პირდაპირი ძალისხმევა იყო, საქართველო ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, რაც არ გავაკეთეთ, ბოლომდე უნდა დავდგეთ ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იყო პირდაპირი ძალისხმევა, რათა საქართველო ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და ამის გამო კონკრეტული ძალები არიან გაღიზიანებული, თუმცა ჩვენ ბოლომდე უნდა დავდგეთ ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე სუს-ში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა ასეთი აქტები არ და ვერ განხორციელდეს.

„როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, არავის უკვირს რეალურად, რომ ასეთი გეგმები, შეიძლება, ჰქონდეს რადიკალურ ოპოზიციას. საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ გამოძიებას, მაგრამ გასაკვირი ეს ყველაფერი საერთოდ არ არის. მით უმეტეს, მათ შორის, იმ ფონზე, რომ ერთ-ერთი ევროკომისრის პირით ჩვენ გარკვეული მესიჯიც შემოგვითვალეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. პირდაპირი გაფრთხილება იყო, რაც შემდეგ ევროკომისარმა აღიარა კიდეც. ერთადერთი კორექტივი, რაც იყო, მან აღნიშნა, რომ ტყვიას ისროდა არა კონკრეტული მკვლელი, არამედ პოლარიზაცია, რაც გასაგებია, რასაც ნიშნავს. შესაბამისად, ყველაფრის გათვალისწინებით, ამ გზავნილის, საერთაშორისო და ადგილობრივი კონტექსტის და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელწერის გათვალისწინებით, ასეთი რამ არავის უკვირს. ჩვენთვის მთავარია, რომ ყველანაირი ზომა მივიღოთ ასეთი ტიპის აქტების პრევენციისთვის.

ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ ასეთი აქტები არ და ვერ განხორციელდეს. ეს არის სახელმწიფოს ამოცანა. სახელმწიფო სტრუქტურები საქართველოში მუშაობენ გამართულად, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ ასეთ გეგმებს თავიდან ბოლომდე დავუპირისპირდეთ. რაც შეეხება იმას, თუ ვის შეიძლება ჰქონდეს ასეთი ინტერესი, თქვენ ხედავთ, ზოგადად, ვის აქვს არასწორი, რბილად რომ ვთქვათ, ინტერესები საქართველოს მიმართ. იყო პირდაპირი ძალისხმევა იმისათვის, რომ საქართველო ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, საქართველოში გახსნილიყო მე-2 ფრონტი, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და ამის გამო კონკრეტული ძალები არიან გაღიზიანებული, თუმცა ჩვენ ბოლომდე უნდა დავდგეთ ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.