შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, პოლიციის ახლადშექმნილი დეპარტამენტისთვის განკუთვნილი შენობა გახსნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელ ერთეულად გამოეყო.
ვახტანგ გომელაურმა შენობა პირველ მოადგილესთან - შალვა ბედოიძესთან, მოადგილეებთან: იოსებ ჭელიძესთან, გიორგი ბუთხუზთან, ალექსანდრე დარახველიძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა. ღონისძიებას, ასევე დაესწრნენ და პოლიციის ახალი შენობა დაათვალიერეს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - პაპუნა მარგველიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა - გოჩა ენუქიძემ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა - ზვიად მხეიძემ.
პოლიციის ახალი შენობის დათვალიერების შემდეგ, ვახტანგ გომელაურმა თანამშრომლებთან სამუშაო თათბირი გამართა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან დარახველიძე წარადგინა. მინისტრმა მას წარმატებები უსურვა. ლევან დარახველიძეს ამ დრომდე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის შექმნის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ საპოლიციო საქმიანობის, დანაშაულის პრევენციის, რეგიონში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელება და მოქალაქეებისთვის საპოლიციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის შექმნის შედეგად რეგიონს 130-მდე საშტატო ერთეული დაემატება. ადგილზე დასაქმებული სამართალდამცველები 4 მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს მოემსახურებიან.
პოლიციის ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და უახლესი ინვენტარით არის აღჭურვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლებაა, რომლის ფარგლებში, პოლიციელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და მოქალაქეებისთვის ეფექტიანი საპოლიციო მომსახურების მიზნით, საქართველოს მასშტაბით, ბოლო წლებში, პოლიციის არაერთი ახალი შენობა გაიხსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის ახლადშექმნილი დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი ლევან დარახველიძე დაინიშნა. ამ დრომდე მას იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ლევან დარახველიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი - ი.გ., ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.
 
დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომობილის, საცხოვრებელი სახლისა და სამუშაო ოთახის ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის უაქციზო სიგარეტი, ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები, მჭიდები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავარი ყურადღება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნებაზე, სტაბილურობის განმტკიცებაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობაზე.

„მინდა ვთქვა შემდეგი, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ხედავთ რა ხდება ირგვლივ მსოფლიოში, ურთულესი მდგომარეობაა, უკრაინა, ახლა ისრაელი, ისრაელში მიმდინარე მოვლენები არის ძალიან შემაწუხებელი და ძალიან, ასე ვთქვათ, რთული გამოწვევა, არა მხოლოდ იმ რეგიონისთვის, არამედ ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის ექნება ამას დიდი გავლენა.
ასე რომ, ჩვენ მთავარი ყურადღება უნდა მივმართოთ ჩვენი ქვეყნის აი ამ მშვიდობის შენარჩუნებაზე, სტაბილურობის განმტკიცებაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, კეთილდღეობაზე, ეს სჭირდება ჩვენს ხალხს“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, იმპიჩმენტის საკითხი იქონიებს თუ არა რაიმე გავლენას კანდიდატის სტატუსზე.

„ყველაფერი კარგად იქნება. არავითარი გავლენა, რას ნიშნავს გავლენა ექნება ამას ?! ეს არის ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხი, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი კანონი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა კითხვას, პოზიტიურია თუ არა ეს სიგნალი ბრიუსელისთვის.

„პოზიტიური არის იმ კუთხით და იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვართ მაგალითის მიმცემნი კანონის დაცვის და კონსტიტუციის დაცვის“, - განაცხადა პრემიერმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მისიის ხელმძღვანელთან, კაორი იშიკავასთან.
 
მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის არსებული თანამშრომლობა და მიღწეული შედეგები განიხილეს. ალექსანდრე დარახველიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ჩართულობით სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე, ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების პროცედურებში შეტანილ ცვლილებებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
 
შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს ქალთა ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა სამინისტროს მხარდაჭერისა და მის ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
 
გაეროს ქალთა ორგანიზაცია უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საკუთარი წვლილი შეაქვს უწყების შესაძლებლობების განვითარებაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ქვეკომიტეტის (SPT) წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში, რომლებიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ
პირებთან ერთად, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, გენერალური პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, მთავრობის ადმინისტრაციის და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე ალექსანდრე დარახველიძემ კომიტეტის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს სისტემაში მოქმედი დროებითი მოთავსების
იზოლატორებისა და საქართველოში უკანონოდ მყოფ პირთა დროებითი განთავსების ცენტრის შესახებ. ქვეკომიტეტის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ ბოლო წლების მანძილზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, რომელთა მიზანია საზოგადოების თითოეული წევრის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფა. ალექსანდრე დარახველიძემ ასევე უპასუხა ქვეკომიტეტის
წარმომადგენელთა შეკითხვებს.
აღსანიშნავია, რომ ქვეკომიტეტის ვიზიტი საქართველოში პირველად ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელისაგან თავისუფლებააღკვეთილ პირთა დაცვის გაძლიერებას.
ვიზიტის საფუძველზე ქვეკომიტეტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს და მოამზადებს შესაბამის ანგარიშს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის მთავარ ომბუდსმენთან - შერეფ მალქოჩთან, რომელიც დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით, საქართველოს სტუმრობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - სოფიო კილაძე.
დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან თურქეთის რესპუბლიკის ომბუდსმენი ბავშვთა უფლებების საკითხებში და ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ სტუმრებს დეტალურად გააცნო სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები, რომლებიც ადამიანის უფლებების ეფექტიანი დაცვის უზრუნველყოფას ემსახურება. ალექსანდრე დარახველიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა გამოძიების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, მათ შორის შეეხო
ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მანდატს.
შეხვედრის დასასრულს დელეგაციის წევრებმა მადლიერება გამოხატეს ნაყოფიერი შეხვედრისთვის და აღნიშნეს, რომ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, ორმხრივ ფორმატებში მსგავსი ტიპის შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური (ვენის) ოფისის (IOM SEEECA) დირექტორთან- მანფრედ პროფაზისთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამინისტროს ხელმძღვანელი პირები
და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი.
შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროში მიგრაციისა და საზღვრის მართვის მიმართულებით მოქმედი დანაყოფების საქმიანობისა და არსებული საჭიროებების შესახებ. მხარეებმა არსებული თანამშრომლობისა და მიმდინარე პროექტების ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე
შეთანხმდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოში მიგრაციის მართვისა და საზღვრის ინტეგრირებული მართვის გაძლიერების კუთხით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრას სასაზღვრო პოლიციის უფროსი, საპატრულო პოლიციის, ადმინისტრაციის, გენერალური ინსპექციის, სტრატეგიული კომუნიკაციების, ადამიანური რესურსების მართვის, შიდა აუდიტის, ოპერატიული უზრუნველყოფის და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტების დირექტორები დაესწრნენ.
ვახტანგ გომელაურმა დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისგან კვარტალური ანგარიშები მოისმინა, გაეცნო მათ მიმდინარე და სამომავლო გეგმებს.
თათბირზე განხილულ იქნა საზღვრის ეფექტური მართვის მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯები, ასევე, სასაზღვრო სექტორებზე არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესი და განხორციელებული და მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმები.


შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა დეპარტამენტში განხორციელებულ სიახლეებსა და პროექტებს. მათ შორის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ავტოპარკის განახლებას, პატრულ-ინსპექტორების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ახალი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობების გადაცემას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა მოადგილესთან - ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად ასევე, შეხვედრა გამართა დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის, იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობების, მიგრაციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტების დირექტორებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორთან.


სამუშაო თათბირზე განხილულ იქნა ბოლო დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული და ინიცირებული კანონპროექტები.
სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა, მინისტრს მათი კომპეტენციის ფარგლებში დანაყოფების საქმიანობის, ასევე განხორციელებული რეფორმებისა და პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრის დასასრულს ვახტანგ გომელაურმა შეხვედრაში მონაწილე პირებს კონკრეტული დავალებები მისცა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკაში იმყოფებოდა. დელეგაციას ადგილზე ლიეტუვას რესპუბლიკის პოლიციის გენერალურმა კომისარმა რენატას პოზელამ უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ლიეტუვას რესპუბლიკის პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. ასევე, გაიმართა ორმხრივი შეხვედრა ლიეტუვას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან - ვიტალი დმიტრიევთან.

ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრეს. მინისტრის პირველმა მოადგილემ - შალვა ბედოიძემ ხაზი გაუსვა ლიეტუვას რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

დელეგაცია ასევე ეწვია ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს, სადაც მათ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკის შესახებ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ნერინგის მუნიციპალიტეტის მერს - დარიუს ჯასაიტისს.

ვიზიტის დასასრულს მხარეთა მიერ ხაზი გაესვა, რომ ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.