შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსის მიმდინარეობას და მიმდინარე სწავლების პროცესს დაესწრო. მინისტრის მოადგილეს აკადემიის რექტორმა - ზურაბ ზუბადალაშვილმა მოადგილეებთან ერთად უმასპინძლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დაიწყო კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, რომელსაც საფუძვლად დაედო, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული 6-თვიანი სამოქმედო გეგმა.

გეგმით გათვალისწინებულია სწავლებები ისეთ პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, სექსუალური შევიწროება, ცალკეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების თავისებურებები და სხვა. აღნიშნული სწავლების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფის 480 გამომძიებელი გადამზადდება.

ტრენინგები განგრძობადი ხასიათისაა, რომელსაც ეტაპობრივად ყველა გამომძიებელი გაივლის და ყოველ 6 თვეში განახლდება. სწავლებებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორებთან ერთად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებიც ჩაატარებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აკადემიის მსმენელებსა და თანამშრომლებს გაესაუბრა და წარმატებები უსურვა. ალექსანდრე დარახველიძემ სასწავლებლის განახლებული ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის მაღალი რგოლის მენეჯერები, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) მხარდაჭერით, იამაიკაში, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის 37-ე საერთაშორისო კონფერენციაზე (IDEC) იმყოფებოდნენ.

კონფერენციის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია, ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციებისა და მათი მომარაგების ჯაჭვების დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კონფერენცია (IDEC) წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ კონფერენციას ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, რომლის მიზანია საერთაშორისო გამოძიებისა და ნარკოტრეფიკინგის მიმართულებით ინფორმაციის გაზიარება, თანამშრომლობისა და კოორდინაციის ხელშეწყობა, სამართალდაცვით სფეროში გამოყენებული ტექნოლოგიების უახლესი ტენდენციებისა და მიღწევების გაცნობა და ასევე, სამართალდაცვითი ორგანოების საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობისა და კომუნიკაციის გაუმჯობესება.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაცია (DEA) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მრავალი წელია თანამშრომლობს ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ნარკოდანაშაულისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებით, როგორც ოპერატიული აქტივობების, ისე შესაძლებლობების განვითარების კუთხით.

2023 წლის 1 ოქტომბრიდან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს სასაზღვრო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სახის ამომცნობი სპეციალური ელექტრონული პროგრამა დაინერგა.
აღნიშნული სისტემა საშუალებას მისცემს მესაზღვრე-კონტროლიორებს მონაცემთა ავტომატიზირებული დამუშავების გზით, მყისიერად და უტყუარად მოახდინონ საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას ძებნილი, გაძევებული, აკრძალვაზე მყოფი ან სხვა სამართალდამრღვევი პირების ზუსტი იდენტიფიცირება.


აღნიშნული სისტემის ეფექტური ფუნქციონირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას.
გარდა ამისა, სახის ამომცნობი სპეციალური ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირება უზრუნველყოფს საქართველოს მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის პროცესის უკეთ წარმართვას.
სახის ამომცნობი სპეციალური პროგრამები წარმატებით გამოიყენება არაერთ ევროპულ ქვეყანაში და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილები გადასცა.


სატვირთო ავტომობილების გადაცემის ღონისძიება სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წითელი ხიდის სამმართველოში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი - ნიკოლოზ შარაძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი - ნიკოლას სენდეროვიჩი დაესწრნენ.


სასაზღვრო პოლიციისთვის გადმოცემული სატვირთო ავტომობილები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას და გააუმჯობესებს საზღვრის დაცვის შესაძლებლობებს.
სატვირთო ავტომობილების გადაცემა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელშეწყობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - "საზღვრისა და მიგრაციის მართვის ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)" ფარგლებში განხორციელდა, რომელიც 2022 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს.


მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერითა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელებულა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას საზღვრისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით.

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის ეროვნული პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს დელეგაცია სააგენტოს დირექტორის - ირჟი მაზანეკის ხელმძღვანელობით ეწვია.


დელეგაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - თეიმურაზ კუპატაძემ უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა პირველი შეხვედრა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან გამართეს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე და გამოხატეს მზაობა აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა, მათ შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, ასევე უწყების წარმომადგენელთა შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.


ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს მომსახურების სააგენტო, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და პოლიციის აკადემია, სადაც შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მათი საქმიანობის სპეციფიკის შესახებ.
ვიზიტის დასასრულს დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ქართველ კოლეგებთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სპეციალური აღჭურვილობა - პასპორტის წამკითხველები გადასცა.
აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი - სანია ჩელებიჩ ლუკოვაჩი და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი - ევია კოტანი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის გადაცემული უახლესი ტექნიკური საშუალებები საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე განთავსდება და ხელს შეუწყობს სასაზღვრო კონტროლის ეფექტიანობის ამაღლებასა და სამგზავრო დოკუმენტების შემოწმების პროცედურის გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაძლებლობებს უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით.
აღჭურვილობის გადაცემა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელშეწყობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტების - “ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE) - ინტეგრირებული საზღვრის მართვა (SAFE IBM)” და "საზღვრისა და მიგრაციის მართვის ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)" - ფარგლებში განხორციელდა.

სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 12 მოსამსახურისგან შემდგარმა კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა, საბერძნეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ხანიაში, ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციის ,,ზღვის მცველი“ წინა მოსამზადებელ სწავლებებში მიიღო მონაწილეობა.
სწავლება ნატო-ს საზღვაო აკრძალვითი ოპერაციების სასწავლო ცენტრში ჩატარდა და მოიცავდა ისეთ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს, როგორებიც არის: საზღვაო აკრძალვების დაგეგმვა, კონტეინერების შემოწმება, იარაღის გამოყენება, საზღვაო აკრძალვით ოპერაციაში ეჭვმიტანილი გემის ეკიპაჟის შემოწმება/კონტროლი, სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით ბიომეტრიული მონაცემების შეგროვება, ოთახების ტაქტიკური წმენდა და საზღვაო აკრძალვების ოპერაციებში საბრძოლო მედიკოსის მხარდაჭერა.
აღნიშნული სწავლება მიზნად ისახავდა სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფის ნატო-ს შენაერთებთან ურთიერთავსებადობის ამაღლებას და სანაპირო დაცვის მოსამსახურეების პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწა/განვითარებას.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად მდგრადი განვითარების მიზნების სამიტის გახსნას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ეგიდით, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების დონეზე 4 წელიწადში ერთხელ იმართება.

მდგრადი განვითარების მიზნების სამიტი 2030 წლის დღის წესრიგის მიღების შემდეგ მეორედ იმართება. პირველი სამიტი 2019 წელს გაიმართა.

სამიტი გახსნეს გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა დენის ფრანცისმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა.

წლევანდელ სამიტს აქვს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შუალედური შეფასების დატვირთვა. სამიტის მიზანია, მრავალმხრივი და ურთიერთდაკავშირებული კრიზისის გამო მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევების ჭრილში, მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის შუალედური შეფასება და 2030 წლის დღის წესრიგის დაჩქარებულად შესრულების ხელშეწყობა. სამიტის ბოლოს მონაწილეები პოლიტიკურ დეკლარაციას მიიღებენ.

 

სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სხვა ლიდერებთან ერთად სიტყვით გამოვა. დიალოგის თემაა „ინტეგრირებული პოლიტიკისა და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად“.

გაეროს გენერალურ დებატებზე პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებს 22 სექტემბერს მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ი.ფ., თბილისში დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ი.ფ., გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულ 244 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამატებით ამოღებულ იქნა 998.87 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება, რომლის ნაწილსაც ბრალდებული ინახავდა დაცულ საცავში, ხოლო ნაწილი განთავსებული ჰქონდა კონკრეტულ ლოკაციაზე მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260- ე მუხლის 1-ლი და 18-260- ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.