სამეგრელოში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გურამ ზესაშვილმა, სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში პოლიციის ახალი შენობა გახსნა.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და აღჭურვილია უახლესი ინვენტარით.

„საჯიჯაოში პოლიციის შენობა ამ დრომდე არ არსებობდა. განყოფილებაში დასაქმებული პოლიციელები ხობის მუნიციპალიტეტის 5 სოფელს მოემსახურებიან.

შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცეები, ნივთმტკიცების შესანახი ოთახები, ასევე თანამშრომლებისთვის მოსასვენებელი ოთახები. შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლება და სამართალდამცველთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს, აღნიშნულიდან გამომდინარე, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, პოლიციის არაერთი ახალი შენობა გაიხსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, ინფრასტრუქტურულ პროექტებს სამომავლოდაც გააგრძელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.