თბილისში ცნობილი ბიზნესმენის მძღოლის მკვლელობა სცადეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დიდ ბიზნესს ყოველთვის ახლავს რისკები, რაღა თქმა უნდა, ყოველთვის არის იმის შანსი, რომ ვინმე, ვისაც მარტივად და სწრაფად დიდი ფულის შოვნა სურს, დაგირეკავს და გეტყვის, რომ გარკვეული თანხა „კაი ბიჭებს“ უნდა გადაუხადო. სამწუხაროდ, დღემდე, არაერთი ბიზნესმენი ცდილობს, ეს ყველაფერი სამართალდამცავების ჩარევის გარეშე მოაგვაროს, ურეკავს ნაცნობ, ე.წ. კანონიერ ქურდებს და საბოლოო ჯამში ხვდება, რომ სჯობდა, საქმეში პოლიცია ჩაერთო. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ სამართალდამცავებისთვის მიმართვის შემდეგ, ძალოვნები სიტუაციაში ვერ გარკვეულიყვნენ და დამნაშავე არ დაეპატიმრებინათ.

 

არც თუ დიდი ხნის წინ, ერთ-ერთმა ბიზნესმენმა პოლიციას მას შემდეგ მიმართა, რაც მას საპირისპირო მხრიდან მოძრავი ავტომობილიდან ესროლეს. სროლა მოულოდნელი იყო, მაგრამ ბიზნესმენის მძღოლმა რეაგირება მოასწრო და „ბოსს“ გადაეფარა, მიწაზე წააქცია და ზემოდან დააწვა. ადგილზე მისულ პოლიციას, რაღა თქმა უნდა, თავდამსხმელი იქ არ დახვდა, მაგრამ ტყვიის ცარიელი მასრა ასფალტზე ეგდო, რაც ხელჩასაჭიდი მტკიცებულება უნდა გამხდარიყო. მასრა ექსპერტიზაზე გაგზავნეს, ბიზნესმენი და მძღოლი კი დაკითხვაზე გადაიყვანეს.

„აბა, რა გითხრათ? ბიზნესი დიდი ხანია მაქვს, ვიღაცას მოვწონვარ, ალბათ, ვიღაცას - არა, მაგრამ ისეთი არავინ მახსენდება, მოსაკლავად რომ გამიმეტოს. რაც შეეხება შავ სამყაროს, ადრე იყო ხოლმე რაღაც გამოხტომები, მაგრამ ყოველთვის მშვიდად ვალაგებდი. ბოლო წლებია, მსგავსი არაფერი ყოფილა. ფაქტი ის გახლავთ, რომ დავინახე, როგორ გამოჰყო ვიღაც ტიპმა ფანჯრიდან ხელი, როგორ გაისროლა ჩემი მიმართულებით და როგორ მიშველა მძღოლმა, მას მყისიერი რეაგირება ჰქონდა და როცა ტყვია გავარდა, უკვე მიწაზე ვეგდე“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

მძღოლმაც პრაქტიკულად იგივე თქვა, დავინახე, „შეფისთვის“ რომ უნდა ესროლათ, გადავეფარე და მიწაზე დავაგდე, გასროლა რომ გავიგონე, შევეცადე, მისი სხეული მთლიანად გადამეფარა, მაგრამ მანქანა წავიდაო. ავტომობილის ნომერი არცერთს არ დაუნახავს, მარკა კი „ვოლკსვაგენი“ იყო, თეთრი ფერის, ძველი მოდელი. ასეთი ავტომობილი გატაცებული არ იყო, გამოდიოდა, რომ ან ვინმეს ავტო მოპარეს და ჯერ არ იცოდა, ან თავდამსხმელი საკუთარი მანქანით მოძრაობდა, რაც, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი ჩანდა. სამართალდამცავებმა ბიზნესმენის თანამშრომლები დაჰკითხეს და მათ თქვეს, რომ თუ ვინმე ნაწყენი იყო დაზარალებულზე, პირველ რიგში, ბუღალტერი უნდა ყოფილიყო, რომელიც უსამართლოდ გააგდეს. ძალოვნებმა სწორედ მისი დაკითხვა გადაწყვიტეს. ბუღალტერი ასე, 50 წლის ქალბატონი იყო, საეჭვო გახლდათ, მას „ქილერი“ დაექირავებინა, მაგრამ წასვლის მიზეზზე მაინც დაეკითხნენ.

„მე, ალბათ, ყველაზე პატიოსანი ბუღალტერი ვარ მთელ მსოფლიოში, ამიტომ ის, რაც არ მომწონდა, ჩემს დამსაქმებელს პირდაპირ ვეუბნებოდი ხოლმე. ბოლოს, სამი წლის წინანდელი საბუთები ვნახე, ვიღაც კაცისგან სამი ბენზინგასამართი სადგური იყიდა და ვუთხარი, რომ გადახდილი თანხა იმის მეოთხედიც კი არ იყო, რაც რეალურად ღირდა. ამაზე ძალიან გაბრაზდა, მიყვირა, შენ ვინ გკითხავსო და მე ვუთხარი, როგორც გავიგე, ის კაცი თქვენი ბავშვობის მეგობარია და რატომ მოატყუეთ-მეთქი? მოკლედ, ამიტომ გამომაგდო და მირჩევნია, პატიოსნად ვიმუშაო და საკუთარ თავთან მართალი ვიყო, ვიდრე თაღლითობაში მივიღო მონაწილეობა. ისე, იმ მეგობარს დავურეკე და ვუთხარი, მოგატყუეს, მეოთხედი თანხაც კი არ გადაგიხადეს-მეთქი“, - განაცხადა ბუღალტერმა.

სწორედ ამ დროს, გამომძიებელთან დაზარალებულმა დარეკა და განაცხადა, რომ მას შეხვედრას... ბავშვობის მეგობარი სთხოვდა, რომელსაც სამი წლის წინ, ბიზნესი წაართვა. სამართალდამცავებმა უთხრეს, რომ შეხვედრას დათანხმებოდა და ჩასაფრება მოაწყვეს. მეგობრები ერთმანეთს სკვერში შეხვდნენ, მოსულმა დაზარალებულს უხეშად უთხრა, განა, არ ვიცი, რომ მომატყუე, რისი ღირსიც ხარ, ეგეც ვიცი, მაგრამ ახლა სხვა რამისთვის ვარ მოსულიო და ჯიბეში ხელი ჩაიყო. ძალოვნებს ეგონათ, რომ ის იარაღს ამოიღებდა, ამიტომ მაშინვე ეცნენ, ხელები გადაუგრიხეს და...

„რა ხდება? გგონიათ, მოვკლავ? არა, პირიქით, ამის მადლობელიც კი ვარ. ჩვენ ერთად დავიწყეთ ბიზნესი, მერე გავიყავით და ამან, ბავშვობის მეგობარმა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გავკოტრებულიყავი. მერე, ჩემი ბიზნესი კაპიკებში იყიდა და მე სოფელში წავედი. ის ფული მეყო, მიწა მეყიდა, ხილი გამეშენებინა და ახლა ვფიქრობ, რომ ჩემი საქმე სწორედ ეს არის. საკმარისი ფული მაქვს იმისთვის, რომ უზრუნველად ვიცხოვრო. ახლა კი, გავიგე, რომ ჩემს ნაკვეთებთან ახლოს, ეს არც თუ კარგი კაცი, ახალ ბენზინგასამართს აშენებს. ნახაზები მოვიტანე, იქ, სადაც აშენებს, მინდა, ერთი, პატარა ადგილი გამომიყოს, სადაც ხილს გავყიდი. ძველი ნაცნობობის ხათრით, ან უბრალოდ მომყიდოს, ან მომაქირაოს... მოკლედ, ბიზნესზე ვარ მოსული და მოკვლა ნამდვილად არ მიფიქრია“, - განაცხადა მეგობარმა და ჯიბიდან ნახაზები ამოიღო.

დაზარალებულმაც დაადასტურა, რომ ის მართლაც აშენებს ახალ ბენზინგასამართ სადგურს და ცოტა არ იყოს, დამშვიდდა, მაგრამ... ვინ ისროლა და რატომ? გამოძიება ახალი მიმართულებით წავიდა. ხომ შეიძლებოდა, ეს ყველაფერი მძღოლს მოეწყო, მეტი ნდობა რომ დაემსახურებინა, ან ხელფასის მომატებაზე „ეჩალიჩა“. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ექსპერტიზის დასკვნით, ტყვიის მასრა ცეცხლსასროლი იარაღის არ იყო, ის, უბრალოდ, მხოლოდ დენთით იყო დატენილი და მხოლოდ ხმა ჰქონდა. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესმენი ვიღაცამ შეაშინა და რატომ არ შეიძლებოდა, ეს ვიღაც, სწორედ მძღოლი ყოფილიყო.

„გამორიცხულია. დავიწყოთ იმით, რომ ეს უბრალოდ მძღოლი არ არის, ბიზნეს-სკოლაში სწავლობს და მძღოლად რომ ავიყვანე, მითხრა, პარალელურად, პრაქტიკას გავივლიო. ყველაფერს გადასარევად ითვისებს, ძალიან კარგი ბიზნესმენი გამოვა. ის ჩემს ქალიშვილზეა დანიშნული, მალე ქორწილი იქნება და ჩემს ბიზნესსაც ნელ-ნელა სრულად გადაიბარებს. ორი ობიექტი უკვე მივეცი, გადასარევად ამუშავებს. ახალ მძღოლს ვეძებთ, მანამდე კი, როგორც მომავალ სიმამრს, ისე მემსახურება. დამისახელეთ ერთი მიზეზი მაინც, რისთვის დასჭირდებოდა ჩემი შეშინება? ყველაზე დიდი, ერთ წელიწადში, საცხოვრებლად ევროპაში წავალ და ყველაფერს ამან უნდა მიხედოს“, - განაცხადა ბიზნესმენმა და... მართალიც იყო. მძღოლს არანაირი ინტერესი არ უნდა ჰქონოდა, მომავალი სიმამრი შეეშინებინა, თუ დაეშინებინა.

სამართალდამცავები ისევ ფირმის თანამშრომლებს მიადგნენ და ყოველი შემთხვევისთვის, მძღოლზე მაინც ჰკითხეს, ეგებ, ვინმეს ისეთი რამ წამოსცდეს, რასაც ბიზნესმენი ვერ ამჩნევსო.

„ძალიან კარგი, უშუალო და უბრალო ბიჭია. ვოცნებობთ, როდის გადაიბარებს ბიზნესს სრულად, რადგან თავის სიმამრზე აშკარად უკეთესი მმართველი იქნება. ისე, მისი საცოლე სრულიად შემთხვევით ჩაუვარდა ხელში, მანამდე, ჩვენს ერთ-ერთ ხელმძღვანელს უნდა გაჰყოლოდა, მაგრამ ქორწილის დღეს გადაიფიქრა“, - თქვა ერთ-ერთმა თანამშრომელმა. ეს უკვე საინტერესო იყო და გამომძიებლებმა ბიზნესმენის შვილი დაჰკითხეს.

„ჰო, უცნაური ქორწილი გამოვიდა. ხელი უნდა მოგვეწერა, სუფრა გაშლილი იყო, საპატარძლო კაბა მეცვა. ჰოდა, ხელის მოწერა რომ გადავწყვიტე, მაშინ, თითქოს საიდანღაც ხმა ჩამესმა: - „არა, არა, არა“. კალამი დავაგდე და გამოვიქეცი. ახლაც არ ვიცი, ასე რატომ მოვიქეცი, მაგრამ... არ ვნანობ. ახლა ვისაც მივყვები ცოლად, სწორედ ეს არის ჩემი ოცნების მამაკაცი“, - განაცხადა გოგონამ.

კიდევ ერთმა თანამშრომელმა კი გაიხსენა, რომ ბიჭს, რომელიც ბიზნესმენის სიძე უნდა გამხდარიყო და ვერ გახდა, წლების წინ... თეთრი „ვოლკსვაგენი“ ჰყავდა. გამომძიებლებმა მოახერხეს და პროკურორს ეჭვმიტანილის ბინისა და აგარაკის ჩხრეკის ორდერი მიაცემინეს. ორივე სახლში ჩხრეკა ერთდროულად დაიწყო და ე.წ. სტარტოვკა ძალოვნებმა აგარაკზე იპოვეს. ახალგაზრდა კაცი დააკავეს და ესქპერტიზამაც დაადასტურა, რომ ცარიელი მასრა სწორედ ამ იარაღიდან იყო გასროლილი.

„თქვენ გგონიათ, ასე ადვილია ბოღმის გადაყლაპვა? უკანასკნელი ნაბიჭვარივით, ქორწინების სახლში მიმატოვა და მერე, ორ თვეში, რომანი მძღოლთან გააბა. გგონიათ, ვერ ვხვდებოდი, ან არ მესმოდა, როგორ ქირქილებდნენ ხელქვეითები ჩემს ზურგს უკან? მე თავდაუზოგავად ვმუშაობდი, ის გოგოც მართლა მიყვარდა და დარწმუნებული ვიყავი, ადრე თუ გვიან, ბიზნესი ჩემი გახდებოდა, მაგრამ რაღაც სისულელის გამო, ჩემმა ოცნებამ და გეგმებმა, ჩაილურის წყალი დალიეს. გადავწყვიტე, მძღოლი მომეკლა, ჰო, მძღოლი და ამიტომ, ჯერ ფუჭი გასროლა უნდა მომეხდინა, ყველას რომ ბიზნესმენზე ჰგონებოდა, მერე კი, ნამდვილი ტყვია მესროლა და ვითომ ბიზნესმენს ასცდა და მძღოლი იმსხვერპლა. გამოძიება ჩემს კვალზე ვერასდროს ვერ გავიდოდა“, - განაცხადა დაკავებულმა და სასამართლომ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე