რატომ დასდო ბრალი სტუდენტმა მამინაცვალს გაუპატიურებაში

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცუდი სტატისტიკაა, მაგრამ ვერსად გავექცევით - საქართველოში შექმნილი ოჯახების მესამედი ინგრევა. მიზეზი სხვადასხვაგვარია და ერთ-ერთი უმთავრესი, ალბათ, ისაა, რომ ოჯახის დანგრევა აღარ „ტეხავს“. აი, კომუნისტების დროს ასე არ იყო, მაშინ ოჯახის დანგრევა საზოგადოების გაკიცხვის თემა ხდებოდა და შეიძლებოდა სამსახურში, სადაც მუშაობდით, ამხანაგური სასამართლოც კი მოეწყოთ. მეტიც, თანამდებობის პირისთვის მეუღლესთან დაშორება, შესაძლოა, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზიც კი ყოფილიყო.

 

ჰოდა, დღეს დაშორების შემდეგ, არც მეორედ გათხოვებაა უცხო და დედინაცვალი თუ მამინაცვალი ჩვეულებრივი ამბავია. შესაძლოა, ვინმეს მარტივი ეგონოს, რომ ბავშვები „ახალ“ დედას ან მამას ეგუებიან, რეალურად კი, ეს მათთვის სტრესია და თან ძალიან დიდი სტრესი. სრულფასოვან ოჯახში გაზრდილი ბავშვი უფრო ლაღია, თითქოს, მაგრამ რა თქმა უნდა, არც ის არის კარგი, ოჯახის შენარჩუნების მიზნით, ბავშვი ყოველდღიურად ცემა-ტყეპას რომ უყურებს, ან მშობლების დაუმთავრებელ კამათს უსმენს. მოკლედ, რთული ამბავია ეს და თან ძალიან.

პოლიციის განყოფილებაში ახალგაზრდა ქალი მივიდა და განცხადება დაწერა, ჩემს გაუპატიურებას მამინაცვალი აპირებდა და მიშველეთო. მას თან იმ ინსტიტუტის ლექტორი ახლდა, სადაც გოგონა სწავლობდა და ქალბატონმა ისიც თქვა, სანამ საქმე ბოლომდე არ დასრულდება და იმ ნაძირალას საკადრისს არ მიუზღავთ, ჩემი სტუდენტი ჩემთან იცხოვრებს, მაინც მარტო ვარ სახლში და ხელს არ შემიშლისო. რა ძნელი მისახვედრია, რომ სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი დააკავეს.

„თქვენ ფიქრობთ, რომ ჩემი გერის გაუპატიურება მსურდა? ალბათ, ასე ვინმე იქცევა, ან ავადმყოფური ტვინი აქვს ვინმეს და ფიქრობს, რომ ბავშვთან, თუნდაც ის სტუდენტი იყოს, ინტიმური ურთიერთობა შეიძლება. ჩემი გერისთვის, როგორც ქალისთვის, არასდროს შემიხედავს. ვაღიარებ, ხანდახან ვტუქსავდი, მაგრამ მხოლოდ ყოფითი პრობლემების გამო - თუ დააგვიანებდა, თუ იზარმაცებდა... ჰკითხეთ ლექტორებს, მათთან ხშირი ურთიერთობა მქონდა, ყოველთვის ვამოწმებდი, როგორ სწავლობდა ჩემი შვილი. ჰო, შვილი და არა - გერი. მე დედამისი მიყვარს, ცოლადაც მოვიყვანე, ხელი არ მოგვიწერია, მაგრამ ეს დღეების ამბავია, ბავშვს ველოდებით და ეგებ, იეჭვიანა, ეგებ, ფიქრობს, რომ პატარა მის ადგილს დაიკავებს და ის ისე აღარ გვეყვარება... არ ვიცი, რა ვიფიქრო, გაუპატიურების მცდელობა კი არა, გადაკრული სიტყვაც კი არ მითქვამს არასდროს“, - განაცხადა დაკავებულმა.

მომხდარით შოკირებული იყო სტუდენტის დედა. ის ხელებს შლიდა და ამბობდა, აღარ ვიცი, ვის დავუჯერო, ან შვილი მატყუებს, ან მამაკაცი, რომელიც მიყვარს და რომლისგანაც შვილს ველოდებიო. გოგონას იმდენად უმნიშვნელო დაზიანებები ჰქონდა, რომ რამე დასკვნის გაკეთება ძალიან ძნელი იყო. გამოდიოდა, რომ ძალოვნები ან გოგონას ჩვენებას უნდა დაყრდნობოდნენ, ან მამინაცვლის, მაგრამ ფაქტების გარეშე, რატომ უნდა დაეჯერებინათ ერთის ან მეორის ვერსია? საქმეში ლექტორი ჩაერთო.

„ვადასტურებ, რომ მამინაცვალი ჩემს სტუდენტს ავიწროვებდა. ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს, მისთვის მეორე დედასავით ვარ და ყველაფერს მიყვება. ამიტომ, დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა. მამინაცვალმა მას კარი შეუღო აბაზანაში, როცა ის ბანაობდა, შეაღო მისი საძინებლის კარი, როცა ის დასაწოლად ემზადებოდა და ამით აგრძნობინებდა, რომ მის მიმართ გულგრილი არ გახლდათ. მისი თუ არ გჯერათ, ჩემი მაინც დაიჯერეთ, პროფესორი ვარ და ასობით სტუდენტის ბედი მაბარია“, - განაცხადა პროფესორმა.

მისი სიტყვები სტუდენტმა გოგონამაც დაადასტურა, აღიარა, რომ მამინაცვალი ყოველთვის ავიწროვებდა, მაგრამ ამას ისე აკეთებდა, რომ დედას ეჭვი არ აეღო, თითქოს, შემთხვევით გააღო აბაზანის კარი, თითქოს, შემთხვევით შევიდა საძინებელში... სამზარეულოშიც, დილით, თითქოს შემთხვევით ეხებოდა თეძოებზე... როცა ეს დაკავებულს უთხრეს, მას ცოტა ხნით, გაოცებისგან მეტყველების უნარი წაერთვა. არ სჯეროდა, რომ ყველაფერი ეს, მისმა გერმა თქვა და კატეგორიულად ითხოვდა, დამაპირისპირეთო. როცა გამომძიებელმა უთხრა, რომ გერის გარდა, იგივეს ამბობდა მისი ლექტორიც, მამაკაცმა შვებით ამოისუნთქა და სკამზე გადაწვა.

„ახლა ყველაფერი გასაგებია. ყველაფრის თავი და თავი, სწორედ ის ლექტორა. საქმე ის გახლავთ, რომ მე უნივერსიტეტში, ჩემს ბრიგადასთან ერთად, რემონტს ვაკეთებდი. სწორედ მაშინ გავიცანი ის ლექტორი, თითქოს, ურთიერთობაც დავიწყეთ და სახლშიც დამპატიჟა, მარტო ცხოვრობს. ერთი-ორჯერ დავრჩი კიდეც, უფრო სწორედ, რამდენჯერმე დავრჩი მასთან. მერე, ისე გამოვიდა, რომ მინიშნებების გარეშე მითხრა, ურიგო არ იქნება, თუ ცოლად მომიყვან, შენც უცოლო ხარ, მეც გაუთხოვარი და დროა, ორივემ ოჯახი შევქმნათო. ერთი შეხედვით, ამის წინააღმდეგი არ ვიყავი, მაგრამ შემდეგ ჩემი გერი მოვიდა ჩემთან და მითხრა, თუ დრო გექნებათ, სახლში ოთახი მაქვს გასარემონტებელი და იქნებ, დაინტერესდეთო. წავედი, ოთახი ვნახე, ფასზეც შევთანხმდით და რემონტიც დავიწყე. სწორედ იქ გავიცანი ქალი, რომელსაც, ალბათ, მთელი ცხოვრება ვეძებდი, შემიყვარდა, ურთიერთობაც აეწყო და ცოლად მოყვანასაც ვაპირებ. უბედნიერესი კაცი ვარ, რომ ბავშვს ველოდები, მაგრამ ახლა ყველაფერი, თითქოს, თავზე მენგრევა. მგონია, რომ სწორედ ლექტორმა შეაგულიანა და ეს სისულელე მოაგონებინა, მაგრამ რატომ, რისთვის, რა დაპირდა, ან რით შეაშინა, ვერ ვხვდები“, - ამბობდა დაკავებული.

გამოძიება სხვა მიმართულებით წავიდა. სამართალდამცავებმა ლექტორის თვალთვალი დაიწყეს, მაგრამ ვერაფერი ნახეს ისეთი, რასაც ხელს ჩასჭიდებდნენ. საჭირო იყო, გოგონა ახლიდან დაეკითხათ, ან მისთვის დაქალი მიეგზავნათ, რომელიც რაღაცებში გამოტეხავდა და ამისთვის, მისი საუკეთესო მეგობარი შეარჩიეს, თუმცა გააფრთხილეს, ლექტორის სახლში არ მიხვიდე და იქ არ ესაუბრო, სადმე კაფეში დასხედითო. დაქალმა სამი დღე იწვალა და მხოლოდ ის დააცდენინა, რომ მამინაცვლის დაჭერა დედის გამო სურდა და არ უნდოდა, მთელი დარჩენილი ცხოვრება, დედამისი დატანჯულიყო. ეს იყო მინიშნება, მაგრამ არა ჩვენება და იმის აღიარება, რომ გოგო იტყუებოდა.

ბევრი ფიქრის შემდეგ, სამართალდამცავებმა მამაკაცი გაუშვეს, მისივე ნებართვით, სახლში ვიდეოთვალი დააყენეს და სპეციალური ინსტრუქციებიც მისცეს. გოგონას კი უთხრეს, რომ მამაკაცი ხელწერილით იყო გაშვებული და ნებისმიერი, ერთი მცდელობაც კი, მის დაპატიმრებას და გასამართლებას უზრუნველყოფდა, თუმცა გამოძიებას ფაქტები უნდა ჰქონოდა, თუნდაც სხეულის ისეთი დაზიანება, რომელსაც ჩაეჭიდებოდნენ. უთხრეს კიდეც გოგოს, ცოტა მეტი წინააღმდეგობა გაუწიე, უკბინე, თუ ვერ ურტყამო. გოგომაც თანხმობა განაცხადა და პროცესიც დაიწყო. ერთადერთი, ვინც არაფერი იცოდა, გოგონას დედა იყო, მას არ უნდა ენერვიულა. იმავე დღეს, ვიდეოთვალის მეშვეობით, გამომძიებლებმა მოისმინეს, როგორ შერიგდა ოჯახი, როგორ თქვა მამაკაცმა, რომ გოგონას პატიობდა ცილისწამებას და როგორ დაიქნია გოგომ თავი იქედნურად და თითქოს, მუქარით. მეორე დღეს, ქალი სამსახურში წავიდა, მამაკაცი სამზარეულოში ჩაის სვამდა, გოგონა კი მას მიეპარა და მხარზე გამეტებით უკბინა, შემდეგ კი, ხელი კედლის კუთხეს ისე შემოარტყა, სილურჯე გარანტირებული იქნებოდა. ხუთ წუთში, მათ კარზე სამართალდამცავებმა დააკაკუნეს. გოგონა ზეიმობდა, აგერ, ფაქტზე წაგვასწარით, ჩემს გაუპატიურებას ცდილობდაო და სახე წაეშალა, როცა ძალოვნებმა დამალულ ვიდეოთვალზე მიუთითეს და უთხრეს, რომ ყველაფერი გადაიღეს და ჩაიწერეს. ახლა, ჩვენების მიცემის დრო იყო, ნამდვილი ჩვენების.

„მე დედაჩემის გადარჩენა მინდა. ეს არაკაცი ჩემს ლექტორთან ცხოვრობს, მას უპირებს ცოლად მოყვანას, დედაჩემთან კი ერთობა. ლექტორმა მანახა ფოტოები, როგორ სძინავს მის ლოგინში, მისი ტანსაცმელიც კი არის კარადაში. დედაჩემთან კი ბავშვი უნდა ეყოლოს და ვითომ ბედნიერია, სინამდვილეში კი, ერთი სული აქვს, მიატოვოს და ჩემს ლექტორთან გაიქცეს. ის კი არ მიიღებს, ზუსტად ვიცი, რომ არ მიიღებს, დამპირდა“, - თქვა გოგონამ.

ცხადი იყო, რომ ეს ლექტორის მიერ დაგებული ხაფანგი იყო და ამიტომ, დაკითხვაზე ის წაიყვანეს. ეს იყო ეჭვიანი და უარყოფილი ქალის ტიპური ნიმუში.

„ეს შარვალგამოხეული კაცი სახლში მივიყვანე, ცოლობას დავპირდი, მოვუარე, გავაძღე და მერე იმ კახპასთან გაიქცა. ჰო, კახპაა, აბა, რა არის, ერთხელ გათხოვდა, შვილი ჰყავს და ახლა მეორედ მოინდომა გათხოვება. სურათები ადრე გადავუღე, როცა ჩემთან ცხოვრობდა და მერე გამოვიყენე. არ ვნანობ იმიტომ, რომ ქვეყანაზე სამართლიანობა უნდა იყოს“, - განაცხადა ლექტორმა.

სასამართლომ მას მხოლოდ 3 წელი პირობითი მიუსაჯა, მამაკაცმა კი, საყვარელ ქალთან იქორწინა და მალე ბიჭიც შეეძინა.

 

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე