შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ი.ფ., თბილისში დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ი.ფ., გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულ 244 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამატებით ამოღებულ იქნა 998.87 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება, რომლის ნაწილსაც ბრალდებული ინახავდა დაცულ საცავში, ხოლო ნაწილი განთავსებული ჰქონდა კონკრეტულ ლოკაციაზე მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260- ე მუხლის 1-ლი და 18-260- ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოსა და საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე - 1980 წელს დაბადებული ო.ო. დააკავეს.

მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება და საქართველოში უკანონოდ შემოტანა.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შემდგომი გასაღების მიზნით, ნარკოტიკულ ნივთიერებებს ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით, ნარკოტიკის შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდა.

სამართალდამცველებმა ო.ო. ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 102 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო, ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 156 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონია“ ამოღებული.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო-შეძენა-შენახვა-გასაღებისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი მე-6, მე-7 ნაწილებით, ასევე, 262 -ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფი, 12 მოსამსახურის შემადგენლობით, ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში "ზღვის მცველი" მონაწილეობის მიღების მიზნით საბერძნეთში გაემგზავრა. ეს საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ქვედანაყოფი ნატო-ს ეგიდით წარმოებულ საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში, ოპერაციული პარტნიორის სტატუსით ერთვება.
ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველო გახდა პირველი ასპირანტი ქვეყანა, რომლის შესაბამისი ქვედანაყოფების ნატო-ს სერტიფიცირების ოთხწლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შედეგად, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ოპერაციის ,,ზღვის მცველი“, ოპერაციულ პარტნიორად აღიარა.
სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფის ნატო-ს ოპერაციაში ჩართვა, ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში საქართველოს ღირსეული წვლილის შეტანას და ნატო-ს საზღვაო კომპონენტებთან ურთიერთავსებადობის ამაღლებას ემსახურება. ალიანსის ეგიდით წარმოებულ ოპერაციაში მონაწილეობა, ნატო-ს გაერთიანებულ საზღვაო ძალების სარდლობასა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების ახალ, მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ასევე, ოპერაციაში მონაწილეობა, ქართული დროშის დემონსტრირებისა და ნატო-ს შენაერთებთან ურთიერთობის გაღრმავების საუკეთესო შესაძლებლობას წარმოადგენს.
ნატო-ს ოპერაცია „ზღვის მცველი“, ალიანსის ეგიდით მოქმედ, დღეისათვის ერთადერთ ოპერაციას წარმოადგენს, რომლის მთავარი ამოცანებია: ტერორიზმთან ბრძოლა, ზღვაზე თავისუფალი მიმოსვლის ხელშეწყობა, საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდა, უკანონო ეკონომიკური საქმიანობის აღკვეთა და საოპერაციო არეალში არსებული საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
სანაპირო დაცვის მოსამსახურეების საბერძნეთში ჩასვლის შემდეგ, ოპერაციაში გადასროლამდე წინამოსამზადებელი სწავლება გაიმართება. წვრთნების დასრულების შემდეგ ქართული კონტინგენტი ნატო-ს საზღვაო შენაერთზე განთავსდება და ხმელთაშუა ზღვაში, ნატო-ს ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას.

გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობის შესახებ გასულ დეზინფორმაციულ სიუჟეტს. ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, - ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, არაერთხელ გაკეთდა განმარტება იმის შესახებ, რომ რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. ამის მიუხედავად, სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში იყო ნათქვამი, რომ აღნიშნული რეისი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შესრულდა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სიუჟეტის ეთერში გასვლამდე განმარტა, რომ აღნიშნული რეისი იყო კომერციული და რეისის ანაზღაურება არ მომხდარა ბიუჯეტიდან. ამის მიუხედავად, ეთერში გასულ სიუჟეტში ეს ინფორმაცია მიზანმიმართულად იყო უგულებელყოფილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა მიუნხენამდე იმგზავრა, იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე. აღნიშნულ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს შემოსავლები როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან. მსგავსი კომერციული ტიპის რეისი მანამდეც არაერთხელ შესრულებულა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი.
 
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 32 ცხედარი და ძებნა 1 პირთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს. ღონისძიებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.

გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.

სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.

მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს.

ამ დროისთვის, მაშველების მიერ ძებნის ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ, გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან - გიორგი ბუთხუზთან და უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ისრაელის ეროვნული პოლიციის კომისრის - იაკოვ შაბთაის მოწვევით, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ისრაელში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - თეიმურაზ კუპატაძე და ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები: ნიკოლოზ სამარღანიშვილი და ირაკლი დონდოლაძე.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ისრაელის ეროვნული პოლიციის კომისართან - იაკოვ შაბთაისთან და ისრაელის სამართალდამცავი ორგანოების სხვა ხელმძღვანელ პირებთან.
ისრაელის პოლიციის მუშაობის სპეციფიკის გაცნობის მიზნით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თელ-ავივის პოლიციის, ისრაელის ეროვნული კონტრტერორისტული დანაყოფის (YAMAM), იდენტიფიკაციისა და ექსპერტიზის დანაყოფის, იერუსალიმის ძველი ქალაქის კონტროლის და მართვის ცენტრის, საზღვაო პოლიციის, ასევე, სასაზღვრო პოლიციის სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელ პირებთან.
ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მხარეები განიხილავენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის ეროვნულ პოლიციას შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელთან - დიმიტრიოს კარაბალისთან გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა. ვახტანგ გომელაურმა დიმიტრიოს კარაბალისს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის განსაკუთრებულ როლზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ერთადერთ ქმედით საერთაშორისო მექანიზმს წარმოადგენს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეების უკანონო დაკავებების საკითხი განიხილეს.
ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა საქართველოში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის ფონზე ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.

 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისრაელის პარლამენტის სპიკერი - ამირ ოჰანა, დელეგაციასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზას ეწვია.
სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - იოსებ ჭელიძემ და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ. სტუმრებმა დაათვალიერეს შესაბამისი აღჭურვილობა და დაესწრნენ საჩვენებელ სწავლებას.
დელეგაციის ხელმძღვანელმა იოსებ ჭელიძეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა რუსთავში, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე.

ვახტანგ გომელაურმა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

შეხვედრაზე დანაშაულის რაოდენობის კლების, ასევე, გახსნის სტატისტიკა განიხილეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებთან უწყების პრიორიტეტული მიმართულებებიც განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მათ შესაბამისი დავალებები მისცა.

სამუშაო თათბირზე, ასევე, აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს პოლიციელებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. მინისტრმა დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.