ფინანსური სახის რა დარღვევები გამოვლინდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მდგომარეობით დაინტერესდა. ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე მის კონტროლს დაქვემდებარებულ ერთეულებს, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. როგორც მოსალოდნელი იყო, სახელმწიფო მაკონტროლებლებმა მთელი რიგი ნაკლოვანებები გამოავლინეს, თუმცა მათ გამოსასწორებლად შესაბამისი რეკომენდაციებიც გასცეს.

 

სააღრიცხო სისტემის ნაკლოვანებები

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სააღრიცხვო ჩანაწერებისთვის იყენებენ პროგრამა MS Excel-ს, რაც ზრდის ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული შეცდომების, ასევე ინფორმაციის დაცვასა და შენახვასთან დაკავშირებულ რისკებს, წარდგენილი ფაილების დამუშავება კი მოითხოვსდროისა და ადამიანურ რესურსს.

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ზოგიერთი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგება არ შეესაბამება სააღრიცხვო რეგისტრებს. კერძოდ, წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის ფინანსური შედეგების ანგარიშგების მიხედვით, ხარჯები 809 654 ლარით, ხოლო შემოსავლები - 11 347 ლარით მეტია სააღრიცხვო მონაცემებზე; სოხუმის უნივერსიტეტის ფინანსური შედეგების ანგარიშგების მიხედვით, შემოსავლების ჯამური თანხა აჭარბებს 914 799 ლარით, ხოლო ხარჯების -504 183 ლარით სააღრიცხვო მონაცემებს;გორის უნივერსიტეტის ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში ასახული შემოსავლების და ხარჯების ჯამური თანხები არ შეესაბამება სააღრიცხვო მონაცემების შესაბამის მაჩვენებლებს.

„კოლეჯი „აისის“ მიერ წარდგენილი ბალანსი უტყუარად და სამართლიანად არ ასახავს მის ფინანსურ მდგომარეობას, რადგან ყველა განხორციელებული ოპერაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში არ აისახება. კოლეჯი საქმიანობას ახორციელებს/ოპერირებს გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ახმეტისა და ლაგოდეხის რაიონებში. ბალანსში არ არის ასახული ძირითადი აქტივებიდან 2015 წელს გადმოცემული 22 ჰა მიწის ნაკვეთი და კაჭრეთში მდებარე ხელოვნების სახლი; სააღრიცხვო რეგისტრებში სრულყოფილად არ აისახება მეცხოველეობიდან, მეფუტკრეობიდან, სამკერვალო, საკონსერვო და სხვადასხვა მიმართულებიდან მიღებული პროდუქცია. შესაბამისად, არ არის უზრუნველყოფილი კოლეჯის მიერ განხორციელებული ყველა ეკონომიკური მოვლენის ბუღალტრულ ანგარიშებზე ასახვის სისრულე და შიდა კონტროლი. აუდიტის პროცესში შერჩეულ აქტივებზე ჩატარებული დათვალიერებისას/ინვენტარიზაციისას გამოვლინდა სხვაობები ფაქტობრივად არსებულსა და სააღრიცხვო მონაცემებში ასახულს შორის“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

აქედან გამომდინარე, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო აუდიტორებმა ვერ მოიპოვეს რწმუნება კოლეჯ „აისის“, წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორისა და სოხუმის უნივერსიტეტების წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული თანხების არსებობაზე, წარმოშობაზე, სისრულესა და სისწორეზე.

 

ხარვეზები სწავლის გადასახადში

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ უნივერსიტეტები სწავლის გადასახადის ოპერაციების აღრიცხვისთვის იყენებენ განსხვავებულ სააღრიცხვო პოლიტიკას. არ არსებობს ერთიანი მიდგომა უცხოურ ვალუტაში დარიცხულ თანხებთან მიმართებით, თუ რომელი დღის კურსით უნდა მოხდეს მოთხოვნის, ვალდებულების და შემოსავლის დარიცხვა. მიღებული შემოსავლების აღრიცხვისათვის იყენებენ როგორც დარიცხვის, ასევე საკასო მეთოდს.

„უნივერსიტეტების მიერ, სწავლის გადასახადების აღრიცხვისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები. კერძოდ, სოხუმის უნივერსიტეტს, ბალანსის მიხედვით მოთხოვნები, სწავლის გადასახადიდან აღრიცხული აქვს 751 094 ლარი და შემოსავლები სწავლის გადასახადიდან - 6 594 191 ლარი, ხოლო ვალდებულებები არ ირიცხება. უნივერსიტეტის განმარტებით, სწავლის გადასახადების აღრიცხვისათვის იყენებს შიდა საუნივერსიტეტო ელექტრონულ პროგრამას. წლის განმავლობაში აღრიცხვაში ასახვის მიზნით, სასწავლო დეპარტამენტი დარიცხული გადასახადების/შემოსავლისა და სასწავლო პროცესიდან წარმოქმნილი დავალიანებების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად აწვდის ბუღალტერიას. ამავე დეპარტამენტის მიერ, აუდიტის პერიოდში დარიცხული შემოსავლების შესახებ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შემოსავალი შეადგენს 6 250 209 ლარს. შესაბამისად, წარდგენილია 343 982 ლარით მეტი შემოსავალი. იმის გამო, რომ ვერ ხერხდება სტუდენტთა ბაზიდან ძველი თარიღით ზუსტი და სრული ინფორმაციის ამოღება, ვერ განხორციელდა სტუდენტების შესაბამისად დარიცხული შემოსავალის, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების დაანგარიშება გადათვლა“.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია შემოსავლები გაცვლითი ოპერაციებიდან, სწავლის გადასახადი - 39 260 627 ლარი. უნივერსიტეტის განმარტებით, თანხები დაანგარიშდა ელექტრონული სტუდენტური პროგრამა VICI-ის ბაზის საფუძველზე, სადაც ასახულია სტუდენტების მონაცემები უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის მიერ. სწავლის გადასახადის სახით მიღებული შემოსავლის დაანგარიშებისას გამოყენებულია არაერთგვაროვანი მიდგომა, შემოსავალი აღიარებულია, როგორც დარიცხვის, ასევე - საკასო მეთოდით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის გადასახადისას.

„გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში, არასწორად ხდებოდა ბაზაში სტუდენტთა სტატუსების (აქტიური, შეჩერებული თუ შეწყვეტილი) და სასწავლო კრედიტების შესახებ ინფორმაციების აღრიცხვა. სტუდენტების მიხედვით, სემესტრულად დაანგარიშებული სწავლის გადასახადის ანალიზისას დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში, ბაზაში კრედიტების რაოდენობის არასწორად ასახვის გამო, სწავლის გადასახადი არასწორად იყო დაანგარიშებული. შედეგად, ფინანსურ ანგარიშგებაში გაზრდილია სწავლის გადასახადის სახით მიღებული შემოსავალი 373 817 ლარით.

ტექნიკური უნივერსიტეტის ბალანსში აღრიცხულია სწავლის პროცესში სტუდენტების მიმართ წარმოქმნილი მოთხოვნების - 3 662 078 ლარის და ვალდებულებების - 2 581 695 ლარის 2022 წლის საბოლოო ნაშთები. აუდიტის ობიექტის უფლებამოსილი პირის განმარტებით, დავალიანებები წარმოქმნილია და მომდინარეობს გასული წლებიდან; ზუსტი სახელობითი სიები დავალიანებებზე არ არსებობს; 2022 წელს დაწყებულია სიების მოძიება, პროცესში ჩართულია უნივერსიტეტის სხვადასხვა განყოფილება, თუმცა სამუშაოს სირთულისა და დიდი მოცულობის გამო, 2022 წელს ვერ მოხერხდა სიების დაზუსტება და დავალიანებების გადაანგარიშება“.

აღნიშნული გარემოებებისა და იმის გამო, რომ სტუდენტები ინფორმაციას ფლობენ სემესტრულად გადასახდელ თანხებზე, სასწავლო წელი კი არ ემთხვევა საანგარიშგებო წელს, აუდიტის ჯგუფმა ვერ გაგზავნა დასტურის წერილები და ვერც ალტერნატიული პროცედურებით დაადასტურა აღრიცხული დავალიანებები/შემოსავლები.შედეგად, სახელმწიფო მაკონტროლებლებმავერ მოიპოვეს რწმუნება 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული სწავლის გადასახადიდან წარმოქმნილი შემოსავლების, ვალდებულებებისა და მოთხოვნების საბოლოო ნაშთის არსებობაზე, წარმოშობაზე, სისრულესა და სისწორეზე.

 

ხარვეზები მატერიალურ მარაგებში

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხული მატერიალური მარაგების 2022 წლის საწყისი ნაშთი დაკორექტირდა 2021 წლის ინვენტარიზაციის შედეგის შესაბამისად, ხოლო ფაქტობრივად არსებული ნაშთის მიხედვით ჩამოწერილი 1 433 497 ლარის მარაგების შესაბამისი დოკუმენტაციააუდიტის ჯგუფს ვერ წარედგინა. ჩამოწერილი აქტივების მხოლოდ ნაწილისათვის მოძიებული და წარმოდგენილ იქნა უნივერსიტეტის მიერ მარაგების საწყობიდან გატანის/ხარჯვის დოკუმენტაცია. აუდიტორებისვე განმარტებით, უფლებამოსილი პირის მტკიცებით, მარაგის საწყობიდან გატანის დამადასტურებელი დოკუმენტების სრულად მოძიება და წარმოდგენა მოითხოვს დროის დიდ რესურსს, რაც მიმდინარე სამუშაოების დიდი მოცულობის გამო ვერ ხერხდება. 2022 წელს, მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა.

„უფლებამოსილი პირის განმარტებით, 2022 წელს, წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა მატერიალური მარაგის შერჩევითი ინვენტარიზაცია. წარმოდგენილია მხოლოდ ინვენტარიზაციის ოქმები; ვერ წარმოადგინეს საინვენტარიზაციო აღწერა/შედარებითი უწყისები. მიღებული განმარტების მიხედვით, პროგრამული ხარვეზის გამო ვერ ხერხდება ინვენტარიზაციის აქტების წარმოდგენა. ბუღალტრული რეგისტრების შესაბამისად, ინვენტარიზაციის აქტის საფუძველზე ბალანსიდან ჩამოწერილია 133 504 ლარის ღირებულების მატერიალური მარაგი; წარმოდგენილ დოკუმენტაციაში, მათ შორის, ინვენტარიზაციის შემაჯამებელ ოქმში აღნიშნულია, რომ ინვენტარიზაცია ჩატარდა შერჩევითობის პრინციპით; მასში არ არის ასახული მარაგის ჩამოწერის შესახებ ინფორმაცია“.

შედეგად, დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო,სახელმწიფო აუდიტორებმა ვერ მოიპოვეთს რწმუნება 1 433 497 ლარის ხარჯის წარმოშობასა და სისწორეზე, ასევე 2 814 727 ლარის წლის ბოლოს ბალანსში აღრიცხული მარაგის არსებობასა და სისწორეზე.

 

ხარვეზები ძირითად აქტივებში

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, 2022 წელს, არასწორად, რეტროსპექტულადგაასწორა 2021 წლის ცვეთაში დაშვებული შეცდომები. შედეგად, 481 901 ლარის ოდენობით შემცირებულია აქტივების საწყისი საბალანსო ღირებულება და გაზრდილია ცვეთის ხარჯი, ხოლო წლის ბოლოს, აქტივების ღირებულება შემცირებულია 963 801 ლარით.

„აქტივის ნარჩენი ღირებულება და სასარგებლო მომსახურების ვადა ყოველი ფინანსური წლის ბოლოს მაინც უნდა გადაისინჯოს და თუ მოსალოდნელი შედეგები წინა შეფასებებისაგან განსხვავდება, ცვლილებები უნდა აისახოს, როგორც სააღრიცხვო შეფასების ცვლილება, რაც რიგ შემთხვევაში არ განხორციელდა. ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ, საქმიანობაში გამოიყენება ისეთი აქტივები, რომლებიც სრულად არის ამორტიზებული 2021-2022 წლებში და მათი ისტორიული ღრებულება შეადგენს 6 215 188 ლარს; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს წლის ბოლოს ერიცხებიდა 1 637 628 ლარის ისტორიული ღირებულების მქონე აქტივები, რომლებიც გამოიყენება და საბალანსო ღირებულება განულებულია; „ძირითადი აქტივების“ მუხლზე, წლის ბოლოს აღრიცხულია 38 062 ლარის ნარჩენი საბალანსო ღირებულების აქტივები, რომლებიც არ გამოიყენება. უნივერსიტეტს არ განუხილავს გაუფასურების ინდიკატორების არსებობის საკითხი“.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ერიცხება 3 079 883 ლარის საბიბლიოთეკო ფონდის აქტივები, რასთან დაკავშირებითაც, დასახელებისა დარაოდენობების მიხედვითმ ფლობენ გარკვეულ კატალოგებს, თუმცა ინდივიდუალურად ან ჯგუფურად ღირებულებების მითითებით რეესტრი არ არსებობს. წიგნების ფონდი მოიცავს, როგორც თანამედროვე, ასევე ძველ გამოცემებს. ახალი გამოცემები გამოიყენება სასწავლო და კვლევითი დანიშნულებით, ხოლო ძველი გამოცემები დაცულია საცავებში და შესაძლებელია სარგებლობის უფლებასხვადასხვა პირობით. თანხობრივად  დაცული და თანამედროვე გამოცემის წიგნების გამიჯვნა შეუძლებელია.

„წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საბიბლიოთეკო ფონდებში აღრიცხული 3 254 853 ლარის ღირებულების აქტივების რეესტრი. უფლებამოსილი პირის განმარტებით, აღნიშნული ფონდები აღრიცხულია მხოლოდ ჟურნალებში ფიზიკური სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ მოხდა რარიტეტული გამოცემების იდენტიფიცირება და შესაბამისად, ვერ დადგინდა აქტივების - ფასეულობების მუხლით კლასიფიცირებული ოდენობა“.

 

ხარვეზები არამატერიალურ აქტივებში

არამატერიალური აქტივი არის იდენტიფიცირებადი არამონეტარული აქტივი ფიზიკური ფორმის გარეშე. ერთეულმა უნდა შეაფასოს, განსაზღვრულია თუ განუსაზღვრელი არამატერიალური აქტივის სასარგებლო მომსახურების ვადა. განუსაზღვრელი სასარგებლო მომსახურების ვადის მქონე აქტივები არ უნდა იქნეს ამორტიზებული, თუმცა ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად, ერთეულმა განმარტებით შენიშვნებში უნდა ასახოს განუსაზღვრელი სასარგებლო მომსახურების ვადის მქონედ შეფასებული არამატერიალური აქტივის საბალანსო ღირებულება და მიზეზები, რომლებიც ადასტურებს ამ აქტივის განუსაზღვრელი სასარგებლო მომსახურების ვადის შეფასებას.

გარდა ამისა, სავალდებულოა, ყოველწლიურად გაუფასურების ტესტირების ჩატარება და განუსაზღვრელი ვადის მქონე არამატერიალური აქტივების სასარგებლო მომსახურების ვადა ყველა პერიოდში უნდა გადაისინჯოს, რათა განისაზღვროს, კვლავაც ადასტურებს თუ არა მოვლენები და პირობები, რომ არამატერიალურ აქტივს განუსაზღვრელი სასარგებლო მომსახურების ვადა აქვს.

„სააგენტოს, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აღრიცხული აქვს 2010-2017 წლებში შესყიდული 881 628 ლარის არამატერიალური აქტივები, რომლებიც არის საპროექტო, სახარჯთაღრიცხვო, გეოლოგიური და გეოდეზიური კვლევების დოკუმენტაცია. ორგანიზაციას მოცემული აქტივებისთვის არ დაურიცხავს ამორტიზაცია. სააგენტოს არ შეუფასებია, მოცემული აქტივები აკმაყოფილებენ თუ არა არამატერიალურ აქტივებად კლასიფიკაციის კრიტერიუმებს. ორგანიზაციის განმარტებით, აღრიცხული პროექტების ფარგლებში დასრულებულია სამშენებლო სამუშაოები და 2023 წელს მიმდინარეობს ნაშთების გადაცემა.

ტექნიკური უნივერსიტეტის უფლებამოსილი პირის განმარტებით, 2022 წელს არ გამოიყენებოდა და გაუფასურებული იყო არამატერიალური აქტივების ნაწილი. შედეგად, ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია 175 979 ლარის ისტორიული ღირებულების გაუფასურებული აქტივები, წლის ბოლოს - 17 081 ლარის საბალანსო ღირებულებით“.

შედეგად, სახელმწიფო აუდიტორებმა ვერ მოიპოვეს რწმუნება 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში 898 709 ლარის არამატერიალური აქტივების საბოლოო ნაშთის არსებობაზე, უფლებებსა და ვალდებულებებზე, სისწორესა და კლასიფიკაციაზე.

 

ხარვეზები შემოსავლებსა და ხარჯებში

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, 2019 წელს, გააფორმა 602 097 ევროს გრანტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თანხის ხარჯვა უნდა განხორციელებულიყო მიზნობრივად - პირველი ტრანშის მიღების შემდეგ, რომელიც შეადგენს 974 073 ლარს, მეორე ტრანში ჩაირიცხებოდა პირველად მიღებული თანხის მინიმუმ 70%-ის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენისა და მათი მხრიდან აღნიშნულის დადასტურების შემდეგ.

„მეორე ტრანში ჩაირიცხა 2021 წლის 10 დეკემბერს 751 032 ლარის ოდენობით. შესაბამისად, უნივერსიტეტს უნდა ეღიარებინა 2021 წლის შემოსავალში პირველი ტრანშის მინიმუმ 70% - 681 851 ლარი. 2022 წელს ახალი ტრანშის ჩარიცხვა არმომხდარა. უნივერსიტეტმა 2022 წელს არასწორად აღიარა 760 133 ლარი შემოსავალში.შედეგად, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში გაზრდილია შემოსავლები გრანტებით - 760 133 ლარით, ხოლო კრედიტორული დავალიანების ნაშთები შემცირებულია: საწყისი ნაშთი - 292 222 ლარით, ხოლო საბოლოო ნაშთი - 1 026 691 ლარის ოდენობით“.

გარდა ამისა, აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ გამომცემლობებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, სააგენტოს არ აქვს ხარჯი აღიარებული, რის შედეგადაც გაზრდილია მოთხოვნების საბოლოო ნაშთი, სულ - 3 471 203 ლარით; არ აქვს აღრიცხული მომწოდებელი კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაო, რის გამოც გაზრდილია მოთხოვნების საბოლოო ნაშთი -48 164 ლარით.

„აქედან გამომდინარე, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, შემცირებულია „საქონელი და მომსახურების“ მუხლის ხარჯი, სულ - 3 519 367 ლარით“.

ავტორი: მაკა რუხაძე