როგორ გახსნეს სამართალდამცავებმა დანაშაული აუტისტი ბავშვის ნახატებით

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აუტიზმი ფსიქიკის ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ინდივიდს ახასიათებს ჩაკეტილი ცხოვრება და გარე სამყაროსგან სრული მოწყვეტა. ინდივიდი ცხოვრობს მის მიერვე შექმნილ არარეალურ სამყაროში. აუტიზმი გონებრივი მოშლილობაა, რომელიც წარმოიშობა ადრეულ ასაკში და ხასიათდება საკუთარ თავში ჩაკეტვით. შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ აუტიზმი მეორე მსოფლიო ომის დროს აღმოაჩინეს. იგი პროფესორმა ლეო კანერმა დააფიქსირა და მალევე გამოჰყო ნიშანთა ის ერთობლიობა, რომლის არსებობის პირობებში, აუტიზმის დიაგნოზი ისმება. ეს ტრიადა, როგორც მას სპეციალისტები უწოდებენ, შემდეგია: პირველი ნიშანი - სოციალური ურთიერთობების შემცირება, ან ხარისხობრივი გაუარესება, მეორე ნიშანი - სპეციფიკური მეტყველებითი პრობლემები, მესამე - განმეორებადობა, სიახლისადმი ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება, სტერეოტიპების დამკვიდრება. მსოფლიოში ათეულ ათასობით ადამიანია აუტიზმით დაავადებული და მოდით, ისიც ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდში, მათ განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ. აუტისტთა უმრავლესობას კონკრეტული მიმართულებით აქვთ განვითარებული უნარები, ზოგი კარგად ხატავს, ზოგი ციფრებს იმახსოვრებს, ზოგს რა შეუძლია და ზოგს - რა...

 

„ჩემი შვილი აუტისტია, კარგად ხატავს. მუდმივად სკვერში დამყავს და სახლში დაბრუნების შემდეგ, ის ხატავს იმას, რასაც ხედავს. ძირითადად, ადამიანებს, რომლებიც ძაღლებს ასეირნებენ, ან ხეებს და ბუჩქებს. ბოლო ორი დღეა, ხატავს ორ მამაკაცს, რომელთაგან ერთი დანას ურტყამს მეორეს. გამორიცხულია, ეს მისი ფანტაზიის ნაყოფი იყოს, ამას ვერ მოიფიქრებდა, მან ეს დაინახა და ვფიქრობ, პარკში მოხდა დანაშაული, რომელიც ჩემმა შვილმა დაინახა. ახლა კი, ეს ყველაფერი ქაღალდზე გადმოაქვს“, - შუა ხნის მამაკაცი პოლიციაში ამ განცხადებით მივიდა.

სამართალდამცავებს საქმე ისედაც არ აკლდათ და ახლა, აუტისტი ბავშვის მიერ დახატული ფიგურების მიხედვით, ვიღაც ეძებნათ, ცოტა წარმოუდგენლად ჩანდა, თუმცა განცხადება მაინც მიიღეს და მეტიც, კონკრეტულ გამომძიებელს ჩააბარეს. გამომძიებელმა შეცდომა პირველივე დღეს დაუშვა - ის მამაკაცთან შინ მივიდა და ბავშვთან გასაუბრება მოითხოვა.

„თქვენ, ალბათ, არ იცით, რას ნიშნავს აუტისტი ბავშვი. ის არ დაგელაპარაკებათ და თუ აიძულებთ, თქვენს მიმართ აგრესია გაუჩნდება. ერთადერთი, რაც მას შეუძლია, ხატვაა და მუდმივად ხატავს“, - განაცხადა მამაკაცმა და გამომძიებელი ბავშვის ოთახში შეახედა, სადაც უამრავი ფურცელი, ფანქარი, ფლომასტერი და სხვა სახატავი ნივთი ეყარა.

გამომძიებელმა კეფა მოიქექა და იმ სკვერში წავიდა, სადაც მამას შვილი სასეირნოდ დაჰყავდა. სკვერში ჩვეულებრივად ფუსფუსებდნენ: ვიღაც ძაღლს ასეირნებდა, ვიღაც დადიოდა, ვიღაც დაძუნძულებდა, იქვე მდგარი ფოტოგრაფი გამვლელებს ფოტოს იაფად და ხარისხიანად გადაღებას სთავაზობდა და სწორედ მასთან მივიდა გამომძებელიც.

„ჰო, ვიცი ეგ ბავშვი, ძალიან საინტერესო ტიპაჟია. ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის არის საინტერესო, სხვადასხვანაირად იხედება და ფოტოებს ხშირად ვუღებ. მამამისი სულ მეჩხუბება, რომ დაგინახოს, რომ ფოტოს უღებ, აგრესია ექნება და შესაძლოა, სკვერში აღარ გამომყვესო, მაგრამ პირობა მივეცი, რომ ვერ დამინახავს და ყოველნაირად ვცდილობ, სურათი ისე გადავუღო, ბავშვი ვერაფერს მიხვდეს. ჯერჯერობით, ვახერხებ და ამ ბავშვის რამდენიმე ასეული ფოტო მაქვს შენახული, უფრო სწორედ, მისი სახეების ფოტოები“, - განაცხადა ფოტოგრაფმა.

გამომძიებელი დაინტერესდა, გადაუღო თუ არა მან ბავშვს სურათები ბოლო სამი-ოთხი დღის განმავლობაში და მანაც თავი დაიქნია. არსებობდა შესაძლებლობა იმისა, რომ ფოტოების უკანა ფონზე, სწორედ ის ორი მამაკაცი ყოფილიყო აღბეჭდილი, რომელსაც ბავშვი ხატავდა, თუმცა სანამ ფოტოებამდე მივიდოდნენ, ფოტოგრაფმა ყველა იმედი გადაწურა - „რას ამბობთ, ვიღაცას ვიღაც რომ მოეკლა, ხომ დავინახავდი? მით უმეტეს, თუ ობიექტივი მქონდა მიშვერილი. მე პროფესიონალი ვარ, კადრში ყველაფერს ვამჩნევ, მაგრამ რადგან არ იშლით, განახებთ სურათებს და თავად დარწმუნდებით, რომ მართალი ვარ“.

გამომძიებელმა სურათების დათვალიერება დაიწყო, ფოტოგრაფიც ყურადღებით აკვირდებოდა ფოტოებს და უიმედოდ თავს იქნევდა, არაფერი გამომეპარებოდაო, თუმცა მოულოდნელად თავადვე შეკრთა - ერთ-ერთ კადრში, ბავშვის მკაფიო სახის უკან, ჩანდა ორი მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს იდგნენ და ხელი ქურთუკის საყელოზე ჰქონდათ ჩავლებული. მეორე კადრში - იგივე მამაკაცები, მესამეშიც, მეოთხეში კი, აშკარად ჩანდა, რომ ერთი მათგანი, სავარაუდოდ, გულმკერდის არეში დანას ურტყამდა მეორეს. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც ბავშვის ნახატზე და რაც მთავარია, ამ დროს ბავშვს თავი კამერისკენ კი არა, იმ კაცებისკენ ჰქონდა მიტრიალებული, ფოტოგრაფი კი, სავარაუდოდ, ანგარიშმიუცემლად აჩხაკუნებდა და აჩხაკუნებდა.

„ღმერთო ჩემო, რა სულელი ვარ, ეს როგორ ვერ დავინახე, ეს როგორ ვერ აღვიქვი? თუმცა, თუ მკვლელობა მოხდა, სად არის გვამი? ზურგით ხომ არ გაიტანდა, ყველა დაინახავდა, მაგრამ... საღამოა, მალე დაღამდა და ვინ იცის, ეგებ, ღამე გიტანეს“, - ფოტოგრაფმა ვერსიების აწყობა დაიწყო, მაგრამ გამომძიებელი აღარ უსმენდა. ის ექსპერტებს უკავშირდებოდა და სთხოვდა, რომ სურათზე, რომელზეც სახეები უბრალოდ არ ჩანდა, ემუშავათ და მათთვის მეტი სიმკვეთრე მიეცათ.

ექსპერტებმა სურათებს დახედეს და თავი გადააქნიეს, ძალიან რთული იქნება, კადრი შორია, ფოკუსიც ბავშვის თავზეა და არა მათზეო, მაგრამ ის, რომ სკვერში რაღაც მოხდა, ეჭვი აღარავის ეპარებოდა. ფოტოს მიხედვით, ის ადგილი ნახეს, სადაც მამაკაცები იდგნენ და მიწაზე აღებული მუქი ლაქის ნიმუშმა აჩვენა, რომ ეს სისხლი იყო, ადამიანის სისხლი.

„საუკეთესო შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს მკვლელობის მცდელობა, ცუდ შემთხვევაში, ჩვეულებრივი მკვლელობა და მკვლელი თავისუფალია, ხოლო დაჭრილი თუ გვამი, არ ვიცით, სად არის. გადაატრიალეთ ყველაფერი, საავადმყოფოები, კერძო კლინიკები, ექიმები, რომლებიც სახლში მკურნალობენ და იპოვეთ გულმკერდის არეში დაჭრილი“, - გამომძიებელი თათბირზე აშკარად ხმამაღლა საუბრობდა.

ბევრი ძებნა საჭრო არ გახდა, ოპერ-მუშაკებმა სკვერთან ახლოს საეჭვოდ გაჩერებული მანქანა იპოვეს და მის საბარგულში გვამი იდო - მკერდში გამჭოლი ჭრილობით. ავტომობილმა კი მათი ყურადღება იმიტომ მიიქცია, რომ ჯერ ერთი, დარღვევით იდგა და მეორეც, მინაზე მტვერი ედო ანუ იმ ადგილზე, რამდენიმე დღის განმავლობაში იდგა. მოკლულის ვინაობა მალე დაადგინეს, ავტომობილიც მისი იყო, მაგრამ ვერც მკვლელობის იარაღი და ვერც თითის ანაბეჭდები მის მანქანაში ვერ იპოვეს. ერთადერთი, მას ფრჩხილებში მატერიის ნაწილაკები ჰქონდა შერჩენილი და ექსპერტმა თქვა, ეს ყავისფერი ლაბადის ნაწილაკებიაო და... აუტისტი ბავშვიც მკვლელს სწორედ ყავისფერი ლაბადით ხატავდა. ახლა ის იყო მთავარი, სამართალდამცავებს ეს ლაბადიანი კაცი მოეძებნათ. გარდაცვლილს მშობლები სოფლად ჰყავდა, ქალაქში მისი და ცხოვრობდა, რომელმაც ძმის მკვლელობა პოლიციისგან გაიგო და ექიმების ჩარევა გახდა საჭირო იმისთვის, რომ დაემშვიდებინათ, ნემსი გაეკეთებინათ და ის ისტერია, რომელიც მას დაემართა, როგორმე შეემსუბუქებინათ. როცა დამ საუბარი შეძლო, გამომძიებელს უაზრო თვალებით შეხედა და ისევ ტირილი აუვარდა, თუმცა წამალი აშკარად მოქმედებდა და ნერვული შეტევა ისეთი მძაფრი აღარ იყო.

„ჩემი ძამიკო... ვის რას უშლიდა, ვის რას უშავებდა“, - მოთქვამდა ქალი. გამომძიებელმა უკვე იცოდა, რომ გარდაცვლილი არანაირ კრიმინალურ ისტორიებში არ იყო გახვეული, მუშაობდა, მცირე ბიზნესიც ჰქონდა, დას ერთოთახიანი უყიდა, თავად საბურთალოზე, სამოთახიან ბინაში ცხოვრობდა და ცოლის მოყვანასაც აპირებდა. საქმრო დასაც ჰყავდა და და-ძმა ქორწილს ორ თვეში, ერთად გეგმავდა, ახლა კი...

სწორედ მაშინ, როცა გამომძიებელი ცდილობდა, გარდაცვლილის დისთვის რაღაც მაინც ეთქმევინებინა, ოთახში ახალგაზრდა კაცი შემოიჭრა და ყვირილი დაიწყო - „შეეშვით ჩემს საცოლეს, ის არ კმარა, რომ ძმა მოუკლეს, ახლა თქვენ სტანჯავთ სულელური კითხვებით. რა უნდა იცოდეს და საიდან უნდა იცოდეს, ვინ გაიმეტა ის საცოდავი, უწესიერესი და უპატიოსნესი კაცი. ეს თქვენი, სამართალდამცავების ბრალია, კრიმინალი რომ ასე დათარეშობს“, - ყვიროდა კაცი, მაგრამ გამომძიებელს არაფერი ესმოდა, ის მონუსხული უყურებდა სასიძოს ტანზე კარგად მომდგარ ყავისფერ ლაბადას, რომელსაც ერთ ადგილზე, მკრთალად, მაგრამ მაინც ემჩნეოდა მუქი წერტილი, რომელიც, სავარაუდოდ, სისხლის ლაქამ დატოვა. ძალოვანმა, რაც შეიძლება მშვიდად, მოსულს უთხრა, ეგებ, ორიოდე კითხვაზე თქვენც გვიპასუხოთო და სასაუბროდ მანქანაში მიიწვია - შენი საცოლე არ დავძაბოთო და ისიც სიხარულით დათანხმდა. წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როცა მანქანის უკანა სავარძელზე დაჯდომისთანავე, ორივე მხრიდან ოპერ-მუშაკები შემოუსხდნენ და ბორკილი დაადეს. ორ საათში, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ლაბადაზე სისხლის ლაქა გარდაცვლილს ეკუთვნოდა და დაკავებულსაც სხვა გზა არ ჰქონდა, აღიარებითი ჩვენება მისცა.

„მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი არ მქონია, სკვერში ჩემს საყვარელთან ერთად ვიყავი, იმ უბედურს კი, ვიღაცასთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. მაშინ დამინახა, როცა გოგოს ვკოცნიდი და გაგიჟდა, მალე ქორწილია და რას აკეთებ, ჩემს დას ყველაფერს ვეტყვიო. როგორ არ ვეხვეწე და ვემუდარე, არაფერმა გაჭრა. ისე, ის დანა ჩემი არ იყო, მან ამოიღო და მითხრა, მომშორდი, თორემ ყელს გამოგჭრიო. დანა წავართვი და ანგარიშმიუცემლად გავუყარე. ახლაც მიკვირს, როგორ ვერ დაგვინახა ვერავინ, ალბათ, იმიტომ, რომ უხმოდ, კრიჭაშეკრულები ვძიძგილაობდით“, - განაცხადა დაკავებულმა.

მოგვიანებით, ძიების დასასრულს გაირკვა, რომ დანა მართლაც გარდაცვლილის იყო (დამ ამოიცნო) და წინასწარ განზრახვით მკვლელობა გამოირიცხა. სასამართლომ ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რადგან ადვოკატმა დაამტკიცა, რომ ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე