შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განახლებული ავტოპარკის წარდგენის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე დაესწრნენ.
მომსახურების სააგენტომ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისთვის 45 ერთეული ახალი ავტომობილი შეიძინა. ახალი ავტომობილები, თანამედროვე GPS სისტემებით არის აღჭურვილი და საქართველოს მასშტაბით 10 ქალაქში, მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში გადანაწილდება.
45 ახალი ავტომობილის შეძენა უზრუნველყოფს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამსვლელი კანდიდატებისთვის დამატებითი ადგილების გამოყოფას.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ემსახურება.

 

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით უკვე გამართულ და დაგეგმილ დახურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, გაეროს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით, შეკრებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მიმდინარე წლის 2 და 6 ივლისს, მშვიდ ვითარებაში ჩატარდა 2 დახურული ღონისძიება.
8 ივლისს კონკრეტულ ლოკაციაზე, შემოსაზღვრულ ადგილას, დაგეგმილი დახურული ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, სამინისტროს წარმომადგენლები კომუნიკაციაში არიან შეკრების ორგანიზატორებთან.
აღნიშნული დახურული ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულნი იქნებიან ყველა საჭირო ლოკაციაზე და კომპეტენციის ფარგლებში დაიცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, აგრეთვე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.
გარდა ამისა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანების რამდენიმე ჯგუფი თბილისში, კონკრეტულ ლოკაციაზე გეგმავს შეკრებას, ღონისძიების ადგილზე მისვლას და კონტრაქციის გამართვას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს კონტრაქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად.
ასევე, მოვუწოდებთ ღონისძიების ჩატარებისა და კონტრაქციის ტერიტორიაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებს, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და გაითვალისწინონ ადგილზე მყოფი სამართალდამცველების მითითებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხო ტურიზმთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით მომზადებული ვიდეორგოლი წარადგინა.
ღონისძიება, რომელიც ბათუმში გაიმართა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ გახსნა.
ვიდეორგოლის პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს სიტყვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერმა - არჩილ ჩიქოვანმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა - მაია ომიაძემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა მიმართეს.

"ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მისია და პატივი, რომ დავიცვათ თითოეული ტურისტის უსაფრთხოება, ეს არის ჩვენი ქვეყნის იმიჯი იმისათვის, რომ თითოეულ ადამიანს, რომელიც საქართველოში იმოგზაურებს ჰქონდეს სურვილი, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვიდეს.

ჩვენ მოვამზადეთ საიმიჯო კლიპი, რომელიც გათვლილია როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის, რომლებსაც სურს ქვეყანაში ჩამოსვლა, სადაც კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ იმ დიდ სამუშაოს, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია ამ ადამიანების დაცვის მიმართულებით აკეთებს, დარწმუნებული ვარ რომ ეს იქნება ის მესიჯი რომელიც კიდევ უფრო მეტად მოიზიდავს ტურისტებს ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა აჭარის რეგიონში", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ უწყების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს, უსაფრთხო ტურისტული გარემოს უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა.

"ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური საწყისია ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში უსაფრთხოება, გარემო, სადაც თითოეული ჩვენი სტუმარი, მათი ოჯახი იგრძნობს თავს დაცულად. მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობას, ყველა პოლიციელს, ყველა ქვედანაყოფის წარმომადგენელს, განსაკუთრებით აჭარის ხელმძღვანელ პირებს, იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რითაც ჩვენ ვახერხებთ, რომ ყოველწლიურად კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ როგორც ჩვენი რეგიონი, ასევე გვყავდეს კიდევ უფრო მეტი დამსვენებელი", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ქვეყანაში უსაფრთხო ტურიზმის უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
საზაფხულო ტურისტული სეზონი გახსნილია და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ზრუნავენ ვიზიტორებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამართალდამცავი უწყებები ცენტრალურ აზიაში (LEICA)“ - წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი თვაურმა და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
ვიზიტში მონაწილეობას იღებდნენ ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის საჯარო უწყებების საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურების ხელძღვანელი პირები.
პროექტის წარმომადგენლებმა და დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, ბიოლოგიური ექსპერტიზის, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო ექსპერტიზის, გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის, კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტიზის ლაბორატორიები და ბალისტიკური ტირი, ასევე, დეტალურად გაეცნენ დეპარტამენტის მუშაობის პრინციპსა და სპეციფიკას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი განთავსებულია თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში. დეპარტამენტის ლაბორატორიებს მინიჭებული აქვთ აკრედიტაცია ISO17025 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრების საქმიანობის არეალის გაფართოების მიზნით, თბილისისა და რუსთავის შემდეგ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კერძოდ, ბათუმში 10 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა.

საქართველოს პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობისას საბერძნეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით“ უწყებათაშორისი საერთაშორისო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს ოპერაციაში „ზღვის მცველი“ სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ქვედანაყოფების ჩართულობის და საბერძნეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსების წინაპირობას, რაც ამავდროულად, NATO-ს საზღვაო კომპონენტებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებისა და ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში საქართველოს ღირსეული წვლილის შეტანას ემსახურება.
სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფებმა წარმატებით გაიარეს ნატოს შეფასების ოთხწლიანი პროგრამა, რის შედეგადაც ალიანსმა საქართველოს NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციის - ,,ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა.
NATO-ს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც შესაბამისი ქვედანაყოფების მიერ სათანადო სერტიფიცირების დასრულების შედეგად აღნიშნული სტატუსი მიენიჭა.
საბერძნეთი იყო პირველი სახელმწიფო რომელმაც, მზაობა გამოთქვა NATO-ს ოპერაციის ფარგლებში, საკუთარი საზღვაო ძალების ხომალდებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ტაქტიკური ქვედანაყოფი განეთავსებინა.
მიმდინარე წელს, 16 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე, სანაპირო დაცვის 12 მოსამსახურის შემადგენლობით, დაგეგმილია ნატოს ოპერაციაში ,,ზღვის მცველი“ მონაწილეობა.
„ზღვის მცველი“ წარმოადგენს, NATO-ს ეგიდით მოქმედ, დღეისათვის, ერთადერთ ოპერაციას, რომლის მთავარი ამოცანაა ტერორიზმთან ბრძოლა, თავისუფალი მიმოსვლის ხელშეწყობა, საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდა, უკანონო ეკონომიკური საქმიანობის აღკვეთა და საოპერაციო არეალში არსებული საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1977 წელს დაბადებული თ.ი. დააკავეს.
 
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა ქალმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დედას - 1946 წელს დაბადებულ ე.ქ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.
 
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
 
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
 
ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ,,MI – 8” ტიპის ვერტმფრენის ავარიულ ინციდენტთან დაკავშირებით.
 
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, მყინვარწვერზე, მეტეოსადგურზე, პოლონელი მაშველების დახმარების გაწევის დროს, ავარიული ინციდენტი განიცადა.
 
აღნიშნული ქარის სწრაფი და დაღმავალი მასების უეცარმა გადაადგილებამ განაპირობა.
 
დაღმავალი ჰაერის მასების ცვალებადობის შედეგად, მოხდა ვერტმფრენის წინა შასის მიწასთან შეხება, რამაც გამოიწვია საფრენი აპარატის ამორტიზება, თუმცა, გამოცდილმა და პროფესიონალმა, მფრინავებმა მოახერხეს ვერტმფრენის სტაბილიზება, მეორე წრის განხორციელება, მყინვარწვერიდან თბილისის მიმართულებით გამოფრენა და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის ბაზაზე მშვიდობიანად დაშვება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის - ვახტანგ გომელაურის ოფიციალური სამუშაო ვიზიტი უნგრეთში გრძელდება.
უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ბუდაპეშტში, ქართული დელეგაციის პატივსაცემად, ოფიციალური სადილი გაიმართა, სადაც სტუმრებს უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, შანდორ პინტერმა უმასპინძლა.
უნგრეთში ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ გომელაურსა და მის უნგრელ კოლეგას შორის ასევე შედგა ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა, სადაც მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მათ უწყებებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე და მზაობა გამოთქვეს აქტიურად გააგრძელონ მუშაობა ამ მიმართულებით.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის (DOE) ბირთვული უსაფრთხოების საკითხების მდივნის მოადგილესა და ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან - ჯილ ჰრუბისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტს შორის არსებული თანამშრომლობა, მიღწეული შედეგები, განსაზღვრეს სამომავლო გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი - კელი დეგნანი.
ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა ბირთვული უსაფრთხოების სფეროში ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში შესაძლებლობების გაძლიერება სამინისტროსთვის, როგორც ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) საფრთხეებზე ძირითადი პასუხისმგებელი უწყებისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
მან ასევე ისაუბრა ქბრბ მასალების გამოვლენისა და საფრთხეებზე ეფექტური რეაგირების მიმართულებით საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მომუშავე დანაყოფების შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე.
თავის მხრივ, ჯილ ჰრუბიმ მზაობა გამოხატა, განაგრძოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერა ბირთვული უსაფრთხოების სფეროში შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.