„ვის სახელს არქმევენ თბილისის ქუჩებს“ - კოტე აფხაზის და მისი სახელობის ქუჩის ისტორია

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კოტე (კონსტანტინე) აფხაზის ქუჩა — ქუჩა კრწანისის რაიონში (კალა, ზემო უბნისა და ქვემო უბნის საზღვარი); თავისუფლების მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნამდე. წარმოიქმნა შუა საუკუნეებში. „კოჯრის კარიდან ჩამოსული დიდი ქუჩა“ იმთავითვე ცნობილი იყო შუა ბაზრის სახელით. ეს სახელი შეერქვა იმიტომ, რომ იგი ქალაქის (კალის) ორ უბანს – ზემო და ქვემო უბანს შუა მდებარეობდა.

1841 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში შეტანილია როგორც სომხის ქუჩა და პავლე ციციანოვის ქუჩა (ვერცხლის ქუჩასთან ერთად). თბილისის 1867 წლის გეგმაზე დატანილია როგორც პავლე ციციანოვის ქუჩა (სომხის ბაზარი, ქურქისა და იარაღის რიგები), 1876 და შემდგომი წლების გეგმებზე — როგორც სომხის ბაზარი. XX საუკუნის 30-იან წლებში სარეწაო კოოპერაციის საბჭო („სარეწაო საბჭო“) გამო. 1938 — სილიბისტრო თოდრიას, 1944 — კონსტანტინე ლესელიძის.

ისტორიულად ეს იყო უძველესი საქარავნო გზის მონაკვეთი, რომელიც კოჯრის კართან იწყებოდა, დღევანდელი კოტე აფხაზის ქუჩის ხაზს გასდევდა და აკავშირებდა ქალაქის ცენტრს აბანოთუბანთან. შემდგომში იგი თანდათან იქცა ქალაქის ძირძველი ნაწილის — კალის სავაჭრო ცენტრად. კლაკნილი, ვიწრო, მაგრამ საკმაოდ გრძელი ქუჩის ორივე მხარე მჭიდროდ იყო განაშენიანებული სავაჭრო დუქნებით, სახელოსნოებით, საკულტო ნაგებობებით და, ფაქტობრივად, ქალაქის სავაწღო-სახელოსნო ცენტრს, თავისებურ ბირჟას წარმოადგენდა.

პირველი რეკონსტრუქცია ქუჩას 1924–1926 წლებში ჩაუტარდა (ინჟინერი გრიგოლ ქურდიანის პროექტი), მეორე — 1986–1988 (არქიტექტორთა ჯგუფი გიორგი ბათიაშვილის ხელმძღვანელობით), რის შედეგადაც ქუჩა გადაიქცა მნიშვნელოვან სატრანსპორტო მაგისტრალად, რომელიც აერთებს ქალაქის ცენტრს მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილთან და, ამავე დროს, რჩება კულტურულ-სავაჭრო ცენტრად.

ძველ, ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში მრავალი თანამედროვე ნაგებობა აღიმართა, მოძველებულ ამორტიზებულ სახლებს კი ჩაუტარდა ძირეული რეკონსტრუქცია, რამაც მრავალსახა ქალაქისათვის დამახასიათებელი იერის ამ უძველეს ქუჩას თანამედროვე სახე მისცა. იგი ერთნაირად იზიდავს როგორც თბილისელებს, ასევე ქალაქის სტუმრებსაც.

ქუჩას კოტე აფხაზის სახელი 2006 წელს ეწოდა.  სწორედ ამიტომ, რუბრიკაში - „ვის სახელს არქმევენ თბილისის ქუჩებს“, დღეს კონსტანტინე აფხაზის ბიოგრაფიას გაგიზიარებთ.

ბიოგრაფია

კოტე აფხაზი დაიბადა სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, თავად ნიკოლოზ შერმაზანის ძე აფხაზისა (1828-1907) და ნინო ჭავჭავაძის (1834-1883) ოჯახში. ეს საგვარეულო აფხაზეთის მთავრების — შარვაშიძეების — კახეთში დამკვიდრებულ შტოს წარმოადგენდა. აფხაზის დედა, ნინო ჭავჭავაძე იყო ილია ჭავჭავაძის და. კოტე აფხაზმა დაამთავრა თბილისის კადეტთა სასწავლებელი (1885) და პეტერბურგის სამხედრო აკადემია (1890). 1887 წლის მაისში მიიღო უნტერ-ოფიცრის ჩინი, 1888 წლის 9 აგვისტოს მიანიჭეს პოდპორუჩიკის წოდება და გაამწესეს ფეხოსანთა არტილერიის 39-ე საველე ბრიგადაში. ერთი წლის შემდეგ დანიშნეს იქვე სასწავლო რაზმის უფროსად. 1891 წლის 25 დეკემბერს გადაიყვანეს კავკასიის არტილერიის მთავარი სამმართველოს გრენადერთა ბრიგადაში. 1895 წლის მაისში მიიღო შტაბს-კაპიტნის წოდება. 1896 წელს გადაიყვანეს კავკასიის არტილერიის გრენადერთა ბრიგადის მესამე ბატარეის უფროსად. 1901 წლის აგვისტოში მიანიჭეს კაპიტნის წოდება. შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში იყო ამავე გრენადერთა ბრიგადის მესამე და მეოთხე ბატარეების უფროსი. 1908 წლის თებერვალში მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება და დანიშნეს იმავე ბრიგადის მეშვიდე ბატარეის უფროსად. 1911 წლის დეკემბერში აფხაზი მის ბატარეასთან ერთად გაგზავნილი იყო სპარსეთში, თავრიზის საბრძოლო რაზმის შემადგენლობაში, სადაც რამდენიმე თვე დაჰყო.

1906-1913 წლებში იგი არჩეული იყო თბილისის საადგილმამულო ბანკის სამეურვეო კომიტეტის წევრად. 1913 წელს აირჩიეს ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა წინამძღოლად (მარშლად). 1913 წელს მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაიწყო კახეთის რკინიგზის მშენებლობა. პირველი მსოფლიო ომის დროს დაწყებისთანავე, 1914 წლის 1 აგვისტოს მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვის წინადადებით დაუბრუნდა სამხედრო სამსახურს. 31 აგვისტოს დაინიშნა კავკასიის საველე-საარტილერიო ბრიგადის მეთაურად. 1915 წლის მარტის დასაწყისში აფხაზი თავისი ბრიგადით, რომელიც მე-5 კორპუსში შედიოდა, დასავლეთის ფრონტზე გაემგზავრა, სადაც წლის ბოლომდე დაჰყო. ფრონტზე გამოჩენილი თავდადებისთვის ორგზის იქნა დაჯილდოებული თავად ვალდიმირის IV და III ხარისხის ორდენებით 27 აპრილსა და 14 ოქტომბერს, იმავე წლის 8 ნოემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1916 წლის იანვარში სამხედრო მინისტრის ბრძანებით გამოწვეულ იქნა ფრონტიდან და დაინიშნა კავკასიაში სახელმწიფო თავდაცვის განსაკუთრებულ რწმუნებულად, თებერვალში კი დაინიშნა კავკასიის ფრონტის საინჟინრო-სამშენებლო რაზმების კომიტეტის თავმჯდომარედ. 1916 წელს გახდა არტილერიის გენერალ-მაიორი.

1916-17 წლებში კვლავ იყო არჩეული ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა წინამძღოლად და ამავდროულად იყო არჩეული სახელმწიფო საბჭოს წევრად. თებერვლის რევოლუციის შემდეგ, 1917 წლის 15 მარტს, ის დაბრუნდა საქართველოში. 1917-1918 წლებში იგი იყო თბილისის ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარე და ივანე ჯავახიშვილთან და სხვა მოღვაწეებთან ერთად წვლილი შეიტანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. აქტიური მონაწილე იყო ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა 1917 წლის სექტემბერში. 1917 წლის 11 დეკემბერს მისი ხელმძღვანელობით თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საკრებულოს ქონება გადაეცა იმავე წლის ნოემბერში შექმნილ საქართველოს ეროვნულ საბჭოს. აფხაზი იყო ეროვნული საბჭოს წევრი „უპარტიოთა კავშირიდან“ და ამ კავშირის თავმჯდომარე. როგორც ეროვნული საბჭოს წევრი, მონაწილეობდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის შექმნაში და იყოს მისი ერთ-ერთი ხელმომწერი. იმავე 1917 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ (რომელიც განიხილავდა საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხს) იგი აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1917 წლიდანვე იყო თბილისის საადგილმამულო სამეურვეო კომიტეტის წევრი.

1919 წელს კონსტანტინე აფხაზმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ კანონის შემუშავებაში, რომელიც დამტკიცებულ იქნა დამფუძნებელი კრების მიერ აღნიშნული წლის ივლისში. აღსანიშნავია, რომ გამოჩენილ სამხედრო მოღვაწეებთან გიორგი კვინიტაძესთან, გიორგი მაზნიაშვილთან და სხვებთან ერთად მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ეროვნული არმიის შექმნაში. ზემოხსენებული კანონის მიღების დროს საქართველოს რეგულარულ არმიაში უკვე ირიცხებოდა 50 ათასამდე მებრძოლი.

საქართველოსთვის ავბედითი გამოდგა 1921 წლის 25 თებერვალი, როდესაც ბოლშევიკური რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ აიღო თბილისი, რასაც მოჰყვა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის გაუქმება. დღიდან ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიისა აფხაზი იყო ერთ-ერთი ლიდერი ქართველი ერის განმათავისუფლებელი მოძრაობისა. 1921 წელს იგი არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ. 1922 წელს მისი და პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაოსნობით მოხდა აჯანყება ხევსურეთში, რომელმაც, მიუხედავად დამარცხებისა, საგრძნობი ზიანი მიაყენა რუსულ საოკუპაციო არმიას. იმავე წელს კონსტანტინე აფხაზი იყო საქართველოს ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. მისივე თაოსნობით შეიქმნა ამ კომიტეტის სამხედრო ცენტრი. ცენტრი საერთო სამხედრო კოორდინაციას უწევდა მზადებას საყოველთაო-სახალხო ეროვნული ამბოხებისათვის. გამცემლობის შედეგად, საგანგებო კომისიამ (ე.წ. „ჩეკა“) შეძლო სამხედრო ცენტრის მიგნება. 1923 წლის თებერვალში ჩეკისტებმა დააპატიმრეს გენერალი კონსტანტინე აფხაზი და სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრი. იმავე წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო:

 „მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა, ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს.“

კონსტანტინე აფხაზი და მასთან ერთად დახვრეტილი მისი 14 თანამებრძოლი გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ, 2023 წლის 4 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდნენ.

კონსტანტინე აფხაზის მეუღლე, - ელენე (1870-1942) და ვაჟი - ნიკოლოზი (1900-1988) 1923 წლიდან იყვნენ პოლიტიკური ემიგრანტები. ელენე განისვენებს საფრანგეთში, პარიზის სენ ჟენევიევ დე ბუას სასაფლაოზე. ვაჟი, - ნიკოლოზ აფხაზი, განათლებით იყო იურისტი (დაასრულა სორბონის უნივერსიტეტი). იგი ჯერ ცხოვრობდა საფრანგეთში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი გადასახლდა კანადაში, სადაც ეწეოდა ნაყოფიერ მოღვაწეობას ადვოკატურასა და დეკორატიულ მებაღეობაში.