შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ვაჟა სირაძესთან, მის მოადგილეებთან და ამავე დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონების მთავარი სამმართველოების უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ფუნქციონალური გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და მიმდინარე რეფორმებზე.
სამუშაო თათბირზე აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს პოლიციელებისთვის სამუშაო პირობების, საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ავტოპარკის განახლებას.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა შინაგან საქმეთა მინისტრს ინფორმაცია მიაწოდეს მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულის პრევენციის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე.
ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.
მინისტრმა მათ გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ს აკადემიის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ზურაბ ზუბადალაშვილი წარუდგინა.
ალექსანდრე დარახველიძემ ახლადდანიშნულ რექტორთან ერთად აკადემიის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილა.
ზურაბ ზუბადალაშვილი შსს-ს აკადემიის რექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.
ზურაბ ზუბადალაშვილი უწყებაში 24 წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს – იშიძუკა ჰიდეკს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა იაპონიის ელჩს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხი განიხილეს.
ვახტანგ გომელაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში იაპონიის მხარის მიერ შეტანილი წვლილისთვის. ამ მიმართულებით მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხარდაჭერასა და იაპონიის მხარის მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს სამოქალაქო უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა. ვახტანგ გომელაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაყოფიერ თანამშრომლობაზე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA).
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი - აბდულა არიპოვი, დელეგაციასთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ”112”-ს ეწვია.


ადგილზე სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა და „112“-ის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.


დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ცენტრის მუშაობის ძირითადი მიმართულებების შესახებ, მათ შორის, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოქმედი ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემებისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით დანერგილი ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შესახებ.


ვიზიტის დასასრულს, დელეგაციის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსებიდან 25 წელი შესრულდა. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან, რამაზ პაპიძესთან ერთად პირად შემადგენლობას პროფესიული დღე ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე მიულოცა და თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის დააჯილდოვა.

„საქართველოს სანაპირო დაცვას 25 წელი შეუსრულდა. თითოეულ თქვენგანს გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს! შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებში: საზღვაო სივრცეში, საზღვაო უსაფრთხოებასთან და უშიშროებასთან დაკავშირებულ კომპლექსურ ამოცანებს ახორციელებს. უნდა აღინიშნოს, რომ სანაპირო დაცვის დეპარტამენტი დინამიურად ვითარდება, რაც თითოეული თქვენგანის ყოველდღიური კეთილსინდისიერი შრომის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო პარტნიორების დიდი დამსახურებაა.

სანაპირო დაცვა მისი ფუნქციონირების 25 წელს, მიღწევებითა და დიდი ისტორიით ხვდება. ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა, საქართველოს ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციის ,,ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა. სწორედ სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფების ნატოს შეფასების 4 წლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების საფუძველზე, მივაღწიეთ ამ მნიშვნელოვან შედეგს. მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ მიღწევისთვის. საქართველოს პარლამენტმა ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლების ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ,,ზღვის მცველი“ მონაწილეობისას საბერძნეთის სამხედრო - საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით“ უწყებათაშორისი საერთაშორისო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა“ - განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 21 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური კახეთის რეგიონში პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებს შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირიც გამართა.
შეხვედრას, მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე, მინისტრის მოადგილე - გიორგი ბუთხუზი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი - ზვიად ხარაზიშვილი ესწრებოდნენ.
ვახტანგ გომელაურმა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სამუშაო თათბირზე სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შესაბამისი დავალებები მისცა.
ვახტანგ გომელაურმა თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ანაკლიაში ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა და ბანაკში მყოფ ახალგაზრდებთან ,,ემეგობრე პოლიციას” კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელმა პირებმა.
შეხვედრის მიზანს მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.
სტუმრებმა 300-მდე ახალგაზრდას ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ძალადობის, ბულინგის, კიბერჰიგიენის, სამართალდამცავ უწყებასთან დროული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და დანაშაულის პრევენციის შესახებ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგზაო მოძრაობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ფუნქციონირებს. საბანაკე პროგრამა შვიდდღიანია. ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განმავითარებელ, რეკრეაციულ, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დასკვნითი ღონისძიება გამართა.
ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა წარადგინა პრეზენტაცია, რომლითაც მოწვეულ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია კამპანიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე.
საინფორმაციო კამპანია, ტრადიციულად, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც
• შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ექვს რეგიონში - კახეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარაში, მცხეთა-მთიანეთში, თბილისსა და ქვემო ქართლში თემატური შეხვედრები გამართეს 300-მდე სკოლის დირექტორთან, 500-მდე მოსწავლესთან, 200-მდე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთან და მოსახლეობასთან.
შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ცნობიერების ამაღლება ბავშვთა ქორწინების საზიანო შედეგების, ამ მიმართულებით არსებული სამართლებრივი რეგულაციების და ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოსაფხვრელად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებს ბრენდირებული მაისურები, ჩანთები და კალმები გადაეცათ;
• დაიბეჭდა საინფორმაციო პოსტერები, რომლითაც სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს მიეწოდათ ინფორმაცია ბავშვობის ასაკში ქორწინების მძიმე შედეგებზე, რეაგირების განმახორციელებელ სახელმწიფო უწყებებსა და მსგავსი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში პოლიციისათვის მიმართვის გზებზე.
განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან კოორდინაციით, პოსტერების განთავსდა საქართველოში მოქმედ ყველა საჯარო და კერძო სკოლაში (სულ 2 302 სკოლაში);
• ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის facebook გვერდზე განთავსდა საინფორმაციო ბარათები, რომელთა მეშვეობით, მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე, მათ შორის, ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა ქორწინების იძულება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა;
• მომზადდა პოლიციის ფაილების სერია ქორწინების იძულების სისხლის სამართლის ორ საქმეზე, რომელსაც სოციალურ ქსელებსა და ტელევიზიაში 238 000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა. აღნიშნული სერია, ასევე, ითარგმნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე;
• მომზადდა საინფორმაციო ვიდეო რგოლი, რომელშიც გადმოცემულია ქორწინების იძულების მსხვერპლი გოგონას ისტორია და პოლიციის ჩართულობის მნიშვნელობა მსგავსი შინაარსის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში;
• ბავშვობის ასაკში ქორწინების თანმდევ დანაშაულებთან დაკავშირებით ინფორმაციის ფლობისა და პოლიციისათვის შეტყობინების გზების შესახებ მოსახლეობის მასობრივი ინფორმირება განხორციელდა SMS სისტემის გამოყენებით, კერძოდ, 1-2 ივნისს, 2 000 000 აბონენტს გაეგზავნა ინფორმაციული მოკლეტექსტური შეტყობინება;
• გაიმართა სამუშაო შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებსა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შორის, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა ბავშვობის ასაკში ქორწინება და მისი საზიანო პრაქტიკები, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები. სამუშაო შეხვედრაზე ხაზი გაესვა საკითხზე მომუშავე უწყებების მჭიდრო თანამშრომლობის და კოორდინირებული მოქმედებების აუცილებლობას;
• გაიმართა სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან ბავშვთა საკითხების გაშუქების თემაზე. შეხვედრას სხვადასხვა მედიასაშუალების 20-ზე მეტი წარმომადგენელი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს არასრულწლოვანთა საკითხებზე მომუშავე და მორეაგირე ყველა შესაბამისი დანაყოფის თანამშრომელი ესწრებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა მოწვეულ ექსპერტთან ერთად განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება, მსხვერპლზე ორიენტირებული კომუნიკაციის სტანდარტები, მედიის როლი გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლაში;
• გამოცხადდა ნახატების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტმა, 12-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვმა. დასკვნით ღონისძიებაზე შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ ნახატების კონკურსში გამოვლენილ გამარჯვებულებს.
კამპანია "ნუ წაართმევ ბავშვობას" გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის“ - ფარგლებში შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოფხვრის, ამ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და სამართალდამცავებისთვის დროული შეტყობინების მიზანს ემსახურება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განახლებული ავტოპარკის წარდგენის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე დაესწრნენ.
მომსახურების სააგენტომ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისთვის 45 ერთეული ახალი ავტომობილი შეიძინა. ახალი ავტომობილები, თანამედროვე GPS სისტემებით არის აღჭურვილი და საქართველოს მასშტაბით 10 ქალაქში, მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში გადანაწილდება.
45 ახალი ავტომობილის შეძენა უზრუნველყოფს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამსვლელი კანდიდატებისთვის დამატებითი ადგილების გამოყოფას.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ემსახურება.

 

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით უკვე გამართულ და დაგეგმილ დახურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, გაეროს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით, შეკრებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მიმდინარე წლის 2 და 6 ივლისს, მშვიდ ვითარებაში ჩატარდა 2 დახურული ღონისძიება.
8 ივლისს კონკრეტულ ლოკაციაზე, შემოსაზღვრულ ადგილას, დაგეგმილი დახურული ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, სამინისტროს წარმომადგენლები კომუნიკაციაში არიან შეკრების ორგანიზატორებთან.
აღნიშნული დახურული ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულნი იქნებიან ყველა საჭირო ლოკაციაზე და კომპეტენციის ფარგლებში დაიცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, აგრეთვე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.
გარდა ამისა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანების რამდენიმე ჯგუფი თბილისში, კონკრეტულ ლოკაციაზე გეგმავს შეკრებას, ღონისძიების ადგილზე მისვლას და კონტრაქციის გამართვას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს კონტრაქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად.
ასევე, მოვუწოდებთ ღონისძიების ჩატარებისა და კონტრაქციის ტერიტორიაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებს, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და გაითვალისწინონ ადგილზე მყოფი სამართალდამცველების მითითებები.