შარაძე დელეგაციის წევრებთან ერთად სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარების ხელმძღვანელობას შეხვდა. სასაზღვრო ჯარებში გამართული ორმხრივი შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საზღვრის დაცვის და სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში ქართულ დელეგაციას დაათვალიერებინეს და გააცნეს სასაზღვრო ჯარების სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობა.
სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას სასაზღვრო პოლიციის უფროსს, გენერალ-მაიორ ნიკოლოზ შარაძეს უწყებებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მედალი თანამშრომლობისთვის გადაეცა.

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 15 აპრილიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე დაწყებული აქციების პარალელურად, მონაწილეები აწყობენ მსვლელობებს სხვადასხვა ტერიტორიის მიმართულებით, რაც აფერხებს საავტომობილო მოძრაობას. ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით და ორგანიზატორებთან შეთანხმებით ხდებოდა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა. ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს, თუმცა აქციაზე მყოფი პირები ხანგრძლივი დროით ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვას ახორციელებენ. გზის ხელოვნური გადაკეტვა იწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას, გარდა ამისა, ლახავს იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელს უშლის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის თანახმად, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა. აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ასევე, იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ. სამართალდამცველების მიერ მათ მიმართ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალციხის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - რობინ დანიგანი ეწვია. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თემურ მღებრიშვილმა უმასპინძლა.
რობინ დანიგანმა ადგილზე დაათვალიერა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) მხარდაჭერით გადმოცემული, ტყის ხანძრებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის უახლესი მოდელის სპეციალური აღჭურვილობა.
სპეციალური საშუალებები სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის არის განკუთვნილი და მათი გამოყენება, როგორც სახანძრო-სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად, ასევე-სასწავლო მიზნებით მოხდება.
ამერიკული მხარისგან სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის გადმოცემა წარმატებული პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომელიც მომავალშიც აქტიურად და ნაყოფიერად გაგრძელდება.

რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ, პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფორმებში და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები.
აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი რომელიც გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. ასევე, დაზიანებულია სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი. ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი.
სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და წევრებს, უზრუნველყონ პროტესტის კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გამოხატვა. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, მობილიზებული არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს.
კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ ინფორმაცია 2024 წლის 15 აპრილს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების შესახებ.
საპროტესტო აქციის მსვლელობისას, სამართალდამცავების მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით და არ გასცდენოდნენ კანონით დადგენილი წესით შეკრების ფარგლებს, აქციის მონაწილეთა ნაწილი არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, წინააღმდეგობა გაუწიეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის საფუძველზეც პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 14 პირი.
შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების შემდეგ, პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა 4 პირი, ხოლო რაც შეეხება 10 დაკავებულს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში.


დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებული პირების შეყვანისთანავე ექიმების მიერ კონფიდენციალურ გარემოში მოხდა მათი სამედიცინო შემოწმება და შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იზოლატორში ყოფნის პერიოდში დაკავებული პირებისთვის დამატებითი სამედიცინო დახმარების გაწევის საჭიროება არ დამდგარა.
აქვე აღსანიშნავია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის პირობებში დაკავებულებს საშუალება ჰქონდათ კონფიდენციალურ გარემოში შეხვედროდნენ და გასაუბრებოდნენ სახალხო დამცველის რწმუნებულს.
ყველა დაკავებულს შეუზღუდავად აქვს წვდომა საკუთარი ინტერესების დამცველ ადვოკატებთან, სახალხო დამცველის აპარატისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელთან.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მეორე დღეა აქციის მშვიდ ვითარებაში ჩატარებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან საქართველოს პარლამენტთან.
15 აპრილს, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, დილის 10:00 საათიდან შეიკრიბნენ, ზურაბ ჟვანიას ქუჩაზე, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან და მთელი დღის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში გამოხატავდნენ პროტესტს, ხოლო 19:00 საათიდან აქციის წევრებმა შეკრება დაიწყეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, ორგანიზატორებთან შეთანხმების შედეგად, პოლიციამ უზრუნველყო რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა, რათა შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს საშუალება ჰქონოდათ შეუზღუდავად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აქციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ დეპუტატები, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა პარლამენტის გარშემო მსვლელობის დაწყებისა და მის გარშემო განთავსებისკენ, მაშინ როდესაც შენობაში კვლავ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი.


წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, პარლამენტის შენობის გამოსასვლელების შესაძლო ბლოკირების, ძალადობრივი ქმედებების პრევენციის და ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეებს არ მისცემოდათ პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელებთან აქციის გაგრძელების საშუალება. შესაბამისად, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე, პარლამენტის შესასვლელებთან განთავსდა პოლიციის კორდონები. ამასთან, აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე ჰქონდათ საშუალება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოეხატათ საკუთარი პროტესტი.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გასული წლის 7-8 მარტს მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციაზე გაკეთებულ მსგავს მოწოდებებს, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარედ განლაგებულიყვნენ, შედეგად მოჰყვა პოლიციაზე თავდასხმები, როგორც ბლაგვი საგნებით ასევე ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებით.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ 7-8 მარტს, პოლიციამ პარლამენტის შენობიდან დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების გამოსვლის შემდეგ, სრულად გაათავისუფლა საპოლიციო კორდონებისგან ტერიტორია, აქციის მონაწილეებმა სწორედ მაშინ დაიწყეს პარლამენტის შენობაზე შტურმი, ცეცხლი წაუკიდეს შენობას, დააზიანეს დამცავი ჯებირები და ცხაურები, ასევე შეეცადნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. გარდა ამისა, დააზიანეს სამინისტროს კუთვნილი ავტომობილები და პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა.
საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით, რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.
აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით, 2024 წლის 15 აპრილს პოლიციამ განახორციელა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება რათა ერთის მხრივ თავიდან აეცილებინა ძალადობა, მასობრივი დაპირისპირება და ამასთან, უზრუნველყო რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის საშუალება. მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს მაინც ჰქონდათ მცდელობა გაერღვიათ საპოლიციო კორდონები, რა დროსაც პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა 14 პირი.
აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დროს, დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე.
სამართალდამცველები უზრუნველყოფენ ადგილზე მართლწესრიგის და როგორც საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მყოფი პირების, ასევე აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვას. მოვუწოდებთ შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.